Category: სლაიდერი

  • არავის მოგცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და უკანონო შენობები განათავსოთ – კალაძე

    „ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან, სპეკულირებენ სოციალურად დაუცველების, გაჭირვებული ადამიანების სტატუსით. ასეთ ოჯახებს და ადამიანებს დედაქალაქის მერია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეხმარება, ჩვენი პროგრამებით გვერდში ვუდგავართ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით, თუ ჯერ სტატუსი არ მიუღია – შესაძლებლობა აქვს ქირით გავიდეს, რასაც ჩვენ ვიხდით და ეს ჩვენი ხარჯებია, მაგრამ უკანონოდ მიხვიდე, მიიტაცო სახელმწიფო მიწა, მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ხვალ კერძო მესაკუთრის მიწა მიიტაცოს, აქაც ხომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს საკუთრების უფლება? ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების მიტაცება. ჩვენ ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით, მხედველობაში მაქვს ის ადამიანები, ვისაც მართლა უჭირს და მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინ ფარად იყენებს და თვითონ თბილისში რეალურად რამდენიმე ბინას, რეგიონებში უზარმაზარ სახნავ-სათეს მიწას ფლობს და კარ-მიდამოები გააჩნია. საზოგადოებას ასეთი ადამიანების არსებობა ძალიან ბევრჯერ ვაჩვენეთ, ასევე ვაჩვენეთ, თუ როგორ ალაგებენ ამ მიწებს სახელმწიფო მიწების მიტაცებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველამ ყველაფერი ვიცით და არავის მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და შემდეგ უკანონო შენობები განათავსოთ“

    ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • კანონებში ცვლილებებით დღევანდელი რეჟიმის დემონტაჟი ვერ მოხდება – ბოკერია

    კანონებში ცვლილებებით დღევანდელი რეჟიმის დემონტაჟი ვერ მოხდება – ბოკერია

    ,,არ უნდა შევყვეთ იმედგაცრუებების კასკადს და არ უნდა მოხდეს უძალობის დემონსტრირება მორიგ ჯერზე. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ დასავლეთი არის ჩვენი მტერი, როდესაც მეორე ხელით რაღაცას გადმოაგდებს – მოდით ვიმსჯელოთ ევროპარლამენტის რეკომენდაციებზეო, იმაში არ უნდა შეყვე, პარტნიორებმაც რომ გითხრან. უნდა ავუხსნათ, რომ არანაირი ჩართულობა არ იქნება, სანამ გვეყოლება რეჟიმი, რომელიც დასავლეთს ვნებს. ოპოზიცია დიალოგისთვის მზად იქნება, თუ ვითარება იქნება ნორმალური. როდესაც ერთი ხელით გეუბნები, ხვალ უნდა დაგხვრიტოო და მეორე ხელით ხალხის დასაბნევად დიალოგზე დაჯდომისკენ მოგიწოდებ, თან გიჭერ, როგორ მოხდება ეგ ერთდროულად? მაკალისტერი იქნება თუ სხვა პარტნიორი, თავისუფალი სამყარო აფასებს შედეგებს, რომელიც ვერ დადგება თუ ხელისუფლებას მივეცით საშუალება, რომ ხალხი პროპაგანდის მორევში დააბნიოს“,

    ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე საუბრისას განაცხადა.

  • 38 750 ჯარისკაცი, 1 700 ტანკი – ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 38 750;
    • ტანკი – 1 700;
    • ჯავშანტექნიკა – 3 905;
    • საარტილერიო სისტემა – 856;
    • სარაკეტო სისტემა – 250;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113;
    • თვითმფრინავები – 221;
    • ვერტმფრენი – 188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 703;
    • საკრუიზო რაკეტები – 167;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 775;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 70.
  • უკრაინას უფრო მეტი HIMARS გადაეცემა – კირბი

    აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ,  აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ  შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით HIMARS-ებს გადასცემს.

    “პაკეტში შედის მეტი HIMARS, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე”, – თქვა კირბიმ.

    კირბიმ აღნიშნა, რომ HIMARS-ებს უკრაინელები ეფექტურად იყენებენ, ბრძოლის ველზე სხვაობის შესაქმნელად.

    • “ვაგრძელებთ უკრაინისთვის ისტორიული დონის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში. მიმდინარე კვირის ბოლოს ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემის შემდგომი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ის მოიცავს მეტ HIMARS-ს, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე სხვაობის შესაქმნელად” – განაცხადა კირბიმ.

    მისი თქმით, ეს უკრაინის დახმარების მე-16 პაკეტი იქნება.

     

  • კიევის აღების შემდეგ, პოლონეთის ჯერი დადგება – კადიროვი

    “გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე ვამუშავებთ NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას და პირველ რიგში, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთის ჯერი დგება”.

    ამის შესახებ, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამზე წერს. როგორც კადიროვი აცხადებს,  ის საკუთარ თანაშემწეს, სპეციალური დანიშნულების რაზმის, ახმატის ლიდერს, აპტი ალაუდინოვს შეხვდა, შეხვედრაზე კი  NATO-ს დემილიტარიზაციის  გეგმა შეიმუშავეს.

  • ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს

    უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი. ამას “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.

    მას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგად “საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება”. გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ბენ ჰოჯესს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ივლისი იქნება კრიტიკული თვე, როდესაც საბოლოოდ საგრძნობი გახდება იმ მხარდაჭერის სრული წონა და ეფექტი, რომელსაც ამერიკა უკრაინას საარტილერიო და სარაკეტო სისტემების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით უწევს. ამას დაემატება ისიც, რომ რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს.

    კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა კონტრშეტევისთვის, გენერალი პასუხობს:

    “ვფიქრობ, რომ ამისთვის დრო საკმაოდ კარგია, რადგან საქმე ისე გამოიყურება, რომ რუსული ძალები ერთ ადგილზე შეჩერდნენ. შესაძლოა, მათ არსებითი პროგრესის მისაღწევად წინსვლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. ეს ძირითადად, არის უწყვეტი საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები, რომლებიც უკრაინულ ძალებზე გავლენას უდავოდ ახდენს და უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. მაგრამ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ. რუსებმა განიცადეს უდიდესი მსხვერპლი და დაკარგეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობაც. ასე რომ, ეს დრო შეიძლება კონტრშეტევისთვის შესაფერისი იყოს.

    რა თქმა უნდა, უკრაინელები კარგად იცავენ ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით და საჯაროდ არც უნდა ვიცოდეთ რა შესაძლებლობები აქვთ, რა აღჭურვილობა აქვთ ადგილზე. ვფიქრობ, გენერალური შტაბი ძალიან ბევრს იმუშავებდა იმაზე, რომ შეექმნა მობილური რეზერვი, რომლის გამოყენებაც როგორც კრიზისის, ასევე კონტრშეტევის დროს იქნება შესაძლებელი.“

    რას იტყვით რუსეთის ძალებზე იგივე გადმოსახედიდან? თქვენ აღნიშნეთ, რომ ისინი დაიღალნენ და ბრძოლის უნარი ეწურებათ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასევე ვიცით, რომ ისინი რაკეტებს კასპიის ზღვიდან ისვრიან, იმის ნაცვლად, რომ სადმე ახლოდან ისროლონ. რა სიგნალს გზავნის ეს?

    უდანაშაულო ხალხის განურჩეველი ხოცვა, ვფიქრობ, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ევროპის დედაქალაქებზე ზეწოლის გასაგრძელებლად ხდება. იმისთვის, რომ მათ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შესაჩერებლად გამოსავალი ეძებონ. ვფიქრობ, რომ ეს კეთდება მათზე ზეწოლის განსახორციელებლად, ისევე ზელინსკის მთავრობაზე წნეხის შესანარჩუნებლადაც.

    ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ბევრი სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩემი ანალიზი შესაძლოა ზუსტი არ იყოს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამო, რომ არ ვიცი მათ ჯერ კიდევ რამდენი ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა აქვთ დარჩენილი. ერთის მხრივ ვითარება ისე გამოიყურება, თითქოს მათ უსასრულო რაოდენობის არტილერია და რაკეტები აქვთ. თუმცა, ჩვენი გათვლებით, იმ რაკეტების, რომლებსაც კასპიის ზღვიდან, და რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიიდან ისვრიან, სავარაუდოდ, 50 პროცენტზე ნაკლები აქვთ დარჩენილი. მათ მარაგის შევსება სავარაუდოდ, აღარ შეუძლიათ სანქციების გამო, რომლებიც რუსეთს ხელს უშლის ამ სისტემებისთვის საჭირო ნაწილის იმპორტში. საშინელებაა ის, რასაც აკეთებენ და რა თქმა უნდა, უკრაინელებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ დარტყმები სიღრმეში მიაყენონ და ის ადგილები ამოიღონ მიზანში, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთის ნიშანიცაა, რადგან მათ რეალურად არ აქვთ შესაძლებლობა დაშალონ ლოჯისტიკური ჯაჭვი, რომელიც უკრაინას დასავლეთის იარაღით ამარაგებს. მათ ეს რომ შეეძლოთ, ამას უკვე დიდ ხნის წინ გააკეთებდნენ.

     რას ამბობს თქვენთვის კასპიის ზღვიდან რაკეტების სროლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე?

    ეს კარგი კითხვაა. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ შავი ზღვის ფლოტში ამ ტიპის საბრძოლო მასალები არ არის და ჯერ ვერ ახერხებენ ფლოტის მომარაგებას? არ ვარ დარწმუნებული. თუმცა, ვიფიქრებდი, რომ რუსები იწყებენ შეშფოთებას იმის გამო, რომ უკრაინა ღებულობს შესაძლებლობებს, რომლითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე კიდევ უფრო შორს შეუძლია დარტყმების მიყენება. მათ ყირიმის ხიდიც აშფოთებს, რადგან უკრაინა საკუთარ შესაძლებლობებს აძლიერებს.

    ვფიქრობ, რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ, რასაც ჩვენ ექვსი თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით. როგორც ჩანს, სისტემაში არსებული კორუფციის გამო, ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ ნამდვილი გვეგონა და რომლებსაც ისინი აქვეყნებდნენ, რეალობასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებული იყო. მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი ციხიდან გამოჰყავთ. ისინი ფაქტობრივად ფსკერს ფხეკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრძოლაში იყენებენ არასათანადოდ გაწვრთნილ ჯარისკაცებს. ცოცხალი ძალის რაოდენობა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, რომელსაც სამხედრო ასაკის მილიონობით ქალი და მამაკაცი ჰყავს, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ. ისინი გაწვრთნილი ჯერ არ არიან, მაგრამ უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვთ.

    თეთრმა სახლმა თქვა, რომ რუსეთმა ირანს დრონებით დახმარება სთხოვა. თქვენი აზრით, ეს საფრენი აპარატები რუსეთს მნიშვნელოვნად დაეხმარება?

    იმედი მაქვს, რომ ისინი იქ ვერასდროს ჩავა. იმედი მაქვს, რომ დრონების ეს გადაცემა რაიმე გზით შეფერხდება და დარწმუნებული ვარ ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. არა მხოლოდ ირანმა, არამედ ყველა სხვამ, ვინც ამ ომში რუსეთს ეხმარება და კრემლის წინააღმდეგ სანქციებს არღვევს, ამისთვის უზარმაზარი ფასი უნდა გადაიხადოს. თეთრი სახლი, ისევე როგორც სხვა მთავრობები, სავარაუდოდ, ამ სიტუაციას აკვირდებიან და შესაძლო შედეგებს ან სამოქმედო ნაბიჯებს აფასებენ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გასარკვევია კონკრეტულად რა შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. თუმცა, ერთი წუთით იმაზე დავფიქრდეთ, რა ხდება – რუსეთი, ეგრეთ წოდებული „დიდი ძალა“, ბირთვული სახელმწიფო, დრონების იმპორტს ირანიდან აწარმოებს. რას ამბობს ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე? სიტუაცია იმდენად ცუდია, რომ მათ დრონების იმპორტი ირანიდან უწევთ.

     თუმცა, ამ ნაბიჯის პოლიტიკური შედეგები შეიძლება იყოს ის, რომ შესაძლოა გადავდივართ ომის ახალ ფაზაში. მას ახლა თურქულ-ირანული დაპირისპირების ფაქტორიც ემატება. რას ფიქრობთ, უკრაინაში სატელიტური (პროქსი) ომია?

    შეიძლება გარეგნულად ეს ასე გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ომში. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ამერიკის ჯარი უნდა გავგზავნოთ, თუმცა სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენს ლოჯისტიკის სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინას მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის განაწილებაში დაეხმარებოდნენ. ვიცი ეს არ მოხდება, მაგრამ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა მივაწოდოთ მათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მივცეთ მეტი ჰაიმარსები და ანტისაზღვაო შეიარაღება, უფრო შორი რადიუსის რაკეტები და საიერიშო შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ იმ აეროდრომების დაბომბვა, საიდანაც რუსული თვითმფრინავები დაფრინავს. ასევე, კარგი იქნება შავი ზღვის ფლოტის მეთაურს უკიდურესად არაკომფორტული სიტუაცია შევუქმნათ სევასტოპოლში დაკავებულ უკანონო ბაზაზე. ეს არის ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ გაურთულდეს საქმის სხვაგან კეთება, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო მეთოდებით. მათ შორის ის, რომ ირანული დრონები, იქ ვერასდროს ჩავიდეს.

    სხვა ადგილებში რას გულისხმობთ? სირიას?

    დიახ, მაგალითად ბაზას ტარტუსში. ჩემთვის ზეწოლის წერტილების სიაში პირველია. იქ შეიძლება გემებზე კარანტინი ან სხვა სახის მოქმედებები იმისთვის, რომ რუსებმა ეს ბაზა ვერ გამოიყენონ.

    ამასთან, თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება.

    თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარის ნაწილების გაყვანა საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება აქვს აღებული ძალის არგამოყენების შესახებ. შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გზის გამოყენებას გამორიცხავს. თქვენი აზრით, რამდენად კარგი იდეაა საქართველოსთვის ამ ვითარებაში სამხედრო თვალსაზრისით აქტიურობა და რუსეთის რეაქციის გამოცდა?

    წვრთნებზე შესაძლო რეაგირებას გულისხმობთ?

    დიახ. ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული.

    გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

    საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?

     თქვენ ამბობდით, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში უკრაინა მნიშვნელოვნად დაწინაურდება და ფრონტზე დრამატული ცვლილებები მოხდება. ეს სცენარი ჯერ კიდევ შესაძლებელია?

    ვფიქრობ, ეს ძალიან შესაძლებელია! ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. უკრაინელებს ეს ნებისყოფა აშკარად აქვთ. ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გააჩერეს რუსული ჯარი. ნებისყოფის მეორე ნაწილი აქ დასავლეთზე მოდის, სადაც შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები კრემლის წინააღმდეგ დგანან.

    ვფიქრობ, კრემლს სჯერა, რომ თუ დეკემბერამდე შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას, ჩვენი შიდა პრობლემების, ეკონომიკის, არჩევნების, ბრიტანეთში ახალი პრემიერის, გაზის თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენ ყველას ინტერესი დაგვეკარგება. ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილი გამოცდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, შეძლებს თუ არა ის ყველას ერთიანობის შენარჩუნებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინამ გაიმარჯვოს. ვფიქრობ, უკრაინის ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირას უმჯობესდება, რუსებისთვის კი უარესდება, იგივე ხდება ცოცხალ ძალასთან დაკავშირებითაც.

    ასე რომ, დიახ, მე მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვების. თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ჩვენი ერთიანობაა, სანქციების შენარჩუნებაში და უკრაინისთვის იმის მიწოდებაში, რასაც დავპირდით, მათ შორის, იარაღის და დაზვერვის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. თუ ეს ასეც გაგრძელდა, მე მჯერა, რომ წლის ბოლოს შეიძლება ვნახოთ, რომ რუსეთი 23 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ჩვენ კეთროვანები ვართ“– რუსეთის პირველი ჩოგანი რუს ჩოგბურთელ ბავშვებს მოქალაქეობის შეცვლისკენ მოუწოდებს

    რუსეთის პირველმა ჩოგანმა, დარია კასატკინამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო, რუსულ ჩოგბურთზე ომის გავლენის შესახებ ისაუბრა.

    25 წლის სპორტსმენმა მოუწოდა რუს ბავშვებს, ვისაც უნდა ჩოგბურთელი გახდეს, უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე და ქვეყნიდან წავიდნენ.

    “ჩემი აზრით, თაობას, რომელიც ახლა 16–17 წლის არის, კიდევ აქვს შანსი, რადგან ისინი უკვე თამაშობენ და აქვთ შესაძლებლობა წავიდნენ. აი, ისინი კი ვინც უფრო პატარაა… ჩემი აზრით, ბევრი ნიჭიერბი ბავშვი, რომელთა მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ალბათ შეიცვლიან მოქალაქეობას. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენთან ასეთი კითხვები უკვე ჩნდება, იმიტომ რომ ხდება “უიმბლდონიდან“ ჩამოშორება, და ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ბავშვებს კი შემიძლია ვუთხრა, რომ თუ არის ასეთი შესაძლებლობა, ბავშვებო, შეიცვალეთ მოქალაქეობა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის რუსული ფედერაცია არ არსებობს. ჩვენ კეთროვანები ვართ. არ ვიცი მომავალში რა იქნება“ –უთხრა კასატკინამ იუთუბ არხის ჟურნალისტს, ვიქტორ კრავჩენკოს ინტერვიუში. გარდა ამისა, რუსმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ თავადაც არ გამორიცხავს მოქალაქეობის შეცვლას.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო Wimbledon-2022–ის ორგანიზატორებმა რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს ტურნირზე გამოსვლა აუკრძალეს. ბრიტანელებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი რეგულარულად იყენებს სპორტსმენებს პროპაგანისტული მიზნებისთივს. Wimbledon-2022 პნირველი დიდი ჩოგბურთის ტურნირი გახდა, რომელმაც რუსებს და ბელორუსებს პირად შეჯიბრებებში გამოსვლა აუკრძალა.

  • აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის და მუქარის მუხლებით დაიწყო

    ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე TV პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება ორი – 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

    მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის – მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად, საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.

    მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

    ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება.

    გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე. საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.

    ვინაიდან, ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათი შესწავლა განხორციელდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეში.

    დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია შპს ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.

    გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად ვითანამშრომლოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • თქვენი შფოთვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, უსაფუძვლოა – მდინარაძე ჟურნალისტებს

    თქვენი შფოთვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, უსაფუძვლოა – მდინარაძე ჟურნალისტებს

    “მისი საუბრიდან განცხადებებიდან გამომდინარე, ასეთი არ არის მოსალოდნელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ. ერთადერთი მინიშნება იყო მისი ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც მან თქვა ამის შესახებ მის პირად თემაზე, მის მიმართ შანტაჟზე ალბათ, ასე ივარაუდებოდა, ზუსტად არ მახსოვს. სხვა თემებზე არ მგონია, იმიტომ რომ ამის შესახებ მან თავის განცხადებაში თავად ისაუბრა, აქედან გამომდინარე თქვენი შფოთვა იმასთან დაკავშირებით რომ დაბრუნდება პოლიტიკაში, შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ არ არის საფუძვლიანი”

    განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ბესელია “ოცნებიდან” იმიტომ წავიდა, რომ შავი ფული ვერ აკეთა – კობახიძე

    ”ეკა ბესელიამ რა იცის სად რა ტრიალებს, თავისი შავი ფული მოიკითხოს. “ქართული ოცნებიდან” ზუსტად იმიტომ წავიდა, რომ ოცნებაში შავი ფული ვერ აკეთა.”

    განაცხადა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.