Blog

  • განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას  – გიორგი შარაშიძე

    განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას – გიორგი შარაშიძე

    „განათლების რეფორმა, ისევე როგორც „ოცნების” ნებისმიერი სხვა ინიციატივა ემსახურება ერთადერთს – მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს ყველა მნიშვნელოვან სფეროზე. როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა შევაფასოთ პოზიტიურად, როცა ეს ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, ამცირებს კონკურენციას და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების” ახალ პოლიტიკას და წესებს. რაც შეეხება თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას – ესეც სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება. დიდი ალბათობით, ოპტიმიზაციას, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზებას. „ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას” აკეთებს. ვნახოთ, ვიდრე არ გავიგებთ რა დგას ამ ყველაფრის უკან, სერიოზულად პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოხდეს ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება და ისევ „ოცნებასთან” დაკავშირებულმა ბიზნესწრეებმა ისარგებლონ”,

    ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა, რითაც განათლების რეფორმას გამოეხმაურა.

  • საქართველოში რეპრესიები მძაფრდება, EU-ის ქვეყნებმა იმოქმედონ – რასა იუკნევიჩიენე

    საქართველოში რეპრესიები მძაფრდება, EU-ის ქვეყნებმა იმოქმედონ – რასა იუკნევიჩიენე

    საქართველოში რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ მძაფრდება. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ და მიყვნენ რეკომენდაციებს, საჭირო ზომების დასადგენად

    წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე.

  • სუს-მა კორუფციულ დანაშაულებზე 21 ადამიანი დააკავა

    სუს-მა კორუფციულ დანაშაულებზე 21 ადამიანი დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი.

    პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეორე: წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.

    აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მესამე სისხლის სამართლის საქმე: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს „ბერმუხის“ მმართველს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებების გარეშე, სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად ექვსი წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს „ბერმუხაში“. კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს „ბერმუხაში“ და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნულ პერიოდში წვევამდელთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

    აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეოთხე: ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს „კროლ მედიქალ ქორფორეიშენის“ და შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ოთხი ექიმი.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეხუთე სისხლის სამართლის საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტს.

    ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეექვსე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „ევრო გზის“ დირექტორს და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო – შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გურჯაანის მერიასა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის – შპს „ევრო გზის“ მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 477 551 ლარი. სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული შპს ,,ექსპერტ ჰაუსი“, რომლის დასკვნის საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშსწორება. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, რეალურად შესრულებულ სამუშაოებსა და კომპანიის მიერ შედგენილ სამუშაოების შესრულების ამსახველ აქტებში დაფიქსირდა 38 158 ლარის სხვაობა. თავის მხრივ, ზემოხსენებული პასუხისმგებელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 38 158 ლარს.

    აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეშვიდე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინათ.

    ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა გურჯაანში, გ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 3 900 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე, რითაც სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.

     

  • “ქართული ოცნება” მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს! – ცაკნა

    “ქართული ოცნება” მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს! – ცაკნა

    ”ძალიან სამწუხაროა, რაც საქართველოში ხდება და ეს რეჟიმი მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს საკითხი უნდა განვიხილოთ. ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხს და ემხრობოდა სხვადასხვა შეზღუდვებს რეჟიმის ლიდერების მიმართ” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაკნა ეხმაურება ქართული ოცნების რეჟიმის მიერ პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ახალ შეზღუდვების დაანონსებას”.

    ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაკნა.

  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

    კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

    კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ, 3 წლის ვადით „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს
     კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში პროპაგანდისტულ „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2016-2020 წლებში კი, „ოცნების“ პარლამენტის წევრი იყო

    “კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

    გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. პროფესიით ის იურისტია. სხვადასხვა დროს მას კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ამერიკის შეერტებულ შტატებსა და გერმანიაში.” – ნათქამია განცხადებაში.

  • “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, თსუ და სტუ ერთიანდება

    “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, თსუ და სტუ ერთიანდება

    ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ და სტუ ერთიანდება. ეს ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაერთიანების პროცესში შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავენ.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობოს საერთაშორისო რეიტინგი. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო, საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს”- თქვა მიქანაძემ.

  • ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დააკავეს

    ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დააკავეს

    თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით – 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

    ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

    ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

    გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა. თანხის სრულად გადახდამდე ის პატიმრობაში დარჩება.

    პროკურატურამ ილია ღუდუშაურს სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება დღეს, 28 იანვარს წარუდგინა.

    პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

    გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარდმგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.

    2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.

    შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.

    უწყების განმარტებით, ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.

  • როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს  – ტრამპი

    როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს – ტრამპი

    „იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე – დრო იწურება! ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის მსგავსად, ის მზადაა, რომ თავისი მისია საჭიროების შემთხვევაში სრული სისწრაფით შეასრულოს.[…] როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შემდეგ იყო „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი“, რასაც ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

  • უკრაინელებმა, რუსეთის ნავთობბაზასა და დრონების მართვის ცენტრს დაარტყეს

    უკრაინელებმა, რუსეთის ნავთობბაზასა და დრონების მართვის ცენტრს დაარტყეს

    უკრაინელებმა, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთ სამიზნეს დაარტყეს.

    ოკუპირებულ დონეცკის ოლქში დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე, ასევე, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის შახმატნესა და გრიგორიევკას რაიონებში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

    უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობბაზა „ხოხოლსკაიას“ დაარტყეს, დაფიქსირდა ხანძარი და სქელი კვამლი.

    უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში – პირადი შემადგენლობის თავმოყრის ადგილს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში კი – ბატალიონის სამეთაურო პუნქტს.

    ამასთან, დაზუსტდა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში მდებარე „ტამანეფტეგაზის“ ნავთობტერმინალზე ბოლო დროს განხორციელებული შეტევის შედეგები: დადასტურდა ხანძარი დაახლოებით 6 200 კვადრატული მეტრის ფართობზე და სამი რეზერვუარის დაზიანება.