Category: სლაიდერი

  • ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ – რაფაელ გროსი

    “დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”,

    ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ცნობისთვის, კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთი ატომურ სადგურზე აფეთქების მოწყობას გეგმავს.  უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა თანამშრომლებმა 5 ივლისისთვის სადგურის დატოვების ბრძანება მიიღეს.

    “საფრთხე სერიოზულია. რუსეთი ტექნიკურად მზადაა, სადგურზე ლოკალური აფეთქება მოაწყოს, რაც გამოიწვევს ჰაერში საშიში ნივთიერების გამოფრქვევას. ამ საკითხს პარტნიორებთან განვიხილავთ. ყველას ესმის, რომ რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა საჭიროა, რათა არც იფიქრონ ამის გაკეთება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, მაგრამ უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.

    ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია და ის 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

  • “ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს” – პარლამენტთან ხვალ აქცია გაიმართება

    “ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს” – ამ ლოზუნგით, საქართველოს პარლამენტთან ხვალ, 6 ივლისს 19:00 საათზე აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც “გირჩი” და “ბიბლიური თავისუფლებაა”

    “ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს . იძულებით ჯარში გაწვევა – მონობაა. მონობა ამორალურია! ადამიანი არ არის მთავრობის მსახური. ჩვენი მოთხოვნაა – დასრულდეს სავალდებულო გაწვევა!

    11 მარტს, მიტინგზე, 3000 ადამიანი შევიკრიბეთ. ეს მონობის დაკანონების გასაჩერებლად არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჯერად, ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს, შესაძლოა, ბოლო შანსია, არგუმენტით და სიტყვით დავამარცხოთ ბოროტი იდეა და ახალგაზრდა ბიჭების მომავალი დავიცვათ!

    თუკი არც მრავალრიცხოვანი აქცია იქნება წარმატებული, წინ ქართულ ოცნებას თავისუფალი და გაბრაზებული ადამიანების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ელის, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ სწორ მხარეს ვდგავართ და სრული უფლება გვაქვს, ნებისმიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ მონათმფლობელებსა და მონობის დამცველებს.” –აცხადებენ  აქციის ორგანიზატორები.

  • უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთით, რამდენიმე ტერიტორია გაათავისუფლეს – სირსკი

    “ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ. მე-10 ედელვაისის ბრიგადის თავდასხმის ქვედანაყოფები უტევენ რუსეთის პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს”,

    აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი.

  • რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი უკრაინიდან უახლოეს პერიოდში დაბრუნდება – დარჩიაშვილი

    “ჩვენთვის გაუგებარი იყო და საფუძველსმოკლებული ის გადაწყვეტილება რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებს არ იმსახურებენ, ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება მოვისმენთ საქართველოს მისამართით და ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის მისამართით. მომავალში გვექნება დრო ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში.

    ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.” ამბობს დარჩიაშვილი და ამტკიცებს, რომ გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას – “უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს”

    აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ამასთანავე მადლობას უხდის ქართველ დიპლომატებს, რომლებსაც ომის დროს, უკრაინის დედაქალაქი არ დაუტოვებიათ და “საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდნენ”. დარჩიაშვილის შეფასებით, უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილება “გაუგებარი და საფუძველსმოკლებულია”.

  • ომი მალე დასრულდება, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს – მედვედევი

    რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ  ნებისმიერი ომის სწრაფად დასრულება შეიძლება – ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან  როგორც შეერთებულმა შტატებმა  გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ. ვიდეოჩანაწერს ამის შესახებ, მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

    მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი  “ძალიან მალე დასრულდება,  თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

    “ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა”.

  • უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით – ნაუსედა

    ლიეტუვის პრეზიდენტი, გაიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა, LRT-ს საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა ვერ მიიღოს ყველაფერი, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა მიიღებს “ძალიან ბევრს.”

    ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის ალიანსში განხილვის მთავარი თემა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხია – “მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოვძებნით ფორმულირებას, რომელიც არ გაუცრუებს იმედებს უკრაინელებს და რომლითაც უფრო მეტს ვიტყვით, ვიდრე ჩვეულებრივ ვაჟღერებთ ხოლმე.”

  • ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას – კალაძე

    ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას – კალაძე

    „ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან.

    ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“,

    აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

  • დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“ – ოქრიაშვილი

    დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“ – ოქრიაშვილი

    “უკიდურესად დაიძაბა უკრაინასა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა. ამის მთავარი მიზეზი „რუსული ოცნების“ მოღალატეობრივი პრორუსული პოლიტიკაა!
    ამ დაპირისპირების ერთ მხარეს წარმოვადგენთ ჩვენ, ქართველი ხალხი, უკრაინელ ხალხთან და მთავრობასთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს პუტინ-ივანიშვილი და მოღალატეობრივი „რუსული ოცნება“.
    დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“!”

    აცხადებს  ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • უკრაინამ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა – სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

    “ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა.

    უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა შემომიტანა მაშინ.

    რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე.

    და ის რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია”,

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და “ქართული ოცნების” ლიდერებს პასუხობს.

  • 5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე – თბილისი პრაიდი

    ”2021 წლის 5 ივლისის სასტიკი თავდასხმიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ღრმა და ტრაგიკული კვალი დატოვა ქვიარ ადამიანების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მეხსიერებაში.

    ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა. Მას განსაკუთრებით ამძაფრებს თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა. ყველა მათგანი თავისუფალია და კვლავ ავრცელებს სიძულვილს.

    5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ეს იყო დარტყმა, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულმა, სამშობლოს გამყიდველმა ადამიანებმა მოგვაყენეს.

    ახლა, როცა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველა, ვისაც თანასწორობის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სწამს, გავერთიანდეთ, დავდგეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები თანაბრად იქნება დაცული”.

    “თბილის პრაიდი” ეხმაურება 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წლის გასვლას და აცხადებს, რომ თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა განსაკუთრებით ამძაფრებს ტკივილისა და უსამართლობის განცდას.