Category: კავკასია

  • COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს– ჯანმო

    COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს– ჯანმო

    შეიძლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლოს მზად იყოს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედოს გებრეიესუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს ვაქცინის თანაბარი განაწილებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

    “ჩვენ ძალიან დაგვჭირდება ვაქცინები და არის იმედი, რომ ამ წლის ბოლომდე შეიძლება ვაქცინა გვქონდეს. გვაქვს იმედი“– თქვა ჯანმოს ხელმძღვანელმა ჯანმოს აღმასრულებელ კომიტეტზე დასკვნით სიტყვაში, რომელზეც პანდემიაზე რეაგირების გლობალური ზომები განიხილებოდა.

    ევროკავშირის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ რეალურ დროში დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის მიმოხილვა , რომელიც ამერიკულმა წამლების მწარმოებელმა კომპანია     Pfizer–მა        და გერმანულმა  BioNTech–მა  შეიმუშავეს. მანამდე ანალოგიური განცხადება გაკეთდა მათი კონკურენტის,  AstraZeneca’s–ს ვაქცინასთან დაკავშირებით.

     

  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

    საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

    საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს და   მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ  ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზების შეტყობინება ხვდებათ.

    ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება მათი მხრიდან არ ხდება.

    „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის ითხოვენ პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

    ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოგიწოდებთ დაიცვათ შემდეგი წესები:

    1. არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება: საგადახდო ბარათის მონაცემები, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ერთჯერადი SMS კოდი, სატელეფონო აპლიკაციით გენერირებული ერთჯერადი კოდი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.
    2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებმისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
    3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და, ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედ განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე დაშვებული იყოს მართლწერის შეცდომები.
    4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შეთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
    5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. WHOIS მომსახურების ვებგვერდზე -https://who.is/, მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.
    6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

    საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, როდესაც ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406.“–ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

  • გაუაზრებელი რეგულაციები – 12 დღიანი თვით იზოლაცია ტესტის გარეშე. “ქართული ოცნება” ქვეყანას კიდევ ერთხელ “აჩერებს” – ვატო სურგულაძე

    “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ პანდემიის დროს ახალი რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრეს.

    “ლელოს” ჯანდაცვის გუნდის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, ახალი რეგულაციები ადამიანებს აიძულებს, 12 დღე დარჩეს თვითიზოლაციაში.

    კოვიდ -19 ეპიდემიის მართვისას მთავრობას ყოველდღიურად ახალი წესები შემოაქვს. ხშირ შემთხვევაში მათი რეგულაციები არის გაუაზრებელი, მოუმზადებელი ან დაგვიანებული. განსაკუთრებით, ინტერესს იწვევს ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების „12 დღიან თვითიზოლაციას ტესტის ჩატარების გარეშე“. კოვიდ-19-თან ბრძოლის ეს რეგულაცია, პრაქტიკულად, ნიშნავს ფარულ მოწოდებას„დარჩი სახლში“.

    ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანიის, სკოლის ან სხვა დაწესებულების ერთ თანამშრომელს ან მოსწავლეს აღმოაჩნდება კოვიდ-19 ინფექცია, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი, მოწაფე, მასწავლებლები, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან, უპირობოდ ექვემდებარება თვითიზოლაციას 12 დღის განმავლობაში.

    ინდივიდუალურად, ტესტის გაკეთება კი 100-120 ლარი ღირს რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას დარტყმას მიაყენებს. თუ ამ პერიოდში არ გამოუვლინდათ დაავადების ნიშნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რაც არის წარმოუდგენელი პირობა,”- აცხადებს სურგულაძე.

    “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს, რომლის მიხედვითაც, 5 ოქტომბერს 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სურგულაძის თქმით, თუ თითოეულს ჰქონდა საშუალოდ 5 კონტაქტი, მაშინ მინიმუმ 2890 ადამიანი უნდა დაექვემდებაროს  თვითიზოლაციის  პროცესს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კაბალურ პირობას.

    “ეს გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას ყველა დარგში, რაც მოსახლეობის შემოსავლის შემცირებასა  და გაღარიბების პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ფარული განხორციელება პოლიტიკისა „დარჩი სახლში“”, – აცხადებს სურგულაძე.

    “ლელოს” მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირება. ტესტირება უნდა  იყოს დროული და მოქალაქეს პასუხი მიეწოდოს მინიმალურ დროში. ხალხი აღარ უნდა ჩაიკეტოს სახლში. მით უმეტეს, როდესაც 24 დღეში არის საპარლამენტო არჩევნები და ჯანმრთელი ხალხის სახლში ჩაკეტვა დაუშვებელია.

  • დონალდ და მელანია ტრამპებს Covid19 დაუდასტურდათ

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვირუსი დაუდასტურდა მის ცოლს, მელანიასაც. მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ტრამპის თანაშემწეს, რომელიც მასთან ბოლო დღეებში მუშაობდა.

     

    “დღეს მე და პირველმა ლედიმ Covid19-ზე ტესტის დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს. ამ ყველაფერს ერთად გავივლით“–დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

    მანამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ–ს პრეზიდენტი უკვე ამბობდა, რომ მზად იყო კარანტინში გადასულიყო მას შემდეგ, რაც მისი უახლოესი მრჩევლის, ჰოუფ ჰიკსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. თანაშემწო პრეზიდენტს თან ახლდა ამ კვირაში რამდენიმე ვიზიტისას.

    ტრამპის მკურნალი ექიმი, შონ კონლი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი მოვალეობების შესრულება, რადგან ის და პირველი ლედი თავს კარგად გრძნობენ და აპირებენ კარანტინის პროცესი თეთრ სახლში გაატარონ.

  • ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა

    ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა

    ამერიკელმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ, შეაჩერა. სასამართლომ ამ გზით სოციალური ქსელის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მისცა.

    ჩინური აპლიკაციის წარმომადგენლობამ კი ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

    შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ  გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ის აპლიკაციის დაბლოკვას 12 ნოემბრიდან გეგმავდა.

    აშშ-ს პრეზიდენტის  ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვინაიდან მათ წვდომა აქვთ მილიონობით ამერიკელის  პირად ინფორმაციაზე, რაც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვისაც.

    შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ტიკ-ტოკის საშუალებით, ჩინეთი ამერიკის მოქალაქეებზე პირად მონაცემებს აგროვებს. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

  • რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

    რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

    რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. “ფეისბუქი”, “იუთუბი” და “ტვიტერი” შეთანხმდნენ გზებზე, რომლის საფუძველზეც ამ სამ წამყვან პლატფორმაზე სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მასალების აღება მოხდება.

    შეთანხმების დადებას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. რეკლამის მწარმოებლებს ყველაზე მეტი პრეტენზია სოციალურ ქსელ “ფეისბუქთან” ქონდათ, რომელსაც მწარმოებლები სიძულვილის ენისადმი ტოლერანტულობაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებებისა და ბოიკოტის გამო, ფეისბუქზე რეკლამების რაოდენობა შემცირდა, რადგან დიდი კომპანიები უარს აცხადებდნენ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობაზე. მხოლოდ ამერიკაში ასეთი მსხვილი კომპანიების რაოდენობა 100-ს აღემატებოდა.

    ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში პოლიციელთა ქმედებას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ამერიკის 40-ზე მეტ ქალაქში ანტირასისტული გამოსვლები დაიწყო. რეკლამის მწარმოებლები სოციალური მედიებისგან ითხოვდნენ უფრო მეტი რეგულაცია შემოეღოთ, რათა მათი პლატფორმებიდან მომხდარიყო სიძულვილის ენის შემცველი, ანტირასისტული და ანტიჰომოფობიური შინაარსის მასალების წაშლა.

    სოციალური მედიის პლატფორმებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეცვალეს წესები და როგორც ამბობენ, უფრო მეტად ახერხებენ ებრძოლონ ყალბ და სიძულვილის ენის შემცველ მასალებს.

    გარიგებით, რომელიც სამ უმსხვილეს სოციალური მედია პლატფორმასა და რეკლამების მწარმოებელ კომპანიას შორის შედგა, განისაზღვრა ზოგადი განმარტებები თუ რა შინაარსის მატარებელი მასალა უნდა იქნეს აღებული პლატფორმებიდან. ახლა უკვე გიგანტი სოციალური ქსელები მიიღებენ შესაბამის რეგულაციებს და ჩაუშვებენ წარმოებაში.

    აღსანიშნავია, რომ დიდი გარიგება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 6 კვირით ადრე შედგა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

    შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

    ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ პარასკევს ახალი რეგულაციები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, ვირუსი ადამიანებს ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით შორ დისტანციაზეც გადაეცემათ. თუმცა სააგენტომ ეს რეგულაციები ორშაბათს ვებგვერდიდან წაშალა და თქვა, რომ ის ძველ პოზიციას უბრუნდება, რომლის თანახმადაც ვირუსი მხოლოდ 2 მეტრზე ახლოს მდგომ ადამიანებს გადაეცემათ ჰაერ-წვეთოვანი გზით.ეს კი ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ისინი საუბრობენ, ახველებენ ან აცემინებენ.

    დოქტორი ჯეი ბატლერი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ინფექციური დაავადებების მიმართულებით ამბობს, რომ ეს რეგულაციები შეცდომით მანამ გამოქვეყნდა, სანამ შესაბამის ტექნიკურ შემოწმებას გაივლიდა.

    კოვიდ-19-ის გადაცემის გზები ჯანდაცვის ექსპერტებს შორის თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია. ივლისში 200-მდე მეცნიერმა 30-მდე ქვეყნიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებდნენ, შეეცვალა რეგულაციები და გაეთვალისწინებინა მტკიცებულებები, რომ ვირუსი არა მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი გზით, არამედ ბევრად უფრო მცირე ზომის ნაწილაკებით ვრცელდება.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრთან – CDC-სთან დაკავშირებით ახლა ყურადღების ცენტრში ის საკითხიცაა, თუ ვინ და როგორ უნდა შემოწმდეს კორონავირუსზე. CDC-იმ გასულ თვეში განაცხადა, რომ იმ უსიმპტომო ადამიანების შემოწმება, რომლებიც ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტში იყვნენ, აუცილებელი არ არის. თუმცა აქამდე სააგენტო ამბობდა, რომ ყველას შემოწმება საჭირო იყო.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რა დგას Covid-19–ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის უკან და რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში

    რა დგას Covid-19–ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის უკან და რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში

    ბევრი ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვის ზრდის გამო შეშფოთებულია.

    საფრანგეთი ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა – 30 000–ზე მეტი დაინფიცირებულით. მას მხოლოდ ესპანეთი და ბრიტანეთი უსწრებენ. ცოტა ხნის წინ საფრანგეთში დაინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – იმაზე მაღალი, ვიდრე ეპიდემიის პირველი პიკის დროს იყო. სულ კი საფრანგეთში 344 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე.

    საფრანგეთი მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მეშვიდე ადგილზეა და მისი ხელისუფლება ყურადღებით აკონტროლებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში ლოკალური საკარანტინო ზომები გააძლიეროს.

    საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ნოემბერში ქვეყანას შეიძლება ვირუსის მეორე ტალღამ შეუტიოს.

    ესპანეთში, სადაც საკარანტინო ზომები ჯერ კიდევ ივნისში შეამსუბუქეს, თუმცა კვლავ საკმაოდ მკადრი რეგულაციები მოქმედებს, ივლისიდან მოყოლებული დაავადების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში 534 ათასი დაინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთი მცირედით ჩამორჩება საფრანგეთს.

    ბრიტანეთში, რომელიც ევროპაში დაინფიცირებულთა მაჩვენებლით რეკორდსმენია, მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობამ ორიათასს გადააჭარბა. დაინფიცირების ზრდის საშუალო მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება ივლისის შუა პერიოდის მაჩვენებელს.

    თუმცა, ასახავს თუ არა სინამდვილეში ეს შემაშფოთებელი ციფრები რეალურ სურათს? სპეციალისტები გვირჩევენ სანამ პანიკაში ჩავვარდებით 5 მნიშვნელოვან ფაქტორს მივაქციოთ ყურადღება.

    1. დაავადების “პიკი“ სინამდვილეში პიკი არ ყოფილა

    უკვე მივეჩვიეთ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გრაფიკებს, რომლებიც Covid19-ზე პოზიტიური ტესტების რაოდენობას გვიჩვენებს. აპრილში ბრიტანეთში დღეში 6000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ბოლო დღეებში იკვეთება პიკთან ერთგვარი მიახლოება.

    თუმცა, პანდემიის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში, ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში ანალიზს თითქმის მხოლოდ საავადმყოფოს პაციენტებს უკეთებდნენ, რადგან არავინ იყო მზად მასობრივი ტესტირებისთვის.

    შერჩევითი ტესტირება კი ნიშნავდა იმას, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ექიმების ხელში ვერ ხვდებოდა. ამჟამად უკვე ტესტირება ნამვილად მასობრივი გახდა. ამიტომაც დღევანდელი ციფრების შედარება ე.წ. პიკის პერიოდის ციფრებთან, რომელიც მარტ–აპრილში იყო, უბრალოდ არაკორექტულია.

    ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის შეფასებით მარტში დაინფიცირებულთა რიცხვი დღეში შესაძლოა 100 ათასიც ყოფილიყო, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა – ტესტირების მასშტაბების გაფართოება მხოლოდ მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ნამდვილად მასობრივი კი ტესტირება ბრიტანეთში სულ ცოტა ხნის წინ იქცა. გერმანიასა და ესპანეთში უფრო ადრე.

    გასაგებია, რომ დღესაც შეუძლებელია ყველა დაინფიცირების გამოვლენა, თუმცა პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით ეს ბევრად მეტია. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ინფიცირების დონე დღეს ბევრად დაბალია, ვიდრე პიკის დროს.

    1. დამატებითი ტესტების ფაქტორი.

    უკვე მას შემდეგ, რაც მასობრივი ტესტირება შემოიღეს, ყოველდღიური და ყოველკვირეული ტესტების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

    ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ იხსნება ახალი ცენტრები და იზრდება ლაბორატორიების გამტარუნარიანობა. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად სპეციალისტებს შეუძლიათ ბევრად უკეთ გააკონტროლონ ვირუსის გავრცელება, ვიდრე მასობრივი ტესტირების დაწყებისას. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პანდემიის დასაწყისში ვირუსი გადაცემის ჯაჭვის გამოკვლევა საკმაოდ რთული იყო.

    დიახ, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ტესტირების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ბრიტანეთში ივნისის შუა პერიოდიდან 80%–ით გაიზარდა, ინფიცირების ტემპის ზრდა ისეთ საშიშად აღარ გამოიყურება.

    1. ტესტირებები დაავადების კერებში ტარდება

    ტესტირების შესაძლებლობების გაფართოება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებებს ხელფეხი აქვთ გახსნილი. ახლა მაგალითად ბრიტანეთის ხელისუფლებას უფრო ზუსტი მობილური ლაბორატორიები აქვს, რომლებიც შეიძლება დაინფიცირების წერტილებში გაიგზავნოს.

    და მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიების გამტარუნარიანობის პრობლემა კვლავ არსებობს, და ზოგჯერ ბრიტანელებს კვლავ უჭირთ ანალიზების გაკეთება, ახლა მედიკოსებს შეუძლიათ იმ რაიონებზე ფოკუსირდნენ, სადაც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. ასეთ რაიონებში ტესტირებას იმ ადამიანებსაც სთავაზობენ, რომლებსაც აშკარა სიმპტომები არ აქვთ.

    იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად ესპანეთში ტესტირებას უტარებენ მთელ რეგიონებს, სადაც დაინფიცირების ზრდა შეიმჩნევა.

    ასეთი კერების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება კი იმას ნიშნავს, რომ ტესტის დადებითი პასუხის ალბათობა მაღალია.

    მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ახალი დაინფიცირების შემთხვევების მეოთხედი ბოლო კვირის განმავლობაში 20 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, რომლებიც ჯამში ქვეყნის მუნიციპალიტეტების 5%–ს შეადგენენ.

    1. ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა ბევრად დაბალია, ვიდრე ინფიცირების მაჩვენებელი

    ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანეთში ბევრად გაიზარდა კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, თუმცა ის სულაც არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც დაინფიცირების შემთხვევები. სურათი ბევრად არის შორს იმისგან, რაც მარტში იყო, როცა საავადმყოფოები გადაივსო. ასეთივე სიტუაციაა ესპანეთში და საფრანგეთში.

    ამის ერთ–ერთი ახსნა ის არის, რომ ტესტირებისას დაავადების ძალიან მსუბუქი შემთხვევებიც ვლინდება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს. ასევე როლს თამაშობს ის ფაქტორი, რომ დაავადებულთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც დაავადება ძირითადად მსუბუქად გადააქვთ.

    თუმცა, დაავადების მაჩვენებლის ზრდა კვლავ გვახსენებს, რომ ვირუსი არსად წასულა და პანდემიის სწრაფი ესკალაცია კვლავ შესაძლებელია.

    1. ახალ დაინფიცირებულთა შორის ახალგაზრდობის პროცენტი იზრდება.

    ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მონაცემებით ადამიანები 20–დან 39 წლამდე უფრო ხშირად ავადდებიან კორონავირუსით, ვიდრე სხვა ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლები და მათი დაინფიცირების ტემპები ბოლო დროს  უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის დროს ყოფილა. საინტერესოა, რატომ ხდება ასე.

  • “თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე. ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს“–ივანიშვილი

    “თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე. ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს“–ივანიშვილი

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ქართული ოცნების ხელწერად იქცა. მთაწმინდის პარკში, ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მან ოცნების დადებით მხარეებზე ისაუბრა. ივანიშვილი მისი ხელისუფლების მიღწევად კორონასთან გამკლავებას თვლის:

    “მარტივია, როდესაც შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე. არაფერზე პასუხისმგებლობა გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს.

    დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის, დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე. ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რის შესაძლებლობასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა.

    ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენ სწორ და თანმიმდვრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც დარმწუნებული ვართ, კვლავ უპირობო გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აიღო სტარტი”–თქვა ივანიშვილმა.

    დღეს “ქართული ოცნების” პროროპოციული სიის პირველი 20-ეული დასახელდა. თავად ივანიშვილი სიაში არ არის.

  • “დოსიეს“ მორიგი სკანდალური მასალა– რა ინსტრუქციებს იღებს პატრიოტთა ალიანსი რუსი კურატორებისგან

    “დოსიეს“ მორიგი სკანდალური მასალა– რა ინსტრუქციებს იღებს პატრიოტთა ალიანსი რუსი კურატორებისგან

    საგამოძიებო ცენტრი დოსიე პატრიოტთა ალიანსის შესახებ ახალ მასალას აქვეყნებს. ის მის მიერ გამოქვეყნებული წინა მასალის გამოხმაურებასაც ეხება და ამბობს, რომ განაგრძობს მასალების გამოქვეყნებას იმის შესახებ, როგორ არის აწყობილი თანამშრომლობა პატრიოტთა ალიანსსა და კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტს შორის.

    წინაისტორია ასეთია: ცენტრ დოსიეს ხელთ აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები და ოპერატიული მონაცემები გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან. წარსულში “კაგებეს“ და “გრუს“ ოფიცერი  ლონდონში და ჰელსინკში ჯაშუშობდა, შემდეგ კი ნაციონალური სარეზერვო ბანკის საფარქვეშ, 2012 წელს კი ვლადიმერ პუტინმა ის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართელოს უფროსად დანიშნა.

    ახლო აღმოსავლეთიდან გავლენის აგენტების ანგარიშებიდან და პოლიტიკოსებზე , საზოგადო მოღვაწეებზე და ჟურნალისტებზე შედგენილი საცნობარო დოკუმენტებიდან ჩანს არა მხოლოდ დიდი ინტერესი, არამედ სამმართველოს თანამშრომლების აქტიური მონაწილეობა პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიაში 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ფინანსური ხარჯთაღრიცხვები და წინასაარჩევნო მეთოდიკები.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერების დასახმარებლად სამმართველომ კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავა. მიხეევს პერსონალურად კურირებენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები – “ფეესბეს“ თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და “გრუს“ ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

    ჩერნოვის უწყებიდან მრავალრიცხოვან დოკუმენტებზე დაყრდნობით დოსიე წერს, რომ პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯები მინიმუმ 8 430 625 აშშ დოლარია. ამას ემატება 700 000 დოლარი პოლიტტექნოლოგების მუშაობის ანაზღაურება.

    დოსიე იმასაც უსვამს ხაზს, რომ მისი პირველი მასალის გამოქვეყნება ირმა ინაშვილის ოკუპირებულ აფხაზეთში ფარულ სტუმრობას დაემთხვა, რომელმაც საქართველოში სკანდალი გამოიწვია. ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა ინაშვილი ქვეყნის ინეტერესების ღალატში დაადანაშაულა და მისი პასუხისმგებლობა მოითხოვა. დოსიე წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით შეტევების მოგერიებაში მას კრემლის კონსულტანტები ეხმარებოდნენ.

    გენერალ ჩერნიშოვის საქაღალდეებში არის ირმა ინაშვილის მედიით გამოსვლის თეზისები და წინასწარ მომზადებული პასუხები:

    “ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო”;

    “მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით”

    “არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში საბრძოლო იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ”

    “მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს  ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს”

    გარდა ამისა, დოსიეს მიხედვით რუსმა კონსულტანტებმა პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია, აგიტატორების სამახსოვრო, მუშაობის გეგმა და ა.შ. მოუმზადეს. სტრატეგიაში წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელი კომპლექსია მოყვანილი:

    აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში  აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი და სხვა.

    მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია – „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“, რაც ღარიბი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების გადაცემას გულისხმობს.

    საკანონმდებლო ინიციატივა – ყველა ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, უნდა შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, გაიხსნას საარჩევნო უბნები მათ შორის რუსეთში.

    28 აგვისტოს, მარიამობას – ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს – გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან (შეიძლება არჩილ ჭყოიძის გავლით გადაცემა). საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს გადმოსცემენ … მიზანი არის იმის ჩვენება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მსგავსია საკვანძო საკითხებში – რუსეთთან და რუსებთან, როგორც ერთმორწმუნე ძმებთან, ურთიერთობის აღდგენა.

    დოკუმენტებში წერია სოციალურ ქსელებში დაგეგმილი კამპანიის შესახებაც:

    5 სექტემბრამდე – მოძებნეთ ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც მზად არიან შეგხვდნენ, შეხვდნენ პარტაქტივს, შემდეგ კი განათავსონ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ.

    27 სექტემბრამდე – პატრიოტული სიმღერის კონკურსი. ონლაინ ფლეშმობი   „ვმღერით ერთად“.

    1-ელ ოქტომბრამდე – ფლეშმობის ჩაშვება სოციალურ ქსელებში – „მხარდაჭერის მარში“ – მედია სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. გამოხატავენ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას.

    პატრიოტთა ალიანსის მიმოწერა ინსტრუქტორებთან

    დოსიე ასევე აქვეყნებს დოკუმენტებს, სადაც, მათივე თქმით რუს ინსტრუქტორებთან პარტიის მიმოწერაა მოცემული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მოსკოვიდან “პატრიოტთა ალიანსთან” კამათი უწევთ მათი არასაკმარისი სისწრაფის გამო.

    საარჩევნო კლიპებთან დაკავშირებით, “პატრიოტთა ალიანსის” პასუხში ვკითხულობთ, რომ ისინი შეაგროვებენ ათეულობით ადამიანს, და აგვისტოს ბოლომდე დაამზადებდნენ ვიდეორგოლებს, რომლებშიც ეს ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერას ან მისი წევრების მიმართ სიმპატიას გამოხატავენ. ალიანსი კრემლის კურატორებს ამ ადამიანების პირად ინფორმაციასაც პირდება, ფოტოგრაფიების ჩათვლით.

    “მათ შორის არიან გამოჩენილი ადამიანები,  მაგალითად, პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერლები თათარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, რაგბისტი ფარციყანაშვილი, კარატისტი კაკაბაძე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირის თამჯდომარე, გონაშვილი, გენშტაბის ყოფილი უფროსი ნიკოლაიშვილი,  ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და სხვა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები არიან და ღიად უჭერენ მხარს. მათი ვიდეო მიმართვები ობიექტივზე მთელი სექტემბერი და ოქტომბერი იტრიალებს. ჯერჯერობით ადრეა.” – წერენ თბილისიდან მოსკოვში.

    დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ “პარტრიოტთა ალიანსი” რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევას ვერ ასრულებს. მაგალითად, როგორც ჩანს, მათ ომის წლისთავზე მიტინგის გამართვას სთხოვდნენ, პასუხად კი პატრიოტთა ალიანსი წერს, რომ ეს შეუძლებელია და თავს იმართლებს. ამასთან, ანგარიშს აბარებს კურატორებს ობიექტივზე გასული გადაცემების შესახებ, რომლებიც სამხედრო მიუმხრობლობას ეხება:

    “რაც შეეხება აგვისტოს ომს. ირმას და დავითის მონაწილეობით გადაცემები გავიდა 6,7,9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გავიდა მხოლოდ კლიპები. ამ გადაცემებს უკვე მოჰყვა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ დღეს მიტინგის მოწყობა -თბილისში არსებული სიტუაციის სრულიად ვერგაგებაა. ჩვენც კი არ გვაპატიებენ ამ თემაზე ამ დღეს მიტინგის მოწყობას,“ – წერენ თბილისიდან.

    მასალის სრული ვერსია