Category: ახალი ამბები

  • რაჭის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

    რაჭის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

    “მთავარის” ინფორმაციით  რაჭა- ლეჩხუმ- ქვმო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. გუბერნატორის გადადგომას მისი მოადგილე ლევან ცხვედიანი ადასტურებს. რა გახდა ჯაფარიძის წასვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    “მე ვარ სტიქიებზე და ასე უცბად გავიგე. ეხლა გავიგე მეც და აზრზე არა ვარ”- ამბობს ცხვედიანი.

    გუბერნატორის თანამდებობას არჩილ ჯაფარიძე  2017 წლიდან იკავებდა.

  • ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და იწყებს გამოცოცხლებას – თურნავა ეკონომიკის 7,7%-იან ვარდნაზე

    ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და იწყებს გამოცოცხლებას – თურნავა ეკონომიკის 7,7%-იან ვარდნაზე

    „ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა – ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას,“ – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ივნისში ეკონომიკური ზრდის 7.7%–იან ვარდნას.

    მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა, რაც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

    “აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება”, – ამბობს მინისტრი.

    თურნავა აღნიშნვას, რომ მოცემული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა”.

    შეგახსენებთ, რომ მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5 პროცენტი, ხოლო აპრილში 16,6 პროცენტი იყო.

  • ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას ემსახურება, მიუღებელია – კობახიძე უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებებზე

    ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას ემსახურება, მიუღებელია – კობახიძე უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებებზე

    “ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას ემსახურება, მიუღებელია “- ამის შესახებ,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

    “ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს  გაკეთებული, ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი – ქანთარია

    ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული, ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი – ქანთარია

    ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია 6 კონგრესმენის მიერ პომპეოს მიმართ მიწერილი წერილის შესწორებებს აქვეყნებს.

    კონგრესმენების განცხადებას, რომ “რუსი ოლიგარქის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა რეგრესს განიცდის, ქანთარია პასუხობს, რომ საქართველომ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა.

    “მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველ ძალად, ქვეყნის განვითარებამ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა. დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უპრეცენდენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ა.შ.”, – წერს ქანთარია ფეისბუქზე.

    მისივე განცხადებით, ივანიშვილი რუსი ოლიგარქი არ არის, რადგან ქვეყნისთვის “აუწონავ” სიკეთეს ოლიგარქი ვერ გააკეთებდა.

    “არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ოლიგარქიული. პირიქით, ივანიშვილს ქვეყნის მიმართ აუწონავი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი. ის არის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი”, – წერს ქანთარია.

    ის ასევე პასუხობს კოგრესმენების კრიტიკას ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების შეჩერებასთან დაკავშირებით:

    “საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. 2012 წლამდე კი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ხელდასხმით მთელი რიგი ობიექტები, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის, ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა”,– აცხადებს ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია.

    27 ივლისს 6 კონგრესმენმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილი მისწერა, რომელშიც საქართველოში პროგრესის შეჩერებაზე, ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე და ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების ქვეყნიდან გაძევებაზეა საუბარი.

    კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და სახელმწიფო მდივანს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმებას სთავაზობენ, რათა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს.

  • საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს – გიგა ბოკერია

    საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს – გიგა ბოკერია

    “საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა,  გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებულია და ამის მაგალითია ის გზავნილები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის.

    „მთელი ეს გზავნილი, რომელიც ეს პერიოდი ყველას გვესმის, პირველ რიგში, ფიზიკურად ესმის ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ და როგორც ქართული საზოგადოების, ასევე მათ შეშფოთებას იწვევს, თუ საით მიყავს ივანიშვილს ქვეყანა. ბოლომდე მათ იგნორირებას ის ვერ ახერხებს, ამის მაგალითია ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო ის საარჩევნო მოდელი, რომელიც მას არ სურდა და პოლიტპატიმრის ნაწილის გათავისუფლება მოუწია, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს და ეს ვირეშმაკობა საზიანოა ქვეყნისთვის. საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს. სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილები.ჩვენ გვაინტერესებს შედეგები, რურუა უნდა იყოს თავისუფალი, ძალადობის არც ერთი ფაქტი აღარ უნდა გვქონდეს. თუ ის ამ გზას გააგრძელებს იმის შიშით, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, ეს შიში რაციონალურია, რადგან ამ ძალაუფლებას დაკარგავს. ამით თავს ვერ გადაირჩენს, მაგრამ შარი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე მთელი ამ წლების განმავლობაში იყო “-განაცხადა ბოკერიამ.

  • 1-16 აგვისტოს ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

    1-16 აგვისტოს ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდზე 1 აგვისტოდან 16 აგვისტომდე საავტომობილი მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის მიზეზი, მერიის განმარტებით, სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოებია.

    მერიის განცხადებით, ხიდების მოვლა-პატრონობის წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს. ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში იწყება.

  • ბულგარეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნა

    ბულგარეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნა

    ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანების თანახმად, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შესვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.აღნიშნული ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისიდან 31 აგვისტომდე.

    ევროკავშირის წევრი და შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლაც და მისი ტრანზიტულად გავლაც. აგრეთვე, საქართველოდან მომავალ მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთში შემოსვლა. აღნიშნულ პირებს კარანტინი/თვითიზოლაცია არ მოუწევთ!

    გამონაკლისს წარმოადგენს შვედეთის სამეფოსა და პორტუგალიიდან მომავალი პირები – მათ, ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსასვლელად მოუწევთ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული COVID (PCR) ტესტის სერტიფიკატის წარმოდგენა, სადაც დაფიქსირებული იქნება უარყოფითი შედეგი (ანუ, მათ არ აქვთ კორონავირუსი).

    აგრეთვე, მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით (საქართველოსა და ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნების გარდა) მომავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად, უნდა წარმოადგინონ COVID (PCR) ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი სერტიფიკატი.

  • შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

    შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციებით  იზღუდება ლითონებისა და სხვა მასალების მიწოდება, რომლებიც შეიძლება ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ბირთვული, სარაკეტო და სამხედრო პროგრამების განვითარებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

    “დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავს 22 სპეციფიკური მასალის ჩამონათვალს, რომელსაც ირანი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის იყენებს. მათ ვინც ამ მასალებს ირანს აწვდის სანქციები ემუქრებათ”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

    გარდა ამისა, შეიზღუდება მასალების მიწოდება სამშენებლო სექტორისთვის, რადგან მიიჩნევა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელიც შტატების მიერ ტერორისტული ორგანიზაციად არის გამოცხადებული, აკონტროლებს ირანის სამშენებლო ინდუსტრიას.

  • აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძე ნინო ნიჟარაძემ ჩაანაცვლა

    აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძე ნინო ნიჟარაძემ ჩაანაცვლა

    აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ზაალ მიქელაძის ნაცვლად ნინო ნიჟარაძე დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და მიქელაძეს მაჟორიტარულ არჩევნებში წარმატებები უსურვა.

    “დღეს აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ უკვე წარმოადგინა მუშაობის ოთხი წლის ანგარიში. მე მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და ასევე წარმატება ვუსურვო იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში – დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაღალი ნდობით შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. რაც შეეხება მინისტრს, ეს იქნება ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, რომელსაც ყველანი კარგად იცნობთ. ის გახლავთ მინისტრის პირველი მოადგილე.  შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ქალბატონი ნინო”,– განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

    ზაალ მიქელაძე საპარალმენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” ქობულეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    1-ელ აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.