Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • ისრაელი მასობრივი ვაქცინაციის შედეგად ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

    ისრაელი, რომელიც მსოფლიოში ვაქცინაციის ლიდერია პანდემიის დაძლევის გზაზეა და ნორმალურ ცხოვრებას თანდათან უბრუნდება.  მასობრივი ვაქცინაციის წყალობით ქვეყნის მა შტაბით ღია სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ არის.

    ისრაელის მოსახლეობის 16 წელზე უფროსი ასაკის 81%-მდე სრულად არის აცრილია „პფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით.  შედეგად ქვეყანაში ინფექციის გავრცელება და ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად შემცირდა.

    კვლავ შეზღუდული რჩება მოგზაურობა უცხოელებისთვის. ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან აცრის გარეშე ბრუნდებიან, თვითიზოლაცია მოეთხოვებათ.

    საზღვარგარეთიდან შესულმა ვირუსის ახალმა ვარიანტებმა, შესაძლოა სარისკო ვითარება შექმნას. ჯანდაცვის უწყების ცოდნით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა, ვირუსის იმ ახალი ვარიანტის 7 შემთხვევა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა.

    „ახლა მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე ვართ, როცა საქმე კორონავირუსთან გამკლავებას ეხება, მაგრამ მას შეუძლია კვლავ დაბრუნდეს“ – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მნისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

    ქვეყანაში სრულად გაუქმდა საპოლიციო ზედამხედველობით უზრუნველყოფილი სავალდებულო ბრძანება ნიღბის ტარების შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა. ამ ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნიღბის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეებში.

    „უცნაური გრძნობაა, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, პირბადის გარეშე ყოფნა. თუ ამ ყველაფრის დასასრულებლად, მხოლოდ დახურულ სივრცეებში ნიღიბის ტარებაა საჭირო, ამას აუცილებლად გავაკეთებ“ – ამბობს 19 წლის ამიტა ჰოლგარდენი.

    ისრაელის საბავშვო ბაღების, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები უკვე კლასებში დაბრუნდნენ – ისინი უკვე უბრუნდებიან წინა-პანდემიურ განრიგს.

    მასწავლებლებს დაევალათ, უზრუნველყონ საკლასო ოთახების ვენტილაცია და სოციალური დისტანცირება გაკვეთილებსა და შესვენებებზე. კლასგარეშე აქტივობები, როგორიცაა მაგალითად ბავშვთა თეატრი, კვლავ შეზღუდულია.

    „16 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებული, რომლებიც უნდა დავიცვათ“ – განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ისრაელის არმიის რადიოსთან საუბრისას.

  • ზრდასრულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია

    აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ზრდასრულ ამერიკელთა ნახვერაზე მეტს, კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.

    18 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრებმა 130 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელიც ასაკით 18 წელს ზემოთაა, ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ეს აშშ-ში მცხოვრებ ზრდასრულთა დაახლოებით 50.4%-ია.

    ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 209 406 814 დოზა ვაქცინაა გაკეთებული, 356 505 725 დოზა კი მიწოდებული.

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 131 247 546 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად აცრილი კი 84 263 408 ადამიანია.

    სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს „მოდერნასა“ და „პფაიზერის“, ასევე „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინებს.

    მანამდე, სამშაბათს აშშ-ის ჯანდაცვის ფედერალურმა სააგენტოებმა „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაზე გასცეს რეკომენდაცია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 50 წლმადე ასაკის ექვს ქალს, აცრის შემდეგ იშვიათი თრომბი განუვითარდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ირანმა რუსული წარმოების 60 მლნ ვაქცინა შეიძინა

    ირანის ელჩი მოსკოვში ამბობს, რომ თეირანმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა და 60 მილიონი რუსული წარმოების კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. რუსულ სააგენტოებთან საუბრის დროს კაზე ჯალალი ამბობს, რომ გარიგების შედეგად, ირანი მიიღებს 30 მილიონი ადამიანის სრული იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობას. მისივე ცნობით, ვაქცინებს ირანი რამდენიმე ეტაპად მიიღებს, 60 მილიონი დოზის მიწოდება ირანისთვის დეკემბრამდე მოხდება.

    სპუტნიკ V-რუსეთმა რამდენიმე თვის წინ ჩაუშვა წარმოებაში, თუმცა ვაქცინის ვარგისიანობასა და უსაფრთხოებაზე ამ დრომდე არ უმსჯელიათ არცერთ კრიტიკულ მარეგულირებელს. რუსეთი ჩინეთის მსგავსად არ ასაჯაროებს კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაციას. სპუტნიკი ვექტორული ტიპის ვაქცინაა, რომელიც ადამიანის ადენოვირუსზე არის დაფუძნებული.

    რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში მეოთხე ტალღის შესაჩერებლად ემზადებიან, უკვე შემოღებულია 10 დღიანი ლოქდაუნი. ირანში 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისთვის თეირანის მტკიცებით ინფიცირებულია 2.1 მილიონი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 65 000-აჭარბებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს და სხვა ვირუსებიც შეუშვას, ან შეიძლება კარი ისე დაკეტოს, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს და “მარტოობით დატკბეს.“ სწორედ ასე იქცევა მაგალითად, გრიპის ვირუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ეგოისტური ვირუსია.

    გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რინოვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს შეიძლება ადამიანის ორგანიზმს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავდეს. რა თქმა უნდა, საქმე ეხება არა მუდმივ იმუნიტეტს, არამედ დროის იმ პერიოდს, როდესაც ვირუსი უჯრედებში იმყოფება.

    ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის შედეგად, რომლის დროსაც  სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ასლი, რომელიც იმავე ტიპის უჯრედებისგან შედგებოდა, ერთდროულად კორონავირუსით და რინოვირუსით დააინფიცირეს.

    გაირკვა, რომ თუ უჯრედებთან წვდომას ორივე ვირუსი ერთდროულად იღებს, რინოვირუსი იმარჯვებს და ახალ კორონავირუსს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ამავე დროს, როგორც კვლევამ აჩვენა, ასე ხდება სამი ვარიანტიდან ნებისმიერის შემთხვევაში: თუ რინოვირუსს უჯრედებში 24 საათით ადრე უშვებენ, ვიდრე SARS-CoV-2–ს, თუ ორივე ვირუსს უჯრედებზე წვდომა ერთდროულად აქვთ და იმ შემთხვევაშიც, თუ კორონავირუსს 24 საათიან ფორას აძლევენ, ანუ მას უჯრედებში 24 საათით ადრე უშვებენ, ვიდრე რინოვირუსს.

    “გამოდის, რომ რინოვირუსი კორონავირუსს თრგუნავს,შესაბამისად,  ჩვეულებრივი გაციების და სურდოს დაავადებების სეზონზე კორონავირუსით დაინფიცირება ბევრად ნაკლები იქნება“– უთხრა ბიბისი–ს დოქტორმა პაბლო მურსიამ.

    კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ უჯრედში მოხვედრის შემდეგ რინოვირუსი ორგანიზმის იმუნურ პასუხს აამოქმედებს და საკუთარ ასლებს ქმნის, რომელიც კორონავირუსს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

    თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცდები შოტლანდიელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს და ვირუსებით სასუნთქი გზების ხელოვნურად გამოყვანილი უჯრედები დააინფიცირეს.

    ცოცხალ ორგანიზმში უამრავი სხვა პროცესი მიმდინარეობს, რომლებმაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინონ ვირუსების უჯრედებთან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე. ამიტომაც, ლაბორატორიული ცდების შედეგებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

    თუმცა, მსგავსი შემთხვევები ადრეც შეინიშნებოდა. მაგალითად, არსებობს ვერსია, რომ სწორედ რინოვირუსის დიდმა აფეთქებამ შეუშალა ხელი 2009 წელს ევროპის ზოგიერთ ნაწილში ღორის გრიპის პანდემიას.

    თუმცა, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან კორონავირუსით მას შემდეგ შეიძლება დაინფიცირდეთ, როცა გაციება გაგივლით და რინოვირუსი ორგანიზმს დატოვებს.

    “ჰიგიენის ზომებმა, ასევე ვირუსების ურთიერთქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კორონავირუსით დაავადება, მაგრამ მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ ვაქცინაცია იძლევა“–ამბობს დოქტორი მურსია.

    უირიკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ლოურენს იანგი კოლეგას ეთანხმება, რომ რინოვირუსი, რომელიც კორონავირუსზე ბევრად უფრო გადამდებია, შეიძლება შემოდგომის და ზამთრის თვეებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემნელებელი აღმოჩნდეს.

    თუმცა, ზუსტად როგორ განვითარდება უახლოესი ზამთრების განმავლობაში გაციების და გრიპის სეზონები, ჯერჯერობით რთული სათქმელია. სავარაუდოდ კორონავირუსი არსად გაქრება, სხვა ინფექციები კი, რომლებიც ბოლო დროს თითქმის აღარ ვრცელდება მთელ მსოფლიოში შემოღებული ამკრძალავი ზომების გამო, არა მხოლოდ დაბრუნდებიან, არამედ ძლიერი ეფექტი ექნებათ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მთელი წელი სახლში გამოკეტილებმა, სოციალური კონტაქტების გარეშე გაატარეს და რომელთა იმუნიტეტი ძლიერ არის დასუსტებული.

  • ანგელა მერკელი Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინით აიცრა

    გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ამის შესახებ მისი პრეს სპიკერი, სტეფან ზეიბერტი ტვიტერზე წერს.

    “ბედნიერი ვარ, რომ დღეს მივიღე  Oxford-AstraZeneca–ს ვაქცცინის პირველი დოზა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ვაქცინაციის კამპანიაში და ყველას, ვინც აიცრა. ვაქცინაცია პანდემიის დასრულების საშუალებაა “–ციტირებს მერკელს ზეიბერტი.

    Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინა გერმანიაში სადაო გახდა. ბევრმა ადამიანმა თავდაპირველად უარი თქვა მის გაკეთებაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო.

    მარტში გერმანიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ეს ვაქცინა მხოლოდ 60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს გაუკეთდებათ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პირველი დოზის შემდეგ 31 ადამიანს, ძირითადად ახალგაზრდა ქალებს სისხლის იშვიათი თრომბოზები გამოუვლინდა.

  • ჩინეთის მაღალჩინოსანმა პირმა აღიარა რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა დაბალია

    ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალჩინოსანი ოფიციალურად აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ სუსტია და ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს სხვა ვაქცინებთან მათ შერევას, რათა ანტისხეულების გამომუშავების იმპულსი გააძლიეროს.

    სააგენტო ასოშეითედ პრესის ცნობით ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ შაბათს ჩინეთის სამხრეთ დასავლეთით, ქალაქ ჩენდუში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ ჩინურ ვაქცინებს დაცვის მაღალი დონე არ გააჩნიათ.

    არადა, პეკინმა ასობით მილიონი დოზა ვაქცინა გაავრცელა საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში და ცდილობდა ეჭვქვეშ დაეყენებინა Pfizer-BioNTech–ის ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც RNA და mRNA–ს  ექსპერიმენტული მეთოდით შექმნა.

    “ახლა ფორმალურად განიხილება საკითხი იმის შესახებ, ღირს თუ არა იმუნიზაციის პროცესისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური ხაზით დამზადებული სხვადასხვა ვაქცინები გამოვიყენოთ“– თქვა გაომ.

    კვირას ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ არ უპასუხეს კითხვას გაოს განცხადების ან ოფიციალურ გეგმებში შესაძლო ცვლილებების შესახებ. თუმცა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი სპეციალისტები mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინის დამზადებაზე მუშაობენ.

    თავად გაომ კი ასოშეითედ პრესის ინფორმაციით შემდგომი კომენტარებისთვის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

    “ mRNA-ს საფუძველზე დამზადებული ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დამზადდა, უკვე კლინიკური კვლევების სტადიაშია “– თქვა ჩინელმა ჩინოვნიკმა ვან ჰუაცინმა. მას პროცესის დასრულების სავარაუდო ვადებიც არ დაუსახელებია.

    ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინების ერთმანეთში შერევა, ან თანმიმდევრული იმუნიზაცია შესაძლოა ეფექტურობის ამაღლების საშუალება აღმოჩნდეს. ბრიტანელი მკვლევარები სწავლობენ Pfizer-BioNTech–ის და ტრადიციული ვაქცინის, AstraZeneca–ს შესაძლო კომბინაციას.

    კორონავირუსის პანდემია, რომელიც 2019 წელს ცენტრალურ ჩინეთში დაიწყო, პირველი შემთხვევაა, როცა ჩინურმა ფარმაცევტულმა წარმოებამ  როლი ითამაშა ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში.

    კერძო ჩინური კომპანია Sinovac–ის და ჩინური სახელმწიფო კომპანია Sinopharm–ის მიერ შექმნილი ვაქცინები მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის მექსიკაში, თურქეთში,  ინდონეზიაში, უნგრეთში, ბრაზილიაში…

    ბრაზილიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ  Sinovac –ის ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური ინფექციების შეკავებაში სულ 50.4%–ს შეადგენს, რაც ძალიან ახლოს არის ზღვრულ მაჩვენებელთან – 50%–თან, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც ექსპერტები ვაქცინას სასარგებლოდ თვლიან. შედარებისთვის – Pfizer-BioNTech–ის ეფექტურობა 97%–ს შეადგენს.

    ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინები აშშ–ში, დასავლეთ ევროპაში და იაპონიაში დიდი ალბათობით არ გაიყიდება, რადგან აქ ვაქცინის დამტკიცების პროცედურები რთულია.

    Sinovac–ის წარმომადგენელმა, ლიუ პეიჩენმა აღიარა, რომ აღმოჩნდა ეფექტურობის განსხვავებული დონეები, თუმცა თქვა, რომ ეს შეიძლება კვლევაში მონაწილე ადამიანების ასაკზე, ვირუსის შტამზე და სხვა ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული.

    პეკინს ჯერ არ დაუმტკიცებია უცხოური ვაქცინები ჩინეთში გამოყენებისთვის.

    გაოს კი არ დაუკონკრეტებია დეტალები, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ჩინური ვაქცინაციის სტრატეგიაში, თუმცა მიუთითა  mRNA ვაქცინებზე, როგორც შესაძლებლობაზე.

    “ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის უპირატესობები, რაც   mRNA ვაქცინებმა შეიძლება კაცობრიობას მოუტანონ. ჩვენ ფრთხილად უნდა მივადევნოთ თვალყური ამას და არ მოვახდინოთ მისი იგნორირება იმის გამო, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა“– თქვა მან.

    გაო მანამდე ეჭვქვეშ აყენებდა  mRNA ვაქცინების უსაფრთხოებას. ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინხუა დეკემბერში ნათქვამ მის სიტყვებს ციტირებდა იმის შესახებ, რომ არ გამორიცხავს ნეგატიურ გვერდით ეფექტებს, რადგან ამ ტიპის ვაქცინები ადამიანზე პირველად გამოიყენეს.

    ჩინეთის სახელმწიფო მედია და პოპულარული ჯანდაცვის და სამეცნიერო ბლოგები ასევე ეჭვქვეშ აყენებდნენ  Pfizer-BioNTech–ის ვაქცინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

    ჩინეთში ამ დროისთვის 161 მილიონი დოზა ვაქცინაა გაკეთებული.

  • “ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

    ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.

    “ ევროპის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას გვერდითი ეფექტების სიაში შეიტანა თრომბოციტოპენიით მიმდინარე უჩვეულო თრომბოტული გართულება. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უკიდურესად იშვიათი გართულება და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან. ასევე, შემთხვევების აბსოლიტური უმრავლესობა აღწერილია ქალებში 55 წელს ქვემოთ.

    მედიცინაში უამრავ ისეთ წამალს ვიყენებთ რომელიც სიკვდილის რისკსაც კი შეიცავს. მაგალითად, კარდიოლოგიაში გამოყენებული ყველაზე ეფექტური ანტიარითმიული პრეპარატების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება პარკუჭების ფიბრილაციაა, რაც შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს, თუ დროული დახმარება არ გაეწია პაციენტს. ალბათ იკითხავთ, რატომ ვიყენებთ არითმიის სამკურნალოდ პრეპარატს რომელსაც სასიცოცხლო საფრთხის შემცველი სხვა არითმიის გამოწვევა შეუძლია? რისკის და სარგებლის შეფასებაშია პასუხი.

    ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს რისკის და სარგებლის გაცნობიერება. კოვიდი ძალიან მაღალი პროთრომბოტყლობით ხასიათდება და ეს რისკი შეუდარებლად მაღალია ვაქცინაციით გამოწვეულ გვერდით ეფექტებთან მიმართებაში. გამოსავალი გონიერ გადაწყვეტილებაშია. ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება წარმოუდგენელია. ამავე დროს, აუცილებელია რისკ ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღება და ვაქცინის შერჩევა მოხდეს თუნდაც თეორიული საფრთხის გათვალისწინებით.

    ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია…
    კოვიდი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს…
    ვაქცინაცია კოვიდით სიკვდილისგან იცავს…
    ადამიანებს უპირობოდ უნდა ჰქინდეთ არჩევანი აცრებთან მიმართებაში…
    უსაფრთხო ვაქცინაცია სწორი მენეჯმენტის პირობებში ნამდვილად შესაძლებელია…

    კვლევების ინტერპრეტირება არაპროფესიონალების მიერ და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება პანდემიის პირობებში დანაშაულის ტოლფასია. კვლევების სწორად ინტერპრეტირება არ შეუძლია ყველა ექიმსაც კი. ამას სპეციალური განათლება სჭირდება. საბაზისო სტატისტიკის ცოდნაც კი არაა საკმარისი ამისთვის. არასწორ ინფორმაციას შეუძლია ადამიანს უბიძგოს სასიკვდილო საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებისკენ. გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს.“– წერს ნანა გეგეჭკორი.

  • გზაგასაყარზე ვდგავართ, უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა გზით წავალთ – თენგიზ ცერცვაძე

    გზაგასაყარზე ვდგავართ, უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა გზით წავალთ – თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე წერს, რომ თუ მოსახლებას უნდა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არ გვქონდეს და ნორმალურ ცხოვრებას მალე დავუბრუნდეთ, უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.

    “სადღეისოდ მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე, ან მის მოახლოებაზე. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე lockdown. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და სხვ., რომლებიც მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან) გამოწვეული შემთხვევების ზრდა.

    საქართველომ ა.წ. 15 მარტამდე ვაქცინის არქონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები შეზღუდვების მიუხედავად, COVID პანდემიის სწორი მენეჯმენტით მიაღწია იმას, რომ COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა შეზღუდვების რაოდენობა.

    სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით – არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე. ასეთი დამოკიდებულება შეიცავს COVID შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია.

    დღეს საქართველო COVID პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას – უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ოპტიმალურ მართვას. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.“– წერს თენგიზ ცერცვაძე.

  • ევროპაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის და თრომბის რისკის შესწავლა გრძელდება

    ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) წარმომადგენელი, სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, საუბრობს იმაზე, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინას და თავის ტვინში მომხდარ უიშვიათეს თრომბს შორის, კავშირი იკვეთება. თუმცა, ამის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

    “ჩემი აზრით, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვევით არის კავშირი [თრომბების] ვაქცინასთან, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა იწვევს ამ რეაქციას” – თქვა მარკო კავალიერიმ იტალიურ გაზეთთან Il Messagero ინტერვიუში. კავალიერი ევროპის მედიკამენტების სააგენტოში ვაქცინების შეფასების გუნდის თავმჯდომარეა. მას საკუთარი აზრის დამადასტურებელი მტკიცებულება გამოცემისთვის არ წარუდგენია.

    კავალიერის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, რომელიც ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელია, განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ ვაქცინის თაობაზე კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი შედეგები ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს გახდება ცნობილი. “სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტს (PRAC) განხილვის შემდეგ საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუტანია” – აცხადებს მარეგულირებელი. ბრიტანული კომპანიის “ასტრაზენეკა” პრესსპიკერმა კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

    სააგენტო გამუდმებით იმეორებს, რომ “ასტრაზენეკას” და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივად შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრჯერ აღემატება მისგან შექმნილ რისკებს. თუმცა, ევროკავშირის მარეგულირებელი კვლავ აგრძელებს 44 შემთხვევის შესწავლას, რომელიც ბლოკში მცხოვრები 9.2 მილიონი ადამიანის აცრის შემდეგ დაფიქსირდა.

    იგივეს აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, სადაც ამ ვაქცინით ათეულ მილიონობით ადამიანია აცრილი. თავად “ასტრაზენეკამაც” ჩაატარა შიდა გამოძიება, რომელმაც აცრას და თავის ტვინში მომხდარი თრომბის უიშვიათეს სახეს შორის კავშირი არ დაადასტურა.

    ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია, ვაქცინის გამოყენება საბოლოო შედეგების დადგენამდე, ახალგაზრდა ადამიანებში საერთოდ შეწყვიტა.

    გასულ კვირაში, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ მათ ჯერჯერობით კონკრეტული რისკფაქტორები ვერ გამოავლინეს, როგორიცაა მაგალითად: ასაკი, სქესი ან ადამიანის ავადმყოფობის ისტორია შესაბამისი რისკებით. პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის, თუმცა ანალიზი გრძელდება – თქვეს სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტის წევრებმა.

    შემთხვევებს შორის ახალგაზრდა და შუახნის ქალები ჭარბობდნენ. თრომბი აცრიდან რამდენიმე დღეში, ან კვირაში ვითარდებოდა. იყო ეჭვი ზოგიერთ პრეპარატზე, მათ შორის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, რაც ამ ეტაპზე არ დადასტურდა. ასევე განიხილება თეორია, იწვევს თუ არა ვაქცინა უჩვეულო ანტისხეულების წარმოქმნას.

    ფაქტია, რომ ეს ძალიან დიდი იშვიათობაა. 2 აპრილს, ბრიტანეთში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იქ თრომბოზული მოვლენების მხოლოდ 30 შემთხვევა აღირიცხა. ეს მაშინ, როცა იმ დროისთვის ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 18.1 მილიონი დოზა იყო ადმინისტრირებული.

    აღნიშნული განცხადება გასულ ხუთშაბათს ბრიტანეთის მთავარმა მარეგულირებელმა გააკეთა. მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ ისიც თქვა, რომ მსგავსი მოვლენები მათ არ დაუფიქსირებიათ “ფაიზერის” და “ბიონტექის” ერთობლივი ვაქცინის შემთხვევაში. ბრიტანული სააგენტო იმეორებს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის შესაძლო უსაფრთხოების რისკებს, თუნცაც ეს თრომბის განვითარების მცირე რისკი იყოს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” შემოვიდა

    საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინფორამის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინები სპეცრეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, ვაქცინების დასაწყობება მიმდინარეობს.

    გარდა “სინოფარმისა” ჩინეთი საქართველოს კიდევ ერთ ვაქცინის, “სინოვაკის” 100 000 დოზას ჩუქნის.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან “სინოფარმით” ვაქცინაციის დასაწყებად მზად იქნებიან, თუმცა ჯერ WHO-სგან ავტორიზაციის მიღებას დაელოდებიან.

    „საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების გახლავთ. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, „სინოფარმის“ ვაქცინით 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული.

    კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“,- აცხადებს თამარ გაბუნია.

    “სინოფარმის” ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს აქვთ.