Category: სლაიდერი

  • “მტერი დემორალიზებულია, პოზიციებს ტოვებს“–უკრაინის გენშტაბმა ხერსონში წინსვლა ოფიციალურად პირველად დაადასტურა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საღამოს ინფორმაციაში პირველად გამოჩნდა ოფიციალური აღიარება, რომ უკრაინული არმია სამხრეთით კონტრშეტევას ახორციელებს, თუმცა კონკრეტული რაიონების გარეშე.

    რუსული და უკრაინული მედიის და ტელეგრამ–არხების ინფორმაციით ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ შეძლო რუსული ჯარის თავდაცვის გარღვევა ხერსონის ოლქში და რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ და ოლქის ჩრდილოეთით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლის, დავიდოვ ბროდის გათავისუფლება დაადასტურა, რომელიც მანამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსული არმიის თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაში.

    უკრაინის გენშტაბის საღამოს ანგარიშში სამხრეთის მიმართულებაზე ნათქვამია:

    “დაზუსტებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს უკრაინის სამხრეთით დადასტურებულია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის 30–მდე ობიექტის განადგურება. მტერი დემორალიზებულია, პოზიციებს ტოვებს და უსაფრთხო დისტანციაზე გადის, ანადგურებს საბრძოლო მასალების მარაგებს, ცდილობს ხიდების და გადასასვლელების განადგურებას. ეს ყველაფერი ჩვენი არმიის შეტევის შესანელებლად ხდება“– წერს უკრაინის გენშტაბი.

     

     

  • ირანი, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ “რეფერენდუმებს” არ აღიარებს

    ირანი, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ “რეფერენდუმებს” არ აღიარებს. ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა ასევე განაცხადა, რომ  ირანი ეწინააღმდეგება „პროვოკაციულ ქმედებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მშვიდობას, სტაბილურობასა და სიმშვიდეს“.

    • „ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ყოველთვის, თავისი პრინციპული პოზიციების შესაბამისად, ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრულ პატივისცემას, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმას და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების პატივისცემას.” – განაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა. 
  • ვერ პატიობენ ივანიშვილს, რომ დაასრულა დიქტატურა – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

    ”ოპოზიციის მთავარი სურვილი გასაგებია – ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა და ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის პირველ ოქტომბერს. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო, საგარეო პოლიტიკა, ყველა ის მიღწევა რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე, თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას. იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ეს არის შედეგები”

    ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები – ღარიბაშვილი ივანიშვილის დეპუტატებზე

    ”ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე [ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატებზე], ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

    […] რა თქმა უნდა, ჩვენ გამიჯნული ვართ, ისინი თავად გაგვემიჯნნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები. ”

    განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა ხალხის ძალის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • რთულია თქმა, პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე ბლეფია თუ არა – CIA-ის დირექტორი

    “რთულია თქმა, პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე ბლეფია თუ არა” – ასე აფასებს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

    “ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ ნებისმიერი სახის მუქარა, იმის გათვალისწინებით თუ რა დევს სასწორზე.რიტორიკა, რომელიც მან და სხვა რუსმა მაღალჩინოსანმა ლიდერებმა გამოიყენეს, დაუფიქრებელი და ღრმად უპასუხისმგებლოა. […]დღეს ვერ ვხედავთ რაიმე პრაქტიკულ მტკიცებულებას აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებაში, რომ რუსეთი უახლოვდება რეალურ გამოყენებას – არ არსებობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გარდაუვალი საფრთხე”.

     

  • უკრაინა სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა – პენტაგონი

    სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ, სელესტა ვილანდერმა განაცხადა, რომ უკრაინა სამივე ფრონტზე: ხარკოვის, დონბასისა და ხერსონის ოლქებში  სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა.

    • “ჩვენ ვხედავთ უკრაინის გასაოცარ და სტრატეგიულ სამხედრო წარმატებებს ფრონტის სამივე მიმართულებით. როგორც ჩანს უკრაინა თავისი სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა, მაგრამ ხაზს ვუსვამ ამ ამოცანის მიღწევას აშშ-სგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან სამხედრო დახმარების გაგრძელებას მოითხოვს”,- განაცხადა სელესტა ვილანდერმა. 

    მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრიანის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლება რუსეთის არმიის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

  • უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა

    უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე. შესაბამის განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი უკვე მოაწერა.

    “უკრაინის პასუხი რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ანექსირების მცდელობას. ევროატლანტიკური სივრცის, უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით”.- აღნიშნულია განკარგულებაში რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ  პუტინმა უკრაინას მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა 30 სექტემბერს, უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმების პარალელურად შესთავაზა, რაზეც ზელენსკიმ, იმავე დღეს უარი განუცხადა.

  • “სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით – ლუკაშენკო

    “სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით – ლუკაშენკო

    ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი მონაწილეობს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს.

    • “რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

    ასევე, ლუკაშენკომ უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა:

    • “ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები საზღვარზე” – ამბობს ლუკაშენკო
  • მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და პარლამენტში წყალში ჩავდგებიო – გოცირიძე “წასულების” გაფართოებაზე

    მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და პარლამენტში წყალში ჩავდგებიო – გოცირიძე “წასულების” გაფართოებაზე

    „ქართული ოცნება” დღეს უკვე არის ივანიშვილის მომსახურე უღირსებო ადამიანთა ერთობა, რაც ამ გადაწყვეტილებით გაფორმდა. ზოგიერთმა ეს თავიდან აიცილა. თურმე, მამუკა მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და თუ გინდათ, პარლამენტში წყალში ჩავდგებიო. ბიზნესში წასვლას ვაპირებო, სულ დეპუტატი ხომ არ ვიქნები, ამერიკისა და ევროპის ვიზას არ მომცემენ, სანქცირებულთა სიაში შევალო, ქუჩაში მოღალატის დამღით უნდა ვიარო, პრორუსულის იარლიყი მომეწებებაო, ანტიდასავლურ განცხადებებს მეც უნდა შევუერთდეო, ახლა გადამარჩინეთო და დროებით გადარჩა, მათიკაშვილი, მდინარაძე. მესამე გაფართოების ტალღაში მოხვდებიან. მდინარაძემ გუშინ თქვა, გოცირიძე ასინათესავით დადის და ტყუილებს ავრცელებსო, ერთი დღე არ გასულა და ჩემი პროგნოზი გვარებითაც კი ახდა. ეს საწყალი მიქელაძე, კარგი ექიმი ყოფილა, ორი წელი ხმა არ ამოუღია, რა უნდოდა, პარლამენტში რომ მოდიოდა, ყურში ხელი მოკიდეს და იქით გადასვეს. ყოფილიყო ექიმობაში, “რა უნდოდა წვენებში”?

    ასე ეხმაურება, ენმ-ს დეპუტატი  რომან გოცირიძე, “ქართული ოცნებიდან”  წასულ დეპუტატებს, რომლებიც მოძრაობა ”ხალხის ძალას” შეუერთნენ.

    ცნობისთვის, ქართული ოცნებიდან წასულ ივანიშვილის დეპუტატებს – მოძრაობა ხალხის ძალას მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა. სოზარ სუბარის თქმით, მოძრობას უერთდებიან დეპუტატები: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.

  • Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას – ნაუსედა მასკს მიმართავს

    “Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას” – ასე ეხმაურება, ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე, სადაც მასკი გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

    ”ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს ბორბლები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ამას ორივემ მხარი დაუჭირა. უბრალოდ ვამბობ.” – განაცხადა ნაუსედამ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიგოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ მეტია.

    “რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ყირიმი რისკის ქვეშ დადგება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იქნება.

    რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა.

    კომპანია Tesla–ს და Space X–ის დამფუძნებლის გამოკითხვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყირიმს და დონბასს ეხება.

    “მოდით ასე ვცადოთ: ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– დაწერა მან და ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    მასკის ამ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მას უკრაინული მხრიდან არაერთმა უწყებამ და პერსონამ უპასუხა.

    ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და დაუსვა კითხვა:

    “იმ ცდილობ ფსევდო რეფერენდუმების ლეგიტიმაციას, რომლებიც იარაღის ქვეშ, დევნის, დასჯის და მასობრივი წამების პირობებში ჩატარდა? ცუდი გზაა “

    რაზეც მასკმა უპასუხა:

    “არა, მე გთავაზობთ კენჭისყრა ჩატარდეს გაეროს(ან შეარჩიეთ ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით) დაკვირვების ქვეშ ხმის მიცემას“

    პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ასეთი გამოკითხვა გამოჩნდა:

    რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

    პასუხებია:

    ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს

    ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს