Category: სლაიდერი

  • „შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” –  დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს

    „შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” – დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს

    „შსს-ს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შსს-ს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“

    აცხადებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე რომელიც  სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე კობა ჩაგუნავამ  500 ლარით დააჯარიმა.

  • რაც ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია – ლავროვი

    რაც ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია – ლავროვი

    „რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგადად, დამაიმედებელია. თეთრი სახლის მეპატრონემ აღიარა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და მასში უკრაინის ჩაბმის მცდელობა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამედროვე სამყაროს მრავალპოლარულობაზე და ყველა სახელმწიფოს – როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. გაეროში ამერიკელმა დიპლომატებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთთან და ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს გენერალური ასამბლეის ოდიოზურ რეზოლუციას, რომელიც კიევმა და მისმა ევროკავშირელმა მფარველებმა წარადგინეს.[…] ჩვენ ვაფასებთ მათ, მაგრამ ვიმეორებ: ამის საფუძველზე რაიმე ღრმა დასკვნების გაკეთება ნაადრევია“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • გვაქვს ეჭვი, რომ გდდ კაპტაგონის ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ ჰყავთ – ხაბეიშვილი

    გვაქვს ეჭვი, რომ კაპტაგონის ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ ჰყავს გდდ, ეს ბანდფორმირებები და მარბიელი რაზმები. ეს ადამიანები იტაცებენ ხალხს, აწამებენ, 5 ათას ლარიან ჯარიმებს უწერენ. გოგონები ვინ სცემეს, იმათ 3 ათას ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, ხოლო ვინც აქციებზე დადის, იმათ 5 ათასიანს. ესენი არიან ძალმომრეობაზე, გადატეხვაზე, მერე ციხეში ყრიან ამ ადამიანებს, აბსოლუტურად ყოველგვარი კანონის გარეშე. ჩვენ რა დაგვრჩა, ძალით უნდა მოვერიოთ და ეს იცით, როდის მოხდება? 100 ათასივე კაცი, ფიზიკურად რომ დავიცავთ ერთმანეთს. ძალას დაუპირისპირებ ძალას და მაშინ დაამარცხებ “,

    ამის შესახებ  “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა “დღის ამბებში“ განაცხადა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    თბილისში 11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,+25 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა! – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

    თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ სტუდენტების იმ ნაწილს, რომლებიც პროტესტის მონაწილეები არიან, ადმინისტრაციამ, სტატუსი შეუწყვიტა.  მოძრაობა სოციალურ ქსელში მეილით გაგზავნილ შეტყობინებას  აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ განიხილა “ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი” და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.

    ”დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • ”რეჟიმის მმართველობა გახდება გაცილებით რეპრესიული… ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი” – ჯაფარიძე

    რადგან

    ერთი ნაწილი უბრალოდ ელოდება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები რატომღაც თავისით ჩაინიშნება

    მეორე ნაწილმა, რომელიც “დუხზე” მხოლოდ მაშინაა როცა რუსთაველზე ბევრ ხალხს ხედავს, და ეგრევე ისვრის როგორც კი ხალხის რაოდენობა იკლებს, უკვე ჩაიქნია ხელი და საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად, უკვე დაიწყო სახლიდან ჭკუის სწავლება როგორ უნდა დავუთმოთ ბიძინას ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანაცვლოდ რამე გამოვტყუოთ, რადგან მეტის ძალა არ გვაქვს (ოღონდ გაუგებარია საერთოდ რატომ დათმობენ რუსები რამეს. თან 2020-ის მერე ვნახეთ ეს სცენარი უკვე, და შედეგსაც ვხედავთ)

    მესამე ნაწილი, რომელიც არასოდეს იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მხოლოდ სხვების ჯმით არის დაკავებული, ახლაც იგივეს აგრძელებს

    დავწერ ჩემი აზრით რა გველოდება და რა არის სინამდვილეში გასაკეთებელი. მოგების გარანტია არ არსებობს და არც არსად არასოდეს არსებულა ასეთ ბრძოლებში. მაგრამ ჩასვრას, “ბ*ზ პროფესორობას” და მუდმივად სხვებისკენ ხელის შვერას ამის კეთება სჯობს. მოგების შანსებს მაინც გავზრდით.

    ეს ყველაფერი არის გარდაუვალი (ვისაც კიდევ ილუზიები დაგრჩათ და პოზიტიურ სცენარებს ელოდებით, შეგიძლიათ კითხვა აღარ გააგრძელოთ):

    – რუსული რეჟიმის მმართველობა დროთა განმავლობაში გახდება გაცილებით რეპრესიული (როგორც რეგულაციების მხრივ, ისე ფიზიკური ძალადობის მხრივ)

    – დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში გახდება სულ უფრო პრობლემური და რაღაც მომენტში – შეუძლებელი (ისე დაგიჭერენ, გცემენ, მოგკლავენ – ინფორმაციის გამგები და ხმის ამომღები არავინ იქნება)

    – კრიტიკული მედიის, საწყის ეტაპზე სატელევიზიო, ხოლო შემდეგ ონლაინ მედიის საქმიანობა მაქსიმალურად შეიზღუდება

    – ეფექტური ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეჟიმის მმართველობას, გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი (საფრთხეს თუ არ შეუქმნი, ილაპარაკე რამდენიც გინდა. არც არავინ შეგეხება, როგორც არ ეხებიან უკვე არსებულ ოპოზიციონერად პოზიციონირებად პარტიას თუ პოლიტ ლიდერს)

    – მაქსიმალურად მკაცრი რეგულირების ქვეშ მოექცევა გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის ქუჩის პროტესტის ყველა ფორმა (აი, ხომ გგონიათ რომ მეტი რაღა უნდა ქნან? შორია ჯერ ფსკერამდე)

    – საბიუჯეტო და ნახევრად საბიუჯეტო ორგანიზაციები, სახელმწიფო კომპანიები, ისევე როგორც ბიზნესები, რომელთა საქმიანობაც დამოკიდებულია ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე და/ან საქმიანობისთვის ლიცენზიის აღებაზე, სრულად გაიწმინდება კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან (რეჟიმისადმი კრიტიკულად განწოყობილი ადამიანისთვის, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას, ამ ქვეყანაში არსებობა, შემოსავლის პოვნა, იქნება შეუძლებელი)

    – საქართველო დაკარგავს თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან

    – საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონის ქვეყნებთან

    – საქართველოს საბანკო სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ გახდება ბელარუსული საბანკო სისტემის მსგავსი – მიბმული რუსულ საბანკო სისტემაზე და პრაქტიკულად ჩახსნილი SWIFT-იდან (მცირე გამონაკლისებით ან საერთოდ გამონაკლისების გარეშე)

    – დასავლური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ისევე როგორც ცალკეული ქვეყნები, შეაჩერებენ საქართველოს დახმარებას გრანტებით და დაბალპროცენტიანი სესხებით (ეს დაწყებულია უკვე)

    – ქვეყნის ეკონომიკის და, შესაბამისად, მოქალაქეების მეტი წილი გახდება დამოკიდებული რუსეთსა და დსთ-ს ბაზარზე (2012 წლის მერე ისედაც ხდება ეს)

    – რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ნაწილი დაიწყებს ქვეყნის დატოვებას (ესეც დაწყებულია უკვე)

    საბოლოო ჯამში, დროის გასვლასთან ერთად ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი. სულ უფრო ნაკლები! დრო ჩვენზე არ მუშაობს. ეს გზა გავლილი აქვთ სხვებს. უბრალოდ წაკითხვა, გააზრება და სიმართლისთვის თვალებში ჩახედვაა საჭირო (და არა საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად, სხვების გინება და უტოპიური გრძელვადიანი სცენარების ხატვა).

    ეს არ ნიშნავს რომ საქართველო გადაშენდება. მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს რომ ამ, დღეს მიმდინარე ბრძოლას ვაგებთ რუსეთთან და მერე უკან შემოტრიალება დაგვიჯდება ბევრად ძვირი.

    რა შეიძლება გავაკეთოთ (აქვე: აქედან (და ამის მიღმაც) რაღაცებს ვაკეთებთ. რაღაცებს კარგად. რაღაცებს ქაოსურად. რაღაცებს საერთოდ ვერ/არ ვაკეთებთ):

    1. უნდა დავიწყოთ იმის გააზრებით (ოღონდ მართლა გააზრებით. ისე არა, როცა გვცემენ რომ გვახსოვს და მეორე დღეს გვკიდია) რომ რუსეთთან ომში ვართ ჰიბრიდულში, ისეთში, ასეთში, მნიშვნელობა არ აქვს. ომია

    2. ომში ყველა დავზარალდებით. მე ისევ ისე ვიქნები, სხვებმა ირბინონ ქუჩაში, სხვები დაჯარიმდნენ, სხვები დაიჭირონ, სხვები სცემონ, სხვები შეაშინონ, აი მე გავაგრძელებ ისევ ისე ცხოვრებას, არ გამოვა. არც მორალურია

    3. რეჟიმი არსებობს ჩვენს ხარჯზე – ჩვენ ვიხდით გადასახადებს, რომლითაც რეჟიმი ინახავს მსახურებს, 100-ლარიანი ტიტუშკით დაწყებული, მურუსიძით დამთავრებული

    4. რეჟიმს ჩვენს შორის საუკეთესოები ჰყავს ციხეში. ათობით. პატიმრობის წლები ელოდებათ თუ ახლა ვმარცხდებით

    5. ჩვენ ვართ დიდი უმრავლესობა! დაბნეული, დაფანტული, ერთმანეთზე გადაკიდებული, მაგრამ ჯამში მაინც უმრავლესობა. დიდი უმრავლესობა. ჯერ კიდევ

    რუსული რეჟიმი დგას სამ ძირითად საყრდენზე:

    1. ფული (რომლითაც ფინანსდება ყველაფერი, ელიტის შენახვიდან დაწყებული, ჩვენი ცემით დამთავრებული)

    2. ელიტა (პოლიტიკოსები, მოსამართლეები, პროკურორები, “ბიზნესმენები”, პოლიციელები, პროპაგანდისტები, საარჩევნო ადმინისტრაცია, ადგილობრივი ფეოდალები და სხვა)

    3. მხარდამჭერები

    რეჟიმთან ბრძოლა ნიშნავს ამ საყრდენებზე შეტევას, ამ საყრდენების მოშლის მცდელობას

    და ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი ახლა (!) და ერთიანად (!), მანამ სანამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ბრძოლის რესურსი (რადგან დრო ჩვენზე არ მუშაობს):

    1. რა შეიძლება ვუქნათ ფულს:

    – უნდა შეწყდეს ყველანაირი საერთაშორისო დახმარებები და გარე სესხები (მანამ სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი). პირდაპირი დახმარებების ნაწილი უკვე შეწყვიტა რამდენიმე ქვეყანამ, მაგრამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ინერციით აგრძელებენ ფულის მოცემას. ეს დახმარებები და იაფი სესხები მაინც შეწყდება, ოღონდ მერე უკვე გვიანი იქნება. ახლაა გასაკეთებელი

    – საჭიროა სექტორული ეკონომიკიური სანქციები (მანამ სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი). ის რომ ვიღაც “რიჟას” ექსპორტზე გააქვს აქედან მადნეული და მაგ გზით იღებენ ასობით მილიონს, უნდა შეწყდეს

    – ქართუ ბანკი უნდა ჩაიხსნას ყველაფრიდან (SWIFT, Visa, MasterCard) (მანამ სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი)

    – უნდა შეჩერდეს (არა გაუქმდეს) თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან (მანამ სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი)

    კიდევ შეიძლება რაღაცების მოფიქრება. და ეს ყველაფერი მიღწევადია თუ აქედან ერთი ხმით მოვითხოვთ ამ ყველაფერს.

    2. რა შეიძლება ვუქნათ ელიტას:

    – ყველას ვინაობის დადგენა და გასაჯაროება

    – ერთიანი ბაზის გაკეთება

    – საჯარო გაშავება

    – სრული ბოიკოტი რეჟიმის მსახურ ბიზნესს

    – იმის მიღწევა რომ თითოეულმა მათგანმა და მათმა ოჯახის წევრებმა სამუდამოდ დაკარგონ დასავლეთის ქვეყნებში შესვლის შესაძლებლობა (სამუდამოდ!)

    აქაც შეიძლება კიდევ რაღაცების მოფიქრება. მაგრამ ესაა მინიმუმი, რომელიც ნაწილობრივ კეთდება ახლა (უკეთესი ვერც ვერავინ მოიფიქრა). ესეც მიღწევადია თუ აქეთ იქნება ერთიანობა და უკეთესი კოორდინაცია.

    3. რა შეიძლება ვუქნათ მხარდამჭერებს:

    მე არ მჯერა რომ ადამიანს, რომელმაც ნახა როგორ აწამებს სისტემა ახალგაზრდებს და მაინც რჩება რეჟიმის ერთგულად, რამეს გავაგებინებთ. ვისაც სჯერა, შეუძლია სცადოს.

    ასეთი ადამიანის ქცევა რომ შეიცვალოს, მან რაღაც უნდა იგრძნოს.

    – მისი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს (ფულზე პრობლემები ამას იზამს. ოღონდ ამას ყველა ვიგრძნობთ და ასეც უნდა იყოს)

    – მან უნდა დაკარგოს ის სიკეთეები, რომლითაც ახლა სარგებლობს – შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს (არა გაუაქმდეს) (მანამ სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი) (ამასაც დავკარგავთ ცოტა ხანში, ბელარუსები ვერ დადიან ევროპაში უვიზოდ, ოღონდ მერე გვიან იქნება)

    აქაც შეიძლება კიდევ რაღაცების მოფიქრება. და ესეც მიღწევადია თუ აქეთ იქნება ერთიანობა და უკეთესი კოორდინაცია.

    ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს აქციის და პროტესტის პარალელურად. პროტესტის გარეშე, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი. ყველაზე მნიშვნელოვანი!

    და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ერთიანად

    სანამ ქვეყანაში არის ბრძოლის რესურსი

    წერს კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

  • კაია კალასი: პუტინი „არ არის დაინტერესებული მშვიდობით“ უკრაინაში

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „არ არის დაინტერესებული მშვიდობით“, — განაცხადა შაბათს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

    „რუსული რაკეტები შეუჩერებლად ეცემა უკრაინას, იწვევს სულ უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას. პუტინი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ სურს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა — წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის ყველაზე მაღალ ფასს“, — დაწერა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში.

    7-დან 8 მარტის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს უკრაინულ ქალაქებზე — დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიესა და ხარკოვის ოლქში მდებარე ბოგოდუხოვზე. შედეგად, 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 37 დაიჭრა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

  • გამათავისუფლეს, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ – თბილისის მერიის თანამშრომელი

    “გამათავისულფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 4 შვილის დედა რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. რა უნდა დაწერო ადამიანმა, როცა არაფერი ადამიანური აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. 8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ვიმუშავე 4 სხვადასხვა სერვისცენტრში აღმოჩნდა, რომ შტატი შემიმცირეს. გამაკვირვა თუ არა ამ ფაქტმა. რა თქმა უნდა არა. რატო გამიშვეს?! გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ.  არასდროს ყოფილა სხვისი ჭირი ჩემთვის ჩხირი. გამიშვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის მოთხოვნისთვის. გამიშვეს ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვეს ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის. გამიშვეს იმისთვის რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გადასარჩენად. ვერ მაიძულებ გაჩერებას არ დავიღლები ამ ბრძოლაში. მიყვარხართ, ყველა”

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის თანამშრომელი, მარიამ კანდელაკი წერს.

  • “დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე” – ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და საბაჟო ტარიფების დაწესებას განიხილავს

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ იგი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და საბაჟო ტარიფების დაწესების იდეას.

    „იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად „ანადგურებს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე სერიოზულად განვიხილავ მასშტაბური საბანკო სანქციების, სხვა სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის მიმართ, სანამ არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმება. რუსეთო და უკრაინა, დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის. მადლობა!!!“ — დაწერა ტრამპმა.

     

  • ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა – კვლევა

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა. ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის მეთაურს  უკრაინელების 57% ენდობოდა,  37% – არ ენდობოდა.

    „პრეზიდენტისადმი ნდობა ოდნავ დაბალია აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამ რეგიონშიც კი უმრავლესობა ენდობა ზელენსკის – 60%, ხოლო 36% არ ენდობა. სხვა რეგიონებში (დასავლეთი, ცენტრი, სამხრეთი) მას ენდობა 66-69%, ხოლო 28-30% არ ენდობა“ – წერს Ukrainska Pravda.

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის, აღმასრულებელი დირექტორი ანტონ ხრუშეცკი ამბობს, რომ “პრეზიდენტისადმი ერთიანობისა და ნდობის გაზრდის მთავარი მიზეზი არ არის მასზე თავდასხმები. უკრაინელები აშშ-ის ახალი მთავრობის რიტორიკას აღიქვამენ, როგორც თავდასხმას მთელ უკრაინაზე და ყველა უკრაინელზე”.

    კვლევის ფარგლებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული იქნა 1029 რესპონდენტი. გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის სრულწლოვან (18 წლის და უფროსი ასაკის) მოქალაქეებთან, რომლებიც კვლევის დროს ცხოვრობდნენ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

    „ფორმალურად, ნორმალურ პირობებში, ასეთი ნიმუშის სტატისტიკური ცდომილება (0.95 ალბათობით და 1.3 დიზაინის ეფექტის გათვალისწინებით) არ აღემატებოდა 4.1% 50-თან ახლოს ინდიკატორებისთვის, 3.5% 25-თან ახლოს მაჩვენებლებისთვის, 2.5% 10-თან ახლოს ინდიკატორებისთვის, 1.8% ინდიკატორებისთვის.ომის პირობებში, მითითებული ფორმალური ცდომილების გარდა, ემატება გარკვეული სისტემატური გადახრა. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ მიღებული შედეგები ჯერ კიდევ უაღრესად წარმომადგენლობითია და მოსახლეობის საზოგადოებრივი განწყობის საკმაოდ სანდო ანალიზის საშუალებას იძლევა“, – აცხადებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი.