Category: სლაიდერი

  • 13 მედიკამენტი ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასოდ გაიცემა

    ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

    ეს მედიკამენტებია:

    1. ალეცენზა;
    2. ტეცენტრიკი;
    3. ავასტინი;
    4. ტარცევა;
    5. გაზივა;
    6. მაბტერა;
    7. ჰერცეპტინი;
    8. კადსილა;
    9. ზელბორაფი;
    10. ფესგო;
    11. პოლივი;
    12. პერჯეტა;
    13. როზლიტრეკი;

    ”უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მედიკამენტებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს, შედეგად პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს”.- ნათქვამია განცხადებაში.

  • “ვანდალური აქტის” გამო მედიისთვის სამებაში შესვლა 2 დღით იზღუდება – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ 10-11 იანვარს სამების ტაძარში მედიის წარმომადგნლების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იზღუდება.

    “გუშინ [9 იანვარს] სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო მშენებლობაზე სანქციები მკაცრდება – კალაძე

    “ახალი კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმდება 250 000 ლარით, ნაცვლად 25 000 ლარისა.

    კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით ნაცვლად 20 000 ლარისა.

    ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის – III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი, ნაცვლად 10 000 ლარისა, ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი, ნაცვლად 15 000 ლარისა.

    ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი, ნაცვლად 20 000 ლარისა”

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

  • ეკვადორის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ [ვიდეო]

    ეკვადორში,  ქალაქ გუაიაკილში ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირ ეთერში  ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.თავდამსხმელებმა, არხის თანამშრომლები მიკროფონებს მოაშორეს და იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

    ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ “საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი” გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, უვნებელყონ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს.

    ეკვადორის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზიის შენობა გაათავისუფლეს, ყველა შეიარაღებული პირი დააკავეს და მძევლები უვნებლები არიან. დაკავებულია 13 პირი.ეკვადორის გენერალური პროკურორის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.

    ამასთანავე, ტელევიზია TC-ს ერთ-ერთი თანამშრომელის თქმით, შეიარაღებულებ პირებს სურდათ, რომ ჟურნალისტებს მათი სიტყვები მედიით გაევრცელებინათ.

    ცნობისთვის, ეკვადორში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის ციხიდან გაქცევისა და გაუჩინარების გამო 8 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დედაქალაქ კიტოსა და გუაიკილის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.

    პატიმარი, მეტსახელად ფიტო, რომლის ნამდვილი სახელია ადოლფო მაკიას ვილამარი, კვირას დილით, როდესაც პოლიცია იმავე ციხის კომპლექსის სხვა საკანში მის გასაყვანად მივიდა, თავის საკანში აღარ იმყოფებოდა. “ფიტოს” გაუჩინარების შემდეგ, ეკვადორში პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმები, იტაცებენ პოლიციელებს და ციხეში ბუნტებს აწყობენ.

    ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ამასთანავე, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

  • გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად – ბუწაშვილი

    “გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად”- აცხადებს, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი  და აღნიშნავს, რომ წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო, უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ

    ”ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპები.

    ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზი ისმევა (ეს ტესტი განასხვავებს A და B ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები.[…] გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.

    მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ – „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).

    მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია” – ამბობს ბუწაშვილი.

  • ოფიციალური თანამდებობა ივანიშვილს სანქციებისგან ვერ დაიცავს – კუბილიუსი

    საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობებს და მიტომ ის უნდა შეჩერდეს სანქციით.

    ამის შესახებ,ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ განაცხადა.

  • Bild: რუსული არმიის ზამთრის შეტევა ჩავარდა

    გერმანული გაზეთის Bild-ის კორესპონდენტი ჯულიან როპკე თვლის, რომ რუსული არმიის ზამთრის შეტევამ ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში მარცხი განიცადა.

    „გარდა ათასობით საკუთარი ჯარისკაცის დაღუპვისა და 400-ზე მეტი ჯავშანტექნიკის დაკარგვისა, მათ ვერაფერს მიაღწიეს“, წერს ჟურნალისტი პუბლიკაციაში სათაურით „ათასობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, პუტინის ზამთრის შეტევა ჩაიშალა“

    როპკეს თქმით, რომელიც ბრძოლის ველიდან უახლეს ვიდეოკადრებს ეყრდნობაა, რუსეთი „პრაქტიკულად ისევე შორს არის თავისი სტრატეგიული მიზნებისგან – ქალაქების კუპიანსკის აღებისგან ხარკოვის ოლქში და ავდეევკის აღებისგან დონეცკის რეგიონში – როგორც ამ გასული წლის ოქტომბერში, ანუ ზამთრის კამპანიების დასაწყისში.

    როგორც ჟურნალისტი წერს, ავდეევკას ჩრდილოეთით, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ გადალახონ სარკინიგზო ბილიკს სოფელ სტეპოვოიის მახლობლად. ”მათ ყოველდღიურად ანადგურებენ უკრაინული კამიკაძე დრონები და ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანები”, – ამბობს როპკე.

    მიუხედავად ათასობით დაღუპული სამხედრო მოსამსახურისა და ასობით დაკარგული ჯავშანტექნიკისა, რუსი სამხედროები ერთი კილომეტრითაც კი წინ არ წასულან საკუთარი ამოცანის მისაღწევად, როგორიც არის ავდეევკას ალყაში მოქცევა და აღება– დასძენს ის.

    კუპიანსკის ჩრდილოეთით, რუსული ჯარები  პატარა სოფელ სინკოვკას მახლობლად ჩარჩნენ. „აქაც კრემლის სატანკო ქვედანაყოფები ერთიმეორის მიყოლებით შედიან იმავე დანაღმულ ველში, კარგავენ მანქანების 100%-მდე და შემდგომში უამრავ ჯარისკაცს, რომლებსაც თავს ესხმიან უკრაინული დრონები“, – ნათქვამია სტატიაში.

    როპკე თვლის, რომ რუსეთის მასიური შეტევები ამ დროისთვის შეჩერებულია. თუ ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ასობით ტექნიკა მონაწილეობდა შეტევაში, უკვე დაახლოებით ერთი კვირაა ბრძოლის ველზე მხოლოდ მცირე შეტაკებები მიმდინარეობს, წერს ჟურნალისტი.

    „რუსეთს ალბათ რეზერვების შეგროვება სჭირდება, სანამ შეტევას განაახლებს“, განაგრძობს ის.

    ამავე დროს, Bild-ის ავტორი აღნიშნავს: „გაურკვეველი რჩება, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა ასეთი აქტიური თავდაცვითი მოქმედებების შენარჩუნებას და კიდევ რამდენი საბრძოლო მასალა ექნება მას“. ის ასევე იხსენებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ ცხადყო, რომ უკრაინის მხარდაჭერის დონე მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდება.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ ორიოლის ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

    რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო. უკრაინული მედია იუწყება, რომ ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა.

    ორიოლის ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის განმარტებით, კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

    მოგვიანებით კლიჩკოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაშავდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინამ ასევე მიიტანა იერიში ბელგოროდის ოლქსზეც.

  • არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! მოვითხოვ საპატრიარქოსგან გამოათრიონ მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი და საჯაროდ დაწვან! – ილია ჭიღლაძე

    “არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! მოვითხოვ საპატრიარქოსგან გამოათრიონ მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი და საჯაროდ დაწვან!” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც  წმინდა მატრონას ხატს რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

    ”არათუ საღებავის შესხმა, მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მიტროსანი დეკანოზი, ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!” – წერს ილია ჭიღლაძე.

    ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

  • სამებაში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს [ვიდეო]

    სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს რომელზეც სტალინია გამოსახული  საღებავი შეასხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.