Category: სლაიდერი

  • გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი!

    მაგთი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს.

    15 ივლისიდან მაგთის ინტერნეტმომხმარებელს, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ავტომატურად გაეზრდება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, კერძოდ:

    30 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება – 50 მბ/წმ-მდე,
    50 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება – 80 მბ/წმ-მდე.
    შედეგად, ფიზიკურ პირებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ფასის ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

    ასევე, 1 ივლისიდან 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტპაკეტის ღირებულება შემცირდა და 100 ლარის ნაცვლად 80 ლარად არის ხელმისაწვდომი.
    ცვლილება ნახევარ მილიონზე მეტ ოჯახს შეეხება.

    სასიამოვნო სიახლეები მომავალშიც გაგრძელდება.

  • სისულელეა, არ უნდა ჩაგვეწერა – ”იმედის” მფლობელი, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერზე

    “მინდა შესვლას” – ბევრი ამბობს, მაგრამ “მნიშვნელოვანიას” ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ ახლა ავიღეთ და რაღაცნაირად გავაფეტიჩეთ,  გავაფეტიშებთ ყოველშემთხვევაში. ოპოზიცია ამას აკეთებს უკვე ღიად დასავლეთის მხარდაჭერით.

    მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი. თან ეს ხდება იმ პირობებში, რომ ეს არის აყვანილი საკლარულ დონეზე, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, რომ წერია კონსტიტუციაში, ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში, ეს საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ჩაგვეწერა, რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია.

    […] როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება არანაირი გარჩევა, სხვა საკითხებზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა, ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, […] თითქოს უპირობო შესვლაა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი”, 

    თქვა სამთავრობო მედია იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ იმედის კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისით არის დათარიღებული.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას  ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    როგორც ცნობილია იაშვილი ლოვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

    “კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი დიდება შენ გმირ სულს ძმაო”, – წერს ვანო ნადრიაძე.

    რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდენმა ერს მიმართა ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხადებაში ამერიკელებს მოუწოდა უარი თქვან ძალადობაზე პოლიტიკაში.

    ”ჩვენ უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში,” – თქვა ბაიდენმა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთი ძალადობა ნორმად იქცეს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გახურდა. დროა გაგრილდეს. ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა ამის გაკეთება“.

    ბაიდენმა თქვა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს „მშვიდობიანი დებატების არენა“ და ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი.

    „ამერიკაში ჩვენ უთანხმოებას საარჩევნო ყუთთან ვაგვარებთ. ახლა ამის გაკეთების დროა. საარჩევნო ყუთთან. არა ტყვიებით“, – თქვა ბაიდენმა მიმართვაში, რომელიც დაახლოებით შვიდი წუთი გაგრძელდა.

    პრეზიდენტმა ტრამპს უსურვა სწრაფი გამოჯანმრთელება და  გმირი უწოდა 50 წლის მეხანძრე კორი კომპატორს, რომელიც ტრამპის მიტინგის დროსდაიღუპა , როცა ოჯახის წევრებს ეფარებოდა ტყვიებისგან დასაცავად.

    ტრამპის მიტინგზე  ტყვიებით დაიჭრა კიდევ ორი ​​ადამიანი –  57 წლის დევიდ დაჩი და 74 წლის ჯეიმს კოპენჰავერი. ორივე მათგანი  საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავად ტრამპი მსუბუქად დაიჭრა: წინასწარი მონაცემებით, ტყვიამ ექს-პრეზიდენტის თავიდან სულ რამდენიმე მილიმეტრში გაიარა და ყურში მოხვდა.

    ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ჯერ არ გაუკეთებიათ რაიმე კონკრეტული დასკვნა თავდამსხმელის მოტივების შესახებ.

    FBI-მ განაცხადა, რომ ტრამპს  20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა ესროლა ბეთელ პარკიდან, რომელიც პენსილვანიაში, 70 კილომეტრში მდებარეობს ბატლერიდან,  სადაც თავდასხმა მოხდა.

    თავის მიმართვაში პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ სანდო ფაქტების არარსებობის პირობებში, ინტერნეტში დაიწყო მრავალი ცრუ მტკიცებების და შეთქმულების თეორიების გავრცელება.

    „მსროლელის მოტივი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ არ ვიცით, რა შეხედულებები ჰქონდა და ვის დაუჭირა მხარი. ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა მან დახმარება ან მხარდაჭერა ვინმესგან, თუ ვინმესთან იყო კონტაქტში“, – თქვა ბაიდენმა.

    მანამდე FBI-მ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ დაუდგენიათ, უკავშირდებოდა თუ არა ის რაიმე იდეოლოგიას.

    ოვალური კაბინეტიდან მიმართვამდე ბაიდენი ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ ტრამპის უსაფრთხოება გაძლიერდება. ის ასევე დაჰპირდა უსაფრთხოების გაძლიერებას რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც ორშაბათს იწყება, სადაც ტრამპი ოფიციალურად იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატად.

    თუმცა, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს ამჟამინდელი და წინა პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე, განაცხადა, რომ რესპუბლიკელების კონვენციაზე თავის მუშაობაში „არავითარ ოპერატიულ ცვლილებას არ ელის“.

    ბაიდენმა ასევე დაურეკა ტრამპს, რათა გამოეხატა თანაგრძნობა მკვლელობის მცდელობის გამო. წყაროებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ზარი იყო “მოკლე და პატივისცემით გამსჭვალული”.

    ეს იყო ბაიდენის მხოლოდ მესამე მიმართვა ოვალური კაბინეტიდან მისი პრეზიდენტობის მანძილზე. ასეთი გამოსვლები შედარებით იშვიათად იმართება და, როგორც წესი, ყველაზე სერიოზულ მოვლენებს ეძღვნება.

    ბაიდენმა ასეთი მიმართვა გასული წლის ოქტომბერში, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მანამდე მან 2023 წლის ივნისში მიმართა ერს და მოითხოვა, რომ აშშ კონგრესმა დაუშვას აშშ-ს ვალის ზღვრის გაზრდა.

    ტრამპი ეროვნული ერთიანობისკენ მოწოდებით გამოდის

    ამასობაში დონალდ ტრამპმა პირველი ინტერვიუ მისცა მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან Washington Examiner-ს განუცხადა, რომ გადაწყვიტა გადაეწერა თავისი მომავალი კონვენციის გამოსვლის ტექსტი,  რათა ფოკუსირება მოეხდინა ეროვნულ ერთიანობაზე და არა ბაიდენის კრიტიკაზე.

    „სიტყვა, რომლის გამოსვლასაც ვაპირებდი, ბომბი იქნებოდა“, – თქვა ტრამპმა. „ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ გამოსვლას ნახავდით“, დასძინა მან და განმარტა, რომ მას სურდა ძირითადად ესაუბრო ბაიდენის პოლიტიკის ნაკლოვანებებზე.

    „მართალი გითხრათ, ახლა ეს იქნება სრულიად განსხვავებული გამოსვლა. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა. მათ მომცეს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

    მან ასევე აღიარა, რომ „ახლა იწყებს რეალობის გააზრებას“ იმის შესახებ, რაც მას კვირას შეემთხვა.

    ტრამპი უკვე ჩავიდა მილუოკიში (ვისკონსინი), სადაც კონფერენცია გაიმართება.

  • ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერი იყო.

    მას შემდეგ, რაც ტყვია ტრამპს ააცილა, უფრო ზუსტად – ყურში მოარტყა,მსროლელმა რამდენიმე ტყვია ესროლა შეკრებილ ხალხს, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და კიდევ ორი ​​მძიმედ დაჭრა. მას ესროლეს და მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და როგორც ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.

    თომას კრუქსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი იდენტიფიკაცია დნმ-ით შეძლო.

    თომას კრუქსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდაპიტსბურგის  წყნარ გარეუბანში, ბეთელ პარკში, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს მან დაამთავრა სკოლა და მიიღო პრიზი – 500 დოლარი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერდა.

    სკოლის დამთავრების შემდეგ კრუქსი იქვე, მოხუცთა სახლის სამზარეულოში მუშაობდა.

    როგორც ამერიკულმა პრესამ გაარკვია, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რესპუბლიკელი კანდიდატის, ტრამპის მკვლელობა სცადა, თავად ოფიციალურად დარეგისტრირდა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერად.

    თუმცა, სამი წლის წინ მან თანხა  – $15 შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. ამერიკული პრესის ცნობით, მკვლელობის დროს კრუქსს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

    სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ იარაღი, რომელიც თომას კრუქსმა გამოიყენა სროლისას,  მამამისმა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ლეგალურად იყიდა. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    მოტივები უცნობია

    ”ჩვენ ვერ დავადგინეთ მისი მოტივი ამ დროისთვის,” – თქვა კევინ როჟეკმა, FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, გამოძიება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და გამომძიებლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გაარკვიონ, თუ რამ აიძულა კრუქსი ტრამპისთვის ესროლა.

    თომასის მამამ, მეთიუ კრუქსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა და მან უნდა ისაუბროს სამართალდამცავებთან, სანამ შვილზე პრესასთან ისაუბრებს.

    მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კვირას ღამით, პოლიციამ ალყა შემოარტყა კრუქსის სახლს და მიმდებარე სახლებს და სასწრაფოდ მოახდინა მათი მეზობლების ევაკუაცია. ადგილობრივმა პოლიციამ განმარტა, რომ ამის მიზეზი კრუქსის სახლში სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა გახდა.

  • კობახიძე ტრამპზე თავდასხმაში გლობალური ომის პარტიის კვალს ხედავს

    საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გლობალურ ომის პარტიას უკავშირებს, თუმცა მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის განკუთვნილ განცხადებაში.

    “გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს.“– დაწერა კობახიძემ ფეისბუქზე.

    ფეისბუქზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებული მისი ეს განცხადება განსხვავდება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებული ტექსტისგან, სადაც გლობალური ომის პარტია ნახსენები არ არის.

    “ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!” – ეს ტექსტი კობახიძის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინგლისურად გამოქვეყნდა.

  • პენსილვანიაში დონალდ ტრამპს ესროლეს. დეტალები და რეაქციები

    სროლის ხმა გაისმა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პენსილვანიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე. ტრამპმა სიტყვა შეწყვიტა და სცენა დატოვა.

    მალევე გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით, რომ მსროლელი „განეიტრალებულია“. მოგვიანებით ოლქის პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  მსროლელი მოკლეს, ასევე მოკლულია აქციის მინიმუმ ერთი მონაწილე.

    სროლის დაწყებისთანავე, ტრამპი ტრიბუნისკენ დაიხარა, მასთან მცველები მივარდნენ და წაიყვანეს.

    ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ტრამპის მარჯვენა ყური სისხლით იყო მოსვრილი.

    რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი  მხარდამჭერებს ბატლერში, პენსილვანიის შტატში მიმართავდა სიტყვით,  რომელიც გადამწყვეტი შტატია ნოემბრის არჩევნებში.

    ტრამპის უკან მისი მხარდამჭერები იდგნენ პლაკატებით. სროლის ხმის გაგონებისთანავე ისინიც დაიხარნენ.

    კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხალხიდან მხრიდან სროლა მაშინ გაისმა, როცა   ტრამპი აშშ-ში არალეგალური მიგრანტების რაოდენობაზე საუბრობდა.

    ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩანგმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ. „პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებს ამ საშინელი მოვლენის დროს სწრაფი რეაგირებისთვის. ის კარგად არის და ადგილობრივ საავადმყოფოში გადის გამოკვლევას“.

    ტრამპის დაცვაზე პასუხისმგებელი საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ექს-პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

    პირველი რეაქცია

    პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ განაცხადა, რომ შტატის პოლიცია ადგილზე მუშაობს ფედერალურ სააგენტოებთან ერთად. „ძალადობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა შაპირომ. “მას ადგილი არ აქვს პენსილვანიაში და შეერთებულ შტატებში.”

    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც რეაგირება მოახდინა მომხდარზე. „მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმით, ჩვენ ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, დაწერა მან X-ზე (ყოფილი Twitter).

    პოლიტიკოსების მკვლელობის მცდელობები მთელ მსოფლიოში იზრდება

    ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გაიზარდა პოლიტიკური მკვლელობის მცდელობებისა და სიკვდილით გამოწვეული მუქარის რიცხვი.

    გასულ წელს კიტოში მოკლეს ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო.

    არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, რადგან თავდამსხმელის იარაღი გაიჭედა.

    იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე თვითნაკეთი იარაღით მოკლეს.

    ამ წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის ოპოზიციის ლიდერი ლი ჯე-მიუნგი კისერში დაიჭრა, გაზაფხულზე კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

    ასეთი გახმაურებული შემთხვევები აშშ-ში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმართ მუქარა გახშირდა.

    New York Times იტყობინება, რომ გასულ წელს პოლიციამ გამოიძია რვა ათასზე მეტი მუქარა კონგრესის წევრების მიმართ და მუქარა განხორციელდა ფედერალური მოსამართლეების მიმართაც.

    გასული წლის ოქტომბერში ამერიკელების თითქმის მეოთხედი დაეთანხმა განცხადებას, რომ „პატრიოტებს შესაძლოა ძალადობა მოუწიოთ ქვეყნის გადასარჩენად“ (ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  ბოლო სამი წლის განმავლობაში).

  • მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც გარემონტების შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა

    რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც გარემონტების შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა.  როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

    თვითმფრინავი კოლომნის რაიონში, ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

    ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია.

    რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან – ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.

    ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია, romelic ქსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო და ის ავიაკომპანია გაზპრომ ავია-ს ეკუთვნოდა.

  • მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, კომპასი გაასწოროს! წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან – აუსტრევიჩიუსი

    2008 წლიდან პირველად, გაქრა ჩანაწერი NATO-ში საქართველოს გაწევრიანების განზრახვა შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან.

    წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი სოციალურ ქსელ X-ზე.

  • როგორი ამინდი იქნება 14 ივლისამდე საქართველოში

    14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.