Category: სლაიდერი

  • რეჟიმის პატიმარი ვეფხია კასრაძე კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს

    პარტია “ლელოს” წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს – ინფორმაცია მისმა  ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დაადასტურა.

    როგორც ცნობილია, ვეფხია კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე დღეს დააბრუნეს საკანში. კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

    პროევროპული აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • შესაძლოა, დიპ.ფოსტა გამოიყენება შავი ფულის გადასატანადაც – ”საქართველოსთვის” უტა ივანიშვილზე

    ”შესაძლოა, დიპ.ფოსტა გამოიყენება შავი ფულის გადასატანადაც ”- იაპონიაში საქართველოს ელჩისა და ოლიგარქის შვილის უტა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, იაპონიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტია გახარია საქართველოსთვის ესმაურება.

    “ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.   ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

  • “კოჭო”, “კარატე”, “ბუძგა”…- შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 26 პირი დავაკა

    “კოჭო”, “კარატე”, “ბუძგა”…- შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 26 პირი დავაკა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 “კანონიერი ქურდია“.

    „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: – წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1967 წელს დაბადებული მ.პ. (მეტსახელად „პაჭო“), 1987 წელს დაბადებული ზ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.კ. (მეტსახელად „მესტო“), 1980 წელს დაბადებული ვ.ბ. (მეტსახელად „კოჭო“), ხოლო, ერთ პირს – 1985 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

    „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” ფაქტზე დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული მ.გ. მეტსახელად „კარატე“, 1985 წელს დაბადებული გ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ბ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.უ. მეტსახელად „ბუძგა“, ასევე, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1968 წელს დაბადებული გ.ა. მეტსახელად „ტეკია“, 1967 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული ა.კ., 2001 წელს დაბადებული ს.ბ., 1963 წელს დაბადებული გ.გ., 1974 წელს დაბადებული მ.მ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ბ.

    „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ს.გ., 1995 წელს დაბადებული მ.ქ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1974 წელს დაბადებული ს.ქ., 1980 წელს დაბადებული კ.ჩ., 1997 წელს დაბადებული ი.ბ. და 1989 წელს დაბადებული რ.გ.

    „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1985 წელს დაბადებული ს.ს., 1978 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1986 წელს დაბადებული შ.ვ.

    “ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ ფაქტზე დაკავებულია: წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ქ.დ.

    „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ: 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს, 1987 წელს დაბადებულ კაკო ტუღუშს მეტსახელად „ენცო“ და 1976 წელს დაბადებულ მამუკა ჩხაბერიძეს მეტსახელად „მამუკა ხონსკი“.

    დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული “ქურდული სამყაროს” წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

    გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.

    პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.

    „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად – თამარ კორძაია

    “მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი.

    ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად”,

    წერს ამის შესახებ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, თამარ კორძაია.

  • ერთპარტიულმა პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში რეპრესიული ცვლილებები მიიღო

    “ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამივე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით,  ორი პლენარული სხდომის განმავლობაში განიხილეს და დაამტკიცეს.

    მიღებული კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ძალაში შევა.

    სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება.

    შეკრებისა და მანიფესტაციის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები განახორციელოს.

    რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები.

    იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

    15 – დღიდან 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

    წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა – გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.

    ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 2 000 ლარი ჯარიმისა ან 5 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას ისევ 2 000 ლარის ოდენობით ან 20 დღემდე პატიმრობას.

    ცვლილების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

    გარდა ამისა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

    ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

    პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით.

  • უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

    „ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – წერს  ნადირაძე სოციალურ ქსელში.

     

  • უკრაინამ ფრანგულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ნიდერლანდებისგან F-16-ებიც მიიღო

    უკრაინამ დღეს, ფრანგულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც მიიღო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი  რუსემ უმეროვი ავრცელებს და აცხადებს, რომ თვითმფრინავები მალე შეასრულებენ საბრძოლო მისიებს.

    “ეს თვითმფრინავები, ფრანგულ Mirage-ის გამანადგურებლებთან ერთად, მალე საბრძოლო მისიებს შეასრულებენ და ჩვენს თავდაცვას გააძლიერებენ” – დაწერა უმეროვმა Facebook-ზე.

    უმეროვის თქმით, ნიდერლანდები უკრაინელი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას გააგრძელებს.

    პირველი ავიაგამანადგურებლები უკრაინას 2024 წლის აგვისტოში მიეწოდა.

    ამასთანავე, ცოტა ხნის წინ უკრაინამ საფრანგეთისგან Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია  მიიღო.  

    „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“ – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნიუ.

    უკრაინელი მფრინავებმა, რამდენიმეთვიანი წვრთნა,  საფრანგეთში გაიარეს.

    უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი: „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.Mirage-ი ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი. განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 – 5F-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო, შეუძლია ატაროს და ფრთოსანი რაკეტები – SCALP-EG და Storm Shadow.

    2024 წლის 6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000-ებს მიაწოდებდა.

     

  • უკრაინამ საფრანგეთისგან ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო

    უკრაინამ საფრანგეთისგან Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია  მიიღო. 

    ავიაგამანადგურებლების რაოდენობას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს.

    „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“ – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნიუ.

    უკრაინელი მფრინავებმა, რამდენიმეთვიანი წვრთნა,  საფრანგეთში გაიარეს.

    უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი: „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.Mirage-ი ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი.

    განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 – 5F-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო, შეუძლია ატაროს და ფრთოსანი რაკეტები – SCALP-EG და Storm Shadow.

    2024 წლის 6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000-ებს მიაწოდებდა.

  • თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? – შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია! – ოქრიაშვილი

    თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? – შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია! – ოქრიაშვილი

    “ოცნებას”: თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? – შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!

    გუშინ დასრულდა ჩემი 21-წლიანი დეპუტატობა. პარლამენტში პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ასეთივე დამოუკიდებელი დავრჩი ბოლომდე და ვარ ახლაც.

    სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა მიმართაც მქონდა აზრთა ყველაზე დიდი თანხვედრა იმ პერიოდში. შეიძლება ამიტომაც ბევრს არ ვუყვარდი, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ქართულ ოცნებაში“, რაც დიდად არ მადარდებდა და არც მადარდებს.

    ახლა აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებს – ისინი ქაოტურ მოძრაობებს აკეთებენ, რაღაცას მიედ-მოედებიან. ამბობენ, ამერიკული „ფარას“ მსგავსი აქტი უნდა მივიღოთო და საინტერესოა, ე.წ. რუსულ კანონს უნდა დაამატონ, თუ მის ნაცვლად გადმოიტანონ. საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველა ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვართ ამერიკა? მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ჯარი გვყავს, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ვართ, ამერიკულ კანონის რომ ვიღებთ?! აი, ამ ამერიკას ჩინეთიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული, ყველა ანგარიშს უწევს, შეურაცხყოფას არავინ აყენებს, ცდილობს, არ დაუპირისპირდეს და თქვენ კი, კონგრესმენებს და სენატორებს „ჩათლ… ბს“, იაფფასიანებს ეძახით?! ცნობილი კლასიკოსის სიტყვებია, გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა შედეგების გათვალისწინების გარეშე, შიზოფრენიის პირველი სიმპტომია. ჰოდა, მეგობრებო, კოლექტიური შიზოფრენია ხომ არ გჭირთ?! კარგი, დავუშვათ თქვენ გჭირთ და საქართველოს რას ერჩით – თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა?

    მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას – დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, რომ იქნებ, დარჩნენ პოლიტიკურ სივრცეში და ისე არ გაქრნენ, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“. რაც ცუდი და პრობლემატური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ასეთივე და უარესია ახლაც – არც მაშინ იყო და არც ახლაა კონკურენცია და ბალანსი პოლიტიკურ ველზე. კონკურენციის გარეშე კი არ არსებობს განვითარება.

    ზუსტადაც, არ ყოფილა პოლიტიკური კონკურენცია 2004-დან 2012 წლამდე, რადგან ხელისუფლება მოვიდა რევოლუციურ ტალღაზე და იგივე მოხდა 2012 წელსაც, რადგან „ოცნებაც“ მოვიდა თითქმის რევოლუციურ ტალღაზე. ახლა “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა შეზღუდოს, დააჩაჩანაკოს, ციხე-ციხე ათრიოს, ფინანსურად გაანადგუროს პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და საერთოდ, ყველაფერი ოპოზიციური, მათ შორის, უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები.

    მე უწყვეტი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და ზუსტად ვიცი, რა განწყობებია ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში – ის ხალხიც კი, ვისაც თავში აზრად არასდროს მოსვლია გინება, დღეს “ოცნებას” ღიად აგინებს. ასე რომ, შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!”

    აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი.

  • შეეშვას სახელმწიფოს შანტაჟს – ზარქუა მზია ამაღლობელზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს

    რაც შეეხება ქალბატონ ამაღლობელს – სახელმწიფოს უფლებამოსილებაა, რომ ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს, სამედიცინო სერვისი, მათ შორის, ბრალდებულს. დანარჩენი, იშიმშილებს თუ არა, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში ვეუბნებოდით, რომ მისი მოვალეობაა, მისი ფუნქციაა, მისი გადაწყვეტილებაა, როგორ გააპროტესტებს, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მას შეუქმნას ის პირობები, როგორც დანარჩენ მსჯავრდებულებს, ეს არის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, თუ დასჭირდებათ და ამას ასრულებს სახელმწიფო და დანარჩენი, მისი არჩევანია.სააკაშვილსაც ვეუბნებოდით, რომ შეეშვას შანტაჟს თავისი ახლობლების, მეგობრების და სახელმწიფოს. თავიდან ვერ გაიაზრა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ შემდეგ უკვე მოვიდა და აგერ, მშვენივრად გამოიყურება, ერთვება კიდევაც და ამბებშია. როგორც სააკაშვილს არ გაუვიდა ეს შანტაჟი, არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი. ჩვენი მოვალეობა კარგად ვიცით, ხოლო მათი არჩევანიც, ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ყველას თავისი არჩევანი აქვს.

    თქვა ირაკლი ზარქუამ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელზე მზია ამაღლობელზე საუბრისას, რომელიც უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.