Category: სლაიდერი

  • თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

    პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორმა დასაქმებულებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. ამის შესახებ, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე თანამშრომლებმა – სალომე ნატროშვილმა, ნინი ლეჟავამ და მარიამ ჩაჩუამ განაცხადეს. მათი თქმით, ეკატერინე ქარდავამ მიზეზად მათი საჯარო აქტიურობა დაასახელა.

    “დღეს, 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.

    ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას. ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად.

    პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს”, – თქვა ნინი ლეჟავამ.

  • ანტი-ამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი აღნიშნავს ტრამპის ინაუგურაციას – უილსონი

    ანტი-ამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი აღნიშნავს ტრამპის ინაუგურაციას – უილსონი

    “მსოფლიოს მასშტაბით ხალხი, მათ შორის, ანტი-ამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი, აღნიშნავენ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და სიტყვების ნაცვლად ქმედებების საგარეო პოლიტიკის დაბრუნებას აღნიშნავენ”

    წერს ამის შესახებ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი  X-ზე.

  • სააპელაციომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.

    მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი  აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 14 იანვარს რაბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

    საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ  იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს. დგებუაძის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად ლოყისა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი.

    საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

  • ინაუგურაციაზე წარმოვადგენდი საქართველოს; ხვალიდან საქმიანი შეხვედრები დაიწყება – სალომე ზურაბიშვილი

    “ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი.

    პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება.”

    განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება.

  • “დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა პოლიტიკური არასტაბილურობა.. თავად იქცა ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული” – ჯავახიშვილი

    “20 იანვარიც გადაგორდა. ტრამპი პრეზიდენტია. ახლა რა? ტრამპში კონცენტრირებული იმედები უკვე გამართლდა? მშვიდობა და დემოკრატია იქნება მისი დაცვის ობიექტი ყველგან. ჯერ კიდევ ბევრს შევიტყობთ. დასკვნების გამოტანა ადრეა.

    ტრამპს ასევე აუცილებლად ეცოდინება, რომ იმ შორეულ ჯორჯიაში, აშშ-ის ელჩი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი ქვეყნის ქმედებები წითელ ხაზებს უახლოვდება და ასე თუ გაგრძელდა, მოგვიწევს შესაბამისი ზომები მივიღოთო. ჩვენს ძლივს და დიდი შრომით გაერთგულებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დეფიციტი კი არა, ნამდვილი კრახი მსგავსმა რიტორიკამ მოგვიტანა შედეგად.

    კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთთან მიმართებაში ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ შემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო და ვფიქრობ, მომავალ მთავრობებსაც მოუწევთ ამ გეოგრაფიული და გლობალური გეოპოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრონ მოქმედების სტრატეგია.

    მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან (რომელთა მიმართ წლების განმავლობაში უამრავი სამადლობელი გვაქვს დაგროვილი) რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რომ დასავლეთმა თავადვე თქვას ჩვენზე უარი, რომ იზოლაციაში დარჩენილებს, სახელმწიფოს დაღუპვის პირას მისულებს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობა დაგვრჩეს და თავის გასასამართლებლად ვთქვათ: მე დასავლეთში ინტეგრაცია მინდოდა, თქვენ კი ხელი მკარით და აი, ახია თქვენზე თუ დამკარგეთო.

    მგონი აღარავინ ტყუვდება იმ საკენკით, რომ თითქოს საქართველოს არავინ სჭირდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი, თავადვე მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ეს ასე, სამწუხაროდ ვერ იქნება და უკვე დროა, დამღუპველ ილუზიებს დავანებოთ თავი.

    შესაბამისად ეს რიტორიკა დღეს არა ქვეყნის, არამედ საქართველოში პოლიტიკის შემქმნელ-გამტარებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო ყველა ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი ერთგული ჯარისკაცივით ასრულებს მის მითითებას. უფრო მეტიც, უფროსს რომ ასიამოვნოს მცდელობას არ აკლებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ უკვე გაფუჭებულ ურთიერთობებს.

    დღეს, ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა არაა და ერთადერთი რაზეც ახერხებენ ძალაუფლების განხორციელებას რეპრესიული პოლიტიკაა.

    პოლიტიკური ძალაუფლების მიერ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვანების, ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიურ წევრთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები უკიდურესად მავნე შედეგებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიისთვის.

    ძალიან მაღელვებს ეს მდგომარეობა, უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძალიან, ძალიან საშიშია:

    1. ზოგადად, ყველა საზოგადოებაში მსახიობები, ხელოვანი ხალხი, ჟურნალისტები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვაში, ხშირად აპროტესტებენ უსამართლობას. მათი გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვა ნიშნავს საზოგადოებაში შიშისა დამკვიდრებას. დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებითი საყრდენია და მისი ეროზია გაანადგურებს ამ თავისუფლებას და ჩაახშობს განსხვავებულ ხმას, შემცირდება კრეატიულობა და ხელოვნება თანდათან გახდება კონფორმისტული. იგი გაუფასურდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ : პირადად მე, ჩემი ქვეყნის დემოკრატიისთვის მირჩევნია ხელოვანებიცა და ჟურნალისტებიც ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ.

    2. როდესაც ხელისუფლება ვერ ეგუება თავისუფალ კრიტიკას და აკავებს, აპატიმრებს, ემუქრება ხელოვანებს, ჟურნალისტებს (ანუ მათ, ვისთვისაც თავისუფლება არსებობის და შემოქმედების მთავარი წყარო-ჟანგბადია) თავისთავად იქმნება ცენზურა და სტიგმატიზაცია, რაც არა მხოლოდ რეპრესირებულ ხელოვანებზე, არამედ სხვა მოქალაქეებზეც მოქმედებს, აშინებს, აჩიავებს და აბეჩავებს მათ. შესაბამისად, როგორც ავადსახსენებელ წარსულში ხდებოდა გადარჩენის შიშის, უნდობლობისა და დენონსაციის ატმოსფეროში ადამიანებს აღარ სურთ ღიად ისაუბრონ მგრძნობიარე პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე. ამას აშკარად ვგრძნობ უკვე ყოველდღიურ ურთიერთობაში მეგობრებსა და ნათესავებში. ეს პარალელები რომ ჩნდება უკვე ცუდადაა საქმე.

    3. დიახ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. წიგნიერი, კულტურული, საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ხალხია, მათი ხმების ჩახშობით, პოლიტიკური ძალა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობას კი აშინებს და ზღუდავს უსამართლობის წინააღმდეგ მობილიზებას დაგროვილი სათქმელის ან წუხილის გამოსახატად. პროტესტისადმი სოლიდარობის გამო განადგურებით ემუქრებიან ბიზნეს კომპანიებს, აზიანებენ მათ რეპუტაციას, გზის გადაკეტვისთვის აკავებენ, აპატიმრებენ სტუდენტებს. კარგით რა. არ გინახავთ ერთი ბატონი სამძიმარზე ან იუბილეზე რომ მიდის რა ხდება ? კანონებიც გავაპლასტელინეთ.

    4. ქვეყანა უკვე იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაიგნორების (ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობაც ევროპული ინტეგრაციის გამო უჭერდა მხარს ოცნებას) გამო. დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის რეპუტაციას და შეზღუდა მისი დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები, რასაც სულ მალე, აუცილებლად მოჰყვება მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ნამდვილად მოჰყვება და მერე ერთმანეთზე გადაბრალება ვეღარ უშველის საქმეს. მოსახლეობა სრულად დაკარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას და მღელვარება გახდება საყოველთაო.

    განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს.

    5. ბატონ ბიძინას, რომელსაც ვერ დავუკარგავთ გამჭრიახობის უნარს, დარწმუნებული ვარ კარგად ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე რისკები ქვეყნისა და მისი საკუთარი მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული”,

    საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასა და საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

     

  • რეალობისგან ახლა გაქცევა ნიშნავს მერე ქვეყნიდან გაქცევას ან მონობასთან შეგუებას – ყაველაშვილი

    აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინაუგურაციას ვულოცავ. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შევძლებთ. წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.

    წერს Facebook-ზე ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.

  • პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული.. ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება – ტრამპი

    პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული.. ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება – ტრამპი

    პრეზიდენტ პუტინს უნდა დაველაპარაკო, გავიგებთ. გულანთებული ვერ იქნება, კარგად არ აქვს საქმე. ის ნელა და დამღლელად ომობს, მაგრამ ადამიანებს მეტწილად ეგონათ, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა და ახლა მესამე წელია. შეუძლებელია, აღფრთოვანებული იყოს, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მანქანაა და რაღაცები მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაამთავრებს.

    ჩვენი რიცხვებით, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული, დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება.

    ასე უპასუხა აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენი ხანი დასჭირდება უკრაინაში ომის დამთავრებას.

  • აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ღია ვართ – პუტინი

    აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ღია ვართ – პუტინი

    „გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ. […] აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე  რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

  • “ტყუილია, რომ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებ” – იოსელიანი

    “ეს ბრალდება არ არის, ეს არის მოგონილი ტყუილი, რომ არ შევაფასე, რომ ამ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ჩემს ფუნქციას არ ვასრულებ. ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე”,

    აცხადებს ამის შესახებ,  სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

  • თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება – ცესკო

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

    “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

    ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

    ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

    ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

    ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

    პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

    განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

    დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.