Category: კავკასია

  • ბორის ჯონსონი აპირებს მსოფლიოს უკრაინის აღსადგენად “მარშალის გეგმა“ შესთავაზოს

    ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი ახალი ფონდის შესაქმნელად ემზადება, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა და მისი დანგრეული ეკონომიკის აღდგენა იქნება.

    ამის შესახებ The Daily Telegraph ჯონსონის მეგობრებზე დაყრდნობით წერს.

    მათი თქმით, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი “მარშალის გეგმა უკრაინისთვის“. ბრიტანელი პოლიტიკოსის მეგობრები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ “ბორისი უამრავ ფულს მოაგროვებს კერძო დონორებისგან.“

    ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვესტმინსტერში ოფისი გახსნა, საიდანაც იმედი აქვს, რომ ომით დანგრეული უკრაინის დასახმარებლად ფონდს გახსნის.

    შეგახსენებთ, რომ მარშალის გეგმა – ეს არის ეკონომიკური დახმარება ევროპული ქვეყნებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა 1947 წელს მსოფლიოს შესთავაზა. მისი მიაზნი ომით დანგრეული ევროპული ეკონომიკის აღდგენა იყო.

  • ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დეპუტატმა თავი მოილა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

    გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

    ხახუბიას საცხოვრებელ სახლში მიდიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

    ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

    შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძველი სლოვენიური ფოტო უკრაინული ჭუჭყიანი ბომბის ფოტოდ გაასაღა

    24 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ინგლისურენოვან გვერდზე გამოქვეყნდა ასეთი ჩანაწერი:

    “არსებული ინფორმაციით უკრაინის ორმა ორგანიზაციამ მიიღო პირდაპირი შეკვეთა ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის შესაქმნელად. სამუშაოები დასრულების სტადიაშია“

    ტვიტს თან ახლდა ოთხი ფოტო: პაკეტები გამაფრთხილებელი წარწერით, რომ შიგნით რადიოატიური მასალებია, სავარაუდოდ ატომური სადგურის ზევიდან გადაღებული ფოტო, ასევე ნარჩენების საცავების ფოტო.

    დღეს სლოვენიის მთავრობის ტვიტერზე გამოქვეყნდა იგივე ფოტოები დაზუსტებით, რომ ეს ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული და რადიოაქტიური ნარჩენების ნაციონალურ სააგენტოს ეკუთვნის, შესაბამისად, დღევანდელობასთან არაფერი აქვს საერთო.

    “რადიოაქტიური ნარჩენები სლოვენიაში საიმედოდ ინახება და მეთვალყურეობის ქვეშ არის. ისინი არ გამოიყენება არანაირი ჭუჭყიანი ბომბების შესაქმნელად“– ნათქვამია ქვეყნის მთავრობის ტვიტში.

  • პუტინმა ზელენსკის გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის პირით გადასცა, რომ მოლაპარაკება და “ურთიერთობების განბლოკვა“ უნდა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსიმ განაცხადა, რომ გვინეა–ბისაუს ლიდერმა, უმარუ სისოკუ ემბალომ, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა კრემლთან მოლაპარაკების შემდეგ, მას რუსეთის ხელისულების დანაბარები გადასცა.

    “მან მითხრა, რომ რუსეთს ხიდების აღდგენა უნდა. ბატონ პრეზიდენტს უფრო საფუძვლიანად ვაჩვენე, ჩვენთან რა ხდება.

    მე ვუთხარი: იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შორის ხიდები არსებობდეს, საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ ამ ორი სახელმწიფოდან ერთში. მაშინ, ჩემი აზრით მომავალში შეიძლებოდა გველაპარა. მეორე საითხია, ვისთან შეიძლება ლაპარაკი.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა ის არის, რომ ურთიერთობები უნდა განიბლოკოს… მოდით დავიწყოთ განბლოკვა, მინიმუმ ჩვენი შავი ზღვით“ –თქვა ზელენსკიმ.

    ემბალო პირველი აფრიკელი ლიდერია, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ესტუმრა.

  • უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ შენელდა ხერსონში უკრაინელების კონტრშეტევა

    უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ხერსონში წვიმების გამო შენელდა. წვიმა სამხედროების მუშაობას ხელს უშლის. ამის შესახებ Fox News–ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

    მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, უკრაინელი სამხედროები მაინც წინ მიიწევენ და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას განაგრძობენ.

    “ამ მომენტში ამინდის გამო, ვგულისხმობ წვიმებს, კონტრშეტევა ოდნავ შენელდა. მაგრამ ჩვენ ისევ ვიყენებთ ნაბიჯ–ნაბიჯ ჩვენი დასახლებული პუნქტების გათავისუფლების ტაქტიკას და გავაგრძელებთ ამის კეთებას.“– თქვა მინისტრმა.

    მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში უკვე 90 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს.

    კონტრშეტევა ხერსონის ოლქში უკრაინულმა ძალებმა აგვისტოში დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხერსონიდან გაქცევისთვის ემზადებიან.

    რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ ხერსონში დნეპრზე არსებულ ყველა ხიდს, ამიტომაც ოკუპანტები ქალაქის დატოვებას ვერ მოახერხებენ ისე, როგორც ეს იზიუმში მოხდა. მისი თქმით, ოკუპანტების სიცოცხლისთვის საშიშია ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა.

    მინისტრის თქმით, რუსებს უკანდასახევი გზები მოჭრილი აქვთ.

  • რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ პოსტი დატოვა

    რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა პოსტი დატოვა. ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები გახდა. ვასილე დინკუ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გააკრიტიკეს. მისი თქმით, უკრაინისთვის ომის დასრულების ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.

    “დღეს დილით რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას ჩავაბარე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება”, – დაწერა “ფეისბუქზე” ვასილე დინკუმ. მისი თქმით ქვეყნის მმართველებთან თანამშრომლობა სირთულეს წარმოადგენდა.

    ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ თქვა, რომ საერთაშორისო მოკავშირეების დახმარებით წარმოებული მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. ეს კომენტარი მალევე გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ისე მმართველი კოალიციური მთავრობის სხვა ლიდერებმაც.

    პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, მაშინ, როცა უკრაინელები ამ ომის საფასურს საკუთარი სისხლით იხდიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ თქვან, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი. მისივე განმარტებით, სწორედ ასეთია რუმინეთის, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოზიცია.

  • რუსები Google-ში “დენაციფიკაციის“ განმარტებას აღარ ეძებენ. ახლა მათ “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“ აინტერესებთ

    Google Trends-ის და  “Яндекс Wordstat”–ის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში რუსები პრაქტიკულად აღარ ეძებენ 24 თებერვალს გამოცხადებული უკრაინაში შეჭრის მიზეზის – “დენაციფიკაციის“ შესახებ ინფორმაციას საძიებო სისტემებში. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა ძიება სიტყვებზე “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“.

    Google Trends–ის სერვისის მონაცემებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველ კვირაში პიკს მიაღწია “დენაციფიკაციის“ და “დემილიტარიზაციის“ ძებნის მაჩვენებელმა, შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა მოხდა. მაისის შუა პერიოდიდან ამ მიმართულებით ძებნა მინიმალურია.

    ანალოგიური მონაცემები აქვს “Яндекс Wordstat”–საც. თებერვალ–მარტში ამ სიტყვებზე ძებნა თვეში მილიონს აჭარბებდა, ამასთან, სექტემბერში 80 ათასისთვის არ გადაუჭარბებია.

    რუსეთის უკრაინაში შეჭრის ოფიციალური მიზნების მიმართ ინტერესის შენელების პარალელურად გაიზარდა ძებნა შემდეგ სიტყვებზე: “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“. ამას მეტყველებს ორივე ზემოთდასახელებული საძიებო სისტემის მონაცემები. თებერვალში სიტყვა “უკანდახევა“ რუსეთის მოქალაქეებმა 216 ათასჯერ მოძებნეს. ეს 6–ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტში ან ივლისში. “ბირთვული დარტყმის“ ძიება კი ქსელში აგვისტოს შემდეგ 5–ჯერ გაიზარდა და სექტემბერში 200 ათასს მიაღწია.

  • კადიროვი ისევ წუწუნებს, რომ ომი არასწორად მიდის და უკრაინის ქალაქების მიწასთან გასწორებას მოითხოვს

    ჩეჩნეთის ლიდერმა ტელერამ არხზე მორიგი ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა. 13 წუთიან ჩანაწერში ის საკმაოდ ქაოსურად საუბრობს, ამბობს, რომ ომი არასწორად მიდის, გამოდის მოწოდებით უკრაინის ქალაქები მიწასთან გაასწორონ. რა ძირითადი მოსაზრებების გამოტანაა შესაძლებელი კადიროვის არეულ–დარეული საუბრიდან:

    “ადრე ვამბობდით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცილაურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ, მაგრამ უკვე ომია… უკვე ომი მიდის ჩვენს ტერიტორიაზე, დონ“. ამბობს კადიროვი და მოგვიანებით რამდენიმეჯერ იმეორებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციას ომი უნდა ეწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ როსკომნადზორი წინააღმდეგია.

    “ძლაიან უკმაყოფილო ვარ ამით, დონ.“ – ამბობს კადიროვი და კვლავ ესკალაციის მოწოდებით გამოდის. საუბრობს უ“კრაინის მხრიდან რუსეთზე შეტევებზე“,  (სავარუდოდ გულისხმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს) და ამბობს: “ჩემი აზრით სუსტად ვპასუხობთ, დონ.  თუ ჭურვი ჩვენს მხარეს მოფრინდა, ჩვენს რეგიონiი, პირისაგან მიწისა უნდა აღვგავოთ ქალაქები, დონ, რომ შორეული ჰორიზონტი გამოჩნდეს, დონ.“

    კადიროვი თვლის, რომ დასავლეთმა საპასუხო ზომების შესაძლებლობები ამოწურა: “მეტი და უარესი აღარ იქნება, დონ. ევროპას ძალა აღარ აქვს“– ამბობს ის.

    აქამდე კადიროვი აცხადებდა, რომ ჩეჩნეთში ნაწილობრივი მობილიზაცია არ იქნება, რადგან რესპუბლიკამ მოხალისეების ხარჯზე გაგმა გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა ახლა თვლის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა არმია რეკრუტებით უფრო მაშტაბურად უნდა მოამარაგონ, მათ შორის ჩეჩნებით.  მისი თქმით, 1.6 მილიონი ჩეჩენიდან 300–400 ათასი ადამიანი ფრონტზე უნდა წავიდეს.

  • რუსეთმა აშკარად შეამცირა სარაკეტო დარტყმების და დრონებით შეტევის ტემპი უკრაინაში–ISW

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიერ  “ბინძური ბომბის“ აფეთქების მზადების საინფორმაციო ოპერაციის ინტენსიფიკაცია. ინსტიტუტის ექსპერტები რუსი გენერლების სატელეფონო ზარებს დასავლურ თავდაცვის უწყებებში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგს ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილად თვლიან. ანალიტიკური ცენტრი რუსულ ოპერაციას “ცრუ დროშით“ ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. გუშინ მიზეზებს შორის სახელდებოდა ის, რომ რუსეთისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისვრის, სამხედრო თვალსაზრისით კი რუსეთისთვის ასეთი ბომბის სროლა არამომგებიანია.

    ISW–ს დღევანდელ ანალიზში რამდენიმე აქცენტია:

    ორშაბათს რუსული ავია–სარაკეტო და დრონებით შეტევები უკრაინის ზურგში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე წინა დღეებში. რუსებმა სულ ორი რაკეტა გაუშვეს. ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ რუსებს მარაგები უთავდებათ, ამასთან, ასეთი დარტყმების ეფექტურობა შეზღუდულია.

    რუსეთის შეიარაღებული ძალები რასიზმით არის გაჟღენთილი, რამაც შეიძლება რუსულ არმიაში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები გამოიწვიოს.

    რუსეთი ჯერჯერობით არ გეგმავს ჯარების ევაკუაციას  ხერსონიდან და მის დასაცავად ემზადება.

  • რუსეთმა “ბინძური ბომბის” შესახებ რიტორიკა, შესაძლოა ესკალაციის საბაბად გამოიყენოს – დასავლელი ლიდერები

    დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვული მასალით სავსე, ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეს, უკრაინაში ესკალაციის საბაბად იყენებს. მოსკოვმა, უკრაინის ოკუპირებული სამხრეთის ქალაქებიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

    რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, უკრაინული ძალების წინსვლის ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დასავლელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათ უთხრა, რომ მოსკოვის ვარაუდით, კიევი ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

    შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველმა პირებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი რუსეთის მიერ, კიევის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ და უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

    „ჩვენი ქვეყნები ნათლად აცხადებს, რომ თითოეული ჩვენგანი უარყოფს რუსეთის აშკარა ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, ბინძური ბომბის გამოსაყენებლად ემზადება“ – ნათქვამია განცხადებაში.

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ბრალდება იმის ნიაშანია, რომ მოსკოვის ასეთ თავდასხმას და შემდეგ უკრაინის დადანაშაულებას, თავად გეგმავს.

    „თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთ ღამეს: რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა“ – განაცხადა გასულ ღამეს, ზელენსკიმ.

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრთხე აშკარაა. „მათი ურწმუნობა არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს.. საფრთხე აშკარაა“ – განაცხადა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პესკოვმა.

    კვირას, 23 ოქტომბერს, სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის. ენტონი ბლინკენმა, უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და უთხრა, რომ შშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი შეეცდება ეს ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

    “ბინძური ბომბი” არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიური იზოტოპი კონტეინერისგან და ასაფეთქებელი მუხტისგან შედგება. მუხტის აფეთქების შედეგად, იზოტოპიანი კონტეინერი იშლება და გახლეჩილი რადიოაქტიური ნივთიერება დარტყმის ტალღით დიდ ფართობზე იფანტება.

    წყარო: ამერიკის ხმა