Category: არქივი

  • რამდენად გვიცავს ვირუსისგან ე.წ. “შავი პირბადე” – ინფექციონისტის რეკომენდაცია

    ინფექციონისტი მაია ჯანაშია პირბადეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს:

    “მრავალჯერადი ვითომ “დამცავი პირბადე” იმ პრობლემას ვერ მოაგვარებს რაზეც ასე ვღელავთ. ის ალბათ უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს.იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში , შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ები. (სახის ნიღბები)

    მოკლედ მინდა გამოვეხმაურო შეკითხვას: გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან?მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე “ჩაიგდო ხელში” ეს არის აბსურდი.დღეს იმდენჯერ წავაწყდი ამ პირბადის ხელით “აწევ -ჩაწევ-მორგებას” და ინფექციის ტალღის მიმოქცევას მთელ სახეზე, სჯობდა სულ არ ჰქონოდა და კიდევ უარესი, ასეთი ცუნამიანი ხელის მეორე პირთან კონტაქტს. ამის შემხედვარე მსოფლიოს პირველ ეპიდემილოგსაც კი სტენოკარდიულო შეტევა დაემართებოდა.

    მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ – FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან – იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.  ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება – ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს.

    გაცილებით ეფექტური გზაა: სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით კრიზისშია. გთხოვთ მეტი ყურადღება, მეტი პასუხისმგებლობა”- წერს მაია ჯანაშია.

  • ლუგარის ლაბორატორიამ სამი შემთხვევა გენეტიკური ხაზით დაადგინა

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

    კითხვაზე, ​მიკვლეულია თუ არა მარნეულის შემთხვევის ინფიცირების წყარო და ამ პროცესში ჩართული არიან თუ არა ძალოვანი უწყებები, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ როცა საჭიროა, მათ ყველა უწყება ეხმარება.

    „სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო. ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში. ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ გააჩნია. მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამით დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

  • განათლების სამინისტროს მიმართვა და რეკომენდაციები მშობლებს

    განათლების სამინისტრო კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მშობლებს რეკომენდაციებს სთავაზობს. გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს სრულად:

    „სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე – არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ; დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს; დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს; შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან – გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები; ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

    შეადგინეთ კვირის გეგმა – გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც.

    ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა – მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა.

    გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მოუსმინეთ ბავშვებს- მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე. უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ- შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი – გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი – საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები.

    გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

    ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება- როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით – მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა- დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში: ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი; წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას; იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ; დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე; ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს. ჩაერთეთ მთელი ოჯახი – სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.

    თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype-ის მისამართია: pscenter, “- ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.

  • ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

    ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ცნობისთვის, ქვეყანაში ერთი დღე-ღამის მანძილზე 443 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა მაჩვენებელმა საერთო ჯამში 3434-ს მიაღწია.

    რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, 5 552 ახალი შემთხვევით, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 47610 ინფიცირებულია აღრიცხული.

  • ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელდა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კლინიკურად უკვე გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ მას ინფექციური საავადმყოფოდან  უახლოეს 2 დღეში გამოწერენ. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციურ კლინიკაში ადასტურებენ. 

    ორი დღის წინ მას ჩაუტარდა გამოკვლევა კორონავირუსზე, რა დროსაც ანალიზმა სუსტად დადებითი აჩვენა.

    „ნიკა გამყრელიძეს ვირუსზე კიდევ ერთი კვლევა ხვალ ჩაუტარდება, რომელიც 24 საათში განმეორდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ“, – განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

    შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს ვირუსი მარტის დასაწყისში დაუდგინდა. ის მისი თანამშრომლისგან დაინფიცირდა, რომელიც თავის მხრივ, იტალიაში იმყოფებოდა.

  • პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასუტრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს .

    71 წლის პრინცს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს”, – იუწყება კლარენს ჰაუსის პრესსპიკერი.

    მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა პრინცის მეუღლეს, კორნუელის ჰერცოგინია, კამილა პარკერ ბოულზს, თუმცა მას ვირუსული ინფექცია არ აღმოაჩნდა.

  • ცნობილია ფრენების განრიგი, რომლითაც საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საზღვარგარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკს აცხადებს.  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დავით ზალკალიანმა თქვა, რომ უკვე განხორციელდა ორი ფრენა:   23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმი და 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენი. საქართველოში დაბრუნდა 300 მოქალაქე. სამომავლოდ დაგეგმილი ფრენების განრიგი კი ასეთია:

    26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი

    31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი

    3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი 

    7 აპრილი – თბილისი-ათენი თბილისი

    10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი

    “ამ განრიგით განსაზღვრულ ფრენებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ინფორმაცია გავრცელდება რამდენიმე დღით ადრე. „აირზენას“ ჰქონდა 22 მარტს დაგეგმილი ფრენა ვენის მიმართულებით, რომელიც გაუქმდა, შედეგად გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები. მათი ნაწილი საელჩომ უზრუნველყო თავშესაფრით. იგივე სიტუაციაა ამსტერდამში,  მოქალაქეები აქაც უზრნველყოფილნი არიან პირველადი ნივთებით. ეს ადამიანები, ვინც დროებით არიან განლაგებულნი უცხოეთში, უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში. ორივე თვითმფრინავი ივსება სრულად. ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებით ბილეთები გაიყიდება კომპანიის ვებგვერდზე, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ფრენა განხორციელდება ჯანმოს რეკომენდაციით. ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ვებგვერდებზე. პრემიერის მითითებით, ნებისმიერი კლასის ბილეთების ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს უნდა იყოს მკაცრად დაცული. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება სავალდებულო კარანტინს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    რაც შეეხება ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა კომპანიასთან და კონკრეტულ ქვეყნებთან,  რომ არ გავჩერდეთ არსებულ გრაფიკზე:“ ვმუშაობთ შემდეგი კვირების გრაფიკზე, სიტუაცია არაა მარტივი – ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალურადაა საჭირო მოლაპარაკება და ორგანიზება რეისის. შემდგომ განრიგს ვაცნობებთ საზოგადოებას, ყველა ვებსაიტი და ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმშია. თუ რომელიმე არ მუშაობს, შესაძლოა სამინისტროს ცხელ ხაზზე დაკავშირებაც”, – ამბობს დავით ზალკალიანი.

  • მარნეულსა და ბოლნისში უკვე 20 000 ადამიანის შემოწმება მოხდა

    მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი ჯგუფების მიერ, 20 ათასზე მეტი ადამიანის შემოწმება მოხდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

    შემოწმებულებიდან ტემპერატურა 25 ადამიანს აღენიშნებოდა, საიდანაც 2 შემთხვევა საეჭვო იყო, ამიტომ ეს მოქალაქეები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

    „ჩვენ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. დღეს უკვე ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, მათ უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ასევე ტარდება სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა ტემპერატურა, აქედან საყურადღებო იყო ორი და ისინი მოთავსებული არიან საავადმყოფოში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

    რაც შეეხება სურსათის მარაგებს, პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. მისივე თქმით, დღეს მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

    „არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ესეც აღმოფხვრილია. აქვე გეტყვით, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და იქნეს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

    გარდა ამისა, ჩიქოვანის ინფორმაციით, დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტში ქუჩების დეზინფექცია დაიწყება.

  • ლისზე და კუს ტბაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად – სოზარ სუბარი

    პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცირების რეკომენდაცია დაცული იყო და მხოლოდ რამდენიმეში დაფიქსირდა დარღვევა.

    როგორც სუბარმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ქვემო ქართლში, მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად, შეწყვეტილია და ყველა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირები პრობლემას აცნობიერებენ.

    “დავიწყებ ქვემო ქართლით, აქ პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მორწმუნეებს მოუწოდებენ ლოცვები შეასრულონ სახლში. მეორე, ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა კვირას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ეკლესიებში. მოგეხსენებათ, დიდი მარხვაა და მორწმუნეები ეკლესიებში ძალიან დიდი რაოდენობით მიდიან. მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი რა ხდებოდა და ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, ადამიანები იდგნენ ეკლესიის გარეთ, იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვეული, მაგრამ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად ეკლესიაში მორწმუნეები არ არღვევენ. ვუსმენდი ბატონ პაატა იმნაძეს და გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომელთაც შეიძლება არ დაიცვან სოციალური დისტანცირება და სადაც გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული. სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე კათოლიკური თუ მუსლიმური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნოებიერებული პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ამ კვირას უკვე ამ მხრივ ვითარება სრულად იქნება გამოსწორებული”, – აღნიშნა სუბარმა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი არის 82, მინიმალური 2 წელი–პაატა იმნაძე

    კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეთა მაქსიმალური ასაკი არის – 82, მინიმალური – 2 წელი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    იმნაძემ ყურადღება გაამახვილა ინფიცირების 3 ახალ შემთხვევაზე.

    „სამივე ახალი შემთხვევა არის, ასე ვთქვათ, დაავადების ანამნეზის ცნობილი ისტორიით. ანუ, ერთი არის საფრანგეთთან, ხოლო ორი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული. არ არიან დიდი, ცნობილი კლასტერების წარმომადგენლები,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

    როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, Covid 19-ის სამკურნალო მედიკამენტების დასახელება საზოგადოებაში აჟიოტაჟს იწვევს და მედიკამენტების თვითნებურად მიღებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

    „მედიკამენტის დასახელება მედიაში იწვევს ხოლმე შემდეგ იმას, რაც მოხდა ანტი-მალარიული საშუალების დასახელების შემდეგ, დაიტაცეს აფთიაქებიდან მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ეს საქმე უნდა მივანდოთ პროფესიონალების გუნდს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს, მივენდოთ მცოდნე ადამიანებს,“- აღნიშნა პაატა იმნაძემ.