Category: ახალი ამბები

  • აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია – ომბუდსმენი შპს „რეფორმერ ფიტნესზე“

    აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია – ომბუდსმენი შპს „რეფორმერ ფიტნესზე“

    ”აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია ”-სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს პასუხობს.

    „სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთან, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება, ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს. ანტი-დისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა. სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით. კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლასა და მათზე რეაგირებას, განურჩევლად განმცხადებლის მოქალაქეობისა და ეროვნებისა“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

    ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსეთის მოქალაქემ, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს საჩივრით მიმართა, რომ „რეფორმერ ფიტნესში“ მომსახურებაზე უარი უთხრეს.

    „ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.

  • უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ ნავთობ ბაზაზე იერიში მიიტანა

    გასულ ღამეს,  უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე რუსულ ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

    ოკუპირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორის, სერგეი აქსენევის მტკიცებით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქში 20 უკრაინული დრონი გაანადგურა. ხანძარი ასევე გაუჩნდა ნავთობის ბაზის რაიონში მდებარე ბენზინის გასამართ სადგურს.

  • დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია –  ჩერგოლეიშვილი

    დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია – ჩერგოლეიშვილი

    “დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.

    როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი – მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.

    სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს – დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.
    მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.
    მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
    დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!

    არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
    არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას – რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.

    რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში – ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან – უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.

    როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.

    როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას”,

    ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

  • ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ, ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ თანახმაა გამოკითხვაზე, მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან.

    “18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბარლოდ შოკში ვარ”, – წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში.

    რამდენიმე საათით ადრე, პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ქემოკლიძესა და ბიზნესმენს შორის შემდგარი გარიგების შუამავალი სწორედ ჯანდიერია.სამთავრობო მედია ასევე ამტკიცებს, რომ ადვოკატს “ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურთანაც” ჰქონდა კონტაქტი.

  • პროკურატურა გიორგი ჩახუნაშვილისთვის საპატიმრო გირაოს მოითხოვს

    პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

    პროკურატურაში აცხადებენ, გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით“ მიიღეს.

    ”პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების უშუალო ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ამავდროულად 2025 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე დამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

    პროკურატურამ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 17 პირს ბრალდება წარუდგინა.

    ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს (დაუსწრებლად), ანტონ ვარდანიძეს (დაუსწრებლად), გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად გულისხმობს და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ხოლო, ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ  ამირან დოლიშვილმა, გიორგი ქორქიამ, ზაქრო ალბუთაშვილმა, ირაკლი ჩხვირკიამ, ანტონ უპერმა, ანტონ ვარდანიძემ, გიორგი მულაძემ, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ჩახუნაშვილმა, რამაზ მამულაძემ, გენადი კუპრეიშვილმა, ალექსანდრე ჩილაჩავამ, სულხან ტუღუშმა, ლევან ჯიქიამ და ლაშა ივანაძემ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  დაკავებული კიდევ ორი პირი – ია დარახველიძე და ავთანდილ სურმანიძე სხვა პირებთან ერთად სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8, 9 და 10 ოქტომბერს დააკავეს.

    პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის  მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების უშუალო ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ამავდროულად 2025 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე დამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • “მზად ვარ დავუდგე თავდებში გიორგი ჩახუნაშვილს!” – კლინიკა „დიაკორის” დამფუძნებელი რამაზ ყურაშვილი

    ”მზად ვარ, დავუდგე თავდებში ჩემ კოლეგას და დიდი ხნის მეგობარს, სახელოვან პედიატრს გიორგი ჩახუნაშვილს”

    აცხადებს, ამის შესახებ, კლინიკა „დიაკორის” დამფუძნებელი რამაზ ყურაშვილი.

  • 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 7 პირს, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • ბაჩო ახალაიას ცოლი სუს-ში დაიბარეს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.

    ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას უკავშირდება ანა ნადირაძის სუს-ში დაბარება.

    ამასთანავე, დღეს შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია. საქმე 4 ოქტომბრის აქციის ღამეს,  პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც  ტელეკომპანია “იმედის” მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

    გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და აღნიშნა, რომ “არა თუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის მისი”.

    ბაჩო ახალაია აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე ოჯახის ახლობელია და  კომუნიკაცია, შეხვედრა დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას,  ახალაიას თქმით, ზოდელავა მისი მეზობელია და შესაბამისად, ხშირად ნახულობდა.

  • მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა  – ბადრი ჯაფარიძე

    მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა – ბადრი ჯაფარიძე

    ”ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჰყოლოდა სინდისის პატიმრები, ადამიანები, რომელთაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდათ.

    ცხადია, კრიტიკა ამაზეა მიმართული – ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები.

    მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში ვიყავი პარლამენტის წევრი.

    ამ გადატრიალების, რეალური დამხობა როცა მოხდა, ზოგი წევრი დღეს ხელისუფლებაშია – მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

    მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია

    თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

  • 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ 1 ადამიანი დააკავეს – ჯამში დაკავებულია 46

    ”ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე  კიდევ ერთი ადამიანი გ.ქ დააკავეს – ჯამში, 46 ადამიანია დაკავებული.

    მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს.

    პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.