Category: სლაიდერი

  • უვიზო რეჟიმის გადახედვა და ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა – ევროპარლამენტის რეზოლუცია

    425 მომხრე – 25 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. ევროპარლამენტი ითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაიწვიონ და პატივი სცენ შარშან დადებულ პირობას, რომ ამ კანონს აღარ დააბრუნებდნენ

    რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს:

    1. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
    2. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
    3. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ – სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
    4. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

    რა ეწერა რეზოლუციის ტექსტში:

    1. მკაცრად გმობს რეინიციირებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” საკამათო კანონპროექტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას დამასუსტებელ შეზღუდვებს დაუწესებს, შესაბამისად, ძირს გამოუთხრის მათი თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, რასაც მოჰყვა მასობრივი პროტესტები საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, მნიშვნელოვანი საჯარო ფიგურებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

    2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, მიდის საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციების წინააღმდეგ, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

    3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

    4. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს, მოუწოდებს, შეაჩეროს ამ კანონის მიღების საპარლამენტო პროცედურა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს პირობებს, რომლებიც 2023 წლის მარტში დადეს, როცა გამოაცხადეს, რომ უპირობოდ გაიწვევდნენ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდვებს უწესებდა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას და აღარ წარადგენდნენ მსგავს კანონს მეორედ; ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს შემდგომი სამართლებრივი წინადადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და რომლებიც ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან წინააღმდეგობაში მოვა.

    5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გაგრძელდეს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, გაგრძელდეს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ახლო კოოპერაცია და დარჩეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის ერთგული.

    6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტების თავისუფლებები არის ფუნდამენტური თავისუფლებები და უნდა იყოს პატივცემული ნებისმიერ გარემოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

    7. მოუწოდებს საქართველს მთავრობას პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, შესაბამისად, გამოხატავს შეშფოთებას, სპეცრაზმელების მიერ საკამათო კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენების ცნობებზე; საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

    8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ასრულებს, მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმებისთვის, შესაბამისად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაიშურონ თავი, რათა შექმნან გარანტიები, რომლებშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია განვითარდება.

    9. გმობს ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს ძალიან საკამათო და მსგავსი რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის “უცხოელ აგენტთა კანონი”, რომელიც განზრაც ანიჭებს იარლიყებს და ეწევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და გამოყენებულ იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან შეწინააღმდეგების ჩასახშობად და ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად.

    10. შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი გააზრებით, რომ გატარდებოდა 2023 წლის 8 ნოემბერს კომისიის მიერ რეკომენდირებული შესაბამისი ნაბიჯები; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია საქართველოს მოუწოდებდა, უზრუნველეყოთ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობა და ებრძოლათ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, რასაც კანონპროექტი არღვევს.

    11. საქართველოს მთავრობას შეახსენებს პირობებს, რომლებიც დადეს და ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მიიღეს, როცა ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადეს და კომისიის ვიცეპრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, სამეზობლოსა და გაფართოების კომისარსა და კომისიის პრეზიდენტს ასევე მოიქცნენ.

    12. იწვევს კომისიას, წარმოადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბერს კომისიის მიერ გადაცემული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით.

    13. მოუწოდებს კომისიასა და წევრ ქვეყნებს შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა საქართველოში ევროკავშირის დონორობაზე და ცხადი კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე შესაძლო გავლენებსა და შედეგებზე.

    14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეასრულოს პირობები, რომ პატივს სცემენ, გააძლიერებენ და წაახალისებენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და გულწრფელად ჩაერთონ იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსისთვისა და ევროკავშირის წევრობისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობითა და კოოპერაციით.

    15. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ კეთილმოწყობილ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი იქნებიან კორუფციისგან და პატივს სრულად სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დაიცავენ ადამიანის უფლებებს და შექმნიან გარანტიებს ღია საზოგადოებისთვისა და თავისუფალი მედიისთვის; უსვამს ხაზს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაცემა მოტივირებულია სურვილით, აღიარებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ძალისხმევა და მოქალაქეების აბსოლუტურi უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.

    16. მოუწოდებს OSCE/ODIHR-ს არჩევნების სადამკვირვებლო მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ, ხანგრძლივ საერთაშორისო მისიას გააკონტროლოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

    17. [რედ. – ევროპული პარლამენტის] პრეზიდენტს აძლევს მითითებას, გადასცეს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცეპრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, საბჭოს, კომისიას, წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

     

     

  • აქციაზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

    რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მე-12 კლასელ სანდრო ჯოხაძეს სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    ჯოხაძის თქმით, აქციაზე პოლიციამ დააკავა, დროშა წაართვა და გაუთელა.მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და კორდონის გარღვევაში სდებდნენ ბრალს.

  • კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – ორბანი

    “მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი”.

    თქვა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას.

  • როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინიათ ოლიგარქის მონებს სიტყვა ერთობის – სააკაშვილი

    როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინიათ ოლიგარქის მონებს სიტყვა ერთობის – სააკაშვილი

    მინდა, გითხრათ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენთვის მთავარია ერთი სიტყვა – ერთობა. დააკვირდით, ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს ამ სიტყვის როგორ ეშინიათ. როგორც ეშმაკს ეშინია საკმეველისა და ჯვრის, ისე ეშინიათ ამათ, ოლიგარქის მონებს სიტყვა ერთობის. ჩვენი გამარჯვების რეცეპტი ერთობაშია. ერთობას ვერანაირი ფული და უხეში ძალა ვერ დაამარცხებს. ნურაფრის შეგეშინდებათ, იმიტომ, რომ სანამ ერთიანები ვართ, ჩვენი დამმარცხებელი დედამიწის ზურგზე არ დაიარება.

    განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე.

  • პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა $2 000-ის სანაცვლოდ ყალბი ფორმა N100 გასცეს – სუს

    პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა $2 000-ის სანაცვლოდ ყალბი ფორმა N100 გასცეს – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს.

    ‘საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს, განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება.

    გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით” – აცხადებს სუსი.

  • 29-ში ყველა უნდა ვიყოთ, რათა ეს ბავშვები გადავარჩინოთ – ყაველაშვილი

    “პატარა ასაკის არიან. მათი ზრდის პროცესი განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. ის პროგრესი, რაც განვითარდა საქართველოში, მათ თვალწინ განვითარდა და ამას თავად ხომ ვერ უარყოფენ, რა მოხდა და როგორ მოხდა.” – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა.

    როგორც ყაველაშვილი ირწმუნება, ყველაფერი, რასთან შეხებაც შეიძლება ბავშვებს ჰქონდეთ, დაკავშირებულია ფონდი ქართუსა და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან.

    “3 მილიარდი დოლარის ინვესტირება… უკაცრავად, ქველმოქმედებაა განხორციელებული. რასაც შეიძლება ეს ბავშვები შეეხონ, ყველაფერში ამ ადამიანს და ამ ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ეს სიკეთე”.

    განაცხადა ხალხის ძალის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში.

  • საქართველოს ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ! როგორც შარშან – ჯოზეფ ბორელი

    “მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და არ გადაახვევინოს ქვეყანას ევროპული გზიდან” –  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და საქართველოში, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

    “გასული კვირების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და ხელისუფლებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

    შარშან შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან უკვე ვნახეთ. ყველა ასაკის მოქალაქეებს ხელში ქართული და ევროპული დროშები ეკავა, ისინი აჩვენებდნენ დემოკრატიის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მტკიცე ერთგულებას. მაშინ მმართველი პარტია და მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

    საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ. ისევე როგორც შარშან, ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. თუ მიიღეს, ეს  ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის.[…]

    საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ.

    სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ.  შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირებას. ეს ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.[…]

    კომისიამ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს – კერძოდ განსახორციელებელ ცხრა ნაბიჯს. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვას. მხოლოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი წინსვლა ამ ფუნდამენტურ სფეროებში განსაზღვრავს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და საერთო ტემპს.

    დაბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ. ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაფართოება მაშინ არის წარმატებული, როდესაც მთელი ქვეყანა ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება. ის ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ნორმებთან ვალდებულება, არამედ ჩვენს ღირებულებებთანაც შესაბამისობის ვალდებულება.” – თვლის ბორელი.

  • რუსებმა გამოგვყარეს სოხუმიდან, ოცნება კი ვერ ბედავს, მტერს მტერი დაარქვას – კორძაია

    დრო იმდენად ცოტაა, რომ ერთმანეთის მოფერების დრო ახლა არ გვაქვს, ერთმანეთის გამხნევების დროა. 35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში – რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა იქიდან. მახსოვს, როგორ მოვდიოდით მთებით, ფეხშიშველი, მშიერი, მწყურვალი და დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ მტერს დაარქვას მტერი და მოყვარეს – მოყვარე.

    35 წელია მოვდივართ იდეით, რომ ავაშენებთ თავისუფალ, თავმოყვარე და მსოფლიო რუკაზე თავისი ადგილის მქონე სახელმწიფოს და უცებ, უცებ მოვიდა ვიღაც ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თაობების შრომა გადაყაროს წყალში და ეს ახალგაზრდები, დღეს ვინც თქვენს წინაშე იდგა, რატომ უნდა იბრძოდნენ ისევ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაშინ, როდესაც მათ სამყარო გახსნილი აქვთ. დღეს რატომ უნდა ვზეიმობდეთ იმას, რომ ლაზარე თავისუფალია, ახალგაზრდა ადამიანი დაიჭირეს და პოლიტიკური შურისძიების სიმბოლოდ აქციეს მარტო იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს, ენას და თავისუფლებას იცავდა. რომ გადავხედოთ წარსულს, არცერთ ხელისუფლებას ის არ უქნია, რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება.

    განაცხადა თამარ კორძაიამ ქუთაისში, სადაც მსვლელობა “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” გაიმართა.

  • არ გაიხსნას EU-სთან მოლაპარაკებები! – ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი

    „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. – გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტი, რონლის თანახმად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

    1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
    2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
    3. ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
    4. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;
    5. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას;
    6. ხაზს ვუსვამთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;
    7. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს პირები, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
    8. ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელ მედია თავისუფლად იმუშავებს;
    9. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე გამოიყენება რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების ჩასახშობად.
    10. ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ ზემოხსენებული კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს;
    11. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულების ვალდებულების შესახებ, რომელიც მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს აიღო და მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გააკეთონ იგივე;
    12. მოვუწოდებთ კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
    13. მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე მისი შედეგების შესახებ;
    14. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;
    15. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;
    16. მოვუწოდებთ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდეს ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში;
    17. ვავალებთ ევროპარლმენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს

    ევროპარლამენტში თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 5 პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, Renew Europe, S&D, PPE და ECR) მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები. შემდეგ ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ. საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში ხვალ, 25 აპრილს უყრიან კენჭს. კენჭისყრაზე შესაძლებელია, საბოლოო ვერსიაში შესწორებები შევიდეს და ტექსტი კიდევ შეიცვალოს.

     

  • გალანტის თქმით, IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრ  იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF]სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა.

    “სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს” – თქვა იოავ გალანტმა.

    თავდაცვის მინისტრის თქმით, IDF-ის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს.