Category: ახალი ამბები

  • 2026 წლის იანვარ-მარტში “ოცნებას” 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა

    2026 წლის იანვარ-მარტში “ოცნებას” 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა.

    შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.

    „შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე ასევე მიიღო 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში.

  • თავიდან  მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ.. მალე, სახლის ოთახებში ჩაატარებენ თავყრილობებს – ალუდა ღუდუშაური “ოპოზიციის ალიანსზე”

    თავიდან მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ.. მალე, სახლის ოთახებში ჩაატარებენ თავყრილობებს – ალუდა ღუდუშაური “ოპოზიციის ალიანსზე”

    „სახელი მოიფიქრეს და „ალიანსი“ დაარქვეს, სინამდვილეში რაის ალიანსი უნდა იყოს, შიგნით ვინც არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყანა, სამშობლო და ა.შ. ვხედავთ ერთმანეთში როგორი დაპირისპირება აქვთ. არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც ქართველი ხალხისთვის არანაირ ნიშნულს არ წარმოადგენენ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან, თანმიმდევრულები არ არიან და ძალიან ლოგიკურად, არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.

    თქვენ ხედავდით, რომ თავიდან, შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ. მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს და თავყრილობებს,”

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • პენტაგონმა უკრაინაში დრონების გამოყენების შესასწავლად სამხედროები გაგზავნა

    პენტაგონმა უკრაინაში დრონების გამოყენების შესასწავლად სამხედროები გაგზავნა

    პენტაგონმა უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა, რათა რეალურ საბრძოლო პირობებში დრონების გამოყენება ისწავლონ. ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ომის მინისტრის პიტ ჰეგსეთი ავრცელებს. მისი თქმით, მან პირადად დაამტკიცა დამატებითი პერსონალის უკრაინაში გაგზავნა.

    „პირადად დავამტკიცე დამატებითი პერსონალის განლაგება დრონების ბრძოლის ველის შესასწავლად – როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი – რათა შევძლოთ ამ კონფლიქტიდან ყველა შესაძლო გაკვეთილის ათვისება და მათი რეალურ დროში გამოყენება, როდესაც ვახორციელებთ თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს იმ ეპოქაში, როდესაც დრონების დომინირება აუცილებელი გახდა“, – განაცხადა აშშ-ის ომის მინისტრმა.

  • ამოღებულია 500 აბი “პრეგაბალინი”, 2 კგ-მდე “მარიხუანა” –  დაკავებულია 2 პირი

    ამოღებულია 500 აბი “პრეგაბალინი”, 2 კგ-მდე “მარიხუანა” – დაკავებულია 2 პირი

    თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

    “სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება – 500 აბი „პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი „მარიხუანა“.” – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • რუსმა ოკუპანტებმა  დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს –  გარდაცვლილია 8 ადამიანი 

    რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს –  გარდაცვლილია 8 ადამიანი 

    გასულ ღამეს, უკრაინისრუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს. იერიებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავდა.

    ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა და ოლქის საკრებულოს წევრი, ნიკოლაი ლოკაშუკი ავრცელებენ.

    “ნიკოპოლის რაიონში დაზარალდა ნიკოპოლის, მარგანეცკაიას, მიროვსკაიას, პოკროვსკაიას და კრასნოგრიგორიევსკაიას თემები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი” – აცხადებს განჟა.

    კრივი-რიჰში 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დუბოვიკოვის რაიონში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, ხოლო ნიკოლაევის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა.

  • ლონდონის სამეფო საოპერო თეატრი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს

    ლონდონის სამეფო საოპერო თეატრი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს

    ლონდონის სამეფო საოპერო თეატრი, კოვენტ-გარდენი ქართველი საოპერო მომღერლისა და პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

    კოვენტ-გარდენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, ჩაერიოს პაატა ბურჭულაძის საქმეში.

    პაატა ბურჭულაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დააკავეს. 2026 წლის 7 მაისს მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების“ ბრალდებით.

    სამეფო ოპერის თეატრის მოწოდების შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა The Guardian–მა გამოაქვეყნა.

    გამოცემა წერს, რომ 71 წლის არტისტი გამოდიოდა სამეფო ოპერის თეატრსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ლუჩანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში, სამეფო ოპერის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა წერს, რომ ბურჭულაძე „დემონსტრაციულად სჯიან, რათა გააფრთხილონ ისინი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას ბედავს“.

    ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უწოდებს „პრორუსულ, ავტორიტარულ რეჟიმს“.

    „ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან“, – წერს ის.
    „სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს შორისაა“, – წერს იგი.
    მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ პოლიტიკური პატიმრების ყოლას ქვეყანაში და ამბობენ, რომ ყველა მათგანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.

  • ბრიტანეთმა სომხეთში სავარაუდო ჩარევის გამო რუსულ სუბიექტებს სანქციები დაუწესა

    ბრიტანეთმა სომხეთში სავარაუდო ჩარევის გამო რუსულ სუბიექტებს სანქციები დაუწესა

    ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ლონდონი ამის მიზეზად ასახელებს რუსეთის მხრიდან მიმდინარე მტრულ საქმიანობას, მათ შორის სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში სავარაუდო ჩარევას ქვეყნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.

    სანქციების პაკეტი, რომელიც 11 მაისს გამოცხადდა, ლონდონმა წარმოადგინა როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომების ნაკრები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. საერთო ჯამში, სანქცირებულთა სიას 56 ფიზიკური პირი და ორგანიზაცია დაემატა.

    ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, სანქცირებულ სუბიექტთა ნაწილი ჩართული იყო კრემლთან დაკავშირებულ გავლენისა და დეზინფორმაციის კამპანიებში, მათ შორის ოპერაციებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სომხეთის შიდა პოლიტიკური პროცესების ფორმირებასა და პრორუსული გავლენის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

    ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, არის Social Design Agency (SDA). ბრიტანული განცხადების თანახმად, ეს ორგანიზაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით მოქმედებდა. ლონდონი ჯგუფს ადანაშაულებს სომხეთში მოსკოვისთვის ხელსაყრელი ქსელებისა და პოლიტიკური გავლენის სტრუქტურების შექმნის მცდელობაში.

    კიდევ ერთი სუბიექტი — Structura — ასევე დაადანაშაულეს კოორდინირებულ ოპერაციებში მონაწილეობაში, რომელთა მიზანიც დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება და უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა იყო.

    სანქციები შეეხო ორგანიზაცია „დიალოგსაც“, რომელსაც ბრიტანელი ოფიციალური პირები რუსეთთან დაკავშირებულ პროპაგანდისა და გავლენის ქსელად აღწერენ. განცხადების თანახმად, ორგანიზაცია, სავარაუდოდ, მართავდა ონლაინ პლატფორმებს, რომლებიც კრემლის ნარატივებს ავრცელებდა, და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა გავლენის კამპანიებში, მათ შორის სომხეთის შიდა პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებულ მცდელობებში.

    ბრიტანეთის განცხადება სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ფონზე გაკეთდა, რომელიც ოფიციალურად 8 მაისს დაიწყო. კამპანია 5 ივნისამდე გაგრძელდება, 6 ივნისი კი კანონით განსაზღვრული სიჩუმის დღე იქნება 7 ივნისის კენჭისყრამდე.

  • „ეს მუქარას ჰგავს“ — პუტინმა სომხეთს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უკრაინა შეახსენა

    „ეს მუქარას ჰგავს“ — პუტინმა სომხეთს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უკრაინა შეახსენა

    სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერევანი საჯაროდ არჩევანის წინაშე დააყენა: ან ევროკავშირთან დაახლოება, ან რუსეთთან პარტნიორობა. გაფრთხილების სახით კი მან უკრაინის მაგალითი მოიყვანა.

    პუტინმა თქვა, რომ საქმე „უკიდურესობამდე“ არ უნდა მივიდეს და ქვეყნებმა დროულად უნდა თქვან, რა გზით აპირებენ სვლას. მოსკოვს მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ შეძლებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად დარჩენას. თუმცა ამჯერად პუტინმა ეს არჩევანი უკრაინის სცენარს დაუკავშირა — თანაც იმ არჩევნების წინ, რომელიც შესაძლოა არა მხოლოდ ახალი მთავრობის არჩევა, არამედ ქვეყნის მომავალი გეოპოლიტიკური კურსის განსაზღვრა აღმოჩნდეს.

    მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შემდეგ პუტინს ჟურნალისტებმა სომხეთზეც ჰკითხეს. მათ შეახსენეს, რომ წარსულში სომხეთის ლიდერები 9 მაისს ხშირად ჩადიოდნენ მოსკოვში, წელს კი წითელ მოედანზე არც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და არც სომხეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გამოჩენილან.

    თავიდან პუტინის ტონი შედარებით მშვიდი იყო. მან თქვა, რომ მოსკოვი „განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს“ სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების გეგმებში და მხარს დაუჭერს ყველაფერს, რაც „სომეხი ხალხისთვის სასარგებლოა“. მისი თქმით, რუსეთსა და სომეხ ხალხს საუკუნეების განმავლობაში „განსაკუთრებული ურთიერთობა“ ჰქონდათ და თუ რომელიმე გადაწყვეტილება მართლაც სომხეთის ინტერესებს ემსახურება, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება.

    მაგრამ შემდეგ ტონი შეიცვალა. პუტინმა დაიწყო იმ სარგებლის ჩამოთვლა, რომელსაც, მისი თქმით, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით იღებს: ვაჭრობა რუსეთთან, უპირატესობები სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის, საბაჟო შეღავათები და განსაკუთრებული პირობები შრომითი მიგრანტებისთვის. ამის შემდეგ მან ერევანს მოუწოდა, „გარკვეულიყო“ საკუთარ არჩევანში — საჭიროების შემთხვევაში რეფერენდუმის გზითაც.

    პუტინის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, სომხეთში ჩატარდეს რეფერენდუმი და მოქალაქეებს ჰკითხონ, რა არჩევანს აკეთებენ. ამის შემდეგ კი რუსეთსა და სომხეთს შეეძლებათ შესაბამისი დასკვნების გამოტანა და, მისი სიტყვებით, „რბილი, ინტელიგენტური და ურთიერთსასარგებლო განქორწინების“ გზით წასვლა.

    ყველაზე დიდი ყურადღება პუტინის პასუხში უკრაინასთან გავლებული პარალელმა მიიქცია. მან კვლავ გაიმეორა კრემლისთვის ჩვეული თეზისი, თითქოს ყველაფერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ან ამ მიმართულებით სვლის მცდელობით დაიწყო. შემდეგ მან გაიხსენა 2013-2014 წლების მოვლენები: მოსკოვი, მისი თქმით, ევროპელებს აფრთხილებდა, რომ უკრაინის შეთანხმება ევროკავშირთან შეუთავსებელი იყო რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებთან. როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეთანხმების ხელმოწერა გადადო, ამას, პუტინის ვერსიით, მოჰყვა „სახელმწიფო გადატრიალება“, „ყირიმის ისტორია“ და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.

    ამის შემდეგ პუტინი ისევ სომხეთს დაუბრუნდა და თქვა, რომ საქმე „უკიდურესობამდე“ არ უნდა მივიდეს. სწორედ ამ კავშირმა — სომხეთი, არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის, უკრაინის მაგალითი და ფრაზა „უკიდურესობამდე ნუ მიიყვანთ“ — ბევრს აფიქრებინა, რომ პუტინის სიტყვები მუქარას ჰგავდა.

    ფორმალურად რუსეთის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ სომხეთს უკრაინის სცენარი ელის. მაგრამ მისი პასუხის პოლიტიკური აზრი სწორედ ასე იკითხებოდა: თუ ქვეყანა, რომელსაც მოსკოვი საკუთარ გავლენის ზონად მიიჩნევს, ევროპულ გზას აირჩევს, შედეგები შესაძლოა მძიმე იყოს.

    კრემლის ხედვაში უკრაინა წარმოდგენილია არა როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი მეზობელი სახელმწიფო, არამედ როგორც მაგალითი იმისა, რას იწვევს, მოსკოვის აზრით, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა.

    ზეწოლის ბერკეტები

    ანალიტიკური ცენტრის „სომხური საბჭოს“ პრეზიდენტი არეგ კოჩინიანი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადებები პირდაპირ მუქარად ჟღერს. მისი შეფასებით, პუტინის მინიშნებები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებსა და სომეხი ხალხისთვის არსებულ სარგებელზე შეიძლება რუსეთის მხრიდან შესაძლო ენერგეტიკულ სანქციებს უკავშირდებოდეს.

    კოჩინიანის თქმით, რუსეთი სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის, ბენზინისა და ურანის ძირითადი მიმწოდებელია, ხოლო სომხეთს საკუთარი ატომური ენერგეტიკული შესაძლებლობებიც აქვს. ქვეყანას არ აქვს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი სამრეწველო მარაგები და ენერგომოხმარების დიდ ნაწილს იმპორტით ფარავს. გაზს სომხეთის ენერგობალანსში დაახლოებით 60% უკავია, ხოლო მთავარი მიმწოდებელი რუსეთია. 2025 წელს, „გაზპრომის“ მონაცემებით, სომხეთში 2.23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შევიდა.

    სომხეთის შიდა გაზის ბაზარი ფაქტობრივად მიბმულია Gazprom Armenia-ზე — რუსული „გაზპრომის“ სრულად კონტროლირებად შვილობილ კომპანიაზე, რომელიც ქვეყნის შიდა ბაზარზე გაზის მიწოდებასა და გაყიდვას უზრუნველყოფს. გაზი გამოიყენება არა მხოლოდ გათბობისთვის, არამედ მრეწველობაში, ტრანსპორტსა და ელექტროენერგეტიკაშიც.

    1 აპრილს კრემლში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას პუტინმა მას შეახსენა, რა პირობებით იღებს სომხეთი რუსულ გაზს. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სომხეთს გაზს ევროპულ ფასებზე რამდენჯერმე იაფად აწვდის: ევროპაში ფასი, მისი თქმით, 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა სომხეთი რუსულ გაზს 177.5 დოლარად იღებს.

    ამ ციფრებში ფორმალურად უზუსტობა არ არის, თუმცა შედარება სრულად კორექტული არ არის: პუტინმა სომხეთისთვის გრძელვადიანი კონტრაქტით განსაზღვრული რუსული გაზის ფასი შეადარა ევროპულ ბირჟაზე ცვალებად ფასს და არა ანალოგიურ გრძელვადიან კონტრაქტს.

    დრო შეიცვალა

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ატომური ენერგეტიკა. მეწამორის მოქმედი ატომური ელექტროსადგური „როსატომთან“ დაკავშირებული სტრუქტურების მონაწილეობით შენარჩუნდა და მოდერნიზდა. თუმცა სწორედ ამ მიმართულებით ერევანი უკვე ალტერნატივებს ეძებს: სომხეთი ახალი რეაქტორის საკითხში განიხილავს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის, საფრანგეთის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის წინადადებებს. 2026 წლის თებერვალში სომხეთმა აშშ-თან სამოქალაქო ბირთვულ ენერგეტიკაში თანამშრომლობის შეთანხმებაც გააფორმა.

    რუსეთს სხვა ბერკეტებიც აქვს. კოჩინიანის თქმით, სომხეთის რკინიგზა კვლავ რუსეთის კონცესიაშია, ქვეყანაში ისევ არის რუსეთის სამხედრო ბაზა და რუსი მესაზღვრეები. გარდა ამისა, შესაძლოა გაძლიერდეს ჰიბრიდული შეტევები, რომლებიც უკვე შეინიშნება. კიდევ ერთი მგრძნობიარე საკითხია რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორა — მათ წინააღმდეგ მოსკოვს, თეორიულად, რეპრესიული ზომების გამოყენება შეუძლია.

    თუმცა ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ უკრაინასთან შედარება სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების პირდაპირ მუქარას ნიშნავს. პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდარიანის თქმით, რუსეთს ჯერ პირველი ომის — ანუ უკრაინაში მიმდინარე ომის — მოგვარება სჭირდება. გარდა ამისა, გეოგრაფიული ვითარებაც განსხვავებულია: რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოა, უკრაინასთან კი რუსეთს საერთო საზღვარი აქვს.

    ისკანდარიანი ამბობს, რომ პუტინის განცხადებები უფრო გაღიზიანებას აჩვენებს. რუსეთის პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში ძლიერია „ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის“ აღქმა: მოსკოვი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც საკუთარ ინტერესთა ზონად მიიჩნევს, ნებისმიერ დასავლურ მიმართულებას საფრთხედ აღიქვამს.

    მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ძველი შესაძლებლობები უკვე მნიშვნელოვნად დაკარგული აქვს. 2020-2023 წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მეორე ყარაბაღის ომი, შემდეგ კი მთიანი ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის დეპორტაცია, როდესაც ადგილზე რუსი სამშვიდობოებიც იყვნენ, თუმცა სომხური მოსახლეობის დაცვისთვის, ისკანდარიანის შეფასებით, არაფერი გაკეთებულა.

    ამას დაემატა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რის შემდეგაც სომხეთი უსაფრთხოების სფეროში რეალურად რუსეთზე აღარ არის ორიენტირებული. სომხეთი რუსეთიდან იარაღს აღარ ყიდულობს და ფაქტობრივად აღარ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის — ОДКБ-ს — მუშაობაში.

    სომხეთმა ОДКБ-სგან დისტანცირება 2023 წლის იანვარში დაიწყო, როცა უარი თქვა ორგანიზაციის სამხედრო წვრთნების საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარებაზე. ერევანი ამას იმით ხსნიდა, რომ ОДКБ-მ აზერბაიჯანის მოქმედებებს მკაფიო შეფასება არ მისცა და საზღვარზე დაძაბულობის დროს სომხეთს არ დაეხმარა. 2024 წლის თებერვალში ფაშინიანმა უკვე პირდაპირ თქვა, რომ სომხეთის მონაწილეობა ОДКБ-ში „გაყინულია“.

    იურიდიულად ერევანი ორგანიზაციიდან არ გამოსულა, მაგრამ მას შემდეგ მაღალი დონის მუშაობაში თითქმის აღარ მონაწილეობს და 2024 წელს ბლოკის დაფინანსებაზეც უარი თქვა.

    სხვა არჩევანი

    ერევანი არ ეთანხმება აზრს, რომ სომხეთმა უკვე ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხს რეფერენდუმზე არ გაიტანს, რადგან ამის „ობიექტური აუცილებლობა“ არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ სომხეთი რჩება ЕАЭС-ის წევრად და პატივს სცემს პარტნიორებს.

    ფაშინიანის პოზიცია ასეთია: სომხეთს შეუძლია ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ისე, რომ ეს ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის საკითხში არ გადაიზარდოს. სომხურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ გაძლიერებული იმედგაცრუების მიუხედავად — როგორც უკრაინაში ომის, ისე ყარაბაღის კრიზისში მოსკოვის ქცევის გამო — ფაშინიანმა პუტინს დიპლომატიურად უპასუხა. მისი მთავარი ამოცანა ახლა არჩევნების მოგებაა.

    საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს უნდა გაიმართოს. ფაშინიანი არჩევნებში თავისი პარტიით, „სამოქალაქო ხელშეკრულებით“, მონაწილეობს. მისი კამპანია აგებულია აზერბაიჯანთან მშვიდობაზე, შიდა რეფორმებსა და ქვეყნის არსებობაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში — ყარაბაღის დაბრუნების მცდელობის გარეშე.

    ოპონენტები კი ფაშინიანს მარცხში, ბაქოსთვის დათმობებსა და მოსკოვთან ურთიერთობის დანგრევაში ადანაშაულებენ.

    ფაშინიანის მთავარ მეტოქეებს შორის არის რამდენიმე ძალა. ერთ-ერთი თვალსაჩინო ახალი პროექტია ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელიც რუს-სომეხ მილიარდერ სამველ კარაპეტიანთან არის დაკავშირებული. კარაპეტიანმა ქონება რუსეთში დააგროვა და მოსკოვთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების აღდგენას უჭერს მხარს. ამჟამად ის შინაპატიმრობაშია საქმეზე, სადაც ფიგურირებს უკანონო გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისა და ფულის გათეთრების ბრალდებები. თავად კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს.

    რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობის გამო ის ვერ გახდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ვერც პარლამენტში იყრის კენჭს. მიუხედავად ამისა, მისი პოლიტიკური პროექტი ფაშინიანის მოწინააღმდეგე ამომრჩევლისთვის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა.

    1 აპრილს ფაშინიანთან შეხვედრისას პუტინმა თვითონვე ახსენა, რომ სომხეთში არის „ბევრი პოლიტიკური ძალა“, რომელიც პრორუსულ პოზიციას იკავებს, და გამოთქვა იმედი, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. მან ასევე მიანიშნა ადამიანებზე, რომლებიც, მისი თქმით, „თავისუფლების აღკვეთის ადგილებში“ იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტი აქვთ. ეს აშკარა მინიშნება იყო სამველ კარაპეტიანზე.

    კარაპეტიანის გარდა, მოსკოვთან დაახლოებაში უპირატესობას ხედავენ ძველი ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბლოკ „სომხეთს“ არჩევნებზე ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი მიუძღვება — ფაშინიანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ოპონენტი. არჩევნებში მონაწილეობს ასევე ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“.

    ორივე პოლიტიკოსი აღიქმება ძალად, რომლისთვისაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ბუნებრივი პოლიტიკური კურსი იქნებოდა. მათი პრობლემა კი ის არის, რომ სომხური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ისინი არა მხოლოდ მოსკოვთან, არამედ ძველ ძალაუფლებრივ სისტემასთანაც ასოცირდებიან — იმ სისტემასთან, რომელიც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად დაინგრა.

    რუსეთს „ცუდად ესმის“ სომხეთის

    არეგ კოჩინიანი პუტინის განცხადებებს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პირდაპირ მცდელობად მიიჩნევს, გავლენა მოახდინოს შედეგებზე. თუმცა, მისი თქმით, რუსეთში სომხეთი და სომხური საზოგადოებრივი აზრი ძალიან ცუდად ესმით. ის, რაც კრემლში გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის სასარგებლო მხარდაჭერად მიაჩნიათ, სინამდვილეში მათ იმიჯზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს.

    პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდარიანის აზრით, რუსეთიც და ზოგჯერ დასავლეთიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ხშირად მხოლოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის ბრძოლის ველად აღიქვამენ და ამით ხშირად ცდებიან. წინასაარჩევნო კამპანიაში რა თემებიც არ უნდა ჟღერდეს, მისი თქმით, იმის თქმა, რომ ყველაფერი მხოლოდ მოსკოვსა და ბრიუსელს შორის არჩევანზე დადის, ზედმეტად გამარტივებული ხედვაა.

    კოჩინიანის შეფასებით, 7 ივნისს სომხების წინაშე სამი კითხვა დადგება და მხოლოდ ერთი მათგანი შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს. მთავარი არჩევანი კი, მისი თქმით, არის არჩევანი მშვიდობის პოლიტიკასა და ომის პოლიტიკას შორის.

    ფაშინიანი თავის მთავარ ოპონენტებს „ომის პარტიად“ წარმოაჩენს — ძალებად, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანა უკან დააბრუნონ: რუსეთზე დამოკიდებულებაში, აზერბაიჯანთან კონფლიქტში და ძველ ელიტებთან.

    ოპოზიცია კი ფაშინიანს საპირისპიროში ადანაშაულებს: მათი თქმით, მისი კურსი ახალ დათმობებამდე, სუვერენიტეტის დაკარგვამდე და ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორისგან სახიფათო დაშორებამდე მიიყვანს. თუმცა ოპოზიციის სირთულე ისიც არის, რომ მათი დღის წესრიგი მეტწილად აგებულია არა იმაზე, რას სთავაზობენ ქვეყანას, არამედ იმაზე, ვის და რას ეწინააღმდეგებიან.

    ისკანდარიანის თქმით, ფაშინიანს მარტივი, მაგრამ გასაგები გზავნილი აქვს: „ჩვენ ვართ მშვიდობის პარტია, დანარჩენები — ომისკენ მიდიან. თუ ჩვენ გარდა ვინმე გაიმარჯვებს, იქნება ომი.“ მეორე გზავნილი კი ასეთია: „ჩვენ ვართ ევროპეიზაციის მომხრეები, დანარჩენები — პრორუსები.“ სომხეთში ეს გზავნილი დღეს საკმაოდ კარგად მუშაობს, რადგან რუსეთის მიმართ დამოკიდებულება არც ისე პოზიტიურია.

    კოჩინიანი არჩევნების შედეგების პროგნოზს ჯერ არ აკეთებს. მისი თქმით, ფაშინიანის საყრდენი უფრო უფროსი თაობაა, ახალგაზრდობა კი ძირითადად ოპოზიციურად არის განწყობილი და გარკვეულ პოსტმოდერნისტულ განწყობაში იმყოფება — თითქოს „არ არსებობს არც სრული სიმართლე, არც სრული ტყუილი, ყველაფერი შედარებითია“.

    განსხვავებული შეფასებების მიუხედავად, ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ მომავალი არჩევნები სომხეთისთვის პირველ რიგში არც რუსეთზეა, არც ევროკავშირზე — ის სომხეთზეა.

    ქვეყანა რთული გეოპოლიტიკური კვანძის შუაგულშია: სამხრეთით ირანია, რომელიც აშშ-სა და ისრაელთან დაპირისპირებაშია; აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი; დასავლეთით — თურქეთი, რომელიც ბაქოს უჭერს მხარს; ჩრდილოეთით — საქართველო, რომლის ევროპული გზაც პოლიტიკური კრიზისის გამო ფაქტობრივად გაყინულია. ამიტომ, რუსეთის მხრიდან მუქარების მიუხედავად, სომხები არჩევნებზე ბევრად უფრო უშუალო და სასიცოცხლო საკითხებს გადაწყვეტენ, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან „განქორწინების“ ფორმალური გაფორმებაა.

  • მეუფე ნიკოლოზი სინოდს მიმართავს, „არ გადადონ“ ილია მეორის წმინდანად შერაცხვა

    მეუფე ნიკოლოზი სინოდს მიმართავს, „არ გადადონ“ ილია მეორის წმინდანად შერაცხვა

    ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ავრცელებს მიმართვას, რომელიც საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წასაკითხად დაიწერა. მიტროპოლიტი ნიკოლოზი მიმართავს თხოვნით წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს, რომ არ გადადონ უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წმინდანად შერაცხვა.

    „მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, წმ. სინოდის წევრებს, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეებს

    ძვირფასო მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, მოგმართავთ თხოვნით, არ გადავდოთ ჩვენი პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II წმინდანად შერაცხვა.

    მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს რამდენიმე ცნობილი შემთხვევა, როდესაც წმინდანის მიმართ პატივისცემა იმდენად ძლიერი და აშკარა იყო, რომ კანონიზაცია ან საეკლესიო განდიდება, პრაქტიკულად, გარდაცვალებისთანავე მოხდა — ზოგჯერ ფორმალური აქტის გარეშეც.

    ასეთები იყვნენ ადრეული ეკლესიის მოწამეები; ასეთები იყვნენ წმ. ეგნატე ანტიოქიელი, წმ. პოლიკარპე სმირნელი, წმ. კვიპრიანე კართაგენელი – მათი ლიტურგიკული ხსენება თითქმის გარდაცვალებისთანავე დაიწყო; წმ. ნიკოლოზი, რომლის კანონიზაციის ოფიციალური აქტი დღემდე არ არსებობს, წმ. ანტონი დიდი: მისი ცხოვრება აღწერა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა, რის გამოც სიცოცხლეშივე ეგვიპტეში და მთელ აღმოსავლეთში იმდენად სწრაფად გავრცელდა პატივისცემა, რომ, პრაქტიკულად, სიცოცხლის დასრულებისთანავე უკვე საყოველთაოდ წმინდანად ითვლებოდა; ასეთი იყო წმ. საბა განწმენდილი: მისი მოწაფეები დაუყოვნებლივ შეუდგნენ მისი ცხოვრების აღწერას და ლიტურგიკულ მოხსენიებას; ასეთები იყვნენ წმ. ამბროსი მედიოლანელი და წმ. მარტინ ტურელი, რომლებიც სიცოცხლეშივე ეკლესიის მასწავლებლებად ითვლებოდნენ.

    წმ. სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა 1903 წელს მოხდა, მაგრამ მანამდე მის საფლავზე ათასობით ადამიანი მიდიოდა ჯერ კიდევ ოფიციალურ კანონიზაციამდე.

    ასევე იყვნენ წმ. იოანე კრონშტადტელი, წმ. ნექტარიოს ეგინელი, წმ. სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე შანხაელი, წმ სილუან ათონელი, წმ, პაისი ათონელი, წმ. პორფირე კავსოკალიველი.

    ასეთი იყო ჩვენი წმ. მამა გაბრიელი – აღმსარებელი და სალოსი, რომლის მასობრივი თაყვანისცემა დაკრძალვისთანავე დაიწყო.

    წმინდანად შერაცხვა სიწმინდის ნიშნების მიხედვით ხდება, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ისტორიულად ჩამოყალიბდა. აი, ზოგიერთი მათგანი:

    1. მართლმადიდებელი რწმენა;
    2. ცხოვრების სიწმინდე – მოსაგრეობა, სიყვარული, მოწყალება, ლოცვა,

    მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე;

    1. საყოველთაო სახალხო თაყვანისცემა, როდესაც მასზე ლოცულობენ, როგორც წმინდანზე, მის საფლავზე უწყვეტი რიგია, ადამიანები უყვებიან მისი შემწეობაზე;
    2. სასწაულები – როგორც სიცოცხლეში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ;
    3. აღმსარებლობა და მოწამეობრივი აღსასრული;
    4. სულიერი მემკვიდრეობა: საღვთისმეტყველო შრომები, ჰიმნოგრაფია, ქადაგებები, გავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე.

    ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში თითოეულ ამ ნიშანზე მაგალითების დიდი სია

    არსებობს.

    დაბოლოს, შეგახსენებთ კანონიზაციის კიდევ ერთ უახლეს შემთხვევას:

    უწმინდესი და უნეტარესი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე წმ. სინოდის კრებაზე წმინდანად შეირაცხა ნეტარხსენებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს დაჟინებული მუხლმოდრეკილი თხოვნით მიუხედავად იმისა, რომ მასალები კანონიზაციისათვის ჯერ მომზადებული არ იყო. ეს წმ. სინოდი მეუფე კალისტრატესათვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

    ყოველივე ამის საფუძველზე ვკადნიერდები და ვბედავ, მოგმართოთ თხოვნით:

    უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი.

    მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზაცია არის არა წმინდანის შექმნა, არამედ უკვე არსებული საეკლესიო ცნობიერების დადასტურება.

    ქრისტესმიერი სიყვარულით, ნიკოლოზი, მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და კარის“, – ნათქვამია მიმართვაში.

  • ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

    ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

    “გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს” – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში შიო III-ს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

    “ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.

    იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს” – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.