Category: სლაიდერი

  • ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

    ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც  განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

    „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

    ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.

    ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

    წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

    ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.

    ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.

    გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

    იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა.

    აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

    შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

    იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

  • ქვეყანას ჰყავს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში – ზარქუა

    ქვეყანას ჰყავს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში – ზარქუა

    “ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანა [ურთიერთობები] იმ არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს [ურთიერთობები] და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ,”

    აცხადებს ირაკლი ზარქუა აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

  • კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსეთის დროშის შეურაცხყოფა დაგმო – გავრილოვი

    „მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“,

    ამის შესახებ,  რუს ჟურნალისტებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაუცხადა.

  • ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე – აშშ-ის საელჩო

    “ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა” – აშშ-ს საელჩო პარტია ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

    “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს” – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

  • აქტივისტ ლუკა ნაცვლიშვილს სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ლუკა ნაცვლიშვილს  12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

    ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

    შსს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

  • შეიძლება მომდევნო სხდომიდან მე აქ აღარ მოვიდე – ონისე ცხადაძე

    პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ, რომ ამ სიტუაციაში მაინც ვიხუმრო, გავიცინო, ვიღაც გავამხიარულო – ეს ხდება იმიტომ, რომ ჩემთვის ესაა საუკეთესო თავდაცვის ინსტინქტი ასეთ სიტუაციებში, ასეთ სიტუაციებში ადამიანები არ ვხუმრობთ. მაგრამ ეს უკვე გადაიზარდა თავის მოტყუებაში ჩემთვის.

    ამიტომ ახლა რომ ვთქვა, რომ რაღაცაზე უნდა ვიხუმრო და რამე სასაცილოა ჩემთვის, არ ვაპირებ თავის მოტყუებას და არ მგონია, რომ ისე უნდა მოვიქცე, რომ თითქოს აქ, ბრალდების სკამზე არ ისხდნენ პატარა ბავშვები, რომლებსაც ეკრანებიდან ეტყობათ, რომ უდანაშაულოები არიან. ვერც იმას ვერ მოვატყუებ თავს, რომ აქ სხედან ადამიანები, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები ელოდებიან გარეთ და ისინი ვერ ხვდებიან, რატომ სხედან მათი ნათესავები აქ.

    ვერც იმას ვერ მოვატყუებ თავს, რომ თითქოს აქ არ იჯდეს ადამიანი, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა აქვს გარეთ დატოვებული და ვინ იცის, მისი გამოყენება შეიძლება საკუთარ თავზე მეტად ქვეყანას გამოადგეს.

    ფიზიკურად ვეღარ ვხვდები აქ რა ხდება, მინდოდა რამესთვის მეკითხა, ახალს თუ გვეტყვი რამესთვის. მოვდივართ და რისთვის მოვდივართ ვეღარ ვხვდები.

    შეიძლება მომდევნო სხდომიდან მე აქ აღარ მოვიდე. ერთადერთი რისთვისაც მოვდივარ არის, რომ ადამიანები დავინახო, თუნდაც უცხო, იმიტომ რომ ძალიან მახარებს და გარეთაც ასეთი ადამიანი ვიყავი ყოველთვის მიყვარდა ბევრ ხალხთან ურთიერთობა. მაგრამ ახლა ეს გამოდის, რომ ამითაც თავს ვიტყუებ და რაღაცას ვეგუები, რომ მოვდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას, ჩემს ძმას შევხედო და ამით ვიყო კმაყოფილი.

    […]

    უბრალოდ აზრი არ აქვს ბატონო მოსამართლე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, თქვენ სულ რომ გინდოდეთ ჩვენი გაშვება, ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც ზემოთ იტყვიან. თქვენ რომ მიგაჩნდეთ, რომ ჩვენ მტყუანები ვართ და გინდოდეთ ჩვენი ციხეში გაშვება და ვიღაცამ გითხრათ, რომ არა, არ გაუშვათ, თქვენ მოგიწვეთ ჩვენი გათავისუფლება და პირიქით.

    მე არ მეპარება ეჭვი თქვენს ადამიანობაში, პირიქით, მადლობაც გადამიხდია, მაგრამ სამწუხაროა, რომ სასამართლოზე მოსამართლეს მადლობას ვუხდით მხოლოდ იმის გამო, რომ საუბრის საშუალება მაქვს. ამას მხოლოდ თქვენზე არ ვამბობ, ზოგადად სასამართლოზე ვამბობ. იმიტომ რომ ამის ნათელი მაგალითებია ყველა აღკვეთის ღონისძიება. ადამიანებს უთხრა, რომ მიიმალებიან, როცა არსად წასვლას არ აპირებენ. წავიდნენ ქოცები, მე არსად წასვლას არ ვაპირებ აქედან.

    აბსურდია, The Truman Show-ს რომ ვუყურე, მაგის მერე ყველგან კამერებს ვეძებ, სადმე ჩართული ხო არაა, იმიტომ რომ მოვდივართ და ერთი და იგივე ხდება ყოველდღე, ყოველ სასამართლოზე.

    მეორე მიზეზი ის არის, რომ არ მინდა პროპაგანდისტულმა მედიებმა მოწმის საუბრის ფონზე იქიდან გადამიღონ და ისე გააშუქონ, როგორც თვითონ აწყობთ და უნდათ. მერე ოპერატორი, ან თანამშრომელი, რომელიც ამას იღებს გავიდეს და მეგობრებთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივად, არ მინდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მე აღარ მოვიდე, ამას ადვოკატთან გავივლი რა ჯობია, როგორ ჯობია.

    განაცხადა რეჯიმის პარტიმარმა, ონისე ცხადაძემ სასამართლოზე.

  • ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია.

    “გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი” – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის – გახარია

    “ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ვინც თვლით, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის

    განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ყრილობაზე გიორგი გახარიამ.

  • დასტურია, ივანიშვილი ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით – კუპრაძე ბაჩიაშვილზე

    თუ ოფიციალურად მოხდა ექსტრადაცია ბაჩიაშვილის, რატომ არ გადმოსცეს ოფიციალურად ქართველ სამართალდამცავებს, თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის, მწვანე ზოლში, არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით და ამ მმართველობაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო ქსელები, რომლებთანაც წლების განმავლობაში კრიმინალურად თანამშრომლობს.

    თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თანაინვესტირებს ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით TV პირველთან.

  • უბრალოდ უკულტურობაა – კობახიძე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე

    ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსული დროშის მიმართ განხორციელებულ პერფორმანსსაც შეეხო.

    მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დროშაზეა საუბარი და ეს მხოლოდ და მხოლოდ უკულტურობაა.

    “ჩემთვის საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, ეს არის უბრალოდ უკულტურობა”, – თქვა მან.