“100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბატონი სააკაშვილი ციხეში მოკვდა, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ეს თუ ის დეპუტატი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რამ გამოიწვია ეს, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ჩემი სიცოცხლის ბოლომდე და შესაძლოა სამუდამოდ. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა. ეს იქნება ის, რაც ამერიკელებს ეცოდინებათ საქართველოზე მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს საშინელი ტრაგედია იქნება. საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია დასავლეთს შესთავაზოს და პარტიული პოლიტიკის მიღმა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაანალიზებენ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს არის ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება.”
განაცხადა რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკ მაკფოლიმ.
პუტინის შეჩერება ძალმოსილ ჯარს, სწორი შეიარაღებით და სწორი მოტივაციით, შეუძლია. მისი შეჩერება უკრაინის ჯარს შეუძლია- ამბობს ბილ ბროუდერი, მსოფლიოში ცნობილი “მაგნიტკსის აქტის” თანაავტორი და ფინანსისტი.
ბროუდერი, უკვე წლებია, რაც პუტინის ხელისუფლებას ებრძვის და კარგად იცნობს მას. ფინანსიტისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლის თქმით, პუტინის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი თავის გადარჩენაა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ბროუდერი ამბობს, რომ პუტინს მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა. “თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება. ასე რომ, ისაა პატარა კრიმინალი, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს. ამისთვის კი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს.
ერთი რამ, რაც მას შეაჩერებს, არის ძალმოსილი ჯარი, შესაბამისი იარაღით და სწორი მოტივაციით. უკრაინელებს შეუძლიათ მისი შეჩერება, თუ საკმარისი იარაღი ექნებათ ამის გასაკეთებლად. მათ ახლა აქვთ საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ არ წააგონ, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგონ, მეტი სჭირდებათ.
თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას ახლანდელი ტრაექტორიით და მათ მეტ, უფრო ძლევამოსილ იარაღს მისცემენ, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ რუსები სამხედრო შესაძლებლობით 30 წლით უკან დახიონ.“– ამბობს ბროუდერი.
რაც შეეხება დასავლეთის დახმარებას უკრაინისადმი, ბროუდერი თვლის, რომ ის საკმარისი არ არის:
“ჩვენ მეტი იარაღი, უფრო დიდი, უფრო მომაკვდინებელი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას. თებერვლის შემდეგ, ყველაფერი [იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით] ყოველთვის იყო ოდნავ უფრო ცოტა და ოდნავ უფრო დაგვიანებული, ვიდრე საჭირო იყო.“– ამბობს ის.
იაპონიის მთავრობამ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 95 მილიონი დოლარი გამოყო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეს თანხები გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა პარტნიორობის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი დღეს მოაწერეს იაპონურმა და უკრაინულმა მხარეებმა და გაეროს წარმომადგენლებმა.
აღნიშნულია, რომ უკრაინის დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია ხუთ ძირითად მიმართულებაზე: მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება კრიზისზე რეაგირებისა და მისი მართვისთვის; საჯარო სერვისების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება; კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რათა ადამიანებს შეეძლოთ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება; კერძო საწარმოების მხარდაჭერა მათი მუშაობის შესანარჩუნებლად, რითაც მხარს უჭერს თემებს; სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური კავშირების გაძლიერება
„სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებს ტერიტორიებს ოკუპანტებისგან, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს „გადარჩენის პროექტების“ განხორციელებაზე – აღადგენს სატრანსპორტო კავშირებს განთავისუფლებულ რეგიონებთან, ქმნის პირობებს მოქალაქეების დაბრუნებისთვის მათ სახლებში, მხარს უჭერენ ეკონომიკას რეგიონებში“, – განაცხადა რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
2022 წლის აპრილში იაპონიამ უკვე გამოყო $4,5 მილიონი ასაფეთქებელი ნივთებისა და ნანგრევებისგან ტერიტორიების გადაუდებელი გაწმენდისთვის.
დონბასში სოლედარისთვის ბრძოლა 2022 წლის მაისიდან მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის არმიამ ქალაქს პირველად შეუტია დრონებით. ივლისში რუსული ჯარების მიერ ლუგანსკის რეგიონში სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, სოლედარის დაბომბვა გაძლიერდა. ბოლო კვირებში აქ მიმდინარეობს ბრძოლები, რომლებიც , პრეზიდენტ ზელენსკის თქმით სიგიჟეს გავს.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თვლის, რომ რუსეთის ჯარებს სჭირდებათ კონტროლი ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე სოლედარზე, ისევე როგორც ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფელ ზაიცევოზე, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წაართვან კონტროლი უკრაინულ არმიას მნიშვნელოვან მომარაგების ტრასაზე დონეცკის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
გარდა ამისა, უკრაინასა და დასავლეთში სამხედრო დამკვირვებლების აზრით, სოლედარის აღება, სადაც ომამდე დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, აუცილებელია რუსეთის სარდლობისთვის, რომ აჩვენოს რაიმე სახის გამარჯვება მაინც უკრაინის არმიაზე.
ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი ვერსია. “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ქალაქი ექსკლუზიურად მისმა მებრძოლებმა აიღეს. როიტერი, თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, ბახმუტთან ახლოს მარილის მაღაროებზე კონტროლის დამყარება სურს. ამავდროულად, სწორედ სოლედარში არის ქვის მარილის პრაქტიკულად ამოუწურავი საბადოები.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს სოლედარის შესახებ – უნიკალური ადგილის შესახებ, სადაც მარილი დიდი ხანია მოიპოვება და სადაც ახლა მისი დამუშავება შეჩერებულია, ქალაქი კი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
სოლედარის მთელი ისტორია მარილის მოპოვებას უკავშირდება. ამ ინდუსტრიის პირველი მოხსენიება მე-17 საუკუნის ბოლოს თარიღდება. მარილის მაღაროების ირგვლივ გაჩნდა სოფელი ბრაიანცევკა. XIX საუკუნის მიწურულს აქ მარილის ცხრა პლასტი აღმოაჩინეს და ამავე დროს დაიწყო პირველი მარილის მაღაროს მშენებლობა. პლასტის სისქე, რომელშიც მაღარო იყო გათხრილი, 40 მეტრი იყო.
მოგვიანებით აქ მარილის ხუთი მაღარო გამოჩნდა და მარილის მოპოვება უკვე სამრეწველო მასშტაბით დაიწყო. აქ ასობით ადამიანი მუშაობდა, აშენდა რკინიგზის სადგური “მარილი“ და მუშათა დასახლებები.
1926 წელს სოფელ ბრაიანცევკას ეწოდა კარლო-ლიბკნეხტოვსკი – გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის, კარლ ლიბკნეხტის პატივსაცემად. ქალაქი ამ სახელს 1991 წლის შუა პერიოდამდე ატარებდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მარილის ყველა მაღარო განადგურდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აღადგინეს და ბოლო დრომდე მუშაობდნენ.
სწორედ სოლედარშია განთავსებული მსოფლიოში მარილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი არტიომსოლის ქარხნის ადმინისტრაცია.
მაისის ბოლოს, მუდმივი რუსული დაბომბვის გამო, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.
ამოუწურავი რეზერვები
არტიომსოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ რეგიონში მარილის საბადოები პრაქტიკულად ამოუწურავია: საბადოების ექსპლუატაციის 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მარილის მარაგი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა.
ომამდე „არტიომსოლი“ უკრაინაში მარილის მოხმარების 96%-ს უზრუნველყოფდა. საწარმო 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტს იკავებს. მისი პროდუქცია შეიძინა 50 ათასზე მეტმა საბითუმო მყიდველმა უკრაინაში და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში. გარდა ამისა, ადგილობრივი მარილი მიეწოდებოდა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს.
მარილის მოპოვების წლებში სოლედართან თითქმის 200 კმ გვირაბი გათხარეს. მათში თაღების სიმაღლე ზოგან რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს.
2014 წლიდან თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ სოლედარის მაღაროებში მცირე იარაღის საწყობები მოაწყო.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ასევე ისაუბრა ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ამტკიცებდა, რომ ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები სოლედარის ქვეშ გვირაბებშიც კი მოძრაობენ.
ეს განცხადებები სრულ ფიქციას ჰგავს, რადგან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მაღაროებში შესასვლელები ვიწროა, და შეუძლებელია აღჭურვილობის ჩატანა ასობით მეტრის სიღრმეზე.
როგორც დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში თქვეს, ადრე მარილის მოპოვების აღჭურვილობაც კი მაღაროებში ნაწილებად დაშლილი ჩაიტანეს, შემდეგ კი სიღრმეში ხელახლა ააწყვეს.
საგანძური, ტურები და კონცერტები
მარილის ფენების დამუშავების შემდეგ მაღაროებში გაჩენილი სივრცეები გარკვეულწილად ტურისტულ ატრაქციონად გადაკეთდა.
ომამდე ტურისტები ჩადიოდნენ 300 მეტრის სიღრმეზე და შედიოდნენ დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრის სიგრძის დარბაზებში, სადაც მთელი იატაკი მარილის ნამსხვრევებით იყო მოფენილი.
უჩვეულო ხედები და აკუსტიკა, ისევე როგორც მიწისქვეშა სამლოცველო, ტურისტებს ხიბლავდა. აქ ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლებოდა, ასევე კაფეში დაჯდომა, მარილის სკულპტურების და ადამიანის ზომის მარილის კრისტალების დათვალიერება.
ბარელიეფი მარილის შახტაში
აქ უკრავდნენ სიმფონიური ორკესტრები და იმართებოდა ხელოვნების გამოფენები.
კაცობრიობის ისტორიაში პირველი მიწისქვეშა საჰაერო ბურთით ფრენა ალ მოხდა და ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
2004 წელს აქ გაიმართა კლასიკური მუსიკის ფესტივალი “Salt Symphony”(მარილის სიმფონია) უკრაინის სახალხო არტისტის, ვენის ოპერის სოლისტის ვიქტორია ლუკიანეცისა და დონბასის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ლუგანსკიდან ავსტრიელი დირიჟორის კურტ შმიდტის ხელმძღვანელობით.
მიწისქვეშა დარბაზში 250 მსმენელს იტევდა, თითოეული მათგანი ბილეთში 580-დან 2000 ევრომდე იხდიდა.
მკურნალობა 300 მეტრის სიღრმეზე
1990-იანი წლების დასაწყისში სოლედარში 300 მეტრის სიღრმეზე გაიხსნა დონბასის სანატორიუმის სამედიცინო კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით მარილის სიმფონია ეწოდა.
აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტს, პნევმონიას, ალერგიას, კანისა და ნევროლოგიურ დაავადებებს.
ცხელი ტბა
სოლედარის განაპირას მდებარე ტბა დღემდე მეცნიერულ საიდუმლოდ ითვლება. მას აქვს არანორმალურად თბილი წყალი და რაც უფრო დიდია სიღრმე, მით უფრო თბილია წყალი – 40 გრადუსამდე.
ტბის დიამეტრი სულ რაღაც 100 მეტრს შეადგენს, მაგრამ ორ ნაწილად იყოფა: ერთში – მტკნარი წყალია, მეორეში – მარილიანი, იმდენად მარილიანი, რომ ადამიანს ზედაპირისკენ უბიძგებს და ჩაყვინთვის საშუალებას არ აძლევს.
გეოლოგები თვლიან, რომ ტბის სიღრმეში მიმდინარეობს ქიმიური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასწავლია და ამიტომ ტბაში ბანაობა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ტბა გაჩნდა კარიერის ადგილზე, სადაც მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე მარილი მოიპოვებოდა.
ბირთვული საცავის იდეა
2000 წელს უკრაინელ მეცნიერს გაუჩნდა იდეა, ბირთვული ნარჩენების საცავი გაეკეთებინათ მარილის იმ მაღაროებში სადაც მოპოვება უკვე შეჩერებული იყო. მას სჯეროდა, რომ კლდის მარილით გამოწვეული ინერტული ატმოსფერო სარდაფის უსაფრთხოებამ უზრუნველყოფდა.
ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოლედარსა და ბახმუტში, გაიმართა საჯარო განხილვები, ქალაქის მოსახლეობა შეიკრიბა მიტინგებზე და კოლექტიური წერილები მისწერა ხელისუფლებას. შედეგად, რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ იდეის განხორციელება არ იგეგმებოდა.
ამჟამად დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად სოლედარის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. თუმცა, მისი თქმით, რჩება “ის სიმაგრეები და შახტები, რომლებშიც მტერი ცდილობს შეღწევას”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლედარზე წინა განაცხადა: „ყველაფერი განადგურებულია, სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა. და ათასობით მათი ხალხი დაიღუპა: სოლედარის მახლობლად მთელი მიწა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმებისგან დარჩენილი შრამებით არის დაფარული. ასე გამოიყურება სიგიჟე.”
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი კვლავ რუსეთის ფედერაციის მეთაურის ვლადიმერ პუტინის ფავორიტი და მისი პირდაპირი პოლიტიკური „მემკვიდრეა“.
როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ფილიპ ინგრამმა Sky News-ის კომენტარში აღნიშნა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ახლახან დანიშვნა უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სათავეში შეიძლება განიმარტოს, როგორც პრიგოჟინის როლის ერთგვარი დაკნინება.
ექსპერტი ამბობს, რომ სწორედ პრიგოჟინი არის ვლადიმირ პუტინის მთავარი მემკვიდრე, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ზოგჯერ ის მოქმედებს “თავისებურად”.
„მაგრამ მას აქვს პირდაპირი კავშირი ვლადიმერ პუტინთან. მკაცრად რომ ვთქვათ, სამხედრო მეთაურობით უნდა მუშაობდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი გზა აქვს. ის იღებს პასუხისმგებლობას სხვადასხვა სფეროში. ის ასევე არის პუტინის პოტენციური მემკვიდრე. ის ღიად და თავისუფლად აკრიტიკებს ორივეს სერგეი შოიგუს და გერასიმოვს“, – განაცხადა ინგრამმა.
ადრე თუ გვიან გერმანია უკრაინას Leopard-ებს გადასცემს – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. ამის შესახებ კულებამ Tagesschau-სთან ინტერვიუში გერმანიის მთავრობის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.
“ეს ადრეც გვინახავს – თვითმავალი ჰაუბიცები, საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T და Patriot, ასევე Marder. სქემა ყოველთვის ერთი და იგივეა: ჯერ ამბობენ არა, შემდეგ გააფთრებით იცავენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რათა საბოლოოდ თქვან დიახ.” – განაცხადა მან.
კულებამ ასევე გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა, სხვა ქვეყნებს მიეცეთ კიევისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის საშუალება.
“ეს მაინც მოხდება – ეს უბრალოდ დროის საკითხია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან, “რატომ ტანჯავთ საკუთარ თავს, ჩვენ და ყველას და უბრალოდ, დაყოვნების გარეშე, არ იღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ?”
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი.
“დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ.” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და სომხეთმა ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა.
დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ფრონტზე ექიმების ნებართვის გარეშე აბრუნებენ – ინფორმაციას ამის შესახებ, UNIAN-ი რუსი სამხედროების დედათა კომიტეტის კავშირის მდივანზე ვალენტინა მელნიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მაგალითად, ორი ჯარისკაცი, რომლებიც ფილტვების მძიმე დაზიანების შემდეგ ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, სასწრაფოდ გაგზავნეს საბრძოლო ზონაში. იგივე ბედი ეწია კიდევ რამდენიმე ჯარისკაცს კიდურებზე ჭრილობებით. ისინი ფრონტზე ისე დააბრუნეს, რომ ნამსხვრევებიც კი არ ამოუღეს. წყლულით დაავადებული პაციენტები და ისინი, ვინც ინფარქტი ან ინსულტი გადაიტანა, უკრაინაში ომისთვის გაგზავნეს”,- თქვა ვალენტინა მელნიკოვამ.
მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში 2022 წელს განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე ანგარიშშია აღნიშნული.HRW-ს თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლებამ უკუსვლა განიცადა
„მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. მარტში „მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ივნისში „ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.
ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს.
მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა“,- აღნიშნულია ანგარიშში.
„ნებისმიერი ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ფარული თვალთვალი და მიყურადება უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დასჯადი ხელისუფლების მხრიდან. მე ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი, შინაარსში და მსჯელობაში შესვლა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან თავისთავად ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური. ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, ასევე, პოლიტიკა რომ განდევნილია საქართველოში ამის დასტური,”
ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, გიული ალასანია ფიგურირებს.