Blog

  • მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

    მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

    “მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ” -გასული წლის საპროტესტო აქციებზე დაკავებული,  ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილს აქვეყნებს.

    „ამ ტექსტის დაწერა და რაღაცების ჩამატება უკვე მესამედ მიწევს, ვეცდები მოკლედ გითხრათ, თუ რა ხდება ციხეში. გუშინ 7 იანვარს, როცა დასარეკად გამოვედი, დავურეკე მარიზი დეიდას, ვიცოდი პირდაპირ ეთერში უნდა მელაპარაკა, როცა ვთქვი “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და რა კარგები ხართ”, გამათიშინეს და დამაბრუნეს საკანში, შემდეგ მთელი დღე არ დაგვარეკინეს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული ციხის წესები, ფურცლის ფრიალი, სანთლის ანთება, დროშის ფრიალი, ხმამაღალი საუბარი საკნიდან. საღამოს პენიტენციალური სამსახურის თანამშრომელთანაც გვქონდა კამათი, იმის გამო, რომ ვეუბნებოდით, რომ უსამართლოდ გვექცევა, ეს არის პირდაპირი შევიწროება. მივმართავ რამაზ ფირცხალავას შეგვხვდეს ამ განცხადების შემდეგ მაინც, უკვე 17 წერილობითი განცხადება გვაქვს გაგზავნილი შეხვედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ტელეფონი გამათიშინეს, რომ ჩემი ხმა არ მიმეწვდინა თანამებრძოლებისთვის. კარგად დაიმახსოვრეთ, სანამ ციხეში უსამართლოდ გამომკეტავდით არც მაშინ გავჩერებულვარ და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას, ვერ გაგვაჩუმებთ, ცეცხლი ოლიგარქიას. ახლა კი იმას წაგიკითხავთ, რისი თქმაც ეთერში მინდოდა გუშინ:

    “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და ნეტა იცოდეთ რა კარგები ხართ, ყველა ქმედების გამო შეიძლება დაგვშალონ და ცალ-ცალკე საკნებში გადაგვიყვანონ, გიხდით დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს წელი ყოფილიყოს დაუმორჩილებლობის და გამარჯვების წელი, ორიოდ სიტყვით მივმართავ ქოც-რუსებს – ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა. როგორც მადუროს რეჟიმი დაემხო, დაე ისე დაემხოს ბიძინას რეჟიმი. მთავარია გვახსოვდეს „ქოცებმა“ რა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გვახსოვდეს, რომ ქიმიური იარაღით მოგვწამლეს და გვახსოვდეს, რომ ფიცი გვაქვს ნათქვამი. მოკითხვა და დიდი სიყვარული 38-ე საკნიდან, მალე თავისუფლებაზე და გამარჯვებულები, სიყვარულით 38-ე საკანი”, – წერს ჯავახიშვილი წერილში, რომელიც რეზო კიკნაძის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

  • საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა – საგარეო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე

    საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა – საგარეო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე

    საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, უწყებაში არ შესულა.

    „2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა.

  • უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან – ზახაროვა

    უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან – ზახაროვა

    „დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უცხოური ინტერვენცია იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას. ყველა მსგავსი დანაყოფები და ობიექტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან.[…]„ვადასტურებთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის დაბრუნებით, მისი დემილიტარიზაციითა და დენაციფიკაციით, კიევის მიერ ეთნიკური რუსების, რუსულენოვანი მოქალაქეების და ეროვნული უმცირესობების ენობრივი, კულტურული და რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით, ასევე, ამჟამინდელი ტერიტორიული რეალობის აღიარებით“

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით – პაპუაშვილი

    მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით – პაპუაშვილი

    “მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი – თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, ბიბისის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ ბიბისის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. ეს პროცედურა ვნახოთ. იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს ბიბისი იმას, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებიც… მარტივია რასაც ვითხოვთ – მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ. რატომ უნდა გითხრათ წინასწარ?.. ყველაფერს ნახავთ”

    აცხადებს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი .

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში – მანჯგალაძე

    არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში – მანჯგალაძე

    4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მანჯგალაძის თქმით, არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომ რაიმე ფორმით ან მარტო ან ვინმესთან ერთად ჩართული ვიყაბი ხელისუფლების დამხობის გეგმაში.

    “მე არ ვემიჯნები ამ განცხადებებს, რასაც იქ ვლაპარაკობ. ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში არის ხალხი, მე ამაზე ვლაპარაკობდი, ეს ვიდეო პირიქით, არგუმენტად გამოდგება. მე როგორც რიგითი მოქალაქე ისე მივდიოდი იმ აქციაზე. ხალხთან ერთად დგომა მინდოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცეცხლის კალოს მოწყობას ვაპირებდი. არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომ რაიმე ფორმით ან მარტო ან ვინმესთან ერთად ჩართული ვიყავი ხელისუფლების დამხობის გეგმაში”- თქვა მანჯგალაძემ.

  • აშშ-მ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

    აშშ-მ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

    აშშ-მ ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera დააკავა.ინფორმაციას, აშშ-ს ევროპული სარდლობა ავრცელებს.

    ტანკერი, რომელიც წარსულში Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.აშშ ტანკერ Marinera-ს 2 კვირის განმავლობაში მისდევდა.

    ორ კვირაზე მეტია, რაც ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელია, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ბლოკადას თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.

  • სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი – პაპუაშვილი

    სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი – პაპუაშვილი

    “პატრიარქი მიუთითებს, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს. იმის სულსაც, ვინც ამ იარაღს იყენებს.ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო-იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს ან მის დაფინანსებულ NGO-ებს, არამედ, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას”

    აცხადებს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

  • მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის – უიტკოფი ზელენსკის

    მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის – უიტკოფი ზელენსკის

    პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის, ასევე თქვენი გუნდისთვის. თქვენ გყავთ გამორჩეული გუნდი და მათთან ერთად მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივია.

    […]ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობა ძირითადად დასრულებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ როცა ეს [ომი] დასრულდება, ის სამუდამოდ დასრულდება. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ იმგვარი ძლიერი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, როგორიც მსგავსი კონფლიქტების შემდეგ ძალიან ცოტა ქვეყანას უნახავს. ეს, მისწრაფების დონეზე, ნიშნავს დიდ შესაძლებლობებს უკრაინელი ხალხისთვის – მათთვის, ვინც ომიდან ბრუნდება და ვინც იქ შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვის.

    ჩვენ ამ პროცესში ვმუშაობთ BlackRock-თან და ლარი ფინკთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ხალხისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია და ერთად მუშაობს ამ უსაფრთხოების პროტოკოლებთან. ეს უკრაინას ხდის ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ვფიქრობთ, რომ ეს მისი გრძელვადიანი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია .

    […] დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობთ, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და აქ მყოფი სხვა ადამიანების პოზიცია ტერიტორიასთან დაკავშირებულ ვარიანტებზე – ეს იქნება ყველაზე კრიტიკული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე დისკუსიებს და იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისების მიღწევას შევძლებთ.

    მაგრამ მინდა ესეც ვთქვა: ჩვენ აქ ვართ, რათა შუამავლობა გავუწიოთ და დავეხმაროთ მშვიდობის პროცესს და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ და გულწრფელად სჯერა, რომ ეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველას, ვინც აქ ვართ, გადაწყვეტილი გვაქვს, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ.

    თქვა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტოკფმა პარიზში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • ადამიანებს ცხოვრება გაუმწარეს იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში დარჩენას ითხოვენ – მეუფე ზენონი

    ადამიანებს ცხოვრება გაუმწარეს იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში დარჩენას ითხოვენ – მეუფე ზენონი

    ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ.

    დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული.

    ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტვრევს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისათვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს.

    ქრისტეს შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანობის დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ… რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს ?! ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო-სიყალბე.

    ჩვილად მოსული მარადიული სიცოცხლისა და იმედის დღესასწაულს ქრისტესშობას გილოცავთ!

    წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.

  • ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ზავის შემდეგ ჯარებს გაგზავნიან. რაზე შეთანხმდნენ აშშ და „მსურველთა კოალიცია“ პარიზში: უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის

    ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ზავის შემდეგ ჯარებს გაგზავნიან. რაზე შეთანხმდნენ აშშ და „მსურველთა კოალიცია“ პარიზში: უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის

    საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვეს განზრახვა  ომის შესაძლო შეწყვეტის შემდეგ. უკრაინაში გაგზავნონ ჯარები მშვიდობის უზრუნველსაყოფად. შეთანხმებას, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლებიც პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე შეიკრიბნენ.

    სამიტის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე მოაწერეს ხელი „პარიზის დეკლარაციას“, რომელშიც გამოთქვეს მზადყოფნა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ.

    მოლაპარაკებებში  დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვები.

    პარიზის სამიტი გაიმართა მალევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ისინი ერთმანეთს ახალი წლის წინ შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში — მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში.

    ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომელიც თავდაპირველად ვაშინგტონში შეიმუშავეს და რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა სხვადასხვა საერთაშორისო სამიტის მიმდინარეობისას.

    ფლორიდაში შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეძლეს უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, თუმცა გადაუჭრელი დარჩა მთავარი საკითხი — რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა დატოვონ დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც კიევის კონტროლქვეშ არის.

    ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია, თუმცა აღიარა, რომ ყველაზე მეტი უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებზე რჩება.

     

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და მრავალეროვნული ძალები: რა წერია „პარიზის დეკლარაციაში“

    სამიტის მთავარი შედეგი გახდა „პარიზის დეკლარაცია“, რომლის ტექსტიც ელისეს სასახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება:

    • აშშ უნდა კოორდინირებდეს ცეცხლის შეწყვეტის მომავალი რეჟიმის შესრულების მონიტორინგს. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე და დაადგენს პასუხისმგებელ მხარეს.
    • „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის აღკვეთის „პირველ ხაზს“ უნდა წარმოადგენდნენ. ეს მოიცავს უკრაინის არმიის დაფინანსებას, იარაღის მიწოდებას და გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობაში დახმარებას.
    • უკრაინაში მრავალეროვნული ძალების გაგზავნა, რომლებიც „მსურველთა კოალიციის“ წევრებისგან დაკომპლექტდება. მათი ამოცანა იქნება უკრაინული არმიის აღდგენის დახმარება და „შეკავების ხელშეწყობა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატარდა კოორდინირებული სამხედრო დაგეგმვა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღსადგენად. ეს ძალები უკრაინაში მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიგზავნება და მათ შესაძლოა აშშ-იც დაეხმაროს.
    • იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის მხრიდან შესაძლო მომავალი თავდასხმის შემთხვევაში, მშვიდობის აღსადგენად. აღნიშნულია, რომ დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნები მომავალში საბოლოოდ დააზუსტებენ ასეთ ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, დიპლომატიურ ინიციატივებს და დამატებითი სანქციების დაწესებას.
    • უკრაინასთან გრძელვადიანი თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების ვალდებულება, რაც მოიცავს სამხედროების მომზადებას, იარაღის ერთობლივ წარმოებას და სადაზვერვო თანამშრომლობას.

    გარდა ამისა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს სამმხრივ დეკლარაციას, რომელშიც პარიზმა და ლონდონმა გამოთქვეს მზადყოფნა, ომის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნონ.

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განმარტა, რომ ეს დოკუმენტი „ხსნის გზას უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალების მოქმედებების იურიდიული დასაბუთებისთვის“.

    „ისინი უზრუნველყოფენ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და მომავალისთვის აღადგენენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს,“ — თქვა სტარმერმა. — „შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში შექმნიან ‘სამხედრო ჰაბებს’ და ააშენებენ დაცულ ობიექტებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკისთვის, რათა უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები უზრუნველყონ“.

    რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ არასდროს დათანხმდება უკრაინაში უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნას, რადგან ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

    რას ამბობდნენ ლიდერები პრესკონფერენციაზე

    დასკვნით პრესკონფერენციაზე სამიტის მონაწილეებმა ეს ღონისძიება მშვიდობისკენ მიმავალ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად შეაფასეს.

    ჟურნალისტებთან ერთად გამოვიდნენ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი, ასევე ტრამპის ორი სპეციალური წარმომადგენელი — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (რომლებსაც ერთი ტრიბუნის გაზიარება მოუხდათ).

    სამიტის ორგანიზატორმა მაკრონმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა აშშ-ის დახმარებით უკრაინას იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ. „ეს უნდა ნიშნავდეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება არასდროს გადაიქცევა უკრაინისთვის ახალ საფრთხედ“, — თქვა მაკრონმა და გაიხსენა, რომ წარსულში რუსეთს არაერთხელ დაურღვევია სამშვიდობო შეთანხმებები, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ტერიტორიული საკითხი — ცეცხლის შეწყვეტის გზაზე მთავარი დაბრკოლება — კვლავ გადაუჭრელია. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებების ხელმოსაწერად, თუმცა „კითხვები ჯერ კიდევ რჩება“. „ყველაზე დიდი საკითხები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, ტერიტორიული საკითხებია“, — განაცხადა ზელენსკიმ.

    ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურს და განაცხადა, რომ მისი მისია „სამშვიდობო პროცესში შუამავლობაა“. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლების უმეტესობა უკვე დასრულებულია, რათა უკრაინაში ადამიანებმა იცოდნენ: როცა ეს დასრულდება, დასრულდება სამუდამოდ“, — თქვა უიტკოფმა.

    კონკრეტულად რა გარანტიებზეა საუბარი

    შობამდე ცოტა ხნით ადრე ბერლინში გაიმართა „მსურველთა კოალიციის“ მსგავსი შეხვედრა, სადაც აშშ ძალიან ახლოს იყო უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების სტრუქტურის მხარდაჭერის კონკრეტული ვალდებულებების აღებასთან, თუმცა ვაშინგტონმა ეს ფორმალურად მაინც არ დაამტკიცა.

    მედია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ მაკრონს აშკარად ჰქონდა იმედი, რომ ამ სამიტის შედეგად აშშ ხელს მოაწერდა დეკლარაციას  ან საჯარო ვალდებულებებს აიღებდა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე.

    „პარიზის დეკლარაციის“ ხელმოწერა შეიძლება მის წარმატებად ჩაითვალოს, თუმცა დასკვნით პრესკონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.

    ზელენსკი ამ გარანტიებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლს ადარებდა, რომელიც ალიანსის ყველა წევრის კოლექტიურ დაცვას ითვალისწინებს ერთ-ერთზე თავდასხმის შემთხვევაში.

    უკრაინა აცხადებდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის განზრახვას (ეს ჩანაწერი უკრაინის კონსტიტუციაშიცაა), თუმცა ახლა ზელენსკი აღიარებს, რომ აშშ და ზოგიერთი სხვა დასავლური ქვეყანა მის ალიანსში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს. ამიტომ კიევი ახლა ისეთ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომლებიც პრაქტიკულად ნატოში გაწევრიანებას გაუტოლდება.

    თუმცა მედია აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აზრს მხოლოდ მაშინ შეიძენს, თუ ცეცხლის შეწყვეტა რეალურად მოხდება — რაც ამ ეტაპზე ჯერ ახლოსაც არ ჩანს.

    რუსეთი მიანიშნებს, რომ ომის დასრულების მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვი მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ჯარები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიებს, რომლებიც მათ კონტროლქვეშ არის. კიევი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

    მედია წერს, რომ მაკრონი ცდილობს, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად დააშოროს ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამერიკულმა სამხედროებმა დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსადგენად.

    საფრანგეთის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში ძლიერი ზეწოლისა და კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციაზე მისი თავდაპირველი რეაქციის გამო: მაკრონს არ უხსენებია საერთაშორისო სამართალი და არ უსაუბრია იმ ზიანზე, რაც ვაშინგტონის ქმედებებს საერთაშორისო ნორმებისთვის შეიძლებოდა მიეყენებინა. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მან ეს ქმედებები უბრალოდ მიღებულ ფაქტად ჩათვალა.

    ამის შემდეგ მაკრონმა გარკვეულწილად შეასწორა პოზიცია და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ამავე დროს აშკარაა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს უკიდურესად ფრთხილი ბალანსის დაცვა უწევს.

    პრინციპში, საფრანგეთი აშშ-ის ქმედებების წინააღმდეგია, მაგრამ ამავე დროს მათ სურთ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის წევრად დარჩეს, აღნიშნავს მედია.

    სწორედ ეს ხსნის, რატომ მიმართავენ მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები სიტყვიერ მანევრებს და საჯაროდ არ აკრიტიკებენ აშშ-ის ოპერაციას მადუროს დაკავების გამო.