Category: კავკასია

  • დააპატიმრეს უკრაინული ქარხნის დირექტორი, რომელიც ომის დროს რუსებს სამხედრო ვერტმფრენების ძრავებით ამარაგებდა

    უკრაინაში დააპატიმრეს ძრავმშენებელი ქარხანა “მოტორ სიჩის”  საპატიო პრეზიდენტი, უკრაინის გმირი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, რომელიც  ომის დროს ძრავებით ამარაგებდა რუსეთის სამხედრო ავიასაწარმოებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა.  მას ბრალად ედება კოლაბორაციონიზმი,აგრესორის ხელშეწყობა და სამშობლოს ღალატი.

    სატელეფონო საუბრებში ჩანს, რომ “მოტო სიჩის“ პრეზიდენტი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და ომის დაწრყების შემდეგაც მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში რამდენიმე ტიპის ძრავების მიწოდებაზე საბრძოლო ვერტფრენების სხვადასხვა მოდელებისთვის, ასევე სხვა სათადარიგო ნაწილებზე.

    აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ ბოგუსლაევი – “რეგიონების პარტიიდან“ რადას ყოფილი დეპუტატი, ამართლებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის არმია მივა, “ზელენსკის გააგდებს და წავა.“

    სატელეფონო საუბარში ბოგუსლაევი იმასაც ამბობს, რომ მისი ქარხნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ის ამას “გაგებით ეკიდება“.

  • „ნუ სტირით!“ – მიტროპოლიტი შიო ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

    საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას 13 ოქტომბრელს ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე ილაპარაკა, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.

    „ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა… და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება: „ნუ სტირი!“ – განაცხადა შიო მუჯირმა, – რატომ მოსთხოვა უფალმა, რომ არ იტიროს? თქვენ გახსოვთ, სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ „ნეტარ არიან მგლოვარენი“, აქ კი ამბობს, არ იტიროო. იმიტომ, რომ იქ სხვა ტირილზე, სხვა გლოვაზეა საუბარი; ის ადამიანები, ვისაც უფალი წარმართებს უწოდებს, სხვაგვარად ტირიან, სხვაგვარად გლოვობენ და სხვაგვარად ხარობენ, ვიდრე ღმერთის ადამიანები და მორწმუნეები. ამაზე წერს პავლე მოციქული: „ნუ გლოვობთ, როგორც წარმართები, რომლებსაც არ აქვთ სასოება“. აი, სწორედ ასეთ გლოვაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტეს – სასოებამოკლებულზე, სწორედ ასე ტიროდა ეს ქვრივი – სასოწარკვეთით“.

    მიტროპოლიტმა შიომ გაიხსენა ძველი აღთქმის ერთი ეპიზოდი, რომელშიც დავით წინასწარმეტყველს შვილი უკვდება ავადმყოფობისგან.

    „როცა იგებს ბავშვის ავადმყოფობის ამბავს , წმინდა დავით წინასწარმეტყველი იწყებს მარხვას, განმარტოვდება, ღამეებს მიწაზე ათევს და შვიდი დღის შემდეგ მას ეტყვიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ დავითი დგება მიწიდან, იბანს, ზეთს იცხებს, მიდის ტაძარში, იქ ლოცულობს და შემდეგ მოითხოვს, რომ მოუტანონ საჭმელი და ჭამს. მსახურები ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს მისი ასეთი ქცევა; სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ მარხულობდი და გლოვობდი, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, შეწყვიტე მარხვა, საჭმელს ჭამ, ზეთი იცხე და პირი დაიბანეო? დავითი უპასუხებს, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე ვლოცულობდი და ვმარხულობდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა შემიწყალოს და გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც მოკვდა, რაღად ვიმარხულო, ვინაიდან ვიცი, რომ მე მას ვერ დავაბრუნებ, მე მასთან წავალ, ის კი ჩემთან ვერ მოვაო. ამიტომ უფალი როდესაც ამბობს – „ნუ სტირი“, ამით ამბობს, რომ ნუ ეძიებ სიყვარულს წარსულში, შენს საყვარელ ადამიანს, შენს ახლობელს წარსულში, წარსულში მხოლოდ წარსულია, სიყვარული კი უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და ჩვენ გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულ ცხოვრებაში. დავითის საიდუმლოებაც ეს იყო, მან იცოდა ეს, მან იცოდა ღმერთის არსებობა, სწამდა ღმერთის და ვინც ეს არ იცის, ისინი, რა თქმა უნდა, შიშითა და ძრწოლით უყურებენ კარს მომდგარ სიკვდილს. და როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, უზომო გლოვას ეძლევიან“, – განაცხადა შიო მუჯირმა ქადაგებისას.

  • “ვაგნერის ხაზი“–პუტინის “მზარეული“, პრიგოჟინი კრემლში განხეთქილების მიზეზი ხდება –ISW

    ექსპერტები თვლიან, რომ კრემლში ღრმავდება დაპირისპირება მათს შორის, ვინც პირადი ინტერესების გამო უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგება და მათ შორის, ვინც რუსეთის სრულ გამარჯვებამდე ბრძოლის მომხრეა.

    რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს“ აფინანსებს, უკრაინის ჩრდილო–აღმოსავლეთში გამაგრებების ხაზს ქმნის სახელწოდებით “ვაგნერის ხაზი“ და მისი აქტიური მონაწილეობით “სპეცოპერაციაში“ რუსეთის სამთავრობო წრეებში განხეთქილებას აღრმავებს.

    ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების ინფორმაციით თავდაცვის ეშელონის შექმნა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ არ არის თანხვედრაში ომის მსვლელობის შესახებ კრემლის ნარატივთან.

    მიმომხილველები რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ რუსეთის რეგიონულმა ჩინოვნიკებმა შეაჩერეს “ვაგნერის ხაზის“ გამაგრებების გაფართოება, რომლებიც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, ასევე რუსეთის ბელგოროდის ოლქის ფრონტების შეხების ხაზის გასწვრივ  გადის. პრიგოჟინმა საპასუოდ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბიუროკრატიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის “პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესებს და არ იცავს რუს ადამიანებს“.

    თავის ტელეგრამ არხზე პრიგოჟინმა კომენტარი გააკეთა “ვაგნერის ხაზის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე და დაადასტურა, რომ დამცავი ნაგებობები კრემლის დავალების გარეშე კეთდება.

    “ვაგნერის ხაზი“

    “ვაგნერის ხაზის“ გაკეთება არავის არავისთვის არ დაუვალებია. “ვაგნერი“ ფრონტის ხაზის გასამაგრებელ ნაგებობებს ოპერატიული ვითარებიდან და საკუთარი გეგმებიდან გამომდინარე აკეთებს. ის სევერსკი დონცის გასწვრივ გადის, რადგან ეშელონირებულ თავდაცვას გულისხმობს. სხვა დეტალების გამხელა არამიზანშეწონილად მიგვაჩნია“– დაწერა პრიგოჟინმა.

    ISW ასევე აღნიშნავს, რომ კრემლი სავარაუდოდ შეეცდება ომის შეზღუდული ჩარჩოები შეინარჩუნოს. ამიტომაც, კრემლის სახელისუფლო წრეებში გრძელდება დაპირისპირება ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ვერ ბედავენ ომის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებას პირადი ინტერესების გამო და მათ შორის, ვინც მომხრეა რუსეთმა “სრული გამარჯვებისთვის“ იბრძოლოს.

    გავრცელებულ რუსულ რუკებზე ჩანს, რომ პრიგოჟინის მიერ შეთავადებული “ვაგნერის ხაზის“ გაგრძელება რუსულ ბელგოროდის ოლქსა და უკრაინის სუმის, ხარკოვის და ლუგანსკის ოლქებს შორის საზღვრებს იცავს, თუმცა არ მოიცავს ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთს ,რაც ეწინააღმდეგება კრემლის დაპირებებს, რომ ლუგანსკს დაიცავს.

    ხაზი მოიცავს ზოგიერთ ცოტა ხნის წინ დაპყრობილ დასახლებულ პუნქტებს, როგორიც არის ლისიჩანსკი, ზოლოტოე და პოპასნაია, მაგრამ გამორიცხავს კრემენნაიას და სევეროდონეცკს.

    პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები, როგორც ჩანს, იმ პოზიციების დაცვას აპირებენ, რომელთა შენარჩუნება მათი აზრით რეალურად შეუძლიათ, და არა მთელი ფრონტის ხაზისას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

    “ვაგნერის ხაზი“ – ეს არის მრავალშრიანი, ეშელონირებული დაცვის ელემენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაგნერი გაჩერებას აპირებს… ეს უფრო იმ სამხედრო ფორმირებებს ჭირდებათ, რომლებიც ვაგნერის ზურგს უკან დგანან, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი–ასე პასუხობს პრიგოჟინი კითხვას გამაგრებების შექმნის აუცილებლობაზე.

    ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა “ვაგნერის ხაზის “ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. ხაზის სიგრძე თითქმის 2 კილომეტრია. გამაგრებები ტანკსაწინააღმდეგო ბეტონოის პირამიდების 4 რიგისგან შედგება, მათ უკან კი დიდი სანგარია. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ გამაგრებები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესაჩერებლად გაკეთდა, თუმცა CNN–ის ჟურნალისტები თვლიან, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ამ გამაგრებებს გვერდი აუარონ.

  • დააკავეს 6 პირი, რომლებიც ორი სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად გადასცემდნენ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების – „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს,”- აღნიშნულია განცხადეაში.

  • უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

    უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.

    პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

    სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.

  • რუსეთი სერიოზულად განიხილავს ხერსონიდან უკან დახევის შესაძლებლობას–ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის განცხადებას აანალიზებს ხერსონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და საკუთარ დასკვნას აქვეყნებს:

    ორი დღის წინ ახლადდანიშნულმა გენერალმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის რაიონში “დაძაბული“ სიტუაციაა და მხარი დაუჭირა მანამდე გახმაურებულ საოკუპაციო ხელისუფლების გეგმას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

    ანგარიშის ავტორები სუროვიკინის განცხადებას “სრულიად უჩვეულოს“ უწოდებენ.

    “სავარაუდოდ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მისი ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანას მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან“–წერია ანგარიშში.

    ასეთი ვარაუდის გამოთქმისას ანგარიშის ავტორები რუსების მთავარ პრობლემად დნეპრის გადალახვას ასახელებენ. ვინაიდან მდინარეზე ყველა ხიდი დაზიანებულია, რუსეთს სავარაუდოდ ძირითადად საპონტონო ხიდების იმედი ექნება, რომლებიც ხერსონთან ახლოს ააგეს, ასევე საპონტონო გადასასვლელების, რომლებიც უკვე რამდენიმე ადგილზე მოქმედებს.

  • 20 ბოთლი არაყი პუტინისგან და გულთბილი მიმოწერა– ბერლუსკონი აუდიოჩანაწერის გახმაურების გამო სანდალში გაეხვა

    იტალიაში სკანდალი მოყვა ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერს. გაზეთ La Presse–ის პუბლიკაციის მიხედვით, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი პოლიტიკოსი თანაპარტიელებს მოუყვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საჩუქრების გაცვლა–გამცვლა ჰქონდა, არყის ყუთის და ღვინის ბოთლის სახით, ასევე  იყო “სასიამოვნო წერილების“ ურთიერთგაცვლა.

    ჩანაწერში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ბერლუსკონი კერძოდ ამბობს: “რუსმა მინისტრებმა უკვე რამდენჯერმე თქვეს, რომ ჩვენ მათთან ომის მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ უკრაინას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერ. მე ჩემი პირადი აზრის გამოთქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ თუ პრესაში გაჟონა, კატასტროფა მოხდება. მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ“.

    ამის შემდეგ ბერლუსკონი ამბობს: “ისევ დავიწყე პუტინთან ხშირი ურთიერთოობა, ანუ, ჩემს დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი და ძალიან სასიამოვნო წერილი გამომიგზავნა. მე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო და ასევე გულთბილი წერილი გავუგზავნე.“

    გამოცემის ინფორმაციით, ეს გამოსვლა დეპუტატების და ბერლუსოკნის დახურულ შეხვედრაზე იყო, რომლებიც მისი პარტიიდან –“წინ იტალია“ პარლამენტში აირჩიეს.

    ოთხშაბათს ბერლუსკონის სიტყვებს გამოეხმაურა ევროკომისია. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნებს აქვთ ნება თვითონ ააწყონ ორომხრივი ურთიერთობები, თუმცა ამავე დროს პატივი უნდა სცენ ევროკავშირის საერთო პოზიციას, რომელიც პუტინის შემთხვევაში ურთიერთობების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს.

    კონტაქტები ევროპელ და რუს პოლიტიკოსებს შორის აკრძალული არ არის, თუმცა მათი პრიორიტეტი უნდა იყოს “ევროკავშირის პოზიციის მიტანა უკრაინის მიმართ აგრესიისა და არალეგიტიმური შეჭრის მიმართ, და მოწოდება რუსი კოლეგებისადმი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესია და დაწყონ საერთაშორისო სამართლის დაცვა“– ამბობს ევროკკავშირის წარმომადგენელი.

    გაზეთის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ბერლუსკონის პარტიამ განაცხადა, რომ ისინი, ისევე როგორც თავად ბერლუსკონი რუსეთის ომს უკრაინასთან ზუსტად ისევე აფასებენ, როგორც ევროპა და აშშ. “ამ საკითხში გარუკვევლობას ადგილი არ აქვს და არც არასდროს ქონია“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

    პარტიის ოფიციალური წარმომადგენელიც ამტკიცებს, რომ ბერლუსკონი გულისხმობდა არა მის ბოლო დაბადების დღეს – 2022 წლის 29 სექტემბერს, არამედ ძველი ისტორია გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა.

    86 წლის ბერლუსკონი პუტინთან სიახლოვის შესახებ პირველად არ საუბრობს. პრემიერის პოტსზეც ის პუტინს არაერთხელ შეხვდა. თავად პუტინი კი ბერლუსკონის მის მეგობარს და მოკავშირეს უწოდებს.

    წელს სექტემბერში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მოსკოვს უნდა უკრაინის ხელისუფლების სათავეში “წესიერი ხალხი“ მოიყვანოს. ამ განცხადებასაც სკანდალი მოჰყვა.

    “პუტინს რუსეთის მოსახლეობამ, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა უბიძგეს, რომ ეს სპეცოპერაცია მოეფიქრებინა. ჯარები უნდა შესულიყვნენ, კიევამდე მისულიყვნენ ერთ კვირაში, ზელენსკის მთავრობა შეეცვალათ  წესიერი ხალხით და შემდეგ უკან გასულიყვნენ. ამის მაგივრად ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომელსაც დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებამ შეუწყო ხელი.“–თქვა ბერლუსკონიმ.

  • უკრაინაში რუსული არმიის მეთაური აღიარებს, რომ ხერსონში ვითარება მძიმეა და “რთული გადაწყვეტილებების“ მიღებას არ გამორიცხავს

    ცოტა  ხნის წინ დანიშნულმა რუსეთის არმიის გაერთიანებული ძალების მეთაურმა უკრაინაში, სერგეი სუროვიკინმა პირველი ინტერვიუ მისცა რუსულ მედიას და ხერსონის მიმართულებით სიტუაციას  დაძაბული უწოდა. ამასთან, განაცხადა, რომ არ გამორიცხავს “ რთული გადაწყვეტილებების მიღებას“.

    სუროვიკინის ინტერვიუ ტელეარხ “Россия-24″–ის ეთერში გავიდა. გენერალმა პირველად აღიარა რთული სიტუაცია, რომელშიც რუსული არმია ხერსონთან აღმოჩნდა, რაზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობენ უკრაინის ხელისუფლება და გარე დამკვირვებლები.

    რუსი მეთაურის თქმით, “ნატო უკრაინისგან შეტევით ოპერაციებს მოითხოვს“ ხერსონის მიმართულებით, და “არაფრად აგდებს მსხვერპლს, როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში“.

    მისი თქმით, რუსეთის შემდგომი გეგმები ხერსონთან მიმართულებაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა  სამხედრო–ტაქტიკური სიტუაცია შეიქმნება აქ, განაცხადა სუროვიკინმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს “რთული გადაწყვეტილებების მიღებას“. მან ასევე ახსენა თითქოსდა მის ხელთ არსებული მონაცემები “კიევის მიერ ხერსონის რაიონში ომის აკრძალული მეთოდების გამოყენებისა და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბაზე სარაკეტო დარტყმის მზადების შესახებ.“

    დამოუკიდებელი დამკვირვებლები არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული HIMARS–ების საშუალებით მწყობრიდან გამოიყვანეს მდინარე დნეპრის და მისი შენაერთების რამდენიმე ხიდი, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე რუსული დაჯგუფება ნორმალური მომარაგების გარეშე დარჩა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა რუსული არმიის მიერ ხერსონის შენარჩუნება.

  • ცნობილი ხდება ბელგოროდის პოლიგონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები, რომელსაც 32 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა

    ექსპერტი ზურა ბატიაშვილი რუსეთში, ბელგოროდის პოლიგონზე გუშინ მომხდარი სროლის დეტალებზე საუბრობს:

    “ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამხედრო ნაწილში მყოფმა სამმა ჯარისკაცმა (1 აზერბაიჯანელი, 1 დაღესტანელი და 1 ადიღეელი) განაცხადეს, რომ ეს არ არის მათი ომი და უნდოდათ წასვლის შესახებ რაპორტების დაწერა.

    როდესაც ეს ამბავი ნაწილის უფროსმა პოდპოლკოვნიკმა ლაპინმა გაიგო (სურათზე სწორედ ისაა), მოაწყო ჯარისკაცები და საჯაროდ გამოლანძღა ისინი. იქვე თქვა, რომ ეს არის “წმინდა ომი”. ამაზე ტაჯიკებმა უპასუხეს, რომ წმინდა ომი მაშინ არის, როდესაც მორწუმეები იბრძვიან ურწმუნოების წინააღმდეგ. ამაზე ლაპინმა მიუგოთ: “ე.ი. ალაჰი არის მშიშარა, თუ ის არ გაძლევთ უფლებას, იბრძოლოთ იმ მხარეს, რომელსაც ფიცი მიეცით.” ამაზე ტაჯიკები გამოენთნენ, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა, მაგრამ ინციდენტი იქ მალევე ჩაცხრა.

    ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები სასროლეთზე გადავიდნენ, ტაჯიკებმა ნაწილში მყოფ მუსლიმებს შესძახეს გაიწიეთო და დაუშვეს ლაპინსა და გარშემო მყოფებს. ლაპინი და მასთან მყოფები (სულ 30 რუსი სამხედრო) ადგილზევე დაიხოცნენ. ბევრიც დაიჭრა.
    2 ტაჯიკი საპასუხო ცეცხლით მოკლეს, რომელიც საწყობში მყოფმა რუსმა ოფიცერმა გახსნა. მესამე ტაჯიკი მხარში დაჭრეს, მაგრამ მან ნაწილიდან გაქცევა მოახერხა.

    ეს აქამდე მომხდარი ყველაზე გახმაურებული შიდა ინციდენტია ამ ომის მიმდინარეობისას, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც კი ვერ დამალა.

    რუსულ ჯარში არსებული განუკითხაობის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, მსგავსი ამბები და კიდევ უარესები მოხდება მომავალში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით!“– ამბობს ექსპერტი.

    გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის პოლიგონზე ტერაქტი მოხდა, რასაც “მოხალისე ჯარისკაცები“ შეეწირნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მოკლულთა რაოდენობა 11 იყო, თუმცა ეს ვერსია თავიდანვე ეჭვქვს იწვევდა.

  • უკრაინელების 90%–ზე მეტი თვლის, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება–როგორ შეიცვალა განწყობები ომის განმავლობაში

    რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მესამე დღესვე ავტორიტეტულმა უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა “რეიტინგი“ დაიწყო პირველი საერთონაციონალური კვლევა ომის თემაზე. დღეისათვის კი უკვე 17 ასეთი კვლევაა ჩატარებული.

    ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ანტიპოვიჩი ამბობს, რომ ამ დროისთვის უკრაინის საბოლოო გამარჯვების უკრაინელების 90%–ზე მეტს ჯერა, თუმცა, ამ გამარჯვების დროით ჩარჩოებზე რესპოდენტების პოზიცია შეიცვალა – თუ გაზახულზე უმრავლესობა რამდენიმე კვირას ასახელებდა, ახლა გამარჯვებისთვის საჭირო ვადად რესპდენტები 6–12 თვეს ასახელებენ. 50–60 პროცენტისთვის გამარჯვება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს 1991 წლის საზღვრებში, თუმცა არსებობს უფრო რადიკალური განწყობებიც.

    ანტიპოვიჩის თქმით, მართალია ხელისუფლებით უკმაყოფილების და არჩევნებიდან მალევე მისი შეცვლის სურვილი  უკრაინელებისთვის დამახასიათებელია, ამჟამად პრეზიდენტის ქმედებებით კმაყოფილების მაჩვენებელი 84 %–იან ნიშნულზეა. ზელენსკის ასეთი მაღალი მაჩვენებლები მისდამი ნდობის პიკზე – 2019 წელსაც კი არ ქონია. ანტიპოვიჩი ამბობს, რომ უკრაინელები ზოგადად, ყოველთვის უარყოფითად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, შესაძლოა ეს გარკვეული მენტალური თავისებურებაა, რადგან უკრაინაში ხელისუფლება ყოველთვის “უცხო“ იყო. ზელენსკიმ კი ეს თავისებურება დაანგრია.

    ანტიპოვიჩი ასევე აღნიშნავს რუსული ენის პოპულარობის კლებას. თუ ომამდე ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსულ ენას უკრაინელების დაახლოებით მეოთხედი იყენებდა, ახლა ამას მხოლოდ 13% აკეთებს.

    ამჟამად, უკრაინელების 76% უკრაინულს მშობლიურ ენას უწოდებს. 2012 წელს ასეთი მხოლოდ 57% იყო.  ამ მაჩვენებლის ზრდა დიდი ხანია გრძელდება–დაახლოებით 2014 წლიდან.  უკრაინელების 86% თვლის, რომ უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა უნდა იყოს. ომამდე ამ აზრს მხოლოდ ორი მესამედი იზიარებდა.

    რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას ამჟამად უკრაინელების მხოლოდ 3% უჭერს მხარს.

    ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ განსხვავება მოსახლეობის განწყობებში  უკრაინის რეგიონებს შორის თანდათანობით მცირდება.

    უკრანელების დამოკიდებულება თვითაღიარებული რესპუბლიკებისა და ყირიმის მიმართ ომის მსვლელობის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანტიპოვიჩი თვლის, რომ ამ რეგიონების მაცხოვრებლების ინტეგრირება საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება.

    უკრაინელების 99%–ზე მეტი ეთანხმება თეზისს – “რუსეთი მტერია“. მარტში უკრაინელების 13% დადებითად იყო განწყობილი რუსების მიმართ. აპრილში 8%, აგვისტოში კი 3%.

    გამოკითხულთა 80% ვერ ხედავს რუსებთან ურთიერთობის აღდგენის ვერანაირ შესაძლებლობას, ან ამბობს, რომ ამას 20–30 წელი დაჭირდება.