Category: სლაიდერი

  • როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა – გოცირიძე

    როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა – გოცირიძე

    „სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორიც კელი დეგნანი იყო.

    როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა. “ქართული ოცნებისთვის” დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები არის მიუღებელი.

    „ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ იმ რიტორიკას ვისმენთ, რითაც პარლამენტში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ… ასევე თუ გავიხსენებთ აშშ-ს წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო – “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია“,

    ეს განცხადება ჟურნალისტებთან პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

  • მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943″ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი ნატოს

    “ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები. ჰამასი არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, ველური ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. ჰამასი არის ღაზას “ისლამური სახელმწიფო”, ISIS არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. IDF გაანადგურებს ჰამასს. მივაგნებთ ყველას, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი”

    აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

  • მსუბუქ/სამგზავრო ტრანსპორტს რიკოთზე გავლა ნებისმიერ დროს შეეძლება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმი უქმდება და მათი გადაადგილება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.

    “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.

    სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში

    მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მივაწვდით, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან – ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი

    „ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ერთი ელექტრო ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც ერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”,

    ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.

  • მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ – მეცოლა

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩვენი სოლიდარობის გამოსახატავად, საზარელი ტერაქტებისა და მკვლელობის დასაგმობად – ასევე, იმის მოთხოვნისთვის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები.

    განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმაზე.

  • აშშ-ის პირველადი მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს ირანის უშუალო მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში

    CNN-თან საუბრისას რამდენიმე წყაროს თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დაგეგმვაში, გეგმის დამტკიცებაში ან დაფინანსებაში.

    თუმცა, სადაზვერვო საზოგადოება არ არის მზად საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად და აგრძელებს მტკიცებულებების ძიებას ისრაელში ჰამასის შეჭრაში თეირანის მონაწილეობის შესახებ.

    CNN-ის წყაროებმა ამ მონაცემების დეტალების შესახებ არაფერი თქვეს.

    ბოლო დღეებში, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული თავდასხმაში, თუმცა მათ დაგმეს თეირანი, როგორც „თანამონაწილე“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰამასის აქტიური მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

    ირანი დაჯგუფებას ამარაგებს ფულით, იარაღით და მაკომპლექტებლებით ღაზაში კონტრაბანდული გზით, ასევე ფართო ტექნიკურ და იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევს.

    თუმცა, ჰამასი ინარჩუნებს გარკვეულ დამოუკიდებლობას ირანის რეჟიმისგან. უშიშროების ყოფილი ოფიციალური პირებისა და რეგიონალური ანალიტიკოსების თქმით, თეირანს არ ჰყავს მრჩევლები ადგილებზე ბლოკადაში მყოფ ღაზაში და არ ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას.

  • ისრაელის მთავრობა, ოპოზიციასთან ერთად საგანგებო მთავრობას ქმნის

    ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიუაჰუ და ოპოზიციური პარტია ”ეროვნული ერთიანობის” ლიდერი, ბენი განცი საგანგებო ეროვნული ერთიანობის მთავრობას ქმნიან.  ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნის.

    საგანგებო მთავრობა ომის პერიოდში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

    ბენი განცი მოთხოვნით შეიქმნება ომის მცირე კაბინეტი, რომელიც წარმართავს ომს ჰამასთან, რომელშიც განცთან ერთად შედიან მხოლოდ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

    მხარეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ერთიანობის საგანგებო მთავრობა არ მიიღებს არანაირ კანონსა თუ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ომთან კავშირში, შესაბამისად, საკამათო სამართლებრივი საკითხები საგანგებო მთავრობის მოქმედების პერიოდში არ გადაწყდება.

    კაბინეტში დამკვირვებლების რანგში წარმოდგენილნი იქნებიან ისრაელის სტატეგიული ურთიერთობების მინისტრი, რონ დერმერი და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერალი, ეროვნული ერთიანობის წევრი, გადი აიზენკოტი.

    ბოლო მონაცემებით, ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით კი ღაზას სექტორში დაიღუპა 900 პალესტინელი. 4500 კი დაშავდა.

    ისრაელი ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვას განაგრძობს. წუხელ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში 200 სამიზნეზე მიიტანეს შეტევა. ბოლო 24 საათში კი ისრაელის არმიის ინფორმაციით ჰამასის პოზიციებზე 450 ავიადარტყმა განახორციელეს. მათ შორის ალ ფუკანში, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას ჰამასი ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებს.

    ისრაელის არმიამ დღეს ჰამასის კიდევ 18 ბოევიკის განადგურების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შაბათს, 7 ოქტომბერს შეიჭრნენ.

    მანამდე ისრაელის არმია აცხადებდა, რომ გაანადგურეს 1500 ჰამასელი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე და ამჟამად საზღვარი ღაზას სექტორთან სრულად კონტროლდება. ამავე დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წმენდა და შემორჩენილი ბოევიკების ძებნა.

  • “ქართულ ოცნებას” შესაძლოა არ ესმის ევროპული ღირებულებები” – კორტნი ორბანის ვიზიტზე

    “თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, მათ შესაძლოა არ ესმით ევროპული ღირებულებები ან ევროკავშირი”,

    ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს.

  • საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდება წარედგინა

    პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. ბიძა დაკავებულია, ხოლო მოკლულის დედის დაკავების მოთხოვნის შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

    მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

    სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

    პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

    პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

    საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.” ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • გია ნოდია განმარტავს, რატომაა სწორი ამ ომში ისრაელის მხარეს დგომა

    პოლიტოლოგი გია ნოდია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ”ისრაელის და ჰამასის ერთ დონეზე დაყენება მორალური სიბრმავეა”.

    ”რატომაა სწორი ამ ომში ისრაელის მხარეს დგომა?

    ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიპოვით, თუ იმაზე დავიწყებთ მსჯელობას, რა უფრო სამართლიანია – დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ებრაელებისა იყოს თუ არაბების. ამის აბსოლუტური კრიტერიუმი, სამწუხაროდ, არ არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელის შექმნის გადაწყვეტილება ძალიან საკამათო იყო, მაგრამ ამ ტერიტორიის სტატუსის ნებისმიერი სხვა განსაზღვრაც საკამათო იქნებოდა. იმპერიები თავის შემდეგ „სამართლიან საზღვრებს“ არ ტოვებენ. ფაქტი ისაა, რომ ისრაელმა გაეროს გადაწყვეტილება ტერიტორიის გაყოფაზე მიიღო, არაბებმა კი – არა. თანამედროვე ერები „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას რომ ცდილობდნენ, ომებს დასასრული არ ექნებოდა.

    ძირითადი, რაც მხარეებს ერთმანეთისგან არსებითად განასხვავებს, მათი გამოყენებული მეთოდებია. შემხვდა პოსტები იმაზე, რომ დაღუპული პალესტინელი ბავშვები არანაკლებ უნდა შეგვეცოდოს, ვიდრე დაღუპული ებრაელი ბავშვები. ეს სადავო არაა, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული მორალიზმი მიზანს აცდენილია.

    მთავარია, ვისი რეალური ქმედებების გამოა, რომ ბავშვები ორივე მხარეს იხოცებიან. ცხადია, ისრაელის საზოგადოებას თავისი ბავშვები სასიკვდილოდ არ ემეტება; მაგრამ ის ასევე ცდილობს, არაბ მოსახლეობაშიც მაქსიმალურად თავიდან აიცილოს ქალების და ბავშვების მსხვერპლი. ამისკენ, ჰუმანურობის გარდა, წმინდა პრაგმატული მიზეზი უბიძგებს: მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ მის ჯარზე და სპეცსამსახურებზე, არამედ დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერაზე – რომელსაც დაკარგავს, თუ განურჩევლად ყველას ხოცვას დაიწყებს. ამიტომ, თუმცა ხანდახან ყუმბარა ქალსაც მოკლავს და ბავშვსაც, ისრაელის ინტერესებში ეს არ შედის. ეს ფაქტორი რომ არა, ღაზას სექტორი აქამდე მართლა „დადუღებული“ იქნებოდა – საამისო სამხედრო რესურსი ისრაელს აქვს.

    ჰამასს კი არა მხოლოდ ებრაელი, არამედ საკუთარი ბავშვებიც არ ეცოდება; ებრაელი ბავშვების მოკვლით მტერს ამწარებს, ხოლო ისრაელის ბომბი თუ არაბ ბავშვს მოხვდა, საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.

    ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისრაელის ხელისუფლება ყველაფერს სამართლიანად აკეთებს და მისი კრიტიკა არ შეიძლება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მისი და ჰამასის ერთ დონეზე დაყენება მორალური სიბრმავეა.”-წერს გია ნოდია.