Category: არქივი

  • “ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან”-კვიციანი კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს

    “ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან” – ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას კანონმდებლობა გააპროტესტა, რომელის მიხედვითაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება. 

    კვიციანის თქმით,  კანონი უსამართლოა და  ქართველი ახალგაზრდების გენოციდს ემსახურება.

    “ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენც ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ჩვენც ციხეში.” განაცხადა კვიციანმა.

  • თბილისში შემოწმებული 51 კვების ობიექტიდან 15-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა

    თბილისში შემოწმებული 51 კვების ობიექტიდან  15-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა-  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა, 18 სპეციალისტის შემადგენლობით, გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.
    სააგენტო აღნიშნავს, რომ უწყების მიერ განხორციელებული აქტიური შემოწმებებისა და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად  გაუმჯობესებულია, შარშანდელთან შედარებით.
    „აღსანიშნავია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისთვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“-აცხადებენ სააგენტოში.

  • მეხანძრე-მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს

    საჩხერეში მეხანძრე-მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

    ცხოველის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

    ადგილზე საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი მუშაობდა.

  • 2018 წელს პერსონალური მონაცემების დარღვევის 266 შემთხვევა დაფიქსირდა

    „2018 წელს 266 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 72 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ჯარიმა და 61 გაფრთხილება დაეკისრათ“, – ამის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს მოუსმინეს.

    “კვლავ იკვეთება გამოწვევები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა.”- აღნიშნულია უწყების ანგარიშში.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.

  • ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის ორი ადამიანი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინული ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. მათი ცნობით, დაკავებული პირები ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობებს 600 აშშ დოლარად ყიდდნენ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში, მოქალაქეზე 600 აშშ დოლარად გაასაღეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოიღეს ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, შეძენას, შენახვა გასაღებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე თავისულების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ტყვიის შემცველობის საგანგაშო მაჩვენებელი სათამაშოებსა და საკვებში

    კვლევის მიხედვით, სურსათში, სუნელებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებში მაღალი შემცველობა გამოვლინდა.

    არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს.  თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან   268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯები  ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე აიღეს.  შედეგმა აჩვენა , რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.

    გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე  დაფიქსირდა  ტყვიის  მაღალი კონცენტრაცია.

    მკვლევარების განცხადებით,  ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება  სუნელებში, კერძოდ კი ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა.

    ” შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. ამასთან, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. საკვები პროდუქტებიდან აღმოჩნდა სუნელებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში გამკაცრდა რეგულაციები სუნელებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც მივაგენით ყვითელ ყვავილში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას. ამასთან, ჩვენს მიერ გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია”, – აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.

    ტყვიის სისხლში  მოხვედრა ინტოქსიკაციას და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს,  11:30 საათზე მიწისძვრა მოხდა.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის ცნობით, 3.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ნაკიეთში იყო.

    ამ დროისთვის მიწისძვრის მიერ მიყენებული ზიანის და დაზარალებულების  შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • 3-4 აპრილს დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

    3-4  აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტს ვაშინგტონში გამართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი  ნატო-ს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატო-ს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

    ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, აშშ-ის კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.

    მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს მონაწილეობით მსჯელობა წარიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი ენს სტოლტენბერგი.

  • სოც მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

    სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. სოციალური მუშაკების განცხადებით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბენეფიციარების მიმართ პასუხისმგებლობის გამო მიიღეს.

    “იქიდან გამომდინარე რომ სოციალური მუშაკები ვიაზრებთ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, მივიღეთ გადაწყვეტილება 2019 წლის 02 აპრილიდან ვაგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურმა მუსაკებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. მათი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა გადაუჭრელ პრობლემებად  რჩება ხელფასების გაზრდა და სხვა რიგი სისტემური გამოწვევები.

    „შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: 1) სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან. 2) სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება 2) 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს 3) გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა. 4) დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში 5) დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება. ამასთანავე 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ.“

    “1)შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები. 2) არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა. 3) საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.” – აღნიშნულია განცხადებაში.

    სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას გეგმავენ. მათი განმარტებით, დარჩენილი მოთხოვნების შესრულებაზე ისინი მოლაპარაკებების ფორმატში იმუშავებენ.

    სოც მუშაკები რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსაც შეხვდნენ, მათი თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა.

  • „პირადი ცხოვრების შელახვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა” – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

    „პირადი ცხოვრების შელახვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა” – თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პირადი ცხოვრების შელახვა მოხვდა. 

    პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  მთავარი პუნქტია იმ ანგარიშში, რომლის განხილვა ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  მიმდინარეობს. ანგარიშს წარადგენს. ქალდანის განცხადებით, აღნიშნული საკითხები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

    ქალდანის  თქმით, ამ მიმართულებით კომპეტენცია გამოძიებას ეკუთვნის.

    ˜„პირადი ცხოვრების ისეთი შელახვა,რომელიც შეიძლება დანაშაულებრივი საქმიანობით იყოს გამოწვეული – ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ მიმართულებით იცით, რომ კომპეტენცია საგამოძიებო ორგანოებს განეკუთვნება. ჩვენი კომპეტენცია ეს არის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე ზედამხედველობა პერსონალი მონაცემების დამუშავების კუთხით. ასევე იყო დანაშაულის ნიშნები და ვინაიდან გამოძიება ჩვენს კომპეტენციას არ წარმოადგენს ეს საქმე გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“-განცხადა  თამარ ქალდანმა ქალდანმა.

    ოპოზიციის შეფასებით, თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საკითხზე და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ შეფასება უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო. საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვები  ქალდანის მისამართით  სწორედ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პარლამენტის წევრის ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში რამდენჯერმე მოხვდა, პასუხისგებაში მიეცნენ ვიდეოს ამტვირთავი და გამავრცელებელი პირები, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით,  ვინ დგას პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაულის უკან, ამ დრომდე  პასუხგაუცემელია.