Category: ახალი ამბები

  • ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა  დამხობის აქციას – კობახიძე

    ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას – კობახიძე

    ”ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას ” – განაცხადა ამის შესახებ, ”ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანეზე საუბრისას.

    „არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები – რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას უპირობოდ ასრულებენ. არის ცნობილი სახელები და გვარები, რომლებსაც ეს სცენარი მიჰყავთ ევროპარლამენტში და ისინი აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას. შეგიძლიათ ამოიღოთ, წუთობრივად, როდის, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ უჭერდა მხარს გულმხურვალედ, მათ შორის დამხობის აქციას. ასეთი ადამიანი არის დანიშნული ევროპარლამენტის ოფიციალურ მომხსენებლად საქართველოს საკითხებზე. ყველაფერი ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ხედავს და მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა სწორედ ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა 4 ოქტომბერს, არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“ – განაცხადა კობახიძემ.

  • დაკავებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება – კობახიძე

    ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები, შესაბამისად, დაკავებულთა რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება…

    ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას.

    ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე.

  • დაპატიმრება, ძალადობა, დაშინება, შევიწროება, დევნა – მედიაგარემო 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, 2025 წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ნახევარზე მეტი – ბოლო 5 თვეში.

    “მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენდციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა. მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი – შეუძლებელიც გახადა”. – წერს ორგანიზაცა.

    მათივე შეფასებით, 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17.

    მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა – ბორჯომმა და TV 25-მა (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია მეცხრე არხი ახალციხემ.

    ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა მთავარი არხი.

    • მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობის მხოლოდ ბოლო 5 თვეში გამოვლენილი შემთხვევების ნაწილი, TI-ის მიხედვით:

    მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა

    • 8 სექტემბერს, თბილისში, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მისულ მოქალაქეებზე ქართული ოცნების მხარდამჭერების ძალადობის გაშუქებისას, ჯამში 7 ჟურნალისტი დაზარალდა:
    • ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს უნგრელ ჟურნალისტს – ლასლო მეზეშს, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა;
    • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონი წაართვეს ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტებს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს;
    • ქართული ოცნების მხარდამჭერმა ხელში ჩაარტყა, შემდეგ კი შეაფურთხა პუბლიკას რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს.
    • პოლიციელმა აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს;
    • წყალი შეასხეს OC მედიას დირექტორს, მარიამ ნიკურაძეს და სტუდია მონიტორის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს.
    • 3 სექტემბერს ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნისას, პოლიციელმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ხელი გადაუგრიხა პუბლიკას რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს.
    • ივლისში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში სიუჟეტის მოსამზადებლად მისული TV პირველის ჟურნალისტი პოლიციის უფროსმა ოთახში ჩაკეტა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
    • 3 ივნისს, სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავს დაესხა TV პირველის ოპერატორს.
    • 25 მაისს, ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლებმა ხელი გაარტყეს და საკრებულო ძალის გამოყენებით დაატოვებინს აჭარა თაიმსის დამფუძნებელს, სულხან მესხიძეს.
    • 12 მაისს, ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა TV პირველის ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს.
    • 7 მაისს, პოლიციამ ერთ-ერთ ფოტოჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ძალის გამოყენებით მოაშორა იმ სივრცეს, სადაც ქართული ოცნების ყრილობა მიმდინარეობდა.

    მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე 2025 წელს

    • 21 სექტემბერს, დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ TV პირველის კითხვას, თუ “ვინ მფარველობს ოცნების იმ მხარდამჭერებს, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან”, ასე უპასუხა: “თქვენ ხართ, ვინც ძალადობთ. მერე გიკვირთ მიკროფონ რომ გირტყამენ თავში. ზრდილობიანები უნდა იყოთ”.
    • 9 სექტემბერს, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოცემა ნეტგაზეთი ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაგეგმილი საპორტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
    • 5 სექტემბერს, ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TV პირველი ოპოზიციური პარტია ლელოს ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან არალეგალური თანხის მიღებაში დაადანაშაულა.
    • 2025 წლის ივლისში, ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ TV პირველის საინფორაციო სამსახურის უფროსი და ყოველკვირეული საგამოძიებო გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის წამყვანი, ნოდარ მელაძე კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისთვის დირექტივებსა და დაფინანსებას კორუფციაში ეჭვმიტანილი ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელებისგან იღებდა. მანვე მელაძეს “კორუმპირებული”, “ფულზე გაყიდული” და “კორუფციის ბედკრული შვილი” უწოდა, რაც ცილისწამების მკაფიო მაგალითია.
    • 2025 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა TV პირველისა და ფორმულას მიერ მომზადებულ სიუჟეტებს დაუკავშირა, რითაც ჟურნალისტური საქმიანობა და კონკრეტული თანამდებობის პირების შესახებ საგამოძებო მასალების მომზადება თვითმკვლელობის წახალისებას დაუკავშირა რაც განსაკუთრებული სიმძიმის ბრალდება და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის პირდაპირი მცდელობაა.
    • 2025 წლის ივლისში, იგივე გზავნილები გაიმეორა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა და სუს-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ “ლევან ხაბეიშვილი [ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე], ნოდარ მელაძე, TV პირველი და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით რაღაც კორუფციულ ჩანართებს აზღვევენ”. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თორნიკე რიჟვაძის მისამართით კორუფციული ბრალდებები წამოსული იყო “ნაცმედიის” და “ნაცჟურნალისტების” მხრიდან”.
    • 29 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი ქართუ TV პირველს სასამართლოში უჩივის.
    • 18 ივლისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ TV პირველის წამყვანსა და ჟურნალისტს, ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.
    • 27 ივნისს, ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის საპარლამენტო მოხსენებაზე არ შეუშვეს ონლაინმედიის წარმომადგენლები.
    • 11 ივნისს, მამუკა მდინარაძემ “აგენტურული მედიის წარმომადგენელი” უწოდა TV პირველის ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. მდინარაძის ეს განცხადება უცვლელად გაავრცელა პროსამთავრობო იმედმა.
    • 19 მაისს, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშრის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია ონლაინგამოცემები – პუბლიკა და on.ge და ისინი კოორდინირებულ მოქმედებებში დაადანაშაულა.
    • 14 მაისს, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიურ მოხსენებისას საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს ონლაინ მედია.
    • 7 მაისსქართული ოცნების ყრილობაზე დასწრების უფლება ასევე არ მისცეს ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.
    • 26 სექტემბერს, პროსამთავრობო POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს TV პირველის ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის კოალიციას ცვლილებებისთვის გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება.
    • 26 სექტემბერს, პროსამთავრობო POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია ფორმულას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ხელძღვანელის შესახებ ნეგატიური სიუჟეტის მომზადება დაევალა.
    • 12 სექტემბერს, პროსამთავრობო იმედმა ონლაინაგამოცემა ნეტგაზეთ/ბათუმელები უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასაშუალებად წარმოაჩინა, რომელიც “ქართველ და უკრაინელ სპეცსამსახურებს შორის… უკრაინის მხარეს იჭერს და უკრაინელების მხილებაში, ჩვენების მიმცემის ნაცვლად სუს-ს ადანაშაულებს!”
    • 10 ივლისს, მედიაპლატფორმა Chai Khana-მ განაცხადა, რომ პროსამთავრობო იმედმა გამოცემის შესახებ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს Chai Khana-მ ევროკომისიისგან 31 947 ევრო მიიღო და კონტრაქტის მიხედვით, ჯამში 532 117 ევროს მიიღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
    •  ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება

    ივნისში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო ქართული ოცნების დეპუტატების საჩივრების საფუძველზე, სასამართლომ 3 000-4 000 ლარის ოდენობის თანხმებით დააჯარიმა 6 ჟურნალისტი:

    • ფორმულას წამყვანი, ვახო სანაია;
    • TV პირველის წამყვანი, ვიკა ბუკია;
    • ფორმულას თანადამფუძნებელი, დირექტორი და წამყვანი, მიშა მშვილდაძე;
    • TV პირველის წამყვანი, ეკა მიშველაძე;
    • TV პირველის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი;
    • მთავარი არხის ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი.

    ამასთან, ივნისში, ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ანამარია გელიტაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმავე საბაბით, ასევე 5 000 ლარით დაჯარიმდა ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირიც.

    მაისშიი, ასევე გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმეს ჟურნალისტი, ნათია გოგსაძე და პუბლიკას ჟურნალისტი, მარიამ ქვაშბაია. ამასთან, შსს-მ არ დააკმაყოფილა გამოცემა აპრილის რედაქტორის, ხატია ღოღობერიძისა და OC მედიას დამფუძნებლის, მარიამ ნიკურაძის საჩივრები და ძალაში დატოვა მათთვის იმავე საფუძვლით გამოწერილი 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმები.

    ამასთან, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ერთ-ერთი სინდისის პატიმრისსასამართლო სხდომაზე სკამზე უნებართვოდ დაჯდომისთვის 200 ლარით დააჯარიმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი. მოგვიანებით, თარხნიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

    • კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში

    ონლაინ პლატფორმა მაყურებლის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოქმედი მენეჯმენტის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი 30-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ასევე, დახურეს ერთ-ერთი ყველაზე სახალხო გადაცემა რეალური სივრცე, რომელიც საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავდა და ტრიბუნას განსხვავებული შეხედულებების რესპონდენტებს უთმობდა.

    • უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა

    2025 წელს გაგრძელდა იმ უცხოელი ჟურნალისტებისს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მავნე პრაქტიკა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. 29 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიელ ჟურნალისტს, ჯაკომო ფერარას. 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი. ივნისში, ქვეყანაში აგრეთვე არ შემოუშვეს ფრანგი ჟურნალისტი, მარილიზ ვინიო. მაისში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს დამოუკიდებელ ბრიტანელ ჟურნალისტს, ვილ ნილს, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. საგულისხმოა, რომ ამგვარი სია გაცილებით ფართოა და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამომავლო ვიზიტებისას მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებს და ამბავს მხოლოდ ვიწრო ჟურნალისტურ წრეებში ყვება.

    მთლიანობაში, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნის მავნე პრაქტიკა ქართული ოცნების იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოსუფთავება და გაქრობაა. თუმცა, უამრავი სირთულის, გამოწვევისა და არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების მიუხედავად, რომელთა მიზანიც დამოუკიდებელი მედიის საბოლოო გაჩუმებაა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული კრიტიკული მედია მყარად იბრძვის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ,მწირი რესურსების პირობებშიც კი, კვლავ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პროსამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდისტული საინფორმაციო ველის დაბალანსებას”. – წერს TI.

  • განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა სინდისის პატიმრების მიმართ – ადვოკატი ციხის გარდაცვლილ ყოფილ უფროსზე

    „შემზარავია გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსის ამბავი.
    დავითი 16 იანვარს გავიცანი, როცა, წლების შემდეგ, პირველად ანდროსთან ციხეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შევიყვანე. რა თქმა უნდა, მისი როლი დიდი იყო ამ ამბავში.
    რთულად მოიძებნება პატიმარი, რომელიც დავითის მიმართ პრეტენზიას გამოხატავდა.
    ის იყო პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა (კანონის ფარგლებში) გვერდში დადგომოდა თითოეულ პატიმარს და მათთვის მოეგვარებინა ყოველდღიური საჭიროებები.
    განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა სინდისის პატიმრების მიმართ. სამწუხაროა, ძალიან“,

    წერს ამის შესახებ, ადვოკატი  თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

    ციხის უფროსი, დავით გოგობერიშვილი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს

    გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი,  დავით გოგობერიშვილი რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.

    გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.

  • შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

    პოლიციამ  4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

    შსს-ს ინფორმაციით, მთლიანობაში დაკავებულია 23 ადამიანი – მათ შორის 18 სამოქალაქო აქტივისტი, ხოლო 5 პირს აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. სამნი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან.

  • ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე – ნიკა გვარამია

    ”ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა” – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს.

    “არ ვაპირებ არც ჭკუის დარიგებას, არც უფლებას მივცემ ჩემს თავს, ინფორმაციული შიმშილის პირობებში კონსპირაციებს მივყო ხელი.

    დღეს კი მთავარი მინდოდა მეთქვა: პროტესტმა გაუძლო 1 დღეში განხორციელებულ უმძიმეს ორმაგ დარტყმას და 24 საათიც არ დასჭირდა, რომ იგივე დროს, იგივე ადგილიდან ხმამაღლა ეთქვა, ჩვენ ისევ აქ ვართ! ჩვენ ვაგრძელებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!

    ახლა ყველაზე ცუდი სიტყვები/განწყობები არის „ხომ ვამბობდი“, „ესენი ვინ ყოფილან“ და მსგავსები. ჩემს მეგობრებს და მათ, ვისთვისაც ჩემი პოზიცია საინტერესო და გასათვალისწინებელია, მინდა შევახსენო: მორალურ უპირატესობას ნიშნისმოგება არ სჭირდება, პირიქით, დაგაკარგვინებთ. მართალი რომ იყავი, იმაზე უსასრულო ლაპარაკი, სიმართლეს აუფერულებს. მესმის, რომ ბოლო სამი თვე უმძიმესი გქონდათ. ყველაზე რთული მდგომარეობა იყო, რადგან ორივე მხრიდან დარტყმებს იღებდით. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აპლოდისმენტებისათვის და ნიშნის მოგებისათვის ხომ არ ვაკეთებდით ამას? ხომ საერთო საქმისთვის ვაკეთებდით? ხოდა ამ საქმეს ახლა ნიშნისმოგება კი არა, გადაფურცლა სჭირდება.

    რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია: ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. არ მგონია ეს ვინმეს არ სცოდნოდა. ამიტომაცაა უმძიმესი ტვირთი მისი საკუთარ მხრებზე წამოკიდება და სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას და მხარდაჭერას, ცხადია, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს.

    ახლა რა მგონია „წინ ბევრი საქმე“. ბიძინას ყველაზე მეტად რა ტკივა, ეს კარგად ჩანს და არჩევნების დღეს მის მედიის წინაშე გამოჩენაშიც ცხადად იგრძნობოდა. ესაა სანქციები და ამ სანქციებამდე უმნიშვნელოვანესი გზა გავიარეთ ყველამ ერთად. სამი საყრდენი აქვს ამ წარმატებას და 4 ოქტომბრის ორმაგი დარტყმის ამოცანა სამივეს ჩამოშლა იყო. პირველი, ოპოზიციის ართანამშრომლობა. ამ მხრივ უმთავრესი იყო და რჩება ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამაზე მნიშვნელოვანი არც ფორმით და არც შინაარსით, არაფერი გაგვიკეთებია პოლიტიკოსებს. სწორედ ამის პირდაპირი შედეგია რეჟიმის არალეგიტიმურობა, რაც, თავის მხრივ, მთავარი (მაგრამ არასაკმარისი) წინაპირობაა ქოცების საერთაშორისო იზოლაციის და სანქციების. ამის გადახედვა უბრალოდ დაუშვებელია. ლეგიტიმაციის მიმართულებით დარტყმა იყო არჩევნებში მეინსტრიმული პარტიების შეთრევა. საბედნიეროდ, მათი მონაწილეობით „თვითმმართველობის არჩევნების“ შედეგები ლეგიტიმური ვერ გახდა – ბევრგან 100%-იანი შედეგები, არც ერთი რეალური დამკვირვებელი, თბილისში ისტორიაში უმდაბლესი გამოცხადება – 1/3-ზე ნაკლები (და რომ არ შესულიყო ოპოზიცია, საერთოდ ¼ არ იქნებოდა). ყველაფერ ამან განაპირობა უკვე ამ არჩევნების არაღიარებაც და ამჯერად კალაძის სტატუსიც „ე.წ. მერია“. არცერთი საერთაშორისო მილოცვაც არ არსებობს, პირიქით – უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურებებია. და ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ. მოკლედ ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა.

    ეს ყველაფერი არამც და არამც არ მიმაჩნია არჩევნებში მონაწილეთა მიმართ თავდასხმების საფუძვლად. პირიქით, კვლავ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთმდე მისასვლელი გზა. მეორეს მხრივ, პირიქით, არჩევნებში მონაწილეთა მხრიდან თავდასხმები უკიდურესად გასაკვირია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კოალიციის მიერ გინდ მანდატებზე უარი, გინდ არჩევნებში არშესვლა ზევიდან-ქვევით ვერტიკალში არ გადაწყვეტილა. პირიქით, ამომრჩეველმა მოითხოვა ეს ჩვენგან და ჩვენც მათი მოთხოვნის ადეკვატურები ვიყავით.

    მეორე – ოპოზიციის უცხოელებთან მუშაობა. აქამდე ეს უკიდურესად წარმატებულად მიდიოდა და, მჯერა, პირველ რიგში, ამიტომაა დაპატიმრებული პოლიტიკურ ლიდერთა დიდი ნაწილი, რაც ოპოზიციის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. და მესამე და მთავარი – პროტესტი. პროტესტს დღეს პირველი და მეორე ფუნქციაც აქვს შეთავსებული: პარლამენტში ოპოზიციის შესვლის პრევენცია და სანქციებზე მუშაობა. ამიტომაც, ვფიქრობ, დიდი აქციებია: საჭირო ერთ შაბათს დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით „დაასანქცირეთ ბიძინა“, მეორე შაბათს ევროკავშირის და საქართველოს დროშებით „დაასანქცირეთ რეჟიმი“, მესამე შაბათს ამერიკის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით მიიღეთ „MEGOBARI ACT“. ეს კონკრეტულ მიზანსაც დასახავს, საერთაშორისო მედიის და პოლიტიკის რადარებზეც დააბრუნებს პროტესტს და, დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევს და ასე საჭირო გამარჯვებების გამოცდილებას განაახლებს. მე ასე ვხედავ პროტესტის განვითარებას უახლოეს კვირებში, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

    ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 313 დღე.

    ბოლოს, კვლავ გილოცავთ გამარჯვებას უმძიმეს გამოწვევაზე და ჩემ თავსაც ვულოცავ თქვენნაირი გაუტეხელი პატრიოტების თანამებრძოლობის პატივს.

    ოლიგარქია უნდა დაემხოს! გაუმარჯოს საქართველოს!”

  • რევოლუცია თუ მოხდება,მხოლოდ მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ – მელია

    რევოლუცია თუ მოხდება,მხოლოდ მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ – მელია

    ”დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.” – აცხადებს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

    “სალამი ყველას!

    ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან არ მინდა და არც ვიზამ.

    როგორც ციხეში მყოფის კრიტიკაა ჩემთვის მიუღებელი, ასევე ციხიდან ნებისმიერის ნაკლზე მითითებაც არასაკადრისია, შესაბამისად, თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისგან ლელოზეც და გახარიას პარტიაზეც.

    თუმცა კი, ახლა რამდენიმე ბწკარი მაინც უნდა დავწერო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე და იქ მისულ პატრიოტ ხალხზე.

    ორგანიზატორების ერთადერთი დაპირება ბიძინას 4 ოქტომბერსვე დამარცხება იყო, მაშასადამე, ვინც ასეთი ანონსის / აფიშის აქციაზე მივიდა, ალბათ, ის ხალხი მაინც არ უნდა აკრიტიკებდეს ორგანიზატორებს, თანაც პოსტ-ფაქტუმ. მისასალმებელია, რომ უმრავლესობა შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით – თავს იკავებს.

    ჩემთვის ყველა ის ადამიანი უფრო დასაფასებელია, ვინც აქციის საარაკო და ფანტასმაგორიულ დაპირებას თავიდანვე აკრიტიკებდა, განსხვავებით მათგან, რომელთაც ხმა არ ამოუღიათ, ე მანდ, 4-ში რამე საჩვენო თუ მოხდა, მანამდე რატომ გავაკრიტიკოთო, თუმცა ახლა კრიტიკოსთა ყველაზე მწვავე ტრეკზე არიან.

    ორგანიზატორები 4-ში თუ არაფერს მოიმოქმედებდნენ, ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ქოქოლას დააყრიდა, ეტყოდნენ, აი, 100 000-მდე ვიყავით და რატომ დაგვშალეთო, ასეთი ხალხის ნაკლებობას საპროტესტო საზოგადოება არ განიცდის! ორგანიზატორებმა მცდარად მიიჩნიეს, რომ 4-ში ხალხი აჯანყდებოდა და იმაზე მეტად გარისკავდა, ვიდრე აქციაზე გამოსვლა და ქუჩაში მშვიდობიანად გაპროტესტებაა.

    ერთი სიტყვით, ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ. ბოლოს მხოლოდ ერთს დავამატებ, ჩემი აზრით, შეუვალ სიმართლეს:

    1. დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.

    2. ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს მხოლოდ გააჯანჯლებს. რაც უფრო მალე გადავეწყობით რეალობაზე, მით უფრო სწრაფად დადგება გამარჯვება.

    ორგანიზატორებმა საპროტესტო საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის დაკვეთას უპასუხეს, რომელიც ხშირად საპროტესტო საზოგადოებაში, არაბუნებრივად წარმოჩნდება ხოლმე უმრავლესობად, ამიტომ მაინცდამაინც ორგანიზატორებს ნუ გაკიცხავთ.

    რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებულ საქმეს მავანი და მავანი უკვეთავს, ასეთი დამკვეთები ხალხშიც არიან და ასეთი ხალხის გასაგონად ვწერ ამ საგამონაკლისო წერილს და ვეუბნები არაპოპულარულ სიმართლეს – 4-ში ორგანიზატორების ერთადერთი გეგმა მათი თავდადება იყო, რომელმაც მხარდაჭერა აქციაზე მოსული ხალხის 98 %-ში ვერ მოიპოვა და ვერც მომავალში მოიპოვებს. დროა გავიცნოთ ჩვენი საპროტესტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და დამოკიდებულება, თუ ეს ყველამ მოვახერხეთ -პროტესტი ბევრად წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მთავარია – შედეგიც, თუმცა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როცა პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.

    პროცესში ვგულისხმობ იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მერე, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია, ბევრ სიძნელეს გაუძლო, აქცია რეჟიმი არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების თვალში და რაც მთავარია, გაუძლო დიდ გამოწვევას 4 ოქტომბრის ე.წ. ადგილობრივი არჩევნების სახით, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი, მაგრამ საპროტესტო ელექტორატის სიმყარით მათ გადაწყვეტილებაში, ე.წ. არჩევნები იქცა რეჟიმის არალეგიტიმურობის მორიგ დასტურად.

    და თუ ვინმეს მინდა ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის, სწორი ბრძოლისთვის, პრინციპულობისათვის – ის ხალხია, რომლისთვისაც 4 ოქტომბერს არაფერი დამთავრდა, მივიდა 5-ში და მიუხედავად რეჟიმის მუქარისა და ნიჰილიზმის ბაცილისა, გასცა პასუხი – ვიდგებით აქ გამარჯვებამდე.

    არ არსებობს ბოლო ბრძოლა, არსებობს ბრძოლა ბოლომდე”. – წერს მელია.

  • აქციის ორგანიზატორებმა განმარტონ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი – სანიკიძე

    “4 ოქტომბერს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი იყო. მინიმუმი იყო – ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია, ივანიშვილისთვის ვითარების რაღაც შირმის შექმნის საშუალება არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ქართველი ხალხი სტატუს-კვოს შეეგუა. რაც შეეხება მეორე გეგმას, ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას, მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მეტი განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ გეგმის ნაწილი იყვნენ და ბოლოს შეცვალეს მიდგომები”.

    განაცხადა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას.

  • მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს – ზოდელავა

    მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს – ზოდელავა

    უნდა გესმოდეთ, რომ ჩემი შინაგანი განწყობა, შფოთვა, მკარნახობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია. გამოსავალი აღარაა. სახელისუფლებო ბერკეტები თავიდან ბოლომდე მიტაცებულია. ამიტომ არ არის სხვა გზა გარდა იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს.

    საქართველოს უმრავლესობისთვის, პროევროპელებისთვის სივრცე არ რჩება. ყველა სახელმწიფო ბერკეტის ფლობა დიდი ძალაა, რომელიც შიშს თესავს. გადინების პრობლემა მწვავდება. მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს. ბიძინა სხვანაირად არ დათმობს. შიში მან ყველაზე მეტად თავისივე გუნდში დათესა. ბიუჯეტიც საქართველოს დაპყრობის ბერკეტად გადაიქცა.

    თქვა ენმ-ს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე.