Category: სლაიდერი

  • “უკრაინის მიღმა, არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა” – ბორელი

    “ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმწოდებლები, ჩვენ ვართ უფრო მეტად, ვიდრე შეერთებული შტატები – ციფრები თქვენთვის ცნობილია. გაწევრიანების პერსპექტივა, მდგრადი ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ჩამოყალიბება, სამხედრო დახმარება, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა – ჩვენი სამუშაოს არსებითმა კომპონენტებმა და ამ ყველაფერმა უნდა გააძლიეროს უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ახლა სირთულეებს აწყდება, რათა შეაკავოს რუსეთის შეჭრა და დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია.

    თქვენ იცით, რომ რუსეთის დანაკარგები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს შეუძლია ძალების აღდგენა. რუსეთი მზადაა, მსხვერპლად შესწიროს მეტი ადამიანი და ტექნიკა, ყოველგვარი სინანულის გარეშე. პუტინამდე სტალინს სჯეროდა, რომ რაოდენობა არის ხარისხის წყარო და ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, რადგან სასწორზე ჩვენი მთავარი ღირებულებები დევს.

    უკრაინის მიღმა, არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა. უკრაინა, ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს ძველი კანდიდატების რიგს, რომლებიც, წლებია, გველოდებიან და მთელი რიგი იმოძრავებს. ამიტომ ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვხარჯავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე”,

    განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩებთან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული, 1 რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი – სამხარაძე

    “3 სრულად შესრულებული რეკომენდაცია ნათქვამი იყო მაისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნოემბერია, ბევრი რამ გაკეთდა. ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული. ერთ რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი- ეს არის დეპოლარიზაცია. […]ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ჰქონდა. რაც შეეხება პირობებს, ევროკავშირთან ურთიერთობები და ზოგადად, გაწევრიანების პროცესი მთლიანად პირობებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ ველი, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს იმიტომ, რომ ევროკავშირს ჩვენთვის არასდროს მოუთხოვია სანქციების დაწესება. კარგად ესმით ის ვითარება, რაშიც საქართველოა, ასევე კარგად ესმით ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან (ვაჭრობას ვგულისხმობ), ასევე იციან, რა ტიპის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში – ესაა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც თვითონ ევროკავშირს არ აქვს სანქცირებული რუსეთთან ვაჭრობაში.

    ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა. მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, სინამდვილეში, მათ არ უხარიათ, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ახლა ცდილობენ, რაღაც ისეთი თემები წამოწიონ წინ, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. თუმცა ვფიქრობ, ამით ისინი საკუთარ თავს აზიანებენ”,

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება : რას ნიშნავს ეს

    აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აგზავნის ატომური იარაღის მატარებელ ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავს. აშშ–ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ თავის განცხადებაში სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ სუეცის არხში წყალქვეშა ნავი ალ სალამის ხიდის ქვეშ კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაადგილდება.

    ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იშვიათობაა, რადგან ისინი შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებულ “ბირთვულ ტრიადის” ნაწილია, რომელშიც ასევე შედის სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული ბომბები სტრატეგიული ბომბდამშენების ბორტზე.

    ოჰაიოს კლასის რამდენიმე წყალქვეშა ნავი ატარებს საკრუიზო რაკეტებს ბირთვული ქობინების ნაცვლად და შეიძლება განლაგდეს სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში. გაურკვეველია, ატარებს თუ არა ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მოქმედი წყალქვეშა ნავი რაკეტებს ბირთვული ქობინებით.

    შეერთებულმა შტატებმა მანამდე უკვე განალაგა ამ რეგიონში წყალქვეშა ნავები . კვირას გაკეთებული განცხადება ირანთან ურთიერთობების გაუარესებას დაემთხვა. ბაიდენის ადმინისტრაციამ რეგიონული პარტნიორების მეშვეობით გაუგზავნა მესიჯები ირანსა და ჰეზბოლას, რომ შეერთებული შტატები მზადაა მათ წინააღმდეგ სამხედრო ჩარევისთვის, თუ ისინი განახორციელებენ თავდასხმებს ისრაელზე.

    კვირას, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ასევე გაავრცელა ატომური B-1 ბომბდამშენის სურათი, რომელიც ასევე მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება.

    მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხმელთაშუა ზღვაში ორი ავიამზიდის ჯგუფი გაგზავნა.

    გარდა ამისა, ამჟამად წითელ ზღვაშია 26-ე საზღვაო ექსპედიციური ძალების მესამე საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 2000 საზღვაო ქვეითისგან შედგება.

  • ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას მოსახლეობას, სამხრეთით ევაკუაციისთვის რამდენიმე საათით, დერეფანი გაუხსნა

    ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)  სპიკერმა ვიცე-პოლკოვნიკმა ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ სამხედროები ხელახლა გახსნიან დერეფანს ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სექტორის ჩრდილოეთით, რათა ისინი სამხრეთისკენ გადავიდნენ.

    ადრეიმ, რომელიც არაბულად საუბრობს, სოციალურ მედია X-ზე დაწერა, რომ სალაჰ ალ-დინის გზა ღია იქნება სამხრეთის მიმართულებით მოძრაობისთვის დილის 10 საათიდან საღამოს 2 საათამდე.

    ”თქვენი უსაფრთხოებისთვის, გამოიყენეთ  ეს დრო, რომ გადახვიდეთ სამხრეთით ვადი ღაზას მიღმა. თუ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთით, როგორც გირჩევთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჰამასის ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარი თავის დაცვაზე“.– დაწერა მან.

    მსგავსი დერეფანი კვირასაც მოქმედებდა.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის არმია მოუწოდებს მშვიდობიანი მოქალაქეებს გადავიდნენ სამხრეთში, სადაც IDF-ის ოპერაციები უფრო მცირე მასშტაბით მიმდინარეობს.

    ითვლება, რომ დღემდე სამხრეთით დაახლოებით 800 ათასი ადამიანი გადავიდა. თუმცა ბევრი მოსახლე დარჩა ანკლავის ჩრდილოეთით, რადგან მათ არც სამხრეთი მიაჩნიათ უსაფრთხოდ.  გარდა ამისა, IDF-ის ინფორმაციით, ბოევიკები ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებით ცდილობენ ევაკუაციის თავიდან აცილებას.

     

  • ჰამასის ლიდერების მეოთხედზე მეტი ახლო აღმოსავლეთში იმალება – IDF

    ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის უმაღლესი პოლიტიკური და დიპლომატიური ხელმძღვანელობა ცხოვრობს და მოქმედებს ღაზას სექტორის გარეთ. განაცხადა ორშაბათს ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატმა.

    ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)  ცნობით, ჰამასის ოფიციალური პირების მეოთხედზე მეტი, მათ შორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ისმაილ ჰანიე, მოქმედებს ღაზას სექტორის გარეთ, მათ შორის ირანში, ყატარში, ლიბანსა და თურქეთში.

    ჰანიე, რომელიც კვირას ირანის ლიდერს,  აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა, არის ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც მოქმედებს ყატარის დედაქალაქ დოჰაში.

    IDF-ის ცნობით, ჰამასის ზოგიერთი უცხოური ფილიალი ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, სადაც დაჯგუფებას ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს.

  • ოპოზიციას 8 ნოემბრის დასკვნის მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინია – მაჭარაშვილი

    რადიკალურმა ოპოზიციამ 8 ნოემბრამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. მაგრამ, რადგან იციან, რომ დიდი ალბათობით, მოგვცემენ, ამიტომ, ამბობენ, რომ არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც მიანიჭეთო. ეს ევროინტეგრაციაზე პირდაპირი შტურმია […] ოპოზიციის თავზე ბიბლიური სიტყვები ასრულდა: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს – გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა, როცა ამას მიხვდნენ, ბრიუსელს ეხვეწებიან, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსი დაამძიმონ და ისე მისცენ საქართველოს. რადგან, იციან, რომ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ამიტომაც, 8 ნოემბრის დასკვნის მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინიათ.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.

  • თუ ამ ომს დასავლეთი ვერ მოიგებს, რომელი ომი შეიძლება მოიგოს?! – კულება

    “თუ დასავლეთი ვერ მოიგებს ამ ომს, მაშინ რომელი ომი შეიძლება მოიგოს? თუ ჩვენ არ მოვიგეთ ეს ომი, ეს იქნება დიდი მარცხი მთელი მსოფლიოს, მათ შორის გერმანიისთვის”,

    ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Welt-თან ინტერვიუში.

  • ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა – ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

    “ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.

    “ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

    თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს”, – თქვა ზელენსკიმ.

    რუსეთმა 3 ნოემბერს დილის  დაარტყა 128-ე ცალკეულ სამთო თავდასხმის ბრიგადას ზაპოროჟიის რეგიონის ფრონტის ხაზის სოფელში. საუბარია 20-ზე მეტ დაღუპულზე. მედია წერს, რომ არტილერიის დღის საპატივსაცემოდ სამხედროები, სავარაუდოდ, ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილები, რათა ჯილდოები მიეღოთ. რუსეთმა დაჯილდოების ადგილზე ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში, შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

  • „ჰამასის“ საგუშაგო ავიღეთ და 450-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა  ღაზის სექტორში „ჰამასის“ საგუშაგო დაცვა აიღეს.საგუშაგო მოიცავდა „ჰამასის“ სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს.

    ასევე ცნობილია რომ გუშინ ღამით, „ჰამასის“ რამდენიმე წევრისა და საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს.

    ამასთან, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დარტყმა მიაყენეს „ჰამასის“ 450-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის გვირაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.

  • დედამიწას 5–8 ნოემბერს გეომაგნიტური ქარიშხალი უტევს

    კვირას საღამოს, 5 ნოემბერს, დედამიწის სხვადასხვა უთხეში იშვიათი ფენომენის – პოლარული ნათების დანახვა იყო შესაძლებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხლის გამო მოხდა.

    ცა  ღია ვარდისფერი და მეწამული წითელი გახდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენს პლანეტას კორონარულმა მასამ შეუტია, რომელიც მზეზე რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა.

    ასტრონომების თქმით, ეს ფენომენი მომავალშიც განმეორდება, თუმცა როდის და სად უცნობია. პოლარული ნათება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანდა ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში.

    მოსალოდნელია თუ არა გეომაგნიტური შტორმები უახლოეს დღეებში?

    მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწას ამჟამადაც „უტევს“ – მისი სიმძლავრის გრადაცია (K-ინდექსი) 6 ქულაა. სხვათა შორის, გასულ თვეში ასეთი სიმძლავრის მაგნიტური შტორმები არ დაფიქსირებულა.

    მეტეოროლოგების თქმით, ამ შტორმის აქტიურობა სამ დღეს გაგრძელდება და უკვე 8 ნოემბერს კოსმოსური ამინდის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

    ორშაბათს, 6 ნოემბერს, დედამიწაზე ზომიერი G2 მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი, იტყობინება meteoprog.com. ასეთი სიძლიერის მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს რადიოკავშირების გათიშვა, ელექტრო სისტემების გაუმართაობა და ასევე იმოქმედოს ფრინველებისა და ცხოველების მიგრაციის მარშრუტებზე. ასევე, ამ დონის მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას.