Category: სლაიდერი

  • პრეზიდენტისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იქნება – კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

     „არ ვიცი, პრეზიდენტი, რას იზამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე საუბარი გამიჭირდება. ალბათ, კარგი იქნება, თავად პრეზიდენტს დაუსვათ კითხვა ამასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა – შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მისთვის პირადად, ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან მძიმე იქნება, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო და ისეთი, არ ვიცი, რა არის. თუმცა კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რაც ჩვეულებრივ, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“,

    ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შესაძლო შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების შეკითხვას.

  • 1 წელში არჩევნებია და ქართველი ხალხი, “რუსულ ქოცობას” მაგ ბანდიტურ სახეს აგახევთ! – ოქრიაშვილი

    გიორგი ტატუაშვილი არის საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში გამორჩეული პოლიტიკოსი. ჩემი შეფასებით, ის იყო საქართველოს მასშტაბით 2017-დან 2021 წლამდე ერთადერთი ოპოზიციონერი, კვალიფიციური, არაკორუმპირებული და კომპეტენტური მერი. სწორედ ამიტომ „რუსულმა ოცნებამ“ და სუს-მა ვერ მოიპოვეს მასზე ზეგავლენის ბერკეტები და როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ისე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაგვიპირისპირეს მათ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და მართული აღვირახსნილი ბანდები, რომელთა მაშინდელი ხელმძღვანელები გიორგი ტატუაშვილზე ახლანდელი თავდასხმის მონაწილე პირები არიან. ეს ყველაფერი კავშირში იყო გასულ არჩევნებთან და ახლაც მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

    ყველას ახსოვს წინასაარჩევნო ძალადობა, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის არაერთი ფაქტი, უამრავი ნაცემი, დასჯილი, დაშინებული, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადამიანი დმანისში, წალკაში, ბოლნისში, თეთრიწყაროში. ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად, მთელი საქართველოს დასაშინებლად. „რუსული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში არ მიმართავს ამ ღია წინასაარჩევნო ბანდიტიზმს – მათ ეს არ სჭირდებათ. ამას საჩვენებლად აკეთებენ რამდენიმე ოლქში და ბანდიტიზმის წერტილოვან გამოყენებას გავლენა აქვს არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ასე გააყალბეს 2020 და 2021 წლების არჩევნები და იგივეს აპირებენ 2024 წელსაც. არ გაუვათ! ქართული ბანდიტიზმი არის „რუსული ოცნების“ სახე. ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენ, „რუსულ ქოცობას“ მაგ ბანდიტურ სახეს აგახევთ!

    ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის შემთხვევას.

  • საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დავაკავეთ – შსს

    საქართველოში 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    ბრალდებულმა საზღვარი 2023 წლის აპრილში გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

    “დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე”, – აცხადებს უწყება.

  • დეკემბერში მივულოცავთ საქართველოს სტატუსის მიღებას და მივუსამძიმრებთ ოპოზიციას – მაჭარაშვილი

    “დეკემბერში მივულოცავთ ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და მივუსამძიმრებთ ოპოზიციას და პოლიტიკური პანაშვიდები დაიწყება, დარწმუნებული ვარ ამაში. ის, რომ კანდიდატის სტატუსი დიდი ალბათობით იქნება საქართველოსთვის მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხსაც მისცეს, სახელმწიფოს მისცეს, ზოგადად, ხელისუფლებას, ოპოზიციას და ყველას. ჩვენ ამას არ ვმიჯნავთ. განსხვავებით, ოპოზიციისგან, რომელიც მიჯნავს და, ნუ, მისი სტილია ეს, რომ გაყოს, დაყოს, დაჩეხოს სახელმწიფო, ხალხი ერთმანეთისგან, ხელისუფლება და ასე შემდგომ. ეს რომ დაინახეს ევროპელებმა, იმიტომ ჩაიქნიეს ხელი, ზოგადად, რადიკალურ ოპოზიციაზე”.

    ამბობს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

  • ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

    ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩ ჯეკ ლიუსთან ერთად ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში გამგზავრებამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობასთან „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შესახებ საუბარს და იმ ნაბიჯების განხილვას გეგმავს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.

    “ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რის მიმართაც შეერთებული შტატები ერთგულია,” – თქვა ბლინკენმა.

    ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც “ჰამასი” ისრაელს თავს დაესხა, ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია ისრაელში.

  • ღაზაში ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე ის, რაც აქამდე გვინახავს – განცი

    “ღაზაში ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე ის, რაც აქამდე გვინახავს” – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

    “ეს უფრო რთული ომია, ვიდრე ჩვენ ოდესმე გვინახავს,როგორც ყველა ბრძოლაში, არის გამოწვევები და მძიმე ფასი.” – აღნიშნა ომის კაბინეტის წევრმა თელ-ავივის სამხედრო შტაბიდან.

    მისი თქმით, ისრაელს აღარ შეუძლია ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის გვერდით ცხოვრება და “ეს რეალობა უნდა შეიცვალოს.”

    განცმა განაცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა არის სწორი ისრაელისთვის.

    “გპირდებით, რომ ეს არის ერთადერთი, რაც ამ ომში უნდა გავითვალისწინოთ,” – თქვა მან და თავს აარიდა იმ ჭორებზე პასუხს, რომლით მიხედვითაც ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებაა.

  • “მტკიცებულებაა, რომ ისინი ცოცხლები არიან”–მძევლების ფოტომ დედას იმედი გაუჩინა

    ისრაელელი ქალი, მაიან ზინი ამბობს, რომ მისი მძევლად აყვანილი ქალიშვილების  ვიდეომ, რომელიც ჰამასის ჯგუფმა გამოაქვეყნა, მას იმედი გაუჩინა, რომ ისინი ცოცხლები არიან.

    რვა წლის ელა და მისი 15 წლის და, დაფნე, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს გაიტაცეს.

    ამის შემდეგ ჰამასმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ელას მახლობლად დგას. ჯგუფმა ასევე გაუგზავნა დაფნის ფოტო დედას, მაიან ზინის, რომელშიც გოგოს პიჟამო აცვია, ის ღაზას სექტორშია გადაღებული.

    ზინმა AFP-ს განუცხადა, რომ ის ფოტოებს ყოველდღე უყურებს, რადგან ეს არის “დადასტურება იმისა, რომ ისინი ცოცხლები არიან”.

    ”ზოგჯერ წარმომიდგენია, რომ ისინი აუპატიურებენ ან სცემენ მათ”, – განუცხადა მაიან ზინმა ჟურნალისტებს. ”მაგრამ შემდეგ ცოტა ოპტიმიზმი მიჩნდება და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ იქ ბევრი ბავშვია, ისინი ალბათ კარგად ექცევიან მათ.”

    ის ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობს მათ დაბრუნებაზე და თუ მათ კვლავ ნახავს, ​​სურს “დიდი საწოლი იყიდოს, რათა სამივემ ერთად დაიძინოს”.

    მაიან ზინს არ უნახავს შვილები მას შემდეგ, რაც მათ თელ-ავივი დატოვეს და მამასთან შესახვედრად წავიდნენ. მამა ჰამასის თავდასხმის დროს მოკლეს.

    იმავდროულად, ისრაელის გაზეთ Times of Israel-ისა და Kan News-ის თანახმად, გატაცებული ისრაელელების ზოგიერთმა ოჯახმა დაიწყო ჰამასისგან ტექსტური შეტყობინებების მიღება, რომლითაც მათ სთხოვდნენ დააჭირონ ბმულს, რათა მიიღონ ინფორმაცია საყვარელი ადამიანების შესახებ.

    “ეს არის მესიჯი ალ-კასამისგან [ჰამასის სამხედრო ფრთა]”, – ჩვენ შევთავაზეთ თქვენს მთავრობას პატიმრებში მძევლების გაცვლა, მაგრამ უარი გვითხრეს“ –ნათქვამია მესიჯში.

  • ისრაელის არმიამ განაცხადა რომ ქალაქი ღაზა ალყაშია

    ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევა.

    მან დასძინა, რომ ისრაელის სამხედროები “უტევენ ჰამასის პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებს, რაკეტების გამშვებ პოზიციებს და ინფრასტრუქტურას და კლავენ ტერორისტებს ახლო მანძილიდან ბრძოლაში”.

    ადრე ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ სამხედროები ჩართულნი არიან მჭიდრო ბრძოლებში ჰამასის წევრებთან, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს მიწისქვეშა გვირაბებიდან.

    IDF-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჰამასის 130 წარმომადგენელი დაიღუპა. ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 20-მდე ისრაელელი ჯარისკაციც დაიღუპა.

  • ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ! – ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი

    “ჩვენ გადავედით ომის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე. თავდაცვის ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ქალაქ ღაზას ალყაში მოსაქცევად და აღრმევებენ [სახმელეთო შეტევას] და მიღწევებს.[…]ჩვენი ძალები იბრძვიან ვიწრო და რთულ ურბანულ ზონაში, რაც მოითხოვს პროფესიონალურ ბრძოლას და გამბედაობას,”

     

  • “ჩემი განცხადების შემდეგ, სუს-მა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მთხოვა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ” – სააკაშვილი

    ”ჩემს ბოლო “სასამართლო სხდომაზე” გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით.

    დღევანდელი ოლიგარქის უშიშროების სისტემას, 11 წლის განმავლობაში, არ დაუკავებია არც ერთი რუსი აგენტი, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ გადმოცემული სიებით მთელი ეს დრო დევნის საქართველოს პატრიოტებს, რომლებიც რუსეთისგან იცავდნენ საქართველოსა და უკრაინას. ნოდარ მელაძის გამოძიებით დადასტურებულია, რომ დღევანდელი უშიშროების სამსახურის მესვეურები საქართველოში მასპინძლობდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ “ეფ-ეს-ბეს” მე-5 სამმართველოს უფროსს, გენერალ ბესედას, ეს ის გენერალია, რომელსაც პირადად პუტინისგან ჰქონდა დავალებული უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი დაპყრობის მომზადება ძირგამომთხრელი “აქტიური” ღონისძიებებით და რა თქმა უნდა, ოლიგარქის უსაფრთხოების წარმომადგენლები, ყოველივე ამის ფონზე, პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ კოლაბორაციონისტად და ოკუპანტის აგენტებად.

    მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება.

    დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა.

    დღევანდელი “ეფ-ეს-ბეს” ფილიალთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე კი, უარს ვამბობ.

    რაც შეეხება ზოგადად რუსების შემოსვლას საქართველოში, გარდა დივერსიული ჯგუფისა, დანარჩენების უმეტესი ნაწილიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები შემთხვევით არიან ამ მიწაზე და პირველი დღიდან როგორც “ხაზაინები” ისე იქცევიან.

    ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ 1 წელი უძრავი ქონების გაყიდვისა და საქართველოს დატოვებისთვის, ასი ათასზე მეტი იმპერიალისტური განწყობის უცხოელის აქ ყოფნა, საქართველოსთვის აუწეველი ტვირთია”.

    წერს ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.