Category: კავკასია

  • პატრულის მანქანის დაჯახების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

    პატრულის მანქანის დაჯახების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

    პატრულის მანქანის დაჯახების შემდეგ, არასრულწლოვანი გარდაიცვალა .განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება  თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ უბედურ შემთხვევას. თვითმხილველების თქმით პატრულის მანქანა ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა.

    განცხადებაში ნათქვამია:

    “საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

    გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ავარია ლისის ტბის მიმდებარედ კვირას საღამოს მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

  • “ტიკარაძე ცრუობს“–თენგიზ ცერცვაძესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება გრძელდება

    “ტიკარაძე ცრუობს“–თენგიზ ცერცვაძესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება გრძელდება

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ცრუობს, როცა ამბობს რომ 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე ინფორმირებული არ იყო.

    “რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე, – წერია ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

    განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს  მარტივად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მასმედიით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ჯანდაცვის სამინისტროსაც ადანაშაულებს. ცერცვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ “ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს”  ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე თებერვალში ჰქონდა მიღებული. აღნიშნავს იმასაც, რომ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მხოლოდ 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ მიიღო.

    “ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება?! და არა ჯანდაცვის სამინისტროს?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

    20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვ. თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

    ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს.

  • ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

    ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

    2020 წლის ანომალური ზაფხული ტემპერატურულ რეკორდებს ხსნის და პლანეტას ქარიშხლების, ხანძრების, გვალვის და წყალდიდობის დამანგრეველ სეზონს უქადის. ზოგი ქვეყანა სიცხისგან იწვის, ზოგან კი წყალდიდობა და ყინვაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების მორიგი დასტურია და 2020 წელს კლიმატზე დაკვირვების ბოლო 150 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხულების ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.

    ასეთი რეკორდები ცუდ ტრადიციად იქცა: ბოლო 20 წლიდან 19 წელი ყველაზე ცხელი წლების ოცეულში შედის, ბოლო 6 წელი კი ამ რეიტინგის პირველ ექვსეულს იკავებს. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე წლევანდელი წელიც დაემატება რეიტინგის სათავეს, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა.

    ვარაუდები იმის შესახებ,  რომ გლობალური დათბობა დაჩქარდა, მორიგ ჯერზე დადასტურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დამტკიცებული პარიზის შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა, უნდა გადაიხედოს.

    თუმცა ამისთვის ახლა შეუფერებელი დროა: კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მორიგ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირა, რის გამოც ბევრ ქვეყანაში “მწვანე დღისწესრიგმა“ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

    2020 წლის ივლისი 1880 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი ზაფხულების სამეულში მოხვდა: ხმელეთის და ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა 20–ე საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე 0.92 გრადუსით მაღალი აღმოჩნდა და სულ 0.1 გრადუსი დააკლდა გასული წლის ივლისის აბსოლუტურ რეკორდამდე, და ეს მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში ჩვეულებრივზე შედარებით ცივი ზამთრის წყალოთ მოხდა.

    რატომ არის საშიში ექსტრემალური სიცხე:

    ბრიტანეთის სამეფო მეტეოსამსახურის მონაცემებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიცხე უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. ტემპერატურის ზრდის გამო დედამიწის ზედაპირზე ნიადაგი შრება, ყინულები კი დნება.

    წელს ივლისში არქტიკის ყინულოვანი საფარი ოთჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელი. ჩრდილოეთის საზღვაო გზა პრაქტიკულად მთლიანად გათავისუფლდა ყინულისგან.

    წინა რეკორდის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არქტიკაზე პოლონეთის ტერიტორიის ხელა ყინული დადნა. ბოლო 45 წლის განმავლობაში კი მისი მოცულობა ორი მესამედით შემცირდა. ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა, 21–ე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჩრდილოეთით ზღვის ყინული საერთოდაც აღარ დარჩება.

    ეკვატორთან ახლოს კი ექსტრემალური დათბობის შედეგები ცხოვრებას ურთულებს მეზღვაურებს და სანაპირო ტერიტორიების მაცხოვრებლებს. წელს ქარიშხლების სეზონი უჩვეულოდ ადრე დაიწყო და უკვე ივლისისთვის ტროპიკებში უკვე ცხრა შტორმი დათვალეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ზაფხულის შუა პერიოდისთვის.

    ეკვატორთან ძლიერი ქარები ლა ნინიას ფენომენის ჩასახვაზე მიუთითებს. ეს არის წყნარ ოკეანეში ტემპერატურის დაცემა, რაც გახურებულ ატლანტიკასთან ერთად იმას ნიშნავს, რომ 2020 –ში ძლიერი ქარიშხლების სეზონი გველის.

    აშშს ატმოსფერული მოვლენების ნაციონალური სამმართველო 25 –მდე ციკლონს ვარაუდობს, ნაცვლად ჩვეულებრივი 12–ისა, რომელთაგან ნაწილი უკიდურესად დამანგრეველი იქნება.

    ევროპის ნაწილში ზაფხულში უკიდურესი სიცხე იყო იმ დროს, როცა მეორე ნაწილი წყალდიდობას და სიცივეს უმკლავდებოდა.

    მაგალითად, ფინეთში ნორმაზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა და ტემპერატურა ჩვეულებრივზე ბევრად დაბალი იყო, როცა საფრანგეთსა და პორტუგალიაში ბოლო 90 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული ქონდათ.

    სწორედ ამით არის საშიში გლობალური დათბობა მეცნიერების მტკიცებით. ის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრ ცვალებადობას და ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს.

    პლანეტის გახურება დამკვირდებული გაგრილების სისტემის და წყლის და ჰაერის ცირკულაციის სისტემის დარღვევას იწვევს, შედეგად კი ქარიშხლების, ტროპიკულ წვიმებს, გვალვებს და ყინვებს.

    ნორმისგან გადახრა იმდენად გახშირდა, რომ ევროპა მაგალითად ზედიზედ უკვე მესამე გვალვიან ზაფხულს უძლებს, რაც მოსავალზე და ეკონომიკაზე აისახება. ზედიზედ სამწლიანი გვალვა ევროპის ბოლო 250 წლის ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში გვალვა გახშირდა, 2003 წელს კი ლამის ბიბლიური მაშტაბის გვალვა იყო, როგორიც მხოლოდ რამდენიმე ასწლეულში ერთხელ ხდება.

    ევროპის მსგავსი სიტუაციაა ამ ზაფხულს ატლანტიკის მეორე მხარე. აშშ–ს სამხრეთ დასავლეში სიცხისგან იტანჯებიან, ცენტრალურ შტატებში კი ზომაზე მაღალი ნალექიანობაა.

    დათბობის და მისი შედეგების ყველაზე ნათელი მაგალითი მორიგ ჯერზე კალიფორნია გახდა. მან საკუთარი ტემპერატურული რეკორდი მოხსნა: სიკვდილს ველზე ტემპერატურამ  54.5 გრადუსს მიაღწია. შემდეგ კი მთელ შტატში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად ენერგოსისტემამ ვეღარ გაუძლო კონდიციონერების და მაცივრების მაქსიმალური გამოყენების შედეგად გადატვირთვას და დენის გამორთვებიც დაიწყო.

    კალიფორნიაში საშუალო ტემპერატურა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანობაში პლანეტაზე, ნალექების რაოდენობა კი მცირდება. ბოლო ათწლეულში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყეების ფართობი 40%–ით გაიზარდა.

    2020 წლის არა მხოლოდ ზაფხული, არამედ მთელი წელი ანომალიებით გამოირჩევა, რაც უკვე  ნორმა ხდება. იანვარ–ივლისში პლანეტა ჩვეულებრივზე 1.05 გრადუსით უფრო მეტად გახურდა.ევროპამ და აზიამ ტემპერატურული რეკორდები მოხსნეს.

    ამერიკელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2020 წელი ბოლო 141 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წლების ხუთეულში შევა და დიდი ალბათობით რეკორდული იქნება.

    გლობალური დათბობის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მოილაპარაკა ატომსფეროში სათბურის გაზების გატყორცნის შემცირებაზე იმ იმედით, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მატებას შეაჩერებენ, თუმცა ეკოლოგები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ეს არასაკმარისია, განსაკუთრებით შეთანხმებიდან აშშ–ს გასვლი სშემდეგ.

    2020 წლის ცხელ ივლისში მეცნიერებმა ახალი არგუმენტი მოიყვანეს:

    მათ  ხელახლა გადათვალეს წარსულში შექმნილი მოდელები და დაასკვნეს, რომ გამონაბოლქვის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში ტემპერატურის მატების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ამიტომაც ნახშირმჟავა გაზების ატმოსფეროში კონცენტრაციის ბუნებრივი იმედის შემცირება არ უნდა გვქონდეს და მკაფიო ზომები უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანომალური ზაფხულები სულ უფრო გახშირდება.

  • “ისწავლეთ ბელორუსებისგან დემოკრატიის დაცვა“– რას წერს დასავლური მედია პროტესტზე, ლუკაშენკოზე და პუტინზე

    “ისწავლეთ ბელორუსებისგან დემოკრატიის დაცვა“– რას წერს დასავლური მედია პროტესტზე, ლუკაშენკოზე და პუტინზე

    დემოკრატიის არნახულად მასობრივმა ზეიმმა მინსკში ბელორუსი დასავლური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბელორუსის თემა წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვდა. კომენტატორები ეპითეტებს, რჩევებს და პროგნოზებს არ იშურებენ:

    რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, როგორ მოიქცევა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რამდენი დარჩა ლუკაშეკოს “ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ პოსტზე.

    ლუკაშენკო შეშინებულია, შფოთავს და პუტინის იმედი  აქვს. დასავლეთი უნდა დაეხმაროს ბელორუსების დაიბრუნონ თავისუფლება ისე, რომ რუსეთთან საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშებში არ ჩაითრიონ. ამერიკელებმა კი საერთოდაც დემოკრატიის დაცვა მათგან უნდა ისწავლონ საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როცა ტრამპი მორიგ ვადაზე იყრის კენჭს – ასეთია შეფასებები დასავლურ მედიაში.

    ვნახოთ კონკრეტულად რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები:

    Times

    “ბელარუსი – ეს შავი ხვრელია, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი მსოფლხედვითაც. ქვეყანას მრავალმხრივ განვითარებული და ბრწყინვალედ განათლებული მოსახლეობით ხშირად აღარც ვაგდებთ ანგარიშში, რადგან “ევროპის უკანასკნელ დიქტატურად“ ვთვლით. ეს  შეფასება სწორია, თუმცა ზედაპირული.“– წერს ბრიტანული გამოცემა.

    მისი აზრით დასავლეთი გულგრილია ბელორუსული პროტესტების მიმართ, რადგან მათში არ ჩანს მკვეთრი გეოპოლიტიკური ქვეტექსტი, არ არსებობს დაპირისპირება საზოგადოების “პროევროპულ“ და “პრორუსულ“ ნაწილებს შორის. არავინ არ აღმართავს გამარჯვებულთა მოედანზე მდებარე სტელასთან თავისუფლების ქანდაკების ასლს, როგორც ეს იყო ტიანანმენზე 1989 წელს. მინსკში არ ჩანს ევროკავშირის დროშები, როგორც ეს 2014 წლის კიევში და მანამდე ათი წლით ადრე თბილისში იყო.

    “ეს მასების ფართო, ნაციონალური აჯანყებაა მათი მმართველების სიძულვილის, სისასტიკის, ტყუილის, მფლანგველობის წინააღმდეგ.“– წერს გაზეთი.

    “უკვე დროა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შევხედოთ როგორც რეალურად არსებულ ადგილებს, რეალური ადამიანებით დასახლებულს, და არა ჩვენი გეოპოლიტიკური თამაშების სამაგიდო თამაშის ფიგურებს. სანამ ჩვენ დემოკრატიის ბედზე თეორიულად ვკამათობთ, ბელორუსები დემოკრატიისთვის თავისუფლებით და სიცოცხლით რისკავენ. მათ ჩვენზე კარგად ესმით ჩვენი ფასეულობები. ჩვენი მერყეობა სამარცხვინოა.“

    Le Monde

    წამყვანი ფრანგული გამოცემა ევროკავშირს მოუწოდებს ბოლო მოუღოს “ევროპის შუაგულში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დიქტატორის ომს.“

    “ევროპის მოსაზღვრე ბელორუსისთვის ეს არ არის მინსკის აჯანყების ან მისი დასავლურ ბანაკში გადაბირების საკითხი. ეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის საკითხია, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება“– წერს გაზეთი და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას დაგმონ რესპრესიები და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ მოქალაქეების სწრაფვას თავისუფალი არჩევნებისკენ.

    “ბელორუსებს პირველად არ პარავენ არჩევნებს და პირველად არ ცემენ იმის გამო, რომ მათ ეს არ მოსწონთ. არასოდეს ცვლილებების წყურვილი არ ყოფილა ასეთი ნათელი, რეპრესიები კი ისეთი სასტიკი, როგორც ახლა. თუმცა გარე დახმარების გარეშე მინსკის მოედანი ნაკლებად თუ შეძლებს ლუკაშენკო საღ აზრს დაემორჩილოს“ – ასკვნის გამოცემა.

    მეორე სტატიაში კი, რომელიც უკვე რუსეთიდან არის დაწერილი გააზეთი ფრანგებს მოუთხრობს როგორ მოუთმენლად  ელოდებიან ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები მოვლენების განვითარებას მეზობელ ქვეყანაში.

    “რუსული ოპოზიცია არ მალავს საკუთარ აღფრთოვანებას მეზობლად დაწყებული პატარა რევოლუციით – ალექსეი ნავალნიდან დაწყებული ხაბაროვსკის მაცხოვრებლებით დამთავრებული. ამბობენ, რომ ამბოხებულმა ბელორუსებმა მათ იმედი დაუბრუნეს“.

    იმედი იმის, რომ მშვიდობიანი პროტესტის წარმატება სამუდამოდ შეცვლის რუსების წარმოდგენას ძალაუფლების ცვლილების გზების შესახებ, რომლებიც პროპაგანდამ ჩამოაყალიბა: ან “კარის გადატრიალება“, ან სისხლიანი მაიდანი, ქაოსი და ომი.

    New York Times

    წამყვანი ამერიკული გამოცემის აზრით კვირას გამართულმა მაშტაბურმა აქციამ აჩვენა, რომ ლუკაშენკომ ადამიანების დაშინება ვერ შეძლო ძალადობით და “ნატოს შემოჭრის მუქარით. “

    “ლუკაშენკომ როგორც ჩანს, გათვალა, რომ ქვეყნის დასავლეთ საზღვართან გამოგონილი სამხედრო კრიზისის გაბუქება საუკეთესო გზაა ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორებაში რუსეთის დახმარების მოსაპოვებლად“– წერს გამოცემა და ხაზს უსვამს ბელორუსის მმართველის რიტორიკაში მკაფიო შემობრუნებას, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ კრემლს მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.

    დიდი ხანია შეშლილი ლუკაშენკო სახით აღმოასვლეთით ბრუნდება, ყველაფერი დანარჩენით კი დასავლეთისკენ, მისი ქაოტური ქცევა კი სულ უფრო მეტად ღლის პუტინს, და უკვე საკითხავია, უნდა თუ არა მას საქმის დაჭერა მომავალში ლუკაშენკოსთან– წერს  New York Times.

    Washington Post

    ამერიკული გამოცემა ტირანების შესახებ სპეციალურ სვეტს აქვეყნებს, რომლის ავტორი იელის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოტი სნაიდერია. პროფესორი წერს, რომ ბელორუსებმა ამერიკელებს დემოკრატიის დაცვის გაკვეთილი აჩვენეს მათი არჩევნებისთვის, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს.

    “კარგი იქნება ვისწავლოთ ადამიანებისგან, რომლებიც რისკავენ დემოკრატიისთვის ჩვენზე ბევრად უარეს გარემოებებში. ბელორუსები გვასწავლიან, როგორ უნდა დაიცვა არჩევნებში გამარჯვება ავტორიტარული ქაოსის პირობებში“– წერს ის.

    Standard

    ავსტრიული გამოცემა სტატიაში სათაურით “ლუკაშენკო პუტინის კუნთებს ათამაშებს“– ბელორუსში ამჟამინდელ პროტესტს განსაკუთრებულს უწოდებს. ბელორუსები ქუჩაში ადრეც გამოდიოდნენ, მაგალითად 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ ახლა ოპოზიციას მოსახლეობის ფართო ფენები შეუერთდნენ.

    “ამჟამად ყველაფერი სხვაგვარად არის. ახლანდელი პროტესტი სხვა დონეზე გადავიდა“– წერს გამოცემა. ლუკაშენკოსთან დაკავშირებით კი ყველაფერი პირიქით არის : ის სულ უფრო მეტს ნერვიულობს, საკუთარი მმართველობის 26 წლისთავზე კი პოლიტიკურ კრიზისზე სულ უფრო მოუქნელად რეაგირებს.

    Libération

    ფრანგული ლიბერალური გამოცემა ლუკაშენკოს საბჭოთა ეპოქის უკანასკნელ დინოზავრს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის ძალიან შეშინებულია. მისი მთავარი იმედი კი პუტინია.

    “ყირიმის დაპყრობით პუტინმა თქვა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. მაგრამ მზად არის თუ არა ის ახალი ფრონტი გახსნას, როცა ეპიდემია და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს? და თანაც ბელორუსის წინააღმდეგ, სადაც უკრაინისგან განსხვავებით საერთოდ არ არსებობს ანტირუსული განწყობები?“– კითხულობს გაზეთი და ევროკავშირს რჩევას აძლევს.

    “ევროპა სწორად იქცევა, როდესაც ცდილობს მის ზღურბლთან რეპრესიებში დამნაშავეები სანქციებით დასაჯოს. თუმცა ეს ისე არ უნდა გააკეოთს, რომ დარჩეს შთაბეჭდილება, თთქოს ის ამბოხებას საკუთარი გამორჩენის გამო აქეზებს“.

    Gazeta Wyborcza

    “ლუკაშენკო “რუსულ რულეტკას“ თამაშობს და მოსახლეობას აშინებს: დარჩით ჩემი ერთგულები, თორემ რუსებს დავუძახებ. ლუკაშენკო ბელორუსებს რუსეთის შეჭრით აშინებს. ეს სასოწარკვეთილების და მზარდი შიშის ნიშანია ბელორუსის ხელისუფლებაში“– წერს პოლონური გამოცემა.

    გაზეთ იხსენებს, რომ ლუკაშენკო დასავლეთთან ფლირტაობდა და გამეტებით იცავდა ბელორუსის სუვერენიტეტს რუსეთის ხელყოფისგან, და ამას “ლოგიკურ და თანმიმდევრულ პოლიტიკას უწოდებს დიქტატორისთვის, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება პუტინს გაუყოს და მისი ვასალი გახდეს.“

    ახლა კი, ლუაშენკო თავად ქმნის საფრთხეს სუვერენიტეტისთვს და “ბელორუსის სუვერენიტეტის უკანასკნელი დამცველი“ მყისიერად შემობრუნდა მისი მოსისხლე მტრისკენ. თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს – წერს გაზეთი.

    “პუტინისთვის დახმარების სათხოვნელად მიმართვა  აიხსნება მისი სურვილით, რუსეთის არმია ბელორუსში იხმოს, თუ საკუთარი არმია უღალატებს. ეს უფრო ძალის დემონსტრირებაა, ფსიქოლოგიური შეტევა ნომეკლატურისა და პროტესტის მონაწილეთა მერყევ ნაწილზე. “– წერს პოლონური გაზეთი.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

    მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბული იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

    “16 აგვისტოს, თბილისის დროით 02:31 საათზე, დაბა ტყიბულთან, მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა” – წერია სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ კლავს მინსკში სპეცრაზმი აქციის მონაწილეს

    ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ კლავს მინსკში სპეცრაზმი აქციის მონაწილეს

    ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს მინსკში, ანტისახელისუფლო აქციის მონაწილის, ალექსანდრ ტარაიკოვსკის სიკვდილის გარემოებებს. კადრებზე ჩანს, როგორ მიდის ის სპეცრაზმის თანამშრომლებთან მაღლა აწეული ცარიელი ხელებით. მეორე ვიდეოზე დაფიქსირებულია სპეცრაზმის მხრიდან გასროლის მომენტი. მანამდე ბელორუსის შსს აცხადებდა, რომ დემონსტრანტი სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა: თითქოს მას ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის სროლასაც სპეცრაზმის მიმართულებით აპირებდა. ალექსანდრ ტარაიკოვსკი საპროტესტო აქციების ერთადერთი მსხვერპლი არ არის. კიდევ ერთი მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ძალოვანებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უკვე ექვსი დღეა ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. აქციების პირველ დღეებში სპეცრაზმი დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა და 7 ათასამდე ადამიანი დააკავა, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ამას მთელი ბელორუსის მაშტაბით მასობრივი აქციები და გაფიცვები მოჰყვა. ხალხი ძალადობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამბობენ, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ევროკავშირი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე მუშაობს.

  • პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროება აუკრძალა

    პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროება აუკრძალა

    გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:

    „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

    გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს – მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების გახორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • ექიმს, რომელიც ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობს კორონავირუსი დაუდგინდა

    ექიმს, რომელიც ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობს კორონავირუსი დაუდგინდა

    ექიმს, რომელიც გორის, მცხეთისა და თბილისის 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა.

    ინფორმაციას ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” შიდა ქართლის წარმომადგენელი ადასტურებს. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მედიკოსის კონტაქტების დასადგენად.

    დღეისათვის კოვიდ 19-ით 1225 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 1000 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

  • ლუკაშენკო აღიარებს,რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ნატომ სანქციების მუქარით გადააფიქრებინა

    ლუკაშენკო აღიარებს,რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ნატომ სანქციების მუქარით გადააფიქრებინა

    ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დიმიტრი გორდონის გადაცემაში საუბრობს იმაზე, რატომ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს აფხაზეთის და ოსეთის აღიარებაზე 2008 წლის ომის შემდეგ. ის უარყოფს, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთმა 2 მილიარდი შესთავაზა და ამბობს, რომ ფულზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, თუმცა მას ნატო სანქციებით დაემუქრა, რის გამოც გადაწყვიტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ეთქვა და საკუთარი ქვეყნისთვის პრობლემები არ შეექმნა. ლუკაშენკო ყვება, რომ ბელორუსის პოზიცია იმ მომენტში გადამწყვეტი იყო, რადგან მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას შესაძლოა დსთ–ში ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლოდა. მასთან ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ჰავიერ სოლანა ჩავიდა და გააფრთხილა, რომ აღიარების შემთხვევაში ბელორუსი დასავლეთისგან სერიოზულ სანქციებს მიიღებდა:

    “როცა ეს აურზაური დაიწყო, დსთ–ში ყველა კანკალებდა, რას იზამდა ბელორუსი.

    ყაზახეთს ეშინოდა, რომ ბელარუსი აღიარებდა სამხრეთ ოსეთს. მერე მათ მოუწევდათ ამ კითხვებზე პასუხი.  და ყველაფერი ბელორუსზე იყო დამოკიდებული.

    მე ამ საკითხზე დიდად არ დავფიქრებულვარ, კარგი ფაქტი არ იყო, საქართველოს ნაწილი ჩამოაჭრეს, მაგრამ აღიარებდა ვინმე, აღიარებდა, არ აღიარებდა, არ აღიარებდა… არ მიფიქრია ბევრი.

    ეს საიკთხი ჰაერში დაეკიდა და ყველა ელოდა, რომ ბელორუსი აღიარებდა . ამ საკითხზე დიდი ყურადღება  არ გამიმახვილებია. შეიძლებოდა მეღიარებინა კიდევაც, მაინც მოკავშირეა რუსეთი.

    ჩემთან ჩამოვიდა ჰავიერ სოლანა, კარგი მოხუცია, მომწონს. დავსხედით კაბინეტში.

    თქვენთან ერთი თხოვნა გვაქვსო. გავიცინე, რა თხოვნა შეიძლება ნატოს ქონდეს ლუკაშენკოსთან.

    მითხრა, არ ვისურვებდით რომ თქვენ სამხრეთ ოსეთი აღიაროთ.

    ვკითხე, რატომ გადაწყვიტეთ რომ უცებ მე მთხოვოთ.

    ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ თუ თქვენ აღიარებთ, დაიწყება აღიარებების სერია, სხვებიც აღიარებენ. დსთ–ს ყველა ლიდერი,ვისაც ველაპარაკეთ ამბობს, რომ თუ თქვენ აღიარებთ მაშინ მათაც მოუწევთ აღიარება და გვთხოვეს თქვენ დაგელაპარაკოთ,რომ თქვენ ეს ნაბიჯი არ გადადგათ. მაშინ მათაც არ მოვუწევთ ამის გაკეთებაო.

    ვუთხარ, რომ უცნაური პოზიციაა, მაგრამ კარგი, ამ საკითხზე მაინცდამაინც არ ვაკეთებთ აქცენტს.

    ვკითხე, რა მოგვივა ჰავიერ, ეს რომ გავაკეთოთ?მაშინ ისედაც სანქციების ქვეშ ვიყავით.

    ამოიღო ბლოკნოტი და ჩამომითვალა:

    ბატონო ლუკაშენკო, ბელორუსი მაშინვე დაბლოკილი იქნება სვიფტით ანგარიშსწორების სისტემიდან. კიდევ ჩამოთვალა სანქციები. თუმცა არ შემპირებია რომ თუ ამას არ გავაკეთებდით, უკვე არსებულ სანქციებს მოგვიხსნიდა.

    ამის მერე ცოტა ხანში რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შევხდვი სოჭში და ეს საკითხი წამოჭრა– სამხრეთ ოსეთის აღიარება. სწორად დასვა საკითხი – ჩვენ მოკავშირეები ვართ და ა.შ.

    ვუთხარი დიმა, ახლა მოვაწერ ხელს, ვაღიარებ, მაგრამ მაშინ თქვენ მოაწერეთ ხელი რომ ამ ყველაფრის გარანტიას მომცემთ, რომ მომიგვარებთ მაგალითად სვიფტის სისტემიდან გათიშვას.

    აქ ხომ ძირითადად ეკონომიკური საკითხებია და ამ საკითხებით პუტინი და მთავრობაა დაკავებულიო.

    ვუთხარი, თქვენ პრეზიდენტი ხართ თუ ვინ ხართ. პრინციპულ, სერიოზულ საკითხს მისვამთ. მზად ვარ გადავწყვიტო, მაგრამ თქვენ არა. მაშინ რატომ სვამთ ამ საკითხს. მაშინ პუტინს უნდა დაველაპარაკო ამ საკითხზე. მოვთხოვე მაშინ, ხელი მოეწერა რომ პრობლემები არ შემექმნებოდა. ვერ მოვილაპარაკეთ.

    ისე გამოუვიდათ, აი, შენ აქ ჩახტი და მერე სულერთია შენს ქვეყანას რა მოუვა. ვის აინტერესებს, ვაღიარებდი თუ არა სამხრეთ ოსეთს, ერთ დღეში ყველას დაავიწყდებოდა, მაგრამ სანქციებს მივიღებდით. აი, ეს შემომთავაზა მოკავშირემ.“– ამბობს ლუკაშენკო.

  • მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და შეასრულონ დაპირებები – პომპეო

    მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და შეასრულონ დაპირებები – პომპეო

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და მოუწოდებს პარლამენტს და მაღალი თანამდებობის პირებს. პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას.

    „მივესალმებით ამ კვირაში საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებას საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის გატარებით და განხორციელებით“, – წერს პომპეო.

    პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება.