Category: ახალი ამბები

  • ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

    ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრდანაა მოსალოდნელი. მანამდე, 17 ნოემბერს დაგეგმილია საკითხზე კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოში.

    ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, 17 ნოემბერს ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი.

    “ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე.” – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

    საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:

    • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს
    • ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა

    ცნობილია, რომ მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეები ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით მოგზაურობენ.

  • ეროვნული კრების 5-ვე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

    სასამართლომ მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    წინასასამართლო სხდომა 26 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

    პროკურტურის განცხადებით, ბურჭულაძეს, ზოდელავას და ნადირაძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ: ირაკლი ნადირაძე,  პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება.

    გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.

    იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და  განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.

    პაატა ბურჭულაძის მიერ  დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.

    მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ.

    აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. […]

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • 4 ოქტომბერი იყო ძალიან ნათელი, პოლიტიკურადაც მზიანი დღე – ბოჭორიშვილი

    ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში, ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო, ნამდვილად. არ იყო შავი დღე, პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო საქართველოში მაგ დღეს, დღის განმავლობაში. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

    განაცხადა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში ელჩების დაბარების შემდეგ.

  • დაკავებისას ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გადამეტებას – ვახო ფიცხელაურის ადვოკატი

    “დაკავებისას ადგილი ჰქონდა, როგორც მინიმუმ, ფიზიკური ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და, ასე ვთქვათ, ერთგვარ აგდებულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და რომ თითქოს მას კონკრეტული პარტიის მოსვლა სურდა ხელისუფლებაში. ეს იყო ძირითადი საუბარი, საუბრები ყოველ შემთხვევაში, რაც შედგა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსა და თავად ვახოს შორის, რასაც ასევე ვახო ადასტურებს. […]

    ძირითადად მუქარა მიმართული იყო მისი სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებასთან დაკავშირებით. იმუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, რომ იგი გაიზიარებდა იმ პიროვნებების ბედს, რომლებიც იყვნენ დაკავებულები უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან მიმართებაში. საუბარი არის პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავაზე და სხვა პიროვნებებზე.”

    აცხადებს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე.

  • რეჟიმმა 15 უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა – “ნაციონალური მოძრაობა”

    „გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.

    რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.

    მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.

    მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!“,

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

  • თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.შემდეგი პროცესი 20 ოქტომბერს 2 საათზე ჩაინიშნა.

    16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა თავდებში ჩაუდგეს პაატა მანჯგალაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დააკავეს

    “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა თავდებში ჩაუდგეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დააკავეს. ხვიჩია მოუწოდებს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, მხარი დაუჭიროს ამ საკითხში.

    ”ჩემი აზრით, ყველა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვინც მას იცნობს იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა.
    ეს იმდენად აშკარა და ცხადი უსამართლობაა, რომ არ შეიძლება პაატა ამ სისულელის გამო სისხლის სამართლის წესით იჯდეს ციხეში.
    მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყონებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს.
    ჩემს მეგობარს ლევან იოსელიანსაც მინდა ვთხოვო მხარდაჭერა ამ საქმეში, რადგან მჯერა რომ ისიც ჩემნაირად იცნობს პაატას და მასაც იგივენაირად აბსურდულად მიაჩნია მისი რევოლუციონერობა, როგორც მე.
    (შემეძლო პირადად მეთქვა ლევანისთვის ეს, მაგრამ საჯარო პროცესია და მინდა საჯაროდ დავიწყო ლაპარაკი ამაზე)
    ამ პოსტით მე არ ვამტკიცებ, რომ პაატას გარდა ყველა ვინც დაკავებულია დამნაშავეა, მაგრამ პაატას რევოლუციონერობა იმხელა აბსურდია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა ტეხავს იმ ხალხისაგან, ვინც მას ვიცნობთ”. – აცხადებს იაგო ხვიჩია.

  • მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას – გიორგი ვაშაძე

    მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას – გიორგი ვაშაძე

    დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს – არჩევნები არ შედგა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.

    4 ოქტომბერს ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო მძლავრი დემონსტრაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამ დღემ კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩვენი პროტესტი საერთაშორისო დღის წესრიგში და მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბრძოლა გრძელდება.

    მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ.

    ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია.

    მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას.

    მაგრამ მათ დააგვიანდათ, ვეღარაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ ბრძოლას.

    ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ საქართველოს გამარჯვებით!

    წერს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • კაცს, რომელმაც ცოლის დაწვა სცადა, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

    “ოცნების” პროკურატურამ კაცს, რომელმაც კასპში ცოლს ჭრილობები მიაყენა, ხოლო შემდეგ მისი დაწვა სცადა, ბრალდება დაუმძიმა.

    მას ბრალდება გადაუკვალიფიცირდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

    დანაშაული თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა“, – აცხადებს პროკურატურა.

    საუბარია 25 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა გულ-მკერდის არეში.გამოძიების ვერსიით, კაცი წარსულში სისტემატურად ძალადობდა ყოფილ ცოლზე.

  • არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული – ლატვიის საგარეო

    “არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას დევნიდნენ და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული.

    საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.

    მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან.”

    ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე პოსტით ეხმაურება.