Category: კავკასია

  • საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა, აშშ–დან და ევროკავშირიდან გაიზარდა

    საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება, ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ–დან გზავნილების მოუცლობა კი გაზრდილია.

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის სექტემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა ჯამში შემცირდა. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 26.7%–ით – 103.3 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

    2022 სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა  387.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 177.4 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის სეტქემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა173.94 მლნ დოლარი. ევროკავშირის ქვეყნები – 91.99 მლნ; აშშ – 28.67 მლნ.

    საინტერესო ამ სტატისტიკაში ის არის, რომ კლება წელს მთლიანად რუსეთიდან გზავნილების ხარჯზე მოხდა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გზავნილები 65.81%–ით შემცირდა. თუ შარშან სექტემბერში რუსეთიდან 173 .94 მლნ დოლარი გამოიგზავნა, წელს ეს მაჩვენებელი 59.47 მლნ დოლარია. რუსეთის წილმა გზავნილების მთლიან მოცულობაში 2023 წლის სექტემბერში 20.95% შეადგინა. არადა 2022 წელს ეს წილი რეკორდულად მაღალი იყო. მაგალითად, სექტემბრის თვეში 44.84%. 2022 წლის ზოგიერთ თვეში კი 59%–მდე მიაღწია.

    ეს დიაგრამა ასახავს რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის და კლების მაჩვენებელს 2021 წლის აგვისტოდან 2023 წლის სექტემბრამდე.

    რუსეთისგან განსხვავებით გაზრდილია გზავნილების მოცულობა აშშ–დან და ევროკავშირიდან. თუ 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირიდან გზავნილების მოცულობა 91.99 მლნ დოლარი იყო, აშშ–დან კი 28.68 მლნ დოლარი, 2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 110.64 მლნ დოლარი შეადგინა, აშშ–დან კი 41.25 მლნ დოლარი . 2022 წლის სექტემბერში  ევროკავშირიდან გზავნილები საერთო მოცულობის 23.76% იყო, აშშ–დან  7.41%. 2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის წილი 38.97%–მდე გაიზარდა, აშშ–სი კი 14.53%–მდე. ჯამში ევროავშირიდან და აშშ–დან ფულადი გზავნილების წილი საერთო მოცულობაში  2022 წლის სექტემბერში 31.17% იყო, 2023 წლის სექტემბერში კი 53.5%.

    ცალკე აღებული ციფრები უფრო საინტერესო ხდება, თუ მათ დინამიკას შევხედავთ.

    რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2020–2021 წლებში  საერთო მოცულობის 20%–ის ფარგლებში მერყეობდა.

    მაგალითად, 2021 წელს, რუსეთიდან გამოგზავნილი თანხების მოცულობა 375 მილიონი დოლარი იყო.

    2022 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციაც კი დაიწყო, თუმცა, უცებ, ომის დაწყებისთანავე იწყება ნახტომისებრი ზრდა.

    თუ 2022 წლის იანვარში და თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 22 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, 2022 წლის მარტში უკვე 133 მლნ დოლარი შეადგინა, აპრილში კი 313.9 მილიონი დოლარი. ჯამში 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ სტაბილური კლება დაიწყო. მართალია 2023 წლის სექტემბრის გზავნილების მოცულობა ომამდელ პერიოდს კვლავ აღემატება, თუმცა კლების ტენდენცია გრძელდება.

    განსხვავებულია დიაგრამა აშშ–ს შემთხვევაში. აშშ–დან ფულადი გზავნილების მოცულობა ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.

    2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ევროკავშირიდან გზავნილების მოცულობა. თუ 2022 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 780 მილიონი დოლარი გამოიგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 950 მილიონს გადააჭარბა.

    შედარებისთვის: 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, ანუ პირველ 9 თვეში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 701 მლნ დოლარი იყო.

  • “ნასვამები იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს“–ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კაგებე“ მოკლულ და გატაცებულ ქართველებზე“

    “ნასვამები იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს“–ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კაგებე“ მოკლულ და გატაცებულ ქართველებზე“

    ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. „საზღვრის“ დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

    „დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    მათი ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს, მეორე კი – დააკავეს.

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუსის განცხადებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

    შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

    საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნით, 6 ნოემბერს ერგნეთში გაიმართა ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ოფიციალური თბილისის გარდა მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

    თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.

    როგორც შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, დოთიაშვილი არის „ოქროს მოწმე.

    „დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი კითხვები, რაც არის გაჟღერებული, ეს არის მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა.

    ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან დასტურს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

    მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოქალაქის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობის პირველი შემთხვევა.

    ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია მკვლელობასთან დაკავშირებით არის ის, რომ რაც მოხდა ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს… ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოკლული კი გადასვენებულია პროზექტურაში”, – თქვა ირაკლი ანთაძემ.

  • საჩუქარი ხელყუმბარით–უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნის თანაშემწე მის დაბადების დღეზე აფეთქდა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მისი ტელეგრამ არხზე დაადასტურა მისი თანაშემწის, მაიორის გენადი ჩასტიაკოვის გარდაცვალება.

    “ენით აუწერელი ტკივილი და მძიმე დანაკლისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და პირადად ჩემთვის.

    დღეს, ტრაგიკულ ვითარებაში, მისივე დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში გარდაიცვალა ჩემი თანაშემწე და ახლო მეგობარი მაიორი გენადი ჩასტიაკოვი.ერთ-ერთ საჩუქარში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გენადის ცოლი და ოთხი შვილი დარჩა. ვუსამძიმრებ ოჯახს…

    სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან გენადი იყო ჩემთვის საიმედო საყრდენი, რომელმაც მთლიანად მიუძღვნა თავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას.

    მიზეზები და გარემოებები წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდება.

    მარადიული ხსოვნა!“–წერს ზალუჟნი.

    უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში UNIAN-ის სააგენტოს წყარომ განაცხადა, რომ ზალუჟნის თანაშემწე ხელყუმბარასთან დაუდევარი მოპყრობის გამო გარდაიცვალა. მისი თქმით, გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე  საბრძოლო ხელყუმბარები გადასცეს, რომელთაგან ერთ-ერთი დაუდევარი გამო  აფეთქდა.

    უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენადი ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, პუტინის თამაშს თამაშობს -სააკაშვილი

    ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება.

    ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ – არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს!

    ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად.

    პარტიაც უნდა მოემზადოს გადამწყვეტი ბრძოლებისთვის. მიხარია, რომ ბევრი ახალი ადამიანი გვიერთდება, ასევე მოქმედი ახალგაზრდა აქტივისტები ამ ბრძოლებში ძალიან გამოიბრძმედნენ და დაიხვეწნენ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთ პარტიაში ყოფნა.

    მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მე–3 პრეზიდენტი

  • დედამიწას 5–8 ნოემბერს გეომაგნიტური ქარიშხალი უტევს

    კვირას საღამოს, 5 ნოემბერს, დედამიწის სხვადასხვა უთხეში იშვიათი ფენომენის – პოლარული ნათების დანახვა იყო შესაძლებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხლის გამო მოხდა.

    ცა  ღია ვარდისფერი და მეწამული წითელი გახდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენს პლანეტას კორონარულმა მასამ შეუტია, რომელიც მზეზე რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა.

    ასტრონომების თქმით, ეს ფენომენი მომავალშიც განმეორდება, თუმცა როდის და სად უცნობია. პოლარული ნათება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანდა ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში.

    მოსალოდნელია თუ არა გეომაგნიტური შტორმები უახლოეს დღეებში?

    მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწას ამჟამადაც „უტევს“ – მისი სიმძლავრის გრადაცია (K-ინდექსი) 6 ქულაა. სხვათა შორის, გასულ თვეში ასეთი სიმძლავრის მაგნიტური შტორმები არ დაფიქსირებულა.

    მეტეოროლოგების თქმით, ამ შტორმის აქტიურობა სამ დღეს გაგრძელდება და უკვე 8 ნოემბერს კოსმოსური ამინდის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

    ორშაბათს, 6 ნოემბერს, დედამიწაზე ზომიერი G2 მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი, იტყობინება meteoprog.com. ასეთი სიძლიერის მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს რადიოკავშირების გათიშვა, ელექტრო სისტემების გაუმართაობა და ასევე იმოქმედოს ფრინველებისა და ცხოველების მიგრაციის მარშრუტებზე. ასევე, ამ დონის მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას.

     

  • მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და შესაძლებლობაზე.მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე–სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს  საკუთარ განცხადებას, რომელიც სასამართლო პროცესზე გააკეთა. განცხადება ყველამ გაიგო, როგორც მოწოდება ნიკა მელიასადმი, რომ შიდა დაპირისპირებას ჯობს პარტია დატოვოს. დღეს სააკაშვილი წერს, რომ ნიკა მელიაზე მაღალი წარმოდგენის არის და ის პარტიის მდგომარეობაზე საუბრობდა:

    “იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.
    უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას.“– წერს სააკაშვილი.

    სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და განაცხადა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.

  • ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში “ჰუმანიტარული პაუზა” იქნება

    აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია ისრაელსა და ჰამასს შორის ომში „ჰუმანიტარული პაუზის“ უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ამჟამად ამ საკითხზე ახლო აღმოსავლეთში მუშაობს.

    ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ საკითხში პროგრესზე საუბარი, ბაიდენმა, დელავერის ეკლესიაში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, უპასუხა “დიახ” და ორი ცერა თითი აწია, მაგრამ  დამატებითი დეტალები არ უთქვამს.

    შაბათს, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განუცხადა ჟურნალისტებს ამანში, სადაც ის აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელის არაბ მეზობლებთან, რომ ომის ჰუმანიტარული პაუზა გადაარჩენს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და  ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალებას მისცემს.

    თუმცა, ბლინკენმა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს ჰამასს გადაჯგუფდეს და გაიმეოროს 7 ოქტომბრის თავდასხმები.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქერჩის გემთსაშენ ქარხანაში რუსული გემი დაზიანდა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რუსული გემი ქერჩის გეგმთმშენებელ ქარხანა “ზალივზე„ უკრაინული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც “რია ნოვოსტი“  ავრცელებს, ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა 15 რაკეტით, რომელთაგან 13 ჩამოაგდეს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი ხომალდი დაზიანდა დარტყმის შედეგად.

    მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ“ ზალივის“ ქარხანას უკრაინული ფრთოსანი რაკეტებით იყო შეუტიეს. მისი თქმით, იმ დროს იქ იყო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე,კალიბრის რაკეტების მატარებელი რუსული ხომალდი.

    ოლეშუკმა ასევე მიანიშნა, რომ დარტყმისთვის გამოყენებული იქნა დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული SCALP რაკეტები.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია:

    „4 ნოემბრის საღამოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით დაარტყეს დროებით ოკუპირებულ ქერჩში “ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურას.“–

    კონკრეტული სამიზნეების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ უკრაინული ტელეგრამის არხები ავრცელებენ ინფორმაციას რაკეტა მოხვდა მცირე ზომის სარაკეტო ხომალდ “Аскольд”–ს.

    კალიბრის საკრუიზო რაკეტების ეს მატარებელი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი და თანამედროვე გემია. მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში და ზღვაში 2021 წელს ჩაუშვეს.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს წარმატებული სარაკეტო შეტევა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული შეტევები განახორციელეს ქერჩის გემთმშენებელი  ქარხანა “ზალივის„ საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე.

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღევანდელი თავდასხმის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის წარმატებული დაბომბვა.  შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

    „4 ნოემბრის საღამოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით დაარტყეს დროებით ოკუპირებულ ქერჩში “ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურას.

    კონკრეტული სამიზნეების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ უკრაინული ტელეგრამის არხები ავრცელებენ ინფორმაციას რაკეტა მოხვდა მცირე ზომის სარაკეტო ხომალდ “Аскольд”–ს.

    კალიბრის საკრუიზო რაკეტების ეს მატარებელი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი და თანამედროვე გემია. მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში და ზღვაში 2021 წელს ჩაუშვეს.

    დღეს ყირიმში საჰაერო  განგაში გამოცხადდა, მალევე ქერჩში აფეთქებების ხმა გაისმა.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა კვამლის შესახებ ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე ყირიმის ხიდის მიდამოებში. მოგვიანებით, ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  აქსენოვმა განაცხადა, რომ ქერჩის გემთმშენებლობის მიდამოში რაკეტის ნამსხვრევები დაეცა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემი მოხვდა.

  • “კაცობრიობას აღარ მოუწევს მუშაობა”– ელონ მასკი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე

    ამერიკელმა მილიარდერის, ილონ მასკის განცხადებით ხელოვნური ინტელექტი მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ კაცობრიობას აღარ მოუწევს მუშაობა და კაცობრიობის მომავლის მთავარი საკითხი იქნება ცხოვრების აზრის ძიება. ამის შესახებ ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ესაუბრა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამიტის ფარგლებში.რიში სუნაკისა და ელონ მასკის საუბარი ბოლო იყო ორდღიანი სამიტის ფარგლებში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას ეძღვნებოდა.

    პირველი ასეთი სამიტი ბუკინგემშირში, ბლეჩლის პარკში გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიების აღმასრულებლებმა, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა განიხილეს რეგულირების საფუძვლები და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენება.

    სამიტის დროს რამდენიმე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ და ქვეყანამ ხელი მოაწერეს ნებაყოფლობით შეთანხმებას, რომელიც მთავრობებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელები სოციალური სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოების რისკებისთვის.

    შეთანხმებას შეუერთდა მრავალი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის OpenAI, Google DeepMind, Amazon, Mistral, Microsoft და Meta .

    რიში სუნაკის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ილონ მასკი ამ ინიციატივაზე, X-ის მფლობელმა (ყოფილი Twitter) მხარი დაუჭირა მას, რადგან, როგორც მან თქვა, „ჩვენ წლების განმავლობაში ვისწავლეთ, რომ მსაჯის ყოლა კარგია“.

    მასკმა OpenAI 2015 წელს დააარსა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დატოვა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

    მიმდინარე წლის ივლისში მან დააარსა საკუთარი AI კომპანია xAI.

    ელონ მასკი თვლის, რომ მომავლის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იქნება ცხოვრების აზრის პოვნა.

    “ახლო მეგობარი და საუკეთესო მასწავლებელი”

    ელონ მასკმა არაერთხელ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საშიშროებაზე – სამიტამდე ცოტა ხნით ადრე მან გააფრთხილა ყველა, რომ ხელოვნურმა ინტელექტუალმა შეიძლება გამოიწვიოს კაცობრიობის გადაშენება.

    „რა მოხდება, თუ ერთ დღეს ჩვენ გავაკეთებთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, და ის აღარ იქნება კეთილმეგობრული“ – თქვა მასკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას.

    „არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, განსაკუთრებით ჰუმანოიდ რობოტებთან დაკავშირებით“–დასძინა მან.

    სხვა საკითხებთან ერთად, რიში სუნაკმა და ილონ მასკმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის პოტენციური სარგებელი.

    „ჩემს ერთ-ერთ შვილს უჭირს მეგობრების შეძენა; ამ მხრივ, ხელოვნური ინტელექტის სახით კომპანიონი შეიძლება იყოს მისთვის შესანიშნავი გამოსავალი“, – აღიარა მასკმა.

    განათლებაში მასკი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს „საუკეთესო და ყველაზე მომთმენი მასწავლებელი“.

    ელონ მასკი თვლის, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტის განვითარება გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს აღარ მოუწევთ მუშაობა.

    „ჩვენ ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ძალის მოწმენი ვართ“, – თქვა მასკმა. ”დადგება დღე, როცა მუშაობა აღარ დაგჭირდებათ – შეგიძლიათ თქვენი სამუშაო სიამოვნებისთვის გააკეთოთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებს.”

    “ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები”, – განაგრძო მასკმა. ”მომავლის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იქნება ცხოვრების აზრის ძიება.”

    მიმდინარე წლის მარტში მასკმა, ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროს სხვა წამყვან ფიგურებთან ერთად, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოითხოვს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების შეჩერებას სანდო უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავებამდე და დანერგვამდე.

    თუმცა, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს დროის მოგების მცდელობა, რადგან მასკი ცდილობს დაეწიოს OpenAI-ს, რომელიც ამ სექტორში ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გამოუშვა ChatGPT ჩატბოტი თითქმის ერთი წლის წინ, იტყობინება Financial Times.