Category: მსოფლიო

  • რატომ არ აღმოჩნდა ისრაელი მზად თავდასხმისთვის–სამხედრო ექსპერტის კომენტარი

    ისრაელის სამხედრო ექსპერტმა დევიდ გენდელმანმა BBC-ისთვის კომენტარი გააკეთა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის გარემოებებზე.

    – რატომ აღმოჩნდა ჰამასის თავდასხმა მოულოდნელი?

    –ისრაელის დაზვერვის შეფასება იყო, რომ ესკალაცია ახლა წამგებიანია ჰამასისთვის, ბოლო კვირების დაძაბულობის შემდეგ, ღაზაელებს მიეცათ ისრაელში მუშაობის მეტი ნებართვა, ყატარის ფულის კიდევ ერთი ტრანში შევიდა ღაზაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ [ვარაუდობდნენ, რომ] მათი ამჟამინდელი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ახლა აღარ იბრძოლებენ და მათი წვრთნები მხოლოდ სეზონური სწავლებებია, როგორც ადრე არაერთხელ ყოფილა.

    არც დაზვერვას გამოუვლენია, რომ უშუალოდ ოპერაცია მზადდებოდა.ამიტომ არმია მოდუნდა, საზღვარზე საბრძოლო მზადყოფნა არ იყო, ჰამასმა შეტევაში სრულ მოულოდნელობას მიაღწია და შესაბამისად, მათთვისაც კი მოულოდნელ წარმატებებს მიაღწია.

    ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ განზრახვების შეფასებამ სრულად არ უნდა ჩაანაცვლოს შესაძლებლობების შეფასება და რომ მტრის სავარაუდო  ქმედებების მორგება იმ კონცეფციაზე, რაც, ჩვენი აზრით, მისთვის ხელსაყრელი ან არახელსაყრელია, იწვევს კატასტროფულ შედეგებს.

    – რას გააკეთებს ისრაელი ამის  შემდეგ?

    ამ დროისთვის, გამოცხადებული ოპერაცია “რკინის ხმლები“ კონცენტრირებულია ისრაელის დასახლებული ტერიტორიების სრულ გაწმენდაზე ჯერ კიდევ იქ დარჩენილი ჰამასის ბოევიკებისგან და საჰაერო თავდასხმებზე ღაზას სექტორზე.

    პარალელურად მიმდინარეობს რეზერვების მობილიზება და სახმელეთო ძალების გადასროლა  საზღვრისკენ,  სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების მიზნით.

    — ჰამასმა დიდი რაოდენობით მძევლები აიყვანა. როგორ მოაგვარებს ისრაელი ამ პრობლემას?

    ისრაელის მხრიდან მსხვერპლის დიდი რაოდენობა და ჰამასის მხრიდან “ჩვეულებრივი” ესკალაციის ნიშნულის   მკვეთრი მატება მოითხოვს ისრაელის უფრო მძლავრ პასუხს და ზრდის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას, განსხვავებით წარსული წმინდა “საჰაერო” რაუნდებისგან.

    ღაზაში დატყვევებული ისრაელელების დიდი რაოდენობის საკითხი ამ შემთხვევაში დიალექტიკურია: ერთის მხრივ, ეს ასევე ზრდის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას, მაგრამ ამავე დროს ართულებს მის განხორციელებას, შეიძლება ტყვეები  დაზარალდნენ.

    ყველა ამ ფაქტორს მთავრობა ითვალისწინებს ოპერაციის რკინის ხმლების შემდგომი განვითარებისას.

  • აშშ იმუშავებს იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელს ყველაფერი აქვს, რაც თავის დასაცავად ჭირდება-ოსტინი

    აშშ–ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განცხადება გაავრცელა ისრაელზე პალესტინელი ბოევიკების თავდასხმის შესახებ.

    “დეტალურად ვაკვირდები მოვლენების განვითარებას ისრაელში. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მისი თავდაცვის საქმეში უცვლელი რჩება, გამოვხატავ თანაგრძნობას იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, ვისი სიცოცხლეც სამოქალაქო პირებზე ამ საშინელ თავდასხმას შეეწირა. მომდევნო დღეებში აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელს ყველაფერი აქვს, რაც ჭირდება საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან.“– ნათქვამია განცხადებაში.

  • ისრაელში ჰამასის სარაკეტო შეტევის შემდეგ საომარი მზადყოფნა გამოცხადდა

    ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დღეს დილით ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ათობით ბოევიკმა როგორც ჩანს მოულოდნელად შეაღწია ისრაელის სამხრეთში და  თავისუფლად გადაადგილდებიან.

    მანამდე ისრაელის მიმართულობით ათობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მთელი ქვეყნის მაშტაბით საჰაერო განგაში მოჰყვა.

    ერთი ადამიანი დაიღუპა, გავრცელდა ინფორმაცია თელავივის სიახლოვეს და ღაზას სექტორის გარშემო მდებარე რაიონებში აფეთქებების შესახებ.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მისმა შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5 000 რაკეტა გაუშვეს. თუმცა მოგვიანებით ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რაკეტების რაოდენობა 2500 იყო.

    ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაჯგუფებამ ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მასირებული სარაკეტო დაბომბვა დაიწყო და ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილებზე შეაღწიეს.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის შეფასებას აკეთებს და ჰამასი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ქმედებებისთვის. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას სექტორის მომიჯნავე რაიონების მაცხოვრებლებს სთხოვეს გარეთ არ გამოვიდნენ, სამხრეთის და ცენტრალური რაიონების სამოქალაქო პირები კი ვალდებულნი არიან თავშესაფრების მიმდებარე ტერიტორიები არ დატოვონ. გამოცხადდა რეზერვისტების მობილიზაცია.

    საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ებრაელი მეხანძრეები ხანძარს ქალაქ აშკელონში, სადაც დამწვარ ავტომობილებს ძლიერი კვამლი ასდის.

    ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები სარაკეტო დარტყმის გამო იკრიბებიან.

    ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.

     

    „დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

  • პირველად ისტორიაში ვარშავა საჰაერო თავდაცვის სისტემით დაიფარება – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

    “ეს ისტორიული მოვლენაა, ისტორიაში პირველად ვარშავა საჰაერო თავდაცვას მიიღებს. სარაკეტო თავდაცვა ძალიან თანამედროვე, პატრიოტის სისტემის აღჭურვილობას იყენებს”,

    ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დღეს გაავრცელა.

  • პუტინი: ავიაკატასტროფაში დაღუპული პრიგოჟინისა და მისი თანამგზავრების სხეულებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

    რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და სხვა ადამიანების სხეულებში, რომლებიც 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

    „საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა წინა დღეს მომახსენა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ ყოფილა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია – რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები“, – განაცხადა პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბში საუბრისას.

    მან დასძინა, რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების კვალის არსებობის დასადგენად დაღუპულთა ცხედრებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას მისი თქმით 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

    პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

  • 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, ფერენც კრაუსი მიღებულ თანხას უკრაინის სკოლებს გადასცემს

    2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკის დარგში, უნგრელმა
    მეცნიერმა ფერენც კრაუსმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტიდან მიღებულ თანხას უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს, ​​იუწყება უნგრული გამოცემა Portfolio.

    წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში 11 მილიონი შვედური კრონაა (დაახლოებით $995,000), მაგრამ რადგან სამი გამარჯვებული იყო, ეს თანხა მათ შორის გაიყო.

    გავრცელებული ინფორმაციით, კრაუსი პრიზის თავის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ინიციატივას Science4People, რომელიც აღადგენს სკოლებს უკრაინაში.

    იუნესკოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1300-ზე მეტი სკოლა მთლიანად განადგურდა.

  • ევროპარლამენტი რეზოლუციით გამობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

    ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. მიზეზი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმაა, რომელსაც ევროპარლამენტი გმობს ა გაუმართლებელს უწოდებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ  თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

    ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთიან ყარაბაღში.

    ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს.

    რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება.

    ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

    რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

  • ომის გაყინვის შემთხვევაში, 2028 წელს რუსეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს შეუტიოს – ზელენსკი

    “ამჟამად რუსეთი განიხილავს განსხვავებულ სცენარს მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეჩერდება და ომის პროცესი ადგილზე გაიყინება, მაშინ ახალი კრიტიკული მომენტი დადგება – 2028 წელი.

    თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ჩამოვართვით, შედეგად რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრია. გარდა უკრაინისა, ეს ნამდვილად არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსია.ეს ინფორმაცია არის ცალსახად სიმართლე, შესაბამისად გაფრთხილებთ  ამის შესახებ”.

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

  • რუსმა ოკუპანტებმა, კუპიანსკში, სასურსათო მაღაზია დაბომბეს – დაღუპულია 49 ადამიანი

    დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე  რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში სასურსათო მაღაზია დაბომბეს, რის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

    წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია. დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.

    პროკურატურის ცნობით ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული.

  • ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ევროპაში – პუტინი

    “იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ”

    განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.