Category: არქივი

  • ამ წუთებში “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსთან პოლიციაა მობილიზებული

    ამ წუთებში “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსთან პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და გადაადგილება შეზღუდულია.

    როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი კორპუსში უნებართვოდ შეიჭრა. ნაწილი კი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, პოლიცია მათ შესვლის საშუალებას არ აძლევს. გარეთ მყოფი დევნილები ცდილობენ შენობაში მყოფ ოჯახის წევრებს საკვები მიაწოდოს, რადგან ისინი პირველადი საჭიროების ნივთებისა და საჭმლის გარეშე არიან დარჩენილები.მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

    “შუქი არ გვაქვს გათბობა არ გვაქვს, არ გვაქვს საშუალება რომ მივიღოთ საკვები და სასმელი. ამ პირობებში არიან არიან ბავშვებიც”-აცხადებს შენობაში მყოფი დევნილი.

    მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ დაჰპირდნენ, რომ „დირსის“ კომპლექსში ბინებს მიიღებდნენ, თუმცა, ამ დრომდე ეს პირობა არ შესრულებულა. 

  • მშენებლობაზე, სადაც 2 მუშა დაიღუპა, შრომის ინსპექციამ დარღვევები აღმოაჩინა

    კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები -შრომითმა ინსპექციამ ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებლობაზე  დარღვევები აღმოაჩინა.
    შრომითი  ინსპექტირების დეპარტამენტმა იმ ადგილის შესწავლა დაიწყო, სადაც გუშინ საღამოს 2 მუშა დაიღუპა.

    „კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო,“ – ეს განცხადება შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, ბექა გერაძემ გააკეთა.

    გერაძის თქმით,  იგი აცხადებს, რომ გარკვეული დარღვევები პირველადი დათვალიერების დროს უკვე დააფიქსირეს. 

    „ზოგადი დათვალიერებით ობიექტზე პირველადი ხარვეზები არსებობს, თუმცა, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც, დღის განმავლობაში გაგრძელდება მოკვლევა. უნდა შევისწავლოთ ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სამუშაოების გეგმა, როგორ იყო დაგეგმილი და რამდენად სწორად ხორციელდებოდა მისი შესრულება. კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევაზე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამის შემდეგ,“ – განაცხადა გერაძემ.

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

    “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!” – ამ სლოგანით აქცია დღეს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

    აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ვაკეში მშენებლობაზე მომხდარ ფაქტს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობის ეკონომიკურ ექსპერიმენტებს, მის არასწორ პოლიტიკასა და უმოქმედო შრომის კოდექსს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ეწირებიან.

    მთავარი მოთხოვნაა შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დაუყოვნებლივ მიენიჭოს. აქციის ორგანიზატორები პროფკავშირები და სოლიდარობის ქსელია. მათ მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

    “ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!

    ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

    გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!

    სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!”- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში 1 აპრილს დაბრუნება გადაიფიქრა

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში აპირებს დაბრუნდებას.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში  დაბრუენებას  პირველ აპრილს გეგმავდა,თუმცა არჩევნების მოსალოდნელი მეორე ტურის გამართვის გამო გადაიფიქრა.

    „მე განვაცხადე, რომ უკრაინაში 1-ელ აპრილს ჩავფრინდებოდი თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა.“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს ის უკრაინაში კანონიერად დაბრუნების უფლებით ისარგებლებს.

    შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების მხიედვიტ უკრაინაში მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ვლადიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

  • “ვატარებთ ხმების პარალელურ დათვლას” – ტიმოშენკო არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა

    “ვატარებთ ხმების პარალელურ დათვლას” – “ბატკივშინას” ლიდერი იულია  ტიმოშენკო არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა.

    უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მეხედვით, მეორე ტურში აუტსაიდერია  იულია ტიმოშენკო.

    მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერია. თითქმის 13 პროცენტიანი უპირატესობით, მეორე ტურში ის პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე ხმების 40 % დათვლილია.

    ტიმოშენკოს პარტიაში  ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებენ და შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

    „დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და ნამდვილი სოციოლოგია. ამომრჩევლის მოსყიდვაზე მილიარდები იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ტერიტორიული და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმოწერილი ოქმების მონაცემებს.

    ჩვენი გუნდი ატარებს ხმების პარალელურ დათვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო უბნიდან ოქმების ელექტრონულ ასლებს მივიღებთ, შედეგების გამოცხადებას მოგვიანებით დავიწყებთ,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

    საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გუშინ, 31 მარტს გაიმართა.

  • შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესწავლა დაიწყო

    ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. 
    მათი ინფორმაციით, ობიექტის შესწავლა დაწყებულია, ასევე გამოკითხულია პასუხისმგებელ პირთა ჯგუფი.

    შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან მალევე  იპოვეს.  8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე  35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ქაღალდის პირადობის მოწმობა აქვთ, აიდი ბარათსა და პასპორტს უფასოდ მიიღებენ

    დღეიდან ერთი თვის განმავლობაში  საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა  პირადობის ელექტრონული მოწმობა, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით და უფასოდ შეცვალონ ძველი, უვადო დოკუმენტი ელექტრონული პირადობის მოწმობით.

    მოქალაქეები ასევე უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,   ქაღალდის ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობას 400 ათასამდე მოქალაქე ფლობს.

    „აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

    „2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს“, – აღნიშნავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

    მათივე ცნობით, საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

  • დღეიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით ისჯება

    დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა.
    სპეციალური ტესტების მეშვეობით მძღოლები ნარკოტესტირებას ადგილზე გაივლიან.სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.

    ტესტი ვიზუალურად ალკოტესტის მსგავსია და ის პოლიციის თანამშრომლებს უკვე დაურიგდათ. ნარკოტიკული თრობის დადგენა ნერწყვის მეშვეობით მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. ერთდროულად რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

    პორტატიული ნარკოტესტების შესაძენად შსს–ს ტენდერის ჩატარება და ტესტების შეძენა მოუწია. ამისათვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო.

    ნარკოტესტი ნერწყვის საშუალებით შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების კვალს გამოავლენს: მარიხუანა, კოკაინი, ოპიატები, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკები.

    ახალამოქმედებულ კანონთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

    “კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

    კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

    კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

    ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

    ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში – საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთშ, ფინეთში, შვედეთში და ა. შ.“–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

  • დღეიდან პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

    პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. 

    დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მხოლოდ ​ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი გამოიყენონ. ვიზუალურად ის ჩვეულებრივი ”ცელოფნის პარკისგან” არ განსხვავდება, განსხვავებულია მისი შემადგენლობა.  ის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულით წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა ექვემდებარება.

    ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის მწარმოებელი, პარკის სისქე და შემადგენლობა.

    პროცესს მონიტორინგს  რამდენიმე სამსახური გაუწევს. პარკების წარმოებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, პარკების იმპორტს – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გააკონტროლებს.

    კანონდარღვევის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც მოუწევს, განმეორებით ჩადენილი ქმედებისთვის  კი ჯარიმა გაორმაგდება და  მეწარმეს 1 000 ლარი დაუჯდება. 

    აკრძალვის ამოქმედებამდე რამდენიმე მსხვილმა სუპერმარკეტებმა და სააფთიაქო ქსელების ნაწილმა პლასტიკი მოხმარებიდან სრულად ამოიღო, ნაწილი კი მოქალაქეებს ალტერნატივის სახით მრავალჯერადი ჩანთების ყიდვას სთავაზობს. 

    შეზღუდვები ქვეყანაში ორ ეტაპად განხორციელდა. 1 ოქტომბრიდან მიმოქცევიდან ამოიღეს მხოლოდ თხელი, ერთჯერადი პარკები. დღეიდან კი აკრძალვა ნებისმიერი სისქის, არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებასაც შეეხო.

    თუ პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს დაშლას და 24 თვეში სრულად  ნადგურდება.

    სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პარკს მოიხმარს. თუ ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ერთ წელში ბუნებაში 2 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკი ხვდება, რომლის დაშლას სულ მცირე 400 წელი სჭირდება.

  • იტალიაში ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიაში, ქალაქ მილანში, ქართველი სტუდენტი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.