Category: არქივი

  • თეთრი სახლი და აშშ-ის სენატი შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი გამოიყოს

    თეთრ სახლსა და აშშ-ის სენატს შორის შეთანხმება შედგა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარი გამოიყოფა.

    2 ტრილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი მოიცავს: 367 მილიარდი დოლარის სასესხო პროგრამას მცირე ბიზნესებისთვის, 500 მილიარდს ინდუსტრიებისთვის, ქალაქებისა და შტატებისთვის, 130 მილიარდს საავადმყოფოებს, 150 მილიარდს შტატებისა და ადგილობრივი სტიმულირების ფონდებისთვის და 250 მილიარდს უმუშევრებისთვის.

    ,,ქალბატონები და ბატონებო, ჩვენ შევთანმხმდით. საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულია. ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, სენატმა ორპარტიულ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია”, — განაცხადა სენატის უმრავლესობის ხელმძღვანელმა. მიჩ მაკკონელმა პაკეტის ზომა ,,საომარი დროის ინვესტიციის დონედ” შეაფასა. 

    სენატში შეთავაზება დღესვე გავა დასამტკიცებლად, შემდეგ მას კენჭი ეყრება წარმომადგენელთა პალატაში და ბოლოს, კანონპროექტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ტრამპი, რისთვისაც ის, ფინანსთა მდივნის ინფორმაციით, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

  • ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია

    ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

    მისი თქმით, ტესტები 420 აშშ დოლარის ღირებულებისაა.

    “სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია”,-წერს კალანდია.

  • ზესტაფონის ტაძარში თითოეულ მორწმუნეს ზეთი ეცხება ერთჯერადი საცხით- მეუფე მელქისედეკი

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისდეკის (ხაჩიძის) თქმით, ყველა მორწმუნეს ზესტაფონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ზეთი ეცხება ერთჯერადი საცხით.

    მეუფე საკუთარ მრევლს მოუწოდებს, დაიცვან დისტანცია და მათ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, სახლში დარჩნენ.

    ამის შესახებ ის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

    ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, 2020 წლის 26 მარტს (ხუთშაბათს) 17:00 საათზე, ქ. ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება ზეთისკურთხევის საიდუმლო (ე.წ. 7-გზის ზეთისცხება). ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მსურს გაცნობოთ რამდენიმე დეტალი:

    1. მსახურებისას მაქსიმალურად იქნება შესრულებული ყველა ის რეკომენდაცია, რაც შესაბამისი უწყებების მიერაა გაცემული, საგანგებო ვითარებასთან დაავშირებით.
    2. მსახურების თითოეულ მონაწილეს ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ დადგეს ტაძრის ეზოში და სხვა ადამიანთან დაიცვას შესაბამისი დისტანცია (არანაკლებ 1 მეტრისა).
    3. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსის თუნდაც მცირე ნიშნები (ხველა, სურდო, ტემპერატურის მატება), ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ დარჩეს სახლში და არ დაესწროთ ღვთისმსახურებას. თითოეულმა ასეთ ადამიანს შეუძლია მიმართოს საკუთარ სულიერ მოძღვარს, რის შემდეგაც მას ცალკე ჩაუტარდება შესაბამისი ღვთისმსახურება.
    4. თითოეულ მორწმუნეს ზეთი ეცხება ერთჯერადი საცხით”,- წერს სოციალურ ქსელში ეპისკოპოსი.

    ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ლოცვები გრძელდება. სინოდის განჩინების მიხედვით, ეკლესიებთან დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები, რაც მრევლს ეზოში დარჩენის საშუალებას მისცემს.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში 10 კაცზე მეტის თავშეყრა აკრძალულია. 

  • მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია, ლუგარიდან პასუხს ველოდებით- ლევან რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მისი ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხებს ელოდებიან.

    მისივე თქმით, ჩვილის დედა დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის.

    „ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს.

    რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

    მისივე თქმით, მარნეულიდან მათ კლინიკაში გადაყვანილ ახალშობილსა და კორნავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალს შორის ნათესავური კავშირი და კონტაქტი არ დასტურდება.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ია, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში არის 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

  • თუ ეს ზომები წარუმატებელი იქნება, პიკი გვექნება ერთი თვის განმავლობაში და წალეკავს სისტემას- ზოიძე

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტისა და ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ მიღებული ზომები – კარანტინი და თვითიზოლაცია წარუმატებელი აღმოჩნდება, საქართველოში პიკი ერთი თვის განმავლობაში იქნება და ის სისტემას წალეკავს.

    მისი თქმით, ასეთ სცენარს არ ვარაუდობს და პიკს სექტემბერში ელოდება – ,,პიკი არ იქნება 3000 და 4000 ინფიცირებული ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას“.

    ,,ორი თემა გვაქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ერთი პიკის მიღწევის მაქსიმალურად გადაწევაა. ორი მოდელია და ოთხი სცენარია – საიდანაც გამოდის, რომ, თუ წარუმატებელი იყო ის ზომები, რომლებიც მივიღეთ ვირუსის შენელების კუთხით – თვითიზოლაციის, კარანტინის, მაშინ პიკი გვექნება ერთი თვის განმავლობაში და ეს პიკი წალეკავს სისტემას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ, რომ ადამიანები ქუჩაში ნაკლებად დადიან. 30%-ით მოსახლეობის მთლიანი კონტაქტების შემცირება პიკურ კვირაში სამჯერ ამცირებს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას და მათ შორის, რა თქმა უნდა, რეანიმაცია და სუნთქვითი აპარატი, ვისაც დასჭირდება იმის რაოდენობასაც.

    მე მგონია, რომ ჩვენ პიკი გვექნება მაქსიმალურად დამრეცი და არა ციცაბო. არ იქნება 3000 და 4000 ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის იქნება ეს პიკი, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

    ის მთავრობას ურჩევს, რომ სწრაფი ტესტები, როგორც ერთ-ერთ რისკჯგუფს, სასულიერო პირებს ჩაუტაროს.

    „მთავრობას ვურჩევდი, რომ ერთ-ერთ პირველი რისკჯგუფი ეს სასულიერო პირები და ეკლესიების მოძღვრები არიან რომლებსაც დიდი რაოდენობის ხალხთან უხდებათ ურთიერთობა, რომ არ გახდნენ უნებლიეთ ინფექციის გავრცელების წყარო. რაც შეეხება კოვზს, ასევე ბიბლიაში მე არ შემხვედრია, რომ კოვზი იყოს აუცილებელი ატრიბუტი. დაბეჯითებით მოვუწოდებ მრევლს, დაიცავით ის წესები, რომლებსაც ჯანმთელობის სპეციალისტები გირჩევენ, ეს გადარჩენს თქვენს მოყვასს“.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინშია მოქცეული ბოლნისისა და მარნეული მუნიციპალიტეტები. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ია, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში არის 4055 ადამიანი, ხოლო
    სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

  • „რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება“– თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

    თეოლოგი: ერთ-ერთ სასულიერო პირს სტიქაროსანისგან გადაედო კორონავირუსი

    „რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება,“ – ამ განცხადებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აკეთებს. მისი თმით,  საპატრიარქო დაინფიცირებული პირის სახელს და გვარს არ ასახელებს, რაც მისთვის მიუღებელია.

    „​სადაც ეპისკოპოსი საბა მსახურობს, მას რამდენიმე მღვდელმსახური ახლავს თან ეპარქიაში გამწესებული. თავადვე აღიარა მან გუშინდელ ჩართვაში, რომ ერთ-ერთი სტიქაროსანი არის დაინფიცირებული კორონავირუსით. რახან არსებობდა იმის ალბათობა, რომ სტიქაროსანს შეეძლო ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირებინა სასულიერო პირები, სამწუხაროდ ეს ასეც მოხდა და დღეისათვის გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი მღვდელმსახური დაინფიცირდა. სახელს და გვარს ეპარქია შეგნებულად არ ასახელებს. ამის გასაიდუმლოება ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ამ შემთხვევაში რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება კორონავირუსით“, – აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. 

    გუშინ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელთმთავარმა, მეუფე საბამ განაცხადა, რომ მათ ეპარქიაში ერთ–ერთ სტიქაროსანს ვირუსი დაუდგინდა, რის გამოც მსახურებები შეწყვიტეს. 

  • თენგიზ ცერცვაძე ნოდარ რუხაძეს ბოდიშს უხდის

    „თუ ეს ფეიქ-ნიუსი იყო, მას ბოდიშს მოვუხდიდი“, – ასე განმარტა „ტვ პირველის“ ეთერში შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარი განცხადება.

    შალვა რამიშვილთან ინტერვიუსას ცერვაძემ განაცხადა, რომ “ფეისბუქზე შემთხვევით ნახა”, მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის ფოტო, და წარწერა შინაარსით: კორონავირუსი კარგია, რადგან თაობათა ცვლას უწყობს ხელს.

    “ამ ახალგაზრდამ დაწერა, რომ კორონავირუსი არ არის ცუდი მოვლენა, ის იმისთვის არის შექმნილი, რომ თაობათა ცვლას შეუწყოს ხელი და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისგან გაწმინდოს საზოგადოებაო. მერე რომ გადავხედე კომენტარებს, როგორი კომენტარები და როგორი ნახატები იყო იცით? როგორი შეწუხებული, განრისხებული…” — განაცხადა ცერცვაძემ.

    მას საუბრისას არ დაუსახელებია, რომელ აქტივისტს გულისხმობდა, თუმცა მოგვიანებით, ამ განცხადებას ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა ნოდარ რუხაძე, რომელმაც ცერცვაძეს განუმარტა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს დეზინფორმაცია იყო.

    კლინიცისტს ნოდარ რუხაძე „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ უარყო ციტატის ნამდვილობა.

    „სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი. არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები”, – აღნიშნა რუხაძემ.

    პოსტი, რომელზეც თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ერთ-ერთ ფეისბუქგვერდ სირცხვილის კორიდორზე გავრცელდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული გვერდი დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს აქტივისტების წინააღმდეგ. მსგავსი მესიჯბოქსებით გვერდი თავს ესხმის ოპოზიციის ლიდერებსაც და ხშირად აჟღერებს პროსახელისუფლებო მესიჯებსაც.

  • უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა, 30 დღეს , 24 აპრილამდე გაგრძელდება. 

    „ჩვენ ვაფართოვებთ კარანტინს და ვაწესებთ საგანგებო მდგომარეობას უკრაინის სახელმწიფოს მასშტაბით 30 დღის განმავლობაში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო შეხვედრის შემდეგ.

    საკარანტინო რეჟიმის გამო უკრაინას ჩაკეტილი აქვს საზღვრები, მკაცრად კონტროლდება ქალაქებს შორის გადაადგილებაც. დახურულია ყველაფერი აფთიაქების, სასურსათო მაღიზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა. უკრაინის ეკლესიამ კი გადაწყვიტა, რომ ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.

    უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსით 113 ინფიცირების და 4 გარდაცვალების შემთხვევაა.

  • თბილისის მერიამ ჭავჭავაძეზე 31 ათას ლარიანი ურნების დამონტაჟება დაიწყო

    ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

    თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

    „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაწყებულია, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ვამონტაჟებთ მიწისქვეშა ურნებს. ეს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე, მოწესრიგდება ვიზუალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში, მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

    ცნობისთვის, თითო ურნა 31 000 ლარი დაჯდა, ჯამში კი თბილისის მერიას  90 ცალი ურნა  2 მილიონ 790 ათასი ლარი დაუჯდა.

  • თანხის განაღდება ბანკომატების გარდა, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც იქნება შესაძლებელი

    საბანკო ბარათიდან თანხის განაღდება ბანკომატებთან ერთად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხელი გუშინ მოაწერა.

    ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა, რასაც თანხის განაღდების ადგილების რაოდენობის ზრდა უზრუნველყოფს.

    ამასთან, ობიექტს ამ მომსახურების გასაწევად ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია არ დასჭირდება.

    ,,აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტს უფლება აქვს მომხმარებელს ბარათით გადახდასთან ერთად ასევე შესთავაზოს ნაღდი თანხის გატანაც. ამ მომსახურებისთვის მას არ დასჭირდება ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია.

    კომერციული ბანკებისა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ ამ პროდუქტის დანერგვით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, გაიზრდება თანხის განაღდების ადგილების/წერტილების რაოდენობა, რაც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის. მომხმარებელს არ დასჭირდება ბანკომატის ძებნა შედარებით დიდი ოდენობის თანხის გამოსატანად, რადგან ყოველ ნაბიჯზე შესაძლებელი იქნება მიმდინარე საჭიროების შესაბამისი ოდენობის თანხის გამოტანა,”- აცხადებენ ეროვნულ ბანკში bm.ge-სთან.

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა, ახლა კი ობიექტებზეა დამოკიდებული, როდის შესთავაზებენ ამ სერვისს მომხმარებლებს.