Category: მსოფლიო

  • რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

    რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს და აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი და  დაიჭრა ოთხი ადამიანი.

    •  “მტერმა ახლახან დაბომბა ხარკოვის რაიონის სოფელი ტოკარივკა. დაშავდნენ ხარკოვის ობლენერგოს მუშები, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობდნენ. სამწუხაროდ, 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა”, – წერს ოლქის გუბერნატორი. 
  • ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ტელეფონით  ესაუბრა. ამის შესახებ,  ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ  რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს ტელეფონით. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმაც.

    • “მე მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
  • პუტინს რომ ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, მორიგი სიცრუეა – პესკოვი

    “ალბათ გსმენიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის ნაცვლად მუშაობენ, როდესაც ის ბუნკერში ზის, ეს მორიგი დიდი ტყუილია. თქვენ ყველა ხედავთ როგორია ჩვენი პრეზიდენტი, ის ადრეც აქტიური იყო და ახლაც აქტიურია. ადამიანებს, რომლებიც მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვიჭირს დავეწიოთ, მისი ენერგეტიკის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. თქვენ შეგიძლიათ ინატროთ, რომ იყოთ ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც ის არის. რა თქმა უნდა, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა”.

    ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ახალგაზრდული ფორუმის მარათონზე გამოსვლისას ისაუბრა.

  • უკრაინა მოსკოვზე მასობრივ დარტყმებს გეგმავდა – The Washington Post

    გამოცემა The Washington Post – ი პენტაგონის „გაჟონილ“ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინა გეგმავდა მასობრივ დარტყმებს მოსკოვზე, რუსეთის შემოჭრის წლისთავზე, მაგრამ შეერთებული შტატების თხოვნით, ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

    გამოცემა, პენტაგონის „გაჟონილ“ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერს, რომ ბუდანოვმა თავის ერთ-ერთ ოფიცერს დაავალა „24 თებერვალს მასობრივი დარტყმებისთვის მომზადებულიყვნენ ყველაფრით, რაც გააჩნდათ“.

    იმის გამო, რომ თეთრი სახლი შიშობდა, რომ ასეთი თავდასხმები პუტინის მიერ, ბირთვული იარაღის გამოყენების პროვოცირებას მოახდენდა, ეს გეგმა უნდა შეჩერებულიყო.

    ასევე, აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ასეთი თავდასხმები გაზრდის ჩინეთის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის მიმართ.

  • რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს, რადგან უკრაინის დამარცხება არ შეუძლია – ზელენსკი

    “სასაცილოა, რომ თითქოს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგან მას არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამიტომ ის უკვე ამბობს, რომ NATO-ს ეომება. მას რცხვენია აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა. რუსები ამბობენ, რომ ის უკრაინულია

    რუსული მედიის ინფორმაციით მოსკოვის რეგიონში კამიკაძე დრონი აღმოაჩინეს.არაერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ის მოსკოვის მახლობლად ქალაქ ნოგინსკთან ჩამოვარდა. სავარაუდოდ, დრონზე 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. რუსული არხების ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რადგან საწვავი ამოეწურა. თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით  დრონი ხეებს წამოედო და ჩამოვარდა.

    რუსული მხარის ინფორმაციით  ეს უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული წარმოებისაა. საუბარია UJ-22 Airborn-ზე.

    კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

    ტელეგრამ-არხების, Baza-ს და Shot-ის ინფორმაციით, დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა.

    საიდან გაუშვეს დრონი, ჯერჯერობით დაუდგენელია. თებერვლის ბოლოს, მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში, „გაზპრომის“ სადგურთანაც.

    რუსეთი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი მსგავს ფაქტებს ოფიციალურად არ ადასტურებს.

  • სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.

    ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. სხდომის თავმჯდომარე ლავროვი იქნება. ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება და მის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშისთან შეხვედრაც იგეგმება.

    შეერთებულმა შტატებმა რუსული სამთავრობო მედიების ჟურნალისტებზე ვიზები არ გასცა, რასაც ლავროვმა “სისულელე” უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი ამას “არ დაივიწყებს და არ აპატიებს”.

  • ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფოების სუვერენიტეტი. ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა აღშფოთდნენ

    ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა კავშირიდან გასული ქვეყნების სუვერენიტეტი და  ყირიმის უკრაინისადმი კუთვნილება ეჭვქვეშ დააყენა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჩინელი დიპლომატის პოზიცია განცხადებებით დაგმეს .

    პარასკევს საღამოს ლუ შაიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ს განუცხადა, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც კონკრეტულ ფორმას მისცემდა მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსს“.

    ყირიმის მფლობელობის შესახებ ლუ შაიმ თქვა: “ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ ამ საკითხს. არსებობს ისტორია. ყირიმი თავიდანვე ეკუთვნოდა რუსეთს. სწორედ ხრუშჩოვმა მისცა ყირიმი უკრაინას საბჭოთა კავშირის დროს”.

    ჩინელმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა ყველას, შეწყვიტონ „კამათი“ პოსტსაბჭოთა საზღვრების საკითხთან დაკავშირებით.

    შაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან “შეშფოთებით მიიღო ცნობად ეს განცხადებები“  და ჩინეთს სთხოვა განემარტა თავისი პოზიცია.

    ჩინეთის ელჩის განცხადება დაგმეს ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

    ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ლუ შაის განცხადებებს “სამწუხარო” და გაუგებარი უწოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აპირებს ჩინეთის ელჩის ტალინში გამოძახებას. „ჩვენი მიზანია ნათლად განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხედულებები მიუღებელია და რომ ესტონეთი სუვერენული სახელმწიფოა“, – განაცხადა წახკნამ.

    ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლუ შაის განცხადება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ენდობიან ჩინეთის „უკრაინაში მშვიდობის შუამავლობას“.

    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ელჩის განცხადებას “აბსოლუტურად მიუღებელი” უწოდა. „ჩვენ ველით ახსნა–განმარტებებს ჩინური მხარისგან და ამ განცხადების სრულ უარყოფას“, – განაცხადა რინკევიჩმა.

    უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩს ან „აქვს აშკარა პრობლემები გეოგრაფიასთან“, ან მისი განცხადება ეწინააღმდეგება ოფიციალური პეკინის პოზიციას „უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებზე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპებისა და მიზნების საფუძველზე. “.

    ეს ძალისხმევა ასევე იყო ნახსენები ჩინეთისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პეკინში აპრილის დასაწყისში ვიზიტის შემდეგ. მასში მხარეებმა პირობა დადეს, რომ „უკრაინაში მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობას დაუჭერენ მხარს“.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შეაღწიეს და ადმინისტრაციული ცენტრიდან 7 კილომეტრში არიან- ISW

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა. მანამდე ცნობილი გახდა დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ მოახერხეს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის „ელვისებურად“ აღება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში.

    ამას მოწმობს რუსი „სამხედრო კორესპონდენტების“ და ბლოგერების მიერ შაბათს, 22 აპრილს წარმოდგენილი გეოლოკაციის კადრები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

    ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან – ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და შეძლეს წინსვლა დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში E97 გზატკეცილზე, ასევე დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ).

    ასევე, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი „სამხედრო მეთაური“ აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით ზოგიერთ კუნძულზე.

    კადრები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა ვერ აკონტროლონ კუნძულები მდინარეების კონკასა და ჩაიიკაზე, რომლებიც მდებარეობს უკრაინის სამხედროების გეოლოკაციის პოზიციებიდან, ანტონოვსკის ხიდიდან ჩრდილოეთით ნახევარ კილომეტრში,  ამბობენ ანალიტიკოსები.

    ისინი აღნიშნავენ, რომ 20-დან 22 აპრილამდე რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ უკრაინის არმია რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა პოზიციებს რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს იქ ფეხის მოკიდება, მომარაგების ხაზების შექმნა  და ამ ადგილის გამოყენება შეტევების საყრდენ პუნქტად. ეს იმაზე მეტყველებს, რუსეთი ვერ აკონტროლებდა ტერიტორიას, ამბობს ISW.

    გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა შეძლეს უპირატესობის მოპოვება ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო. მანამდე ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ ჩიოდა, რომ რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციის გამო ინტენსიურ დაბომბვას ვერ აწარმოებდნენ. ამავდროულად, დიდი ალბათობით, ისეთი ურბანული ადგილები, როგორიცაა ალიოშკი და ნოვაია კახოვკა, კვლავ რჩება მტრის თავდაცვის ხაზების მიღმა. რუსული ჯარები იქ თავდაცვაზე არიან, ხაზს უსვამენ ინსტიტუტში.

    შეგახსენებთ,  12 აპრილს ხერსონის მერის ყოფილმა მოადგილემ რომან გოლოვნიამ განაცზადა რომ მტერი აქტიურად აწარმოებდა სანაპირო  ზოლის დანაღმვას დნეპრის გასწვრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების  კონტრშეტევის მოლოდინში.

    რუსები ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები წყალში დამალვას ცდილობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტები უკრაინელების მიერ დნეპრის გადაკვეთას ელიან.

  • ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალი პირობების შესახებ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალ წესებს ითვალისწინებს.

    ამიერიდან უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა და გამოცდის ჩაბარება.

    ახალი კანონის N. 7606-ის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ უკრაინის მიმართ გამორჩეული დამსახურებები, და რომელთათვისაც უკრაინის მოქალაქეობის გაცემა წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს, ან რომლებიც მსახურობენ ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში, შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობა გამოცდის გარეშე, მაგრამ მათ მოუწევთ მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინული ენის გამოცდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოქალაქეობა დაკარგონ.