Category: სლაიდერი

  • კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

    პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 10 ოქტომბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.  სახელმწიფო დაცვის დანიშვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება.

    “2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს.

    დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა” – წერია დოკუმენტში

  • ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები – სამოქალაქო იდეას კვლევა

    ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი – ამ სათაურით ავრცელებს კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”.

    ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსული ბაზრის გახსნით და ბიუჯეტის აგროკრედიტის პროგრამით. ის წლების განმავლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შემომწირველია.

    სამოქალაქო იდეას ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს.

    არ გაგიკვირდებათ როდესაც წაიკითხავთ, რომ ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან:

    – სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი.

    – პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.

    შესაბამისად, გიზიარებთ მონაცემებს ქართული ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი დონორების შესახებ.

    პირველ რიგში, კვლევაში ფაქტებზე დაყრდნობით უტყუარად დადასტურებულია, რომ  იმ საბიუჯეტო პროგრამების ყველაზე მსხვილი, ერთეული მოსარგებლე, რომელიც მაგალითად სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის დაიხარჯა, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ოცნების მოქმედი დეპუტატი დუგლაძე და მისი ძმები და მათი რუსეთის მოქალაქე ბიზნეს პარტნიორები არიან.  ისინი ქართული ოცნების დონორთა სიის სათავეშიც გვხვდებიან.

    1. ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. ღვინის კომპანიების „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის მეწილე.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის — 335 768  ლარი.

    1. ქართული ოცნების შემომწირველი – ზაალ დუგლაძე, ოცნების მოქმედი და მომავალი დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის —  115 000 ლარი.

    1. ქართული ოცნების შემომწირველი – დავით დუგლაძე[1], დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და მისი ბიზნეს წილების მმართველია.[2]

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის —  272 000 ლარი.

    1. ქართული ოცნების შემომწირველი – გიორგი დუგლაძე, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის —  80,000 ლარი.

    1. ქართული ოცნების შემომწირველი მალხაზ ყანჩაველი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის და დეპუტატ ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის —  100,000 ლარი.

    1. ქართული ოცნების შემომწირველი გოჩა გიოშვილი, ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის —   5 000 ლარი.

    ალექსანდრე ივანიშვილის და ზაალ დუგლაძის ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა ბევრ კომპანიას მოიცავს თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ ღვინის ბიზნესზე მოგიყვებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კარგად აწყობილი და დალაგებული სქემით მოქმედებენ ბიუჯეტის გამოყენებით და ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი რისკით. მათი ერთობლივი ბიზნესიდან ყველაზე ცნობილი ორი კომპანია „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა გახლავთ, სადაც კომპანიის პრაქტიკულად ყველა პარტნიორი და დირექტორი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან.

    ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირების კვლევის პროცესში პირველი გაჩერება ალექსანდრე ივანიშვილის (ბიძინა ივანიშვილის ძმის) ბიზნესი აღმოჩნდა, რომლის ბიზნეს პარტნიორებიც დეპუტატი ზაალ დუგლაძე და მისი ძმები არიან. იმავდროულად, ბატონი ალექსანდრე ივანიშვილი და მისი რუსეთის მოქალაქე პარტნიორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერის მიერ სხვადასხვა ანგარიშებში ჩამოთვლილი საბიუჯეტო პროგრამების მთავარი მოსარგებლეები არიან.

    • ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებულმა მეღვინეობის კომპანიებმა ოცნების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამიდან 10 მილიონამდე დაფინანსება მიიღო;

    [1] დავით  დუგლაძე, (დირექტორი /დამფუძნებელი)  20% შპს მთაწმინდა-95 208149804  დამფუძნებელი  გიორგი კაპანაძე 01031005753 რუსეთის ფედერაცია  20%

    [2] ზაალ დუგლაძე საქართველოს 2020-2024 მოწვევის პარლამენტის წევრია, და შემდეგი მოწვევის პარლამენტის საარჩევნო სიაშიც გვხვდება

    • ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებული მეღვინეობის კომპანიები წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე გატანილი ღვინის პროდუქციით ან პირველ ადგილზე იყვნენ ან პირველ სამეულში;
    • ანალოგიური მდგომარეობაა ჩინეთში გატანილი ღვინის ნაწილშიც, სადაც დუგლაძეების ღვინო მოწინავე პოზიციაზეა.

    2024 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი რეკორდულად გაზრდილია. მაგრამ ზრდა მთლიანად რუსული ბაზრის ხარჯზე მოხდა. ამის პარალელურად პრაქტიკულად ყველა სხვა ბაზარზე ჩვენი ღვინის წილი საგრძნობლად მცირდება. რუსულ ბაზარზე მსგავსი ხარისხის დამოკიდებულების შედეგები კი საგანგაშოა. საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა უკვე მრავალჯერ გამოცადა საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკის, ვაჭრობისა და საბაზრო კავშირების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების ყველა პრობლემა და სიმძიმე, მათ შორის, დახურული ბაზარი, ჩაჭრილი სავაჭრო კავშირები და დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნილება რუსული ბაზრის გარდა არსად არ არის.

     

    სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში ქართული ღვინის ექსპორტმა უბრალოდ სხვა ქვეყნებს კი არ გაასწრო, არამედ საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს, 73,5%-ს მიაღწია. არადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ მოუსმინოთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ თითქოს დღენიადაგ შრომობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრის დივერსიფიკაციისათვის. საინტერესო ფაქტია, რომ 2021 წლის სექტემბერში, მთავრობამ ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სპეციალური პროგრამაც დაამტკიცა, მისი განხორციელება ღვინის ეროვნული სააგენტოს დაევალა და 2022-2023 წლებში ბიუჯეტიდან 22,9 მილიონი ლარი გამოყო. შედეგი სავალალოა.

    ექსპორტი  რუსეთში გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში ჯამურად შემცირდა.

    იხილეთ მონაცემები ქვემოთ:

    ~

    ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ ცინიკურად ჩანს ის, რასაც აცხადებენ ღვინის სააგენტოში, ბიუჯეტიდან ხარჯვის გასამართლებლად “ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ბაზრებზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო, კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.“

    2024 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება კვლავ გაიზარდა, 16 მილიონ ლარამდე, თუმცა ამის მიუხედავად არავითარი პროგრესი მსოფლიოს პრიორიტეტულად გამოცხადებულ ბაზრებზე არ გვქონია, მაშინ როცა, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი გაიზარდა და 2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებზე დაყრდნობით 73.5%-ს მიაღწია.

     

    თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიზანმიმართულად ხდება ქართული მეღვინეობის რუსეთის ბაზარზე მიბმა მათი რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელ-დერექტორების კავშირების გამოყენებით. რუსულ ბაზარზე ჩამოკიდებული ბიზნესმენები კი ხან მოსკოვის რბილი ძალის ოპერაციებში მონაწილეობენ და ხანაც საქართველოში რუსული მმართველობის მხარდამჭერებად გვევლინებიან. ამასობაში, არც ბატონი ივანიშვილის პარტიისთვის მსხვილ შემოწირულობებს იშურებენ.

    შესაბამისად „ქართული ოცნების“ კამპანიაში წვლილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ძმების ბიზნესს არ შეაქვს. კვლევისას ნათლად გამოჩნდა სხვა ღვინის მწარმოებელი დონორებიც, რომლებიც ასევე მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ რუსეთთან.

     

    1. ავთანდილ კოჩაძე, შპს აგრარული სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის დირექტორი. ცენტის დაფუძნებულია რუსეთის მოქალაქე დიმიტრი კოსტაროვი. ბატონი კოსტაროვი იმავდროულად ტელეკომპანია საფერავის (პირველი აგრო ტელევიზია საქართველოში) დამფუძნებელია. ბატონ კოჩაძესა და კოსტაროვს სხვა ერთობლივი ბიზნესებიც აქვთ საქართველოში.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის — 220 000  ლარი.

    1. ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე, შპს ვრ მენეჯმენტის დამფუძნებელი და დირექტორი.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის — 80 000  ლარი

    ოცნების შემომწირველი კოჩაძის კომპანია ერთ ერთია იმ ბიზნეს სუბიექტებს შორის რომელიც მოსკოვს ხშირად სტუმრობს და არც პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხებზე საუბარ ს ერიდებიან. კერძოდ, 2024 წლის მაისში, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს VII გაფართოებულ სხდომა გაიმართა, რომელსაც პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო უძღვებოდა. საბჭოს სხდომას ესწრებოდა დიმიტრი კოსტაროვიც, ისევე როგორც ქართული ბიზნეს სექტორის სხვა რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის არიან ქართული ოცნების შემომწირველები, სხდომაზე ისაუბრეს სახალხო დიპლომატიის და რბილი ძალის როლზე სპეციფიკურად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობების შემობრუნებისთვის.

    მარიკა ბურჭულაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ფორუმში, შპს VR ჰოლდინგის გაყიდვების მენეჯერია. აღნიშნული ჰოლდინგის დამფუძნებელი კი ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძეა, რომელიც ასევე ქართული ოცნების შემომწირველი და განსაკუთრებულად გამორჩეული მხარდამჭერია. ბოლოს საზოგადოებას თავი შეახსენა „რუსული კანონის“ მიღების დროს გამოჩენილი აქტიურობით, როდესაც ღიად მხარს უჭერდა მთავრობის პოზიციას და აცხადებდა რომ „არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების “გაუქმება ან გადადება” ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს”.

    1. ვაჟა ციგროშვილი, ქართული ოცნების კიდევ ერთი უმსხვილესი შემომწირველია რუსეთის მოქალაქეობით. შემომწირველთა შორის ბევრი მისი ბიზნეს პარტნიორი და დირექტორი ფიგურირებს.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის — 324 000  ლარი

    1. პაატა ბუზარიაშვილი, რუსეთის მოქალაქე ვაჟა ციგროშვილის პარტნიორი და მისი დაფუძნებული კომპანიების დირექტორია.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის –60 000 ლარი

    1. ციგროშვილის დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის შპს სტორის დამფუძნებელ დირექტორები არიან გიორგი და ბეჟან ანუაშვილები. შპს სტორმა სახელმწიფოსგან კახეთში ჰესის მშენებლობის ნებართვა მიიღო და მმართველი პარტიისთვის შემოწირულებებიც მყისიერად განხორციელდა.

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის –56 000 ლარი

    1. თენგიზ ამონაშვილი, ციგროშვილის კიდევ ერთი კომპანიის შატო ნეკრესის დირექტორი

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის — 30 000 ლარი

    1. ლევან ნეკრესელაშვილი, ციგროშვილის კიდევ ერთი კომპანიის შპს მარნისკარის მეწილე

    შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის — 50 000 ლარი

    აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქართველი ახალგაზრდების მასობრივი პროტესტის ფონზე, სწორედ რუსეთის მოქალაქე ციგროშვილთან დაკავშირებული ღვინის კომპანიების ინიციატივით მომზადდა მეღვინეების მთავრობის მხარდამჭერი მიმართვა, რომელსაც ბატონ ციგროშვილთან ერთად ქართული ოცნების სხვა შემომწირველებიც აწერდნენ ხელს, კერძოდ კახაბერ მამანიშვილი (60 000 ათასი ლარი), ლევან გვარამაძე (15 000 ათასი ლარი), გიორგი ერბოწონაშვილი (7 000 ათასი ლარი), და სხვები.

  • რუსეთმა ავარიების შემთხვევაში საქართველოსგან ელექტროენერგიის იმპორტი ითხოვა

    რუსეთმა ავარიების შემთხვევაში საქართველოსგან და აზერბაიჯანისგან 600 მეგავატის ოდენობით ელექტროენერგიის იმპორტი ითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული პროპაგანდისტული გამოცემა, TASS-ი INTER RAO-ს საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “დიახ, ჩვენ მივმართეთ ორ ქვეყანას: აზერბაიჯანს და ვკითხეთ საქართველოს მოწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. იმპორტის შესაძლებლობას განვიხილავთ და მივმართეთ ორ მეზობელ ენერგოსისტემას, რათა მოგვაწოდონ საავარიო რეჟიმების პერიოდში.[…] თუ იქნება საავარიო რეჟიმები, მაშინ ჩვენ, “სისტემური ოპერატორის” მოთხოვნით, მივმართავთ ორ ენერგოსისტემას – საქართველოსა და აზერბაიჯანს – თხოვნით, მზად იყვნენ ჩვენთვის 300-300 მეგავატი გამოყონ”, – განაცხადა პანინამ.

    როგორც ცნობილია, საქართველოსა და აზერბაიჯანისგან კომპანიას პასუხი ჯერ არ მიუღია

  • კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია, კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს – როთი

    „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს ვინ გახდება ოპოზიცია ან ხელისუფლება. ევროპულ დემოკრატიაში პარტიები აკრძალული არ არის, მათ წინააღმდეგ კი პოლიტიკურად იბრძვიან“

    ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება“.

  • “კობახიძე და ქართული ოცნება აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს” – მირიამ ლექსმანი

    “კობახიძე და ქართული ოცნება აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს: საქართველოს დემოკრატიის დანგრევას და რუსეთის სატელიტად გადაქცევას”.

    წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

  • არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს – მეზვრიშვილი სუს-ზე

    არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს – მეზვრიშვილი სუს-ზე

    „სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“,

    ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.

  • იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები – კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

    იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები – კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

    “იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები” – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

    „პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, – განაცხადა კობახიძემ.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში “პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები” ფალსიფიცირებული აუიდო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული.

  • არჩევნების წინ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ –  სუსი

    არჩევნების წინ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ – სუსი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში “პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები” ფალსიფიცირებული აუიდო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული.

    “აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

    ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ  დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება,  ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

    ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები” – აცხადებს სუს-ი.

  • ივანიშვილი ლაპარაკობს როგორ ებრძვის კორუფციას, კალაძე უკრავს ტაშს, სამარცხვინოა – გახარია

    მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა არჩევნების მიზნებისთვის სცენიდან ბევრი რამე თქვან, ამას ვერავინ აუკრძალავს. შენ უნდა იარო ყველა მუნიციპალიტეტში და ჩვეულებრივად იმათხოვრო ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რაც იმ ადამინებს ახსოვთ. როგორ შეიძლება დღეს ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდით კახა კალაძე უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. […] მე კორუფციას ვებრძოდი ყოველთვის, ყოველდღიურად, მათ შორის, კალაძის შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევებშიც. დღეს კორუფცია ინსტრუმენტი გახდა ძალაუფლების შენარჩუნების.

    თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ

  • ჩვენი პროგრამა იმდენად შთამბეჭდავია, მტრებს თვალებს უბრმავებს – ივანიშვილი

    ჩვენი ქვეყნის პრემიერმა 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს, რეალისტური გეგმები.

    თქვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.