მოგეხსნებათ, რომ ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა. რადგან მხარეა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი.
უფრო მეტიც, მინდა შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ. ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო, თუმცა თავისთავად ეს მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას.
Category: სლაიდერი
-

ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი – კობახიძე
-

არ აქვს არავითარი ფაქტი, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას! – კობახიძე ზურაბიშვილზე
“გამოძიება წარიმართება და თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ხედავთ, რომ საჯაროდ მათ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა. თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით.
[…] კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, წარადგინოს მტკიცებულებები პროკურატურაში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. სალომე ზურაბიშვილი, მართალია, სულით და გულისთ არის ენჯეოშნიკი, თუ ენჯეოშნიცა, მაგრამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. […] მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს არავითარი ფაქტი, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას”
აცხადებს პერემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
-

ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი – კალაძე
ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ვერც იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა.
ამას აფასებს ეუთო/ოდირი.
ჩვენ მოვისმინეთ ამ ორგანიზაციის შუალედური დასკვნა, რომელიც იყო საოცრება. ასეთი დასკვნა მე არ მახსოვს არჩევნებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ.
პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი.
რაც შეეხება იმ განცხადებებს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი, რათა კითხვის ნიშანი არ დარჩეს ვინმეს.
ამასთან დაკავშირებით, წინა დღეებში მეც ვისაუბრე და პრემიერმაც გააკეთა განცხადება.
ვისაც სურვილი აქვს, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადათვალონ, დათვალონ ყველაფერი. წინა, 2020 წლის არჩევნებზეც ასეთი დამოკიდებულება გვქონდა იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე.
ახლაც, რამდენი უბანიც უნდათ, გახსნან, გადათვალონ და ნახონ.
-
როცა ინსტიტუტები მიტაცებულია, ქუჩა ერთადერთია, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება – გვარამია
ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია.
ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც.
ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა – თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს.
ქუჩა არ უდრის ძალადობას. ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ.
ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა – ყველას ვალდებულება.
წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.
-

გავხსნათ სიები, ხელახლა გადავთვალოთ და ვაი იმას, ვინც მტყუანი აღმოჩნდება – მდინარაძე
რაც უნდათ, როგორც უნდათ, გინდაც გამოძიების ფარგლებში, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამას არ ვამბობ შემთხვევით, სიები […] გავხსნათ, ჩავიდეთ ბოლო, ყველაზე პატარა უბნამდე, გნებავთ, შემობრძანდით, კომისია გავაკეთოთ და ერთად ჩავიდეთ ყველა პატარა უბნამდე, ყველაფერი გავხსნათ, თუკი სადმე დეტალში შეიძლება შევძვრეთ, დავიდოთ წინ მასალები და ჩავყვეთ ბოლო ამომრჩევლამდე, რა თქმა უნდა, კანონების და პერსონალური ინფორმაციის დაცვით და მერე ვინ აღმოჩნდება მტყუანი და მართალი, აგონ პასუხი თავიანთ ყველა სიტყვაზე.
[…] კომისია გავაკეთოთ და თუ გინდათ წლები დავხარჯოთ ამაზე. […] სიაც გავხსნათ, უბნებიც გავხსნათ, ხელახლა გადავთვალოთ, ვნახოთ, გამოვკითხოთ, დავკითხოთ კომისიაში, თუ გნებავთ პროკურატურაში მიბრძანდით და […] ვაი იმას, ვინ მტყუანი აღმოჩნდება, საერთოდ დასამარდება, როგორც პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი.
-
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პრეზიდენტი პროკურატურაში დაიბარეს
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა – ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.
გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.” – ნათქვამია განცხადებაში.
-
“არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას” – ჰელსინკის კომისია
მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ასევე, ის ხაზს უსვამს არჩევნებში ჩარევისა და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მცდელობებს რუსეთის მხრიდან.
რამდენადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, გამონახონ გზა საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია”
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია წერს და X-ზე განცხადებას აქვეყნებს.
-
ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ
პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლებს, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევთ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული. ნონიაშვილის თქმით, რამდენადმესაათიანი მოკვლევის მიუხედავად, ბანკებმა მათ პასუხი ვერ გასცეს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეიზღუდა ბარათებს და ანგარიშებზე წვდომა.
“ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფო გელავამ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთო ბუზიაშვილსაც იგივე პრობლემა აქვს. გუშინდელი საღამოდან “თიბისისთან” და “საქართველოს ბანკთან” ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. “ვარკვევთ” “არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”… თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ.
“თიბისის” ფილიალის მენეჯერი როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ… დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე. ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით. გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. )) ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.
თუ “თიბისი” და “საქართველოს ბანკი” ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ “ბესპრედელის” გამო (ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ”, – წერს ნონიაშვილი.
-
პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში! – სენატორი შაჰინი სახდეპს საქართველოში არჩევნების გამოძიებისკენ მოუწოდებს
„ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, მოვუწოდებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დადგინდეს, იქონია თუ არა რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში”,
აცხადებს ამის შესახებ, ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი.
-
საქართველოში მძიმე ვითარების გამო კომიტეტს დღეს სასწრაფოდ შეკრება ვთხოვე – ბორელი
“პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.” – ამის შესახებ ნათქვამია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
“საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.
პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.
საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან”- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.