Category: სლაიდერი

  • “გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ ქართულ ოცნებას გაძლიერებაში“–ელისაშვილი

    პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ხალხმრავალ სამოქალაქო პროტესტს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება. ის თვლის, რომ “გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა“ არასწორი გზა აირჩიეს, როცა “ეროვნული თანხმობის მთავრობის“ შექმნა მოითხოვეს და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება პოლიტიკოსებმა და ხალხმა ხელისუფლებას უნდა აიძულონ.

    “მგონი ყველა ნორმალური ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა.

    რა უნდა გავაკეთოთ და რა ვადაში ძალიან მკაფიოდ გვითხრეს – დეკემბრის ბოლომდე უნდა შევასრულოთ 12 პუნქტად ჩამოწერილი დავალება. წესით ყველა ნორმალური ქართველი უნდა ვფიქრობდეთ იმაზე თუ როგორ ვაიძულოთ ქართული ოცნება ეს 12 პუნქტი შეასრულოს. ჩემი ღრმა რწმენით სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას. თუმცა, გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოაცხადებინათ. რა თქმა უნდა ეს ღიმილისმომგვრელი “ტექნიკური მთავრობანა” ჩავარდა. და მოხდა ის რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ – ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ ქართულ ოცნებას გაძლიერებაში.

    დღეს ოცნებაა ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე – რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია რომ რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო ის მოხდა. არადა ვითარება მარტივია – თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნტი. სათანამშრომლოა უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე – ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდს ნორმალურ ადამიანებს. “ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნა და მსგავსი სახლობანა მოთხოვნები უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები.

    12 დავალების შესრულება 6 თვეში – ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები!

    საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი!

    საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“– წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

  • უკრაინის გენშტაბის თქმით, რომ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან.

    “ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ,” – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

  • კუნძულ ზმეინზე უკრაინის დროშა ფრიალებს

    კუნძულ ზმეინზე  უკრაინის დროშა ფრიალებს – შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს. მისი თქმით, დროშა მას შემდეგ აღიმართა, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს.

    “უკრაინის დროშა დამონტაჟდა კუნძულზე… ოპერაცია დასრულდა, კუნძული დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას”, – თქვა სპიკერმა ორშაბათს, დამატებითი დეტალების გარეშე.

  • სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი – კობახიძე

    ”საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, თეორიაშიც, წიგნებშიც წერია ეს, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც პოლარიზაციის ხარისხი არის უფრო დაბალი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი.

    ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდებოდა ამ კანონპროექტის განხილვას. არსად არ თქმულა არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ.”

    თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

  • ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ხუხაშვილი

    ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ხუხაშვილი

    „არ ვთვლი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დააყენოს. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს პირდაპირი დემოკრატიის აქტს, ის აჩვენებს თავის პოლიტიკურ ნებას, ანუ იძლევა გარკვეულ ინსტრუქციას, რათა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკოსებმა იმოქმედონ. ხალხმა გუშინ აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს სვლა ევროსტრუქტურებისკენ უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების სახით. ეს არის ერთგვარი პირდაპირი დემოკრატიის უნიკალური აქტი.

    თავიდანვე არ მიმაჩნდა სწორად პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება აქციაზე, რადგან ამას ხელისუფლება განახორციელებს თუ ოპოზიცია, მთავარია, ეს პოლიტიკოსებმა განახორციელონ. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ გააკეთებს ამას, ეს პირდაპირი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არაა. თუ მაინც აყენებ პოლიტიკურ მოთხოვნას, შემდეგი ნაბიჯები უნდა გქონდეს გათვლილი, რაც საზოგადოებას თვითორგანიზების ეტაპზე არ შეუძლია. ეს პოლიტიკოსების საქმეა. ამ დროს ფრუსტრაციის რისკი მაღალია, მითუმეტეს, როდესაც აყენებ მოთხოვნას და წინასწარ იცი, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული არ იქნება. თუ ამ მოთხოვნას აყენებ, შემდეგი ნაბიჯი უნდა გქონდეს გათვლილი, რაც, გამოჩნდა, რომ მაინცდამაინც კარგად გააზრებული არ ჰქონდათ.

    სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ. ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან. ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ვინ რას გააკეთებს, ვინ უკეთესად და უფრო ეფექტიანად გააკეთებს, ეს არის უფრო პოლიტიკური პროცესის ნაწილი. რატომ მოხდა ასე? – მოხდა იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ოპოზიციასაც აღარ ენდობა საზოგადოება. ვფიქრობ, თუ გუშინ ასეთი რაღაც მოხდა, ეს საზოგადოების ბრალი კი არ არის, ეს პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ნიშის დაკავება და ლიდერობა. არ აღიარებენ ოპოზიციას ამ პროტესტის ლიდერად და შესაბამისად, თუ რაღაც შეუძლიათ, გამოვიდნენ სცენაზე და გვაჩვენონ, როგორ შეიძლება კონკრეტული გეგმით ხელისუფლების იძულება, რათა ხალხის არჩევანი აღასრულოს ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუ არ აღასრულებს, მიაღწიოს იმას, რომ ხელისუფლება ჩანაცვლდეს ისეთი პოლიტიკური ძალებით, რომლებიც აღასრულებენ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს.

    გუშინ რაც მოხდა, ეს პროცესის ნაწილია და არა მთავარი, გენერალური ხაზი. კარგია, რომ ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა – ეს იყო გუშინდელი აქციის ფუნქცია და ამოცანა. რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური მოთხოვნები ვიღაცის გადაყენება-გადმოყენებაზე, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ამითაც ბევრი არაფერი დაშავებულა”,

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტთან გუშინ გამართული აქცია შეაფასა.

  • ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის – დიმიტრი სამხარაძე

    “პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია”,

    წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, რომელმაც  გუშინ, 3 ივლისს ქართული ოცნების ოფისიდან “შინ ევროპისკენ” აქციის მონაწილეებს აგინა.

  • დარწმუნებულები ვართ, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს – სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ

    ”დარწმუნებულები ვართ, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს – ქართული ოცნებიდან წასული 3 დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი მორიგ განცხადებას აქვეყნებს და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის დისკრეტიდაციას ცდილობს.

    “მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს”. – წერია ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის განცხადებაში.

  • ბრძოლა იქნება სასტიკი:უკრაინული არმია ხერსონის შემოგარენს მიუახლოვდა–The Economist

    უკრაინული არმია ხერსონზე კონტრშეტევისთვის ემზადება, რაც გზას ხსნის ყირიმისკენ. ამის შესახებ The Economist წერს.

    რუსებმა ხერსონის აღება ომის პირველივე დღეებში შეძლეს. ოკუპანტებისთვის ქალაქი მთელი რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილია. იქ მდებარეობს დამბა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს წყლით ამარაგებს, ასევე იქ არის თავმოყრილი სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურები – საზამთრო, პომიდორი, მზესუმზირა და სოიო.

    გამოცემა წერს, რომ უკრაინულ არმიას ხერსონთან ტაქტიკური წარმატებები აქვს. მასთან საუბარში სამხედრო დაზვერვის ოფიცერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოწინავე ნაწილები უკრაინელი სნაიპერების ხელმისაწვდომობის ზონაში არიან. ეს კი ხერსონის შემოგარენიდან დაახლოებით ერთი კილომეტრია.

    “შემდგომი ორი კვირა კიდევ უფრო საინტერესო იქნება“–ამბობს მებრძოლი.

    ამასთან, აღინიშნება, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ხერსონის რაიონში, ეს ჯერ კიდევ არ გავს სრულფასოვან კონტრშეტევას. ჯარისკაცები საბრძოლო მასალების და ძალების უკმარისობაზე საურობენ. უკრაინის არმიას ჯერ არ მიუღწევია სამი ერთთან უპირატესობითვის, რაც წარმატებული კონტრშეტევისთვის აუცილებელია.

    ამასთან, რუსეთის არმიამ აქ გამაგრებული მიწისქვეშა გზების ქსელი შექმნა. როგორც უკრაინის “ტერაბარონის“ მებრძოლი ამბობს, როცა ისინი რუსების განდევნას ცდილობენ, პოზიციებზე ათის ნაცვლად ასი ჯარისკაცი მოდის. ერთ სოფელს შეიძლება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 4 დანაყოფი იცავდეს. გარდა ამისა, ადგილობრივებს საკუთარი სახლები არ დაუტოვებიათ, რაც ასევე ართულებს უკრაინული ჯარის მუშაობას.

    როგორც ყოფილი ჩინოვნიკი ამბობს, რომელმაც ხერსონი მას შემდეგ დატოვა, რაც ოკუპანტებმა კოლაბორაციონისტული ორგანოს მეთაურობა შესთავაზეს, რუსეთი ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობა გადაებირებინა, თუმცა სიტუაცია სწრაფად შეიცვლება, თუ რუსების ხერსონიდან გაყრა დაიწყება.

    “რუსები ძალიან გაბოროტებულები იქნებიან და არავის დაინდობენ, თუმცა პარტიზანული წინააღმდეგობაც ასეთივე სასტიკი იქნება. ადგილობრივები რუსებს უბრალოდ ნაწილებად დაგლეჯენ“–თვლის ყოფილი ჩინოვნიკი, რომლის ვინაობა არ სახელდება.

  • “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმას არაფერი საერთო აქვთ ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“–სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველზე აქციის მიმდინარეობის პარალელურად ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:

    “ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე : ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) …

    თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან .

    ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…

    ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით !

    და გამოჩნდება ვის რა უნდა : ევროპა თუ ძალაუფლება!“–წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • ფინელები გეგმავენ ნატოს ბაზა სამხრეთ კარელიაში, რუსეთის საზღვართან ააშენონ

    ფინეთის  სამხრეთ კარელიის პროვინციის ქალაქ ლაპეენრანტის მერი, კიმო იარვა გამოდის წინადადებით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბაზა რუსეთის საზღვართან ახლოს, აერეოპორტის ტერიტორიაზე აშენდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს და აზუსტებს, რომ იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდა. ამ ინიციატივის მეორე მიზეზი სწორედ აგრესორი ქვეყნის საზღვართან ამ ტერიტორიის სიახლოვეა. აეროპორტი ლენინგრადის ოლქიდან 20 კილომეტით არის დაშორებული.

    ქალაქში ხაზს უსვამენ, რომ ფინეთის თავდაცვის ძალებთან ბაზის აქ აშენების შესაძლებლობა ჯერ არ განუხილავთ. ამავე დროს, იმედი აქვთ, რომ ლაპეენრანტის ტერიტორიაზე ნატოს კონტიგენტის განლაგება სამხრეთ კარელიაში ინვესტიციებს მიიზიდავს. მერის თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებამ მთელ პროვიპნციას იმედი გაუჩინა

    “ეს უსაფრთხოების განცდას აჩენს და შეიძლება ამ რეგიონში ინვესტიციები მოიზიდოს“– ამბობს ის.

    იარვა აღნიშნავს, რომ აეროპორტი ხელმისაწვდომია ბაზის შესაქმნელად, თუმცა მერი არ არის მზად ისაუბროს სახმელეთო ძალების სკოლის და ქვეყნის თავდაცვის ძალების აქ განლაგების თემაზე, რადგან ამბობს, რომ “სპეციალისტი არ არის.“

    შეგახსენებთ, რომ ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვიეს ნატოში გასაწევრიანებლად. ორი ქვეყანა ალიანსის წევრი ოფიციალურად მას შემდეგ გახდება, რაც მათ შეერთებას ოფიციალურად დაუჭერს მხარს 30 წევრი ქვეყანა. ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.