Category: ახალი ამბები

  • ”მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით – როგორც მათი ძმა და მათიანი” – ირაკლი ნადირაძე სინდისის პატიმრებთან შეასახლეს

    ”გუშინ დამაბინავეს გლდანის ციხეში, 38-ე საკანში – სინდისის პატიმრებთან – ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან და მინდია შერვაშიძესთან ერთად. მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით – როგორც მათი ძმა და მათიანი, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს თავდადებისთვის და მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. აქვე მინდა მოვიკითხო ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე!!!

    აქვე მადლობა ყველა ჩემს თანამებრძოლს, ვინც იბრძოლა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ლევან სანიკიძეს, ირაკლი ფავლენიშვილს, ლაშა ფარულავას, ვასო ურუშაძეს და ყველას, ყველას ვინც ბოლომდე იდგა იმ დღეს თავისუფალი დემონსტრანტების, მათ შორის ჩემს გვერდით, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია ყველა ერთად, რაც შეიძლება სწრაფად ვკონცენტრირდეთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის სწრაფად დამთავრებაზე. 

    მჯერა, რომ სწორედ ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად იქნებიან ამ ბრძოლის ავანგარდში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ასობით ათას გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს, რომლებიც არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან. მათ ბრძოლას მნიშვნელოვნად აძლიერებენ ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებენ პროტესტს და ააშკარავებენ რეჟიმის დანაშაულებრივ ბუნებას. 

    ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება! ცეცხლი ოლიგარქიას! მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე – ციხეშიც და თავისუფლებაზეც,” 

    წერს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, 4 ოქტომბერს დაკავებული პოლიტიკოსი, ირაკლი ნადირაძე.

  • მოდი მკაფიოდ ვთქვათ! საქართველოს დემოკრატიას ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის – შაჰინი და რიში

    ”მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს დემოკრატიასა და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ძირს ქართული ოცნება უთხრის და არა – აშშ.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი ავრცელებენ.

    “ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარება და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის შემაშფოთებელი ქმედებები. პრემიერმინისტრი კობახიძის გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და დააპატიმროს მათი ლიდერები, არის აღმაშფოთებელი და, არადემოკრატიული და კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს ნორმალიზებული პოლიტიკური დიალოგის გზა.

    პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ის მთავრობასთან ერთად მუშაობდა და ჩვენი კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა, განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობაა იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალაუფლების წინაშე სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს.

    ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას.
    მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს დემოკრატიასა და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ძირს ქართული ოცნება უთხრის და არა – აშშ.

    მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩის დაბარებაზე, რათა განხილულიყო მოვლენების ასეთი შემაწუხებელი განვითარება და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობაში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებამდე. ვუცხადებთ ჩვენს მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვონ”- ნათქვამია განცხადებაში.

  • 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ ერთი ადამიანი დავაკავეთ – შსს

    ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი გ.კ. დააკავეს. სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ ერთი ადამიანი დავაკავეთ – შსს

  • რეჟიმთან “შპარგალკით” ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი ხალხია – ხაბეიშვილი

    “71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, ფუფუნებაზე, მშვიდ ცხოვრებაზე და აირჩია თავგანწირული ბრძოლა. პირადი მაგალითით, პასუხისმგებლობით, საქართველოს სიყვარულისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მინიმუმ სამარცხვინოდ და უსინდისობად მიმაჩნია ვინც მას განსჯის, აქილიკებს, სტრატეგიას, ბრძოლის მეთოდს, შინაარსს, ტაქტიკას უწუნებს. ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი.

    ირაკლი ნადირაძე ჩემი ძმადნაფიცია. დედამიწაზე მასზე კეთილშობილი, ნიჭიერი, ვაჟკაცი იშვიათად მინახავს. მავანთათვის, ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს უანგარო სიყვარულია და კიდევ ის, რომ 4 შვილის მამამ ბრძოლის ველიდან გაქცევას ბრძოლა არჩია საკუთარი თავისუფლების ფასად.

    მურთაზ ზოდელავას დაკავებამდე ბოლო ჩართვები ვნახე ტელევიზიით. რეალურად, ახლიდან გავიცანი ამ ადამიანის მენტალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა. პაატა მანჯგალაძე – საქმიანი, ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეა. სასამართლო სხდომაზე, ლაშა ბერიძის სიტყვაც ზედმიწევნით პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის განცხადება იყო. ასევე, სოლიდარობა ყველას, ვინც, საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

    საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ. უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება.

    რაც შეეხება რუსულ სპეცოპერაციას – „არჩევნებს“. ფაქტები მეტყველებს, რომ გახარიას პარტიამ 2024 წელს 65-70%-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე ახლა ანუ 65-70%-მა და უშუალოდ მისმა ამომრჩეველმა უთხრა უარი ნდობაზე, რის გამოც 110 000 „ხმით“ ნაკლები მიიღო. თითქმის იგივე დაემართა პარტია „ლელოს“, რომელსაც მისი ამომრჩევლების 50% გაემიჯნა და 100 000 ხმით ნაკლები „ხმა“ მიიღო. ეს უტყუარი მტკიცებულებები დადასტურებაა იმისა, რომ არა თუ სხვასთან, არამედ საკუთარ ამომრჩევლებთანაც კი შეცდნენ. 2-5%-იანი პარტიები 70%-ის დოზით ნუ არიგებენ ჭკუას საზოგადოებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა მათი არსებობით არ ინტერესდება. გამოსავალი მათაც აქვთ – გამოვიდნენ პარტიული ილუზიიდან და მხარში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ ხალხს.

    ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფმა, ვერ შევძელი დავხმარებოდი საქართველოს მოქალაქეებს. ფაქტია და უტყუარია ისიც, რომ 4 ოქტომბერს 100 000-ობით ადამიანმა დაინახა ერთმანეთი 300 დღის შემდეგ. თურმე კი არ გამქრალა ან ჩამქრალა პროტესტი, არამედ, ხალხის გულებში ისევ მკვეთრად სცემს თავისუფლების პატრიოტული სულისკვეთება. ამასობაში, კიდევ ერთი მკვლელობა! თან საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ფულთან, მდინარაძესთან და მის სუს-თან. რიჟვაძის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, ერთი კვირის წინ, საეჭვოდ მოკლული ან თავმოკლული სუსის თანამშრომელი აჭარაში და ავტოფარეხში ნაპოვნი მიცვალებული – გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ბაჩიაშვილის საქმის სკანდალიდან. როდემდე ვიცხოვროთ მკვლელობიდან მკვლელობამდე, სისხლიდან სისხლამდე. დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ამ სავარაუდო მკვლელობების/თვითმკვლელობების საქმეებზე სიმართლეს ვერ გავიგებთ. ძალა ერთობაშია. ძალა ხალხშია. ღმერთმა დალოცოს საქართველო”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

  • შსს-ს თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ადამიანი დააკავეს – ჯამში 35

    4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    “მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

    გამოძიება სსკ-ს 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს” – განაცხადა დარახველიძემ.

  • ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენებაპოლიტიკურად და მორალურად არასწორია – ფიშერი კობახიძეს

    ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენებაპოლიტიკურად და მორალურად არასწორია – ფიშერი კობახიძეს

    “ვიმეორებ იმას, რაც აქ უკვე მანამდე განვაცხადე, გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან ისინი ამცირებენ მსხვერპლთა ღირსებას და ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებებს”

    ასე ეხმაურება, საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ”ოცნების” პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

  • შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი. თავის მოსულელებას, “არ ვიცოდი”-ს და “არ მეგონა”-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს – პაპუაშვილი

    შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი. თავის მოსულელებას, “არ ვიცოდი”-ს და “არ მეგონა”-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს – პაპუაშვილი

    ,,ყველამ ყველაფერი იცოდა.

    იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ.

    იცოდა პოლიტიკოსმაც და იცოდა ენჯეოშნიკმაც, იცოდა ახალგაზრდამაც და ხანდაზმულმაც, მცოდნემაც და უცოდინარმაც. თითოეულმა იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იცოდა, იქ რისთვის მივიდა. და იცოდნენ, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.

    ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და ოთხში ოთხ საათზე, იმ ადგილას შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა ერთი კოლექტიური მურთაზ ზოდელავა.

    ახლა, უკვე ჩავლილზე და შემდგარზე, თავის მოსულელებას, “არ ვიცოდი”-ს და “არ მეგონა”-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს. ის ქართველი ხალხი, რომელმაც ოთხში ოთხ საათზე შეკრებილი ხელისუფლების დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა,”

    წერს ამის შესახებ, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • 4 ოქტომბრის გეგმაზე არათუ ვაშაძესთან, ბურჭულაძესთანაც არ მქონია საუბარი. ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო! – პაატა მანჯგალაძე

    4 ოქტომბრის გეგმაზე არათუ ვაშაძესთან, ბურჭულაძესთანაც არ მქონია საუბარი. ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო! – პაატა მანჯგალაძე

    “ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე იმედს გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე.

    არანაირი კომუნიკაცია იმედთან და სხვა მედიასთან არ მქონია, 4 დღეა ტყვე ვარ.

    4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის პროპაგანდამაც და გამოძიებამაც.

    მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო.

    ვიყოთ მხნედ! ნებისმიერი ბოროტება სრულდება!

    ჩვენი ე.წ. სისუსტე მხოლოდ ის არის, რომ ბოროტება უფრო დაუნდობელი და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, საბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე.

    მალე გავიმარჯვებთ!”

    პარტია სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ციხიდან წერილს ავრცელებს.

  • ნანა სანდერსი ამბობს, რომ მას დაკავებამდე დაჭერით და მოკვლით ემუქრებოდნენ – ადვოკატი

    “მისი გადმოცემით, მის მიმართ მუქარა განხორციელდა როგორც მაშინ, სანამ ჩამოვიდოდა საქართველოში, ისე აქ ჩამოსვლის შემდეგაც. მისი თქმით, მუქარა გამოიხატებოდა განცხადებებში, კერძოდ, რომ მას დააკავებდნენ, ასევე არსებობდა სიცოცხლის მოსპობის მუქარაც.” – აცხადებს დაკავებული აქტივისტის, ნანა სანდერის ადვოკატი, აიჰან გასანოვი

    ”ნანა სანდერის საქმეზე
    ცოტა ხნის წინ მოვინახულე ქალბატონ ნანას. მისთვის სრულად გაუგებარია, რა სახის სისხლის სამართლის დანაშაულზე არის საუბარი.
    მისი გადმოცემით, მის მიმართ მუქარა განხორციელდა როგორც მაშინ, სანამ ჩამოვიდოდა საქართველოში, ისე აქ ჩამოსვლის შემდეგაც. მისი თქმით, მუქარა გამოიხატებოდა განცხადებებში, კერძოდ, რომ მას დააკავებდნენ, ასევე არსებობდა სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. აღნიშნავდნენ, რომ „ხომ იცით, მსგავსი საქმეები სუიციდით სრულდებაო“.
    ამჟამად იგი იყენებს დუმილის უფლებას”. – წერს ადვოკატი.

     

    ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 23 ადამიანი დააკავეს. სამს კი ეძებენ.

    4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი:

    • პაატა ბურჭულაძე,
    • მურთაზ ზოდელავა,
    • პაატა მანჯგალაძე,
    • ირაკლი ნადირაძე
    • ლაშა ბერიძე.

    6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. გუშინ, 7 ოქტომბერს კი კიდევ 5 პირი იქნა დაკავებული.

    4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანია – კობახიძე

    როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანია – კობახიძე

    ჩვენ ვიცით, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაავრცელეს ასეთი შეზღუდვა. თუ გააფართოებენ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ რაღაცა ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია. რომ არ მაინტერესებს, მოლოდინიც არ მაქვს არანაირი. გუნდში ყველას ასეთი დამოკიდებულება აქვს.  მოლოდინს შობს ინტერესი, რადგან ინტერესი არ გვაქვს, არ გვაქვს არც მოლოდინი.

    ამბობს ირაკლი კობახიძე დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.