Tag: ბიძინაივანიშვილი

  • უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას – ივანიშვილი წერილს აქვეყნებს

    ”უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას, მათთვის პრობლემა არ არის თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით ჩანაცვლება – ვეღარ მოგვატყუებენ” –  2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების 13 წლისთავთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა.

    პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა!

    2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ღირსშესანიშნავი გამარჯვებების გვერდით კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა!

    ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის!

    ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას, ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება.

    2012 წლის პირველი ოქტომბერი კი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად მე, ქართულმა ოცნებამ და მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან, გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დავიწყეთ.

    13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით, ვერავინ გააცურებს!

    ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ.

    მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამავდროულად კი, არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!

    განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია! საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის – მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების – ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან, დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
    კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.

    რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.

    პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო.

    და მართლაც, სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!

    სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია,გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.

    ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!

    და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი.

    ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე – ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს.

    დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.

    ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.

    ჩვენი ერთიანობის, 1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ.

    მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს,  ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.

    ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება  გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ! გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს! გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

  • როცა EU-ს 31 აგვისტომდე ივანიშვილის “ოცნებისგან” პასუხი უნდა მიეღო, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა – მშვენიერაძე

    ”როცა ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც შარშან დააშავა და რის გამოც უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხეა, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე წერს, რითაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

     

    „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ საქმეს ემსახურებიან, ქართველ ხალხს ეხმარებიან და დღეს, ისე როგორც ამ ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მამაცურად იბრძვიან.

    დღეს, შვიდი ორგანიზაციის დაყადაღება და მუქარა, რომ უფრო მძიმე „განსაცდელი“ წინ ელით, რუსების პასუხია ჩვენს საქმეებზე, პასუხია ნაწამები ადამიანების დაცვაზე, ივანიშვილის ჩინოვნიკების კორუფციის მხილებაზე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც ჯერ კიდევ შარშან დააშავა და რის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე უდგას, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა.

    მგონი, ყველასთვის ცხადია რა სურს ივანიშვილის „ოცნებას“ – საქართველო აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში, ჩაკეტილი საზღვრებით ცივილიზებულ სამყაროსთან, მარტო, დაუცველი დარჩეს რუსეთთან. ივანიშვილის „ოცნებას“ სურს მალე დასრულდეს უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაც და ჩაიკეტოს საზღვრები. სურს ეს ისე გააკეთოს, რომ ხალხის რისხვა თავიდან აიცილოს, სურს ამით დაასრულოს საქართველოს ევროპულ გზაზე ფიქრი და რუსული მავთულხლართებით შემოღობილ ჭაობში ჩაახრჩოს ქართველი ხალხის მომავალი, რადგან რუსული ჭაობია ივანიშვილისთვის ბუნებრივი და კომფორტული ადგილსამყოფელი.

    ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ბედნიერს მხდიდა ვმდგარიყავი დაჩაგრულის მხარეს, მის დასაცავად. ვმდგარიყავი საქართველოს თავისუფლების, განვითარების და უკეთესი მომავლის მხარეს. აღმაფრთოვანებდა და შთამაგონებდა ის რთული გზა, რომელიც გაევლოთ ამ ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს. სადაც რამე მიკეთებია, ყოველთვის ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. უშეცდომო არავინაა და მათ შორის არც მე, მაგრამ არასდროს წავსულვარ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე, მაშინაც კი, როდესაც “უბრალო სიჩუმით” შეიძლება “უკეთ ვყოფილიყავი”.

    ვეხმარებოდი და ვიცავდი მათ, ვისი დაცვაც შესაძლოა ყველაზე არაპოპულარული ყოფილიყო. ახლობლებისგანაც კი მიგრძვნია ამის გამო „დროებითი გვერდზე გადგომა”, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია ჩემთვის. პირიქით. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს ეხმარები, როდესაც ხედავ რომ რაღაც პატარა აგურს დებ საქართველოს – თავისუფალია ადამიანების სამშობლოს – მომავლის შენებაში.

    და რას ეძღვნება ეს პოსტი – იმას, რასაც რუსი (შესაბამისად ივანიშვილი) ვერასდროს გაიგებს და ვერასდროს განიცდის – საქართველოს სიყვარულს. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები, სწორედ ამ სულისკვეთებით ვდგავართ ერთად, ვორგანიზდებით, ვშრომობთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ორგანიზაციული ფორმაა, თორემ რუსები შინაარსობრივად ვერაფერს შეცვლით ამ ყადაღით. კი, ასე უფრო გაგვირთულდება ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება, მაგრამ სანამ პირში სული გვიდგას, არასდროს შევწყვეტთ იმ იდეებისათვის ბრძოლას, რისთვისაც ვიბრძვით, რამაც ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

  • ივანიშვილი რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას – ლევან ხაბეიშვილი

    ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას.

    “ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს.წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს.სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის “მესიჯს”, რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად.ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის “თავი”.ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე “ლაგდებოდა”.ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს – გრიგოლ ლილუაშვილს.რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით).ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი “დამთხვევები” – რა ვქნა გრიგოლ?! რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე”, – წერს ხაბეიშვილი.

  • მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ, მაგრამ ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს – ბოკუჩავა

    „ივანიშვილის ევტუშენკოვთან სატელეფონო საუბრით დაწყებული, მათი საჯარო განცხადებებიდან და მოქმედებებიდან დამთავრებული, ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე რაც შეუძლებელია და რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. მთავარია ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამშვიდობოს გაიყვანს იქ, სადაც მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ, ივანიშვილს სურს, რომ დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს საქართველო და ასე წირავს მისი პირადი ინტერესების გამო ქვეყნის ინტერესებს“

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

  • ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის, რაც ყველამ უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ქვეყნის ღალატშია ჩართული – ზვიად რატიანი

    ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის, რაც ყველამ უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ქვეყნის ღალატშია ჩართული – ზვიად რატიანი

    პოეტ ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ზვიად რატიანის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ლელა კილიჩენკომ რატიანი პატიმრობაში დატოვა.

    ზვიად რატიანის თქმით, ეს იყო სილა ყველასთვის, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ვინც საქართველოში დღეს არსებულ უსამართლობაზე არის პასუხისმგებელი.

    • „არა მგონია ბევრი ახნა სჭიდებობეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე და რაც დასჭირდება, იმას დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ჩემმა ადვოკატმა სიმბოლურობა ახსენა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებადი… ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე. ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“, — განაცხადა ზვიად რატიანმა.
  • ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია – გოცირიძე

    ”ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია” – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და გუშინ, რუსთაველზე, მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

    გუშინ, 6 აგვისტს, რუსთაველის გამზირზე, ლელოს წევრების გამოჩენას პროტესტის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა რის შემდეგაც გეგელიამ რუსთაველის ტერიტორია დატოვა.

    ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

    ”ვკითხულობ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის კმაყოფილ კომენტარებს გუშინდელ აქციაზე “ლელოს” წარმომადგენელზე თავდასხმის შესახებ და კიდევ ერთხელ ვწრმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებშია, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაში, მის დაბალ ხარისხში.“ლელოზე” თავდასხმას ის ხალხი ზეიმობს, რომლებიც აღფრთოვანებული შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციური წევრის თავზე სანაგვე ურნის დამხობას. ფაქტობრივად, არავის დაუგმია მაშინ ეს ველურობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ვერ მიმხვდარა, რა სიმაღლეებს მიაღწია ივანიშვილმა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობაში.როცა სამიზნეს ხარ აცდენილი, ბოლოს თავად ხდები მარტივი სამიზნე.” – აცხადებს რომან გოცირიძე და ასევე აღნიშნავს, რომ ,”არსებობს განსხვავებული მიდგომა, ამ შემთხვევაში მცდარი”.

     

  • ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე კრემლი რუსეთში – იუკნებიჩიენე ამაღლობელის განაჩენზე

    მზია ამაღლობელს ახლახან მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს არ არის მხოლოდ ამ შესანიშნავ ჟურნალისტზე პოლიტიკური დევნა. მზია გახდა ევროპული მომავლისთვის საქართველოს ბრძოლის სიმბოლო. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე ეს კრემლმა გააკეთა რუსეთში.

    წერს ამის შესახებ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

  • ივანიშვილი, 7 აგვისტოს წინ,  დიდ საჩუქარს უმზადებს თავის პატრონებს „ეფესბეში“ – სააკაშვილი

    ივანიშვილი, 7 აგვისტოს წინ, დიდ საჩუქარს უმზადებს თავის პატრონებს „ეფესბეში“ – სააკაშვილი

    „ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს.. 7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს „ეფესბეში“- წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

    „ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.

    7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს „ეფესბეში“, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დეიურედ, ცნობისთვის.

    რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის. ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“,- აცხადებს სააკაშვილი.

  • 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ – ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი – ხაბეიშვილი

    4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“!ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი! –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე – არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!

    ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.

    იქნება თუ არა რთული? – დიახ იქნება!

    არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? – ცხადია არის!

    ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

  • ბრიტანეთში, შეხვედრებზე განვიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი – თინა ბოკუჩავა

    “ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა, დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციულ სქემებს და მათ შორის, აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორულ კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები.[…] ჩვენ ახლა გამოვედით შეხვედრიდან, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების უკან გაწვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას”

    განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერემა,  თინა ბოკუჩავამ.

    პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა და  ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.