Category: არქივი

  • აშშ მოსამართლეების საკითხით დაინტერესდა:შეხვედრა იუსტიციის საბჭოში

    {{ARTICLEIMAGE}}

    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. აუდიენცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. იუსტიციის საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრა მოსამართლეთა შერჩევის საკითხს უკავშირდებოდა. ეს ის თემაა, რომელიც მმართველ გუნდში დაპირისპირების საგანი გახდა.


    თავდაპირველად, ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ბესელია მმართველი პარტიის ლიდერ ივანიშვილის პოზიციაზე საუბარს თავს არიდებდა და ამბობდა, რომ ის “ქართული ოცნების’ ლიდერის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უკვე 10 იანვარს ივანიშვილმა ბესელიას საწინააღმდეგო პოზიცია გავრცელებულ განცხადებაში დააფიქსირა.
    “ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.

  • “ტამიფლუ” საქართველოში გაიაფდა, რა ღირს პრეპარატი ევროკავშირსა და ამერიკაში

    {{ARTICLEIMAGE}}

    ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუზე” ფასების დაწევა დაიწყეს. “ავერსის” აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია. პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელშიც “ტამიფლუ” უკვე თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება. “პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – პე-ეს-პეს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი თორნიკე გურული.

    მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა. ამის გამო 10 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ფასი დაწიონ. მინისტრი ამბობს, რომ კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.


    თავად ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით კი, ისინი “ტამიფლუს” რეალიზებას ყოველგვარი მოგების გარეშე ახდენენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტამიფლუს” მწარმოებლებისგან 67.26 ლარად ყიდულობენ, ხოლო სარეალიზაციო ქსელში კი მისი ფასი 68 ლარს შეადგენს.

    “გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ – მიზანმიმართულად მომზადებული “შავი პიარია”, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას, წერია ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

    რა ღირს “ტამიფლუ” ევროკავშირსა და ამერიკაში – ამ თემაზე გამოცემა BM.ge-მ სტატია მოამზადა: ამერიკაში, 75 მილიგრამიანი Tamiflu -ს საშუალო, დისკონტირებული ფასი ადგილობრივ აფთიაქებში დაახლოებით, 145 დოლარია (ანუ დაახლოებით 387 ლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი აბი Tamiflu საშუალოდ 7-8 დოლარი (ანუ დაახლოებით, 18-20 ლარი) ღირს.

    იგივე პრეპარატს ონლაინ-აფთიაქებიც ყიდიან. მათი დისტრიბუცია ამერიკასა და კანადაში ძირითადად ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, ახალი ზელანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან ხდება. ე.წ. შიფინგის საშუალო ფასი 9 ამერიკული დოლარია (ანუ დაახლოებით, 24 ლარი). ამ დათქმებით Tamiflu-ს საშუალო ფასი ამერიკისა და კანადის ონლაინ-აფთიაქებში 70-დან 90 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 187-დან 240 ლარამდე) მერყეობს.

    FDA-ის ანუ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას რეგისტრირებული აქვს Oseltamivir-ი, აქტიური ნივთიერება, როგორც Tamiflu-ს ე.წ. ჯენერიკი. 75 მილიგრამი ოსელტამივირის ფოსფატის 10 კაფსულის ფასი 81-დან 125 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 216-დან 333 ლარამდე) მერყეობს.

    ევროკავშირში 75 მილიგრამი Tamiflu-ს ან მისი ჯენერიკი სახელწოდების – Oseltamivir-ის ბრენდის კაფსულა საშუალოდ, დაახლოებით, 113 ევრო (ანუ დაახლოებით, 347 ლარი) ღირს. ევროკავშირში ამერიკისგან განსხვავებით, ფასთაშორისი განსხვავების თვალსაზრისით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება მწარმოებელს, ვიდრე იმას – ჯენერიკია თუ არა. იგივე ოდენობის მედიკამენტი ოღონდ სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული (Roche Pharma ან Roche Farma) ხელმისაწვდომია საშუალოდ 24 ევროდ (ანუ დაახლოებით,74 ლარი).

    აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებშიც მომხმარებლები მუდმივად ჩივიან, რომ რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის აუცილებელი პრეპარატი ძალიან ძვირი ღირს. როგორც, მაგალითად, შარშან დაახლოებით, ამ დროს – 2018 წლის თებერვალში ABC -ი აშუქებდა, იგივე ამერიკაში ასეთი შემთხვევა მოხდა: 3 და 7 წლის გოგოების დედას, შერილ კრაუტჰამერს Tamiflu-ში შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის რეკორდული ფასის – 450 ამერიკული დოლარის (ანუ დაახლოებით, 1200 ლარი) გადახდა მოუწია. მწარმოებლები მაშინ ამბობდნენ, რომ 75-მილიგრამიანი Tamiflu-ს ბრენდის 10 კაფსულის საბითუმო ფასი დაახლოებით 152 ამერიკული დოლარი (ანუ დაახლოებით 405 ლარი) იყო. რაც შეეხება საქართველოს, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებში Tamiflu-ს გასაყიდი ფასი 68 ლარია.

    გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ცნობით: ტამიფლუს ფასი ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავვდება.

    აზერბაიჯანში მედიკამენტი დაახლოებით 70 ლარი ღირს (45 მანათი).

    სომხეთში მისი ფასი 123 ლარია (22500 დრამი), თუმცა ის ბოლო რამდენიმე წელია დეფიციტშია.

    უკრაინაში ტამიფლუ 48 ლარი (507 გრივნა) ღირს.

    რაც შეეხება ევროკავშირს, ესტონეთში ტამიფლუს ფასი 52 ლარია (17,17 ევრო). გერმანიის სააფთიაქო ქსელებში კი პრეპარატის შეძენა 116 ლარადაა შესაძლებელი (38 ევრო).

    ტამიფლუს მწარმოებელი Roche group-ია. სწორედ ამ კომპანიისგან იძენენ სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნულ მედიკამენტს. ჯანდაცვის მინისტრი კონტრაქტის გამო, ვერ ამბობს, თუ რა უჯდება ტამიფლუს შეძენა სახელმწიფოს. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, ფასის შესახებ გაჩენილ კითხვებს “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ” უპასუხა. ასოციაციის თქმით, მათი წევრი კომპანიები ანტივირუსულ პრეპარატს მწარმოებლისგან 67,26 ლარად იძენენ.

  • დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. დე ფაქტო მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში გრიპის ვირუსის H1N1-ის გავრცელებას ასახელებს.

    რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს დილით გადმოვიდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც “ენგურჰესის” თანამშრომელია. ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.

    მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ “ენგურჰესის” თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ. რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა, ჯერჯერობით უცნობია.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირველ პრესკონფერენციას გამართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ინაუგურაციაც 16 დეკემბერს გაიმართა, მედიასთან პირველ საჯარო შეხვედრას გამართავს. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტი აქტუალურ საკითხებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. პრესკონფერენცია ათონელის რეზიდენციაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს მოსამართლეების საკითხზე პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. ბოლო საჯარო მიმართვა ამ თემაზე 10 იანვარს მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

    რისი გაკეთება მოასწრო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2018 წელს

  • აშშ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    შშ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს. სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ.”6 იანვარს, უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება, წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, მაშინ როდესაც უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ ისწრაფვის”, წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. შეერთებული შტატები ინარჩუნებს მტკიცე მხარდაჭერას რელიგიის თავისუფლებისადმი, მათ შორის რელიგიური ჯგუფების მიმართ, რომ წარმართონ საკუთარი რელიგია მათი რწმენის მიხედვით, გარეჩარევის გარეშე. მივესალმებით მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომლის თანახმად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისათვის”,წერია განცხადებაში.  

  • ავსტრიელმა რკინიგზელებმა თოვლში ჩამარხული გარეული თხა გადაარჩინეს.

    {{VIDEO}}

    ავსტრიელმა რკინიგზელებმა თოვლში ჩამარხული გარეული თხა გადაარჩინეს.ანტილოპას მსგავსი გარეული თხა რკინიგზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოების დროს რელსებიდან გადაყრილმა თოვლმა დაფარა.თხა განძრევას ვეღარ ახერხებდა. მას შემდეგ კი, რაც რკინიგზელებმა თოვლიდან ამოიყვანეს, ტყეს მიაშურა.

  • ჩუგოშვილი პარლამენტიდან მოსამართლეთა სიის გაწვევის მომხრეა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების სია პარლამენტიდან იუსტიციის საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. ჩუგოშვილის თქმით, არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოაგროვებს და “ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის საბჭომ სიის წარმოდგენა გადაწყვიტა პარლამენტისთვის, სწორი არ იყო. ამ თემაზე ჩუგოშვილმა დღეს “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა.

    “სია უნდა გავწიოთ გვერდზე, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევს ქვეყანაში, საზოგადოებაში და ბუნებრივია, პარლამენტშიც. უნდა ამოვავსოთ საკანონმდებლო ხარვეზი და ამის შემდეგ დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღება”.

    რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჩუგოშვილის შეფასებით, ამ განცხადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები.

    “იმ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა, ვერ ვხედავ, რომ წარმოდგენილი სიის მხარდაჭერა ყოფილიყო გამოხატული, ან – საბჭოს მიერ შემოთავაზებული ტემპების და რიტმების მხარდაჭერა. მთავარია, რომ საპარლამენტო ვაკუუმი, რომელიც ახლა გვაქვს, სწორი ფორმით შევავსოთ. სწორად გავწეროთ, როგორ უნდა შეირჩნენ უზენაესის მოსამართლეები”.

    ჩუგოშვილს მოლოდინი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით”.

  • ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს: დაწიეთ “ტამიფლუს” ფასი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ფასი შეძლებისდაგვარად დაწიონ. მინისტრის ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.

    “მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას: განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ”,განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

    დღეს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები “ტამიფლუს” რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

    “გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ – მიზანმიმართულად მომზადებული “შავი პიარია”, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.

    სოციალურ ქსელში კი აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ ეს ანტივირუსული პრეპარატი ევროპაში ბევრად იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ზოგიერთი მათგანი გასაყიდ ფასს 5 ევროს ასახელებს.