Category: სლაიდერი

  • “სააკაშვილის პატიმრობა დაკავშირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან” – კობახიძე

    “აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში “საზოგადოებრივად საშიში”, ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ასეთ დროს ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას რა თქმა უნდა”

    განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  POSTV-ის ეთერში.

  • ბოლომდე ვერც წავიკითხე, სავსე იყო ტყუილით და შეთქმულებების თეორიებით – დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

    “წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულებების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე” – ასე ეხმაურება, აშშ-ის  ელჩი კელი დეგნანი ”ოცნებიდან” წასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის წერილს.

    “წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულებების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. ნამდვილად არ ესმის მას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვან ყველა ქართველი მოქალაქის უფლება. ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როდესაც ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა.

    კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელიც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი. შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი.

    ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება: რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას”, – თქვა დეგნანმა.

  • რა მოხდა 3 ივლისს? – ,,სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს

    აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა  ,,სირცხვილია” იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც  3 ივლისის აქციის მონაწილეებმა დასახული მიზნები ვერ შეასრულეს. ,,სირცხვილია” აცხადებს, რომ მათი მთავარი შეცდომა იყო, რომ სათანადო ყურადღება არ დაუთმეს აქციის მონაწილეებს, ვერ მიიტანეს ადამიანებამდე მთავარი მიზანი და გეგმა.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    ”უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა თითოეულს, ვინც უთვალავი პრობლემის და გასაჭირის მიუხედავად პოულობს ძალას, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოლოს. თქვენი შეუპოვრობა ისტორიულია. უმნიშვნელოვანესია, არ დავკარგოთ, რამაც 20 ივნისს 150 ათასი ადამიანი რუსთაველზე მიგვიზიდა – ერის გამაერთიანებელი იდეა – წინ, ევროპისკენ და შინ, ევროპისკენ.
    3 ივლისის მასშტაბურმა პროტესტმა საზოგადოების ნაწილს სამართლიანი კითხვები გაუჩინა დემონსტრაციის მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით. მაინც რა მოხდა მესამე აქციაზე?
    კამპანია “შინ, ევროპისკენ” მაისის მიწურულს დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ჯერ თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ხელოვნურად ნაკვები განზიდულობის მიუხედავად, ათი ათასობით განსხვავებულ ადამიანს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა.

    ვიაზრებდით რა, რომ ეროვნული იდეა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფზე დიდია, ჩვენ ფართოდ გავხსენით კარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის, რათა ყველას შეძლებოდა, წვლილი შეეტანა ეროვნული ინტერესის დაცვაში. აგრეთვე დავაწესეთ პროტესტის მკაცრი ტაქტიკური ჩარჩო – არაძალადობრიობა.

    ჩვენ ახლაც ვრჩებით მაქსიმალური ჩართულობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპის ერთგულნი, მაგრამ იმავდროულად, ვაცნობიერებთ შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებმაც ბევრი ინტერესის დაბალანსებისა და კონსენსუსის ძიების პროცესში თავი იჩინეს. ამ მცდელობებმა მიითვისეს ყურადღება, რომელიც მთავარი აქტორისთვის – ხალხისთვის უნდა დაგვეთმო, რათა 3 ივლისის აქციის მიმართ მოლოდინები სწორად გვემართა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიგვეტანა ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა, რათა მათ წინასწარ სცოდნოდათ, რისთვის მოდიოდნენ აქციაზე. შეკრების თავდაპირველი მიზანი, მთავრობის სხდომის გაუქმება, გადაფარა საორგანიზაციო გუნდს მიღმა შექმნილმა ცრუ მოლოდინმა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა და ბრძოლაც დასრულდებოდა.
    გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, რომელიც სახალხო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” ყველაზე მკაფიოდ 20 ივნისს გამოხატა.

    ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ჩვენთვის არცერთი მოთხოვნა, პოლიტიკური გემოვნება თუ მისწრაფება არ დგას ეროვნულ იდეაზე – ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მაღლა.

    ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება ვიწროპარტიულმა ინტერესებმა და უნდა ვკონცენტრირდეთ 12 მოთხოვნაზე, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, შემდეგ კი ჩვენგან – ევროკავშირს.
    ჩვენ უნდა დავიცვათ 150 ათასი ადამიანის გამოსვლით გამოხატული იდეა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს აერთიანებს.
    ჩვენ ვაპირებთ, რომ საშუალო და გრძელვადიანი გეგმები მხოლოდ ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანს დავუკავშიროთ.

    ეს პროცესი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება თუ მასში თითოეული ჩვენგანი ჩაერთვება. გთხოვთ, არ გაანელოთ თქვენში საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სურვილი.
    ჩვენ გავიმარჯვებთ! ” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ქუჩაში ზუკა ბერძენიშვილს მოკვლით დაემუქრნენ – სალომე ბარკერი

    “სირცხვილიას” ერთ-ერთ ორგანიზატორს და სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს ქუჩაში მოკვლით დაემუქრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს.

    ”რამდენიმე წუთის წინ ვინმე თორნიკე ბაღათურია და გიორგი ალთუნაშვილი მე და ზუკას გადაგვაწყდნენ ქუჩაში და ზუკას დაემუქრნენ ცემით, სახის გახევით, გოგოს გარეშე რო იყოს რასაც იმსახურებს იმის ქნით, მოკვლით, სხვა დროს სხვა ადგილას შეხვედრით, უკვე შეციებული ხინკლის მოტანით, ბოლტის კიდევ უფრო გაძვირებით, ყოველწლიურად მზარდი მაღალი ინფლაციით და დუინგ ბიზნეს რეიტინგში საქართველოს პოზიციების მკვეთრი ვარდნით.

    ბოლოს კი მოძუძგეს თავის გზაზე მარა ნუ მაინც მინდოდა გცოდნოდათ, როგორც ნამდვილი “პროვოკატორისგან, რომელიც ამ ამბავსაც ქვეყანას მოსდებს”, – წერს სალომე ბარკერი.

  • უკრაინაში ჩვენ სერიოზულად არც არაფერი დაგვიწყია – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯერ “სერიოზულად არაფერი დაუწყიათ”. ამის შესახებ მან რუსეთის დუმის დეპუტატებთან  შეხვედრისას განაცხადა. 

    „ყველამ უნდა იცოდეს, რომ, ფაქტობრივად, უკრაინაში ჩვენ სერიოზულად არც არაფერი დაგვიწყია. გვესმის, რომ ჩვენი ბრძოლის ველზე დამრცხება სურთ. რა უნდა თქვა? აბა სცადონ“, – თქვა პუტინმა.

  • თბილისში კაცმა ცოლი მოკლა

    თბილისში 65 წლის კაცმა 58 წლის ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

    ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან – 1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “აქციები უშედეგოდ დასრულდება, მთავრობა მყარია” – ავსტრიაში მყოფი პრემიერი აქციებზე

    “აქციები უშედეგოდ დასრულდება, მთავრობა მყარია” – ასე უპასუხა  პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე დასმულ კითხვას.

    “მინდა, კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ ალბათ არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად, თამამად, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი.

    თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებები და მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ბატონო კითხვის ავტორო ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს, მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც იმუშავა ბატონმა ტომას ჰამერბერგმა და ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით.

    რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას”. – უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

  • პუტინმა შეახსენა დასავლეთს, რომ რუსეთის პოტენციალი შეუდარებელია – პესკოვი

    “სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა იმ განცხადებებს, რომლებიც მოდის დასავლეთის ქვეყნებიდან, კიევიდან, რომ კიევი ბრძოლის ველზე გამარჯვებამდე გადავა. აქ პუტინმა შეახსენა მათ, რომ რუსეთის პოტენციალი აბსოლუტურად შეუდარებელია. რუსეთის პოტენციალი იმდენად დიდია ამ მხრივ, რომ მხოლოდ მისი მცირე ნაწილი ამჟამად სპეცოპერაციაშია ჩართული“

    რუსეთის, პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია.

  • ლავროვმა G20–ის სამიტი დროზე ადრე დატოვა მას შემდეგ, რაც მინისტრების დიდმა ნაწილმა მასთან ფოტოს გადაღებაზე და შეხვედრაზე უარი თქვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლვროვმა დაგეგმილზე ადრე დატოვა დიდი ოცეულის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამიტი ბალიზე და მონაწილეობას არ მიიღებს ოფიციალურ სადილსა და სამიტის საღამოს სესიაში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გერმანულ სააგენტოს განუცხადა. სამიტის დაწყებიდან მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ G20–ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ლავროვთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობაზე.

    სამიტის დროს სკანდალები ფაქტიურად ლავროვის ჩასვლისთანავე დაიწყო. როიტერის ცნობით, იმ დროს, როცა ლავროვი მის ინდონეზიელ კოლეგას, რეტნო მარსუდის ხვდებოდა, საიდანღაც ისმოდა ყვირილი “როდის დაასრულებთ ომს?“, “რატომ არ ამთავრებთ ომს?“. მედიისთვის უცნობი დარჩა, ვინ ყვიროდა და საიდან.

    სამიტზე არსებული ვითრება ლავროვმა ასე აღწერა: “აგრესორები“, “დამპყრობლები“, “ოკუპანტები“… ბევრი რამე მოვისმინეთ დღეს. ყველა მოგვიწოდებდა ეს ოპერაცია შევწყვიტოთ და მშვიდობიან დარეგულირებას მივაღწიოთ. ვთხოვე ჩამოყალიბდნენ, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ ჩვენგან. თუ მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდათ, ის უკრაინამ შეაჩერა… თუ დასავლეთს მოლაპარაკება უნდა, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოს“ – ამ ციტატას რუსული სააგენტო ТАСС აქვეყნებს.

    იაპონური სააგენტო კიოდოს ინფორმაციით, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრების უარი ლავროთან ფოტო გადაეღოთ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინიცირებული იყო.

    სამიტის მინიმუმ ერთმა მონაწილემ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბოიკოტის შესახებ ღიად განაცხადა. “არ შემიძლია ვიდგე იმ ადამიანის გვერდით, ვინც პარალელურად უკრაინას ბომბავს, თავს ესხმის ბავშვებს, ზრდასრულებს, მშვიდობიან მოქალაქეებს. ამიტომ ამ სამიტზე ჯგუფური ფოტო არ იქნება“–უთხრა მან ჟურნალისტებს.

    თავად ლავროვმა ამ საკითხზე განაცხადა: “ რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს და განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოს არ გადაიღებენ: მე არავინ მიმწვევია ფოტოს გადასაღებად. საერთოდ არავინ არსად მიმიწვევია. მე ინდონეზიამ მიმიწვია. ასევე ინდონეზიამ მიიწვია პრეზიდენტი პუტინი სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.“–თქვა მან.

    უკრაინელი დიპლომატების მონაცემებით, ლავროვი დარბაზიდან იმ მომენტში გამოვიდა, როცა ვიდოკავშირით სიტყვით გამოდიოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება. მას არც ბერბოკის გამოსვლისთვის მოუსმენია.

    ლავროვი ასევე არ მივიდა საღამოს სესიაზე, რომლის დროსაც ბლინკენი გამოდიოდა სიტყვით. ბლინკენის სიტყვის დიდი ნაწილი სასურსათო უსაფრთხოებას დაეთმო და მოსკოვისგან მოითხოვა, უკრაინული ხორბლის ექსპორტი განაახლოს, რომელიც რუსული არმიის მიერ დაბლოკილ უკრაინულ პორტებშია დაგროვილი.

    “მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი ხორბალი თქვენი ხორბალი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ ეს ხორბალი უნდა გაათავისუფლოთ.“–მიმართა ბლინკენმა ლავროვს, რომელთან პირად შეხვედრაზე აშშ–ს წარმომადგენლების თქმით, უარი თქვა.

    მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საკუთარი პორტები უნდა განბლოკოს, განნაღმოს ან უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხო გატარება დანაღმულ მინდვრებზე, მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე უკრაინის ტერიტორიული წყლების მიღმა რუსეთი და თურქეთი მზად არიან შესაბამისი ხომალდების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

    სასურსათო უსაფრთხოება წელს სამიტის ერთ–ერთი მთავარი თემაა. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ, რომ მისი ჯარი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინიდან სურსათის ექსპორტს ხელს უშლის, რაც მსოფლიო ბაზრებზე სერიოზულ დეფიციტს ქმნის, ზოგიერთ ქვეყანას კი შიმშილი ემქურება. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული ხომალდები პორტებს იმის გამო ვერ ტოვებენ, რომ კიევმა თავად დანაღმა მათთან მისასვლელები. გარდა ამისა, მოსკოვის მტკიცებით, სურსათის დეფიციტში დამნაშავე დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია.

  • ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც – ვოლსკი ყაველაშვილზე

    ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც – ვოლსკი ყაველაშვილზე

    “აშკარაა და თქვენც ვერ უარყოფთ იმას, რომ მოწოდება, რომ სამხედრო მოქმედებებში ჩავერთოთ, პირველი დღიდან იყო აშკარა და თვალსაჩინო.

    ამას სხვა ფორმატი სჭირდება და არა ღია წერილის გამოქვეყნება. მე მინდა დავარწმუნო ნაცმოძრაობა თუ ვინმე სხვა, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი. მაგრამ, ეს ჩვენი გზა არ არის და ჩვენი გაყოფაც ამიტომ მოხდა”.

    ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლშკი “ოცნებიდან” წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილს წერილს.