Tag: ირანი

  • როგორ მოახერხა ირანის მოქალაქემ გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან გამოქცევა

    ირანის მოქალაქე გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან გამოიქცა და ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რის შემდეგაც ის ექიმებმა უკან ძალის გამოყენებით შეაბრუნეს.

    ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით, მამაკაცმა ტუმბო გატეხა, რაღაც ნაწილი მოაძრო და შეძლო კარის გაღება და გარეთ გამოსვლა.

    ,,შემოსვლის დღიდან ზედმეტად, გვიჭირდა ძალიან, დაცვის გამოყენება გვჭირდებოდა, რომ გაგვეჩერებინა”,- ამბობს ენდელაძე.

    მისივე თქმით, შემთხვევა განსაკუთრებულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

    ინფექციური საავადმყოფოდან გამოქცევის შემდეგ, მამაკაცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა, რა დროსაც საავადმყოფოდან ორი თანამშრომელი გამოვიდა და ის უკან, ინფექციურ საავადმყოფოში შეაბრუნა.

  • “ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს” – ამირან გამყრელიძე

    ლუგარის ცენტრში, მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები. ყველაზე მეტი დატვირთვა თბილისზეა.

    „დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, როგორც იცით, ჩინეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი მოვათავსეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც 3 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებში. ეს პირობები წინასწარ იყო შესწავლილი და მათ მიეცათ უფლება თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    მანვე მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

    „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

    21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

  • საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა შეზღუდა

    საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა შეზღუდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.

    როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ირანთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნია ირანიდან საქართველოში და საქართველოდან ირანში მოქალაქეების გადაადგილება 2 კვირით შეწყდა.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ვირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

    50 წლის მამაკაცი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    “პაციენტი საბაჟოდან სიმპტომების დაფიქსირების გამო პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში”, – თქვა მინისტრმა.

  • ირანთან და ჩინეთთან ფრენების შეჩერების გამო ტურიზმი თვეში მინიმუმ 30 მილიონის ზარალს განიცდის- ნათია თურნავა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით და შეჩერებით ტურიზმი თვეში მინიმუმ 30 მილიონის ზარალს განიცდის.

    მისი თქმით, მთავრობა ამ ,,არაპოპულარულ ნაბიჯზე” მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წავიდა.

    „კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მთლიანად მსოფლიო დადგა. დღეს უკვე მიმდინარეობს საუბარი მსოფლიოში იმის თაობაზე, რომ გლობალური ეკონომიკა, გლობალური ვაჭრობა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ზარალდება ტურიზმის ბიზნესი და არამხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამას აბსოლუტურად მომზადებული ვხვდებით, ამიტომ ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით, უპირატესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა ირნთან, ჩინეთთან.

    რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ტურიზმის განვითარებას. პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში. იქიდან გამომდინარე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ზარალი მოიმატებს, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში“, – განაცხადა თურნავამ.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან და ირანთან ფრენები მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო შეზღუდა. ირანთან მიმოსვლა მხოლოდ სახმელეთო გზით არის შესაძლებელი.

    მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევები ევროპის ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ხელისუფლება მათთან ფრენების შეჩერებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

  • ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

    ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის სპიკერი.

    ირაჯ ჰარირიჩიმ ტესტი გუშინ ჩააბარა, დღეს კი დადებითი პასუხი მიიღო.

    სწორედ ის მართავდა პრესკონფერენციებს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

    ჰარირჩის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დაავადებას ირანში კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ირანთან ფრენები შეზღუდა

    საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად ირანთან ფრენები შეზღუდა.

    ,,როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს.

    აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით”,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე არ ჩაიკეტება სახმელეთო საზღვარი, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვაც არ არის გამორიცხული. 

    ,,მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან.

    საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც.

    საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)”,- ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

  • ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა- თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

    ცერცვაძის თქმით, მათ საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

    ,,როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ”,-განაცხადა ცერცვაძემ.

  • კორონავირუსის საფრთხის გამო ირანის მოქალაქეების შემოსვლა უნდა აიკრძალოს- სააკაშვილი (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს.

    მისი თქმით, მალე სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი მოდის და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რისი დაშვებაც კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ირანში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობას მიმართავს, შეაჩეროს ირანთან ავიამიმოსვლა, აკრძალოს ირანის მოქალაქეებისთვის დროებით შემოსვლა და ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საგულდაგულოდ შეამოწმოს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.

    „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

    კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:

    +989352110274;

    +989122997726;

    +989108201041“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თეირანი–თბილისის რეისის 4 მგზავრი ვირუსის სიმპტომებით ინფექციურში გადაიყვანეს

    ინფექციურში თეირანი-თბილისის რეისის 4 მგზავრი გადაიყვანეს – მათ კორონავირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდებათ

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ცოტა ხნის წინ, კიდევ 4 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდათ.  ერთ-ერთ მათგანს ტემპერატურა ჰქონდა მომატებული. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ.

    შეგახსენებთ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესდა.  Corvid-19-ს უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა.

    იქნება თუ არა, ირანთან ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

    საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სამეზობლოში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების გამო, მთავრობამ კონკრეტული პრევენციული მექანიზმები აამოქმედოს, მათ შორის შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე.