Blog

  • ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

    ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

    8-თვიანი პატიმრობის შემდეგ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია თავისუფალია. მან რუსთავის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

    გვარამია 2025 წლის 13 ივნისს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო დააკავეს.

    “ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებზე წარვდგეთ ერთ-ერთ სუბიექტურად, როგორც მოქმედებენ პარტიები, ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ.”- თქვა გვარამიამ.

    გვარამიას გარეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

  • ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად – ხოშტარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად – ხოშტარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    „მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ პოლიტიკურ პროცესს. ამ ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის კი არ არის, ვის როდის გამოუშვებენ, შეაბრუნებენ, დაიბარებენ, მთავარია, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით.

    აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ამ საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილებების ძებნას. პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა ანახოს, რომ ეს პროცესი დამთავრდება კრახით, რადგან ე.წ. გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.

    ქართული ოპოზიცია იქნება რეალური მტრისგან, რუსეთისგან, დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღუდე. ეს პასუხისმგებლობაა ახლა ჩვენზე.

    აქვე მინდა, გამოვაქვეყნო წლების წინ საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ჩემ მიერ შემუშავებული დოკუმენტის თავფურცელი, რომელსაც ამაყად, აქტიურად, საჯაროდ და დასაბუთებულად ვუზიარებდი ჩვენი სახელმწიფოს ყველა მეგობარს, რადგან ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტრისგან დაცვა. მხოლოდ ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი. ასევე ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ყულევის ტერმინალზე დასავლეთიც საუბრობს. შეუძლებელია, არ გავუწიოთ ყველანაირი წინააღმდეგობა ტერორიზმს, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და მათ დამხმარე ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. დღეს სწორედ ამაზე გადის სახელმწიფოს დაცვა და მორალური გადარჩენაც. სირცხვილით რომ არ იწვოდნენ ჩვენი მომავალი თაობები, როცა კითხავენ: და თქვენ რას აკეთებდით, როცა ბუჩა ხდებოდა?

    ციხიდან და გარედან, ერთიანად უნდა შევუტიოთ რეჟიმს სიტყვით და საქმით, მათ შორის, ამ პოლიტიკურ პროცესზე! ბოლომდე!

    პ.ს. პროცესებზე ჩემთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა ჩემთან კავშირში არ არის და არ იქნება”,

    ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა“ აქვეყნებს.

  • დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული..ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება – ნინო წილოსანი

    დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული..ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება – ნინო წილოსანი

    ეს დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული – და როცა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით, ვიზებს ვიღებდით. ამიტომ, ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. და მეორე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება.

    თქვა “ქართული ოცნების”  დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

  • გიორგი ალადაშვილი დაცვის პოლიციის უფროსი იქნება, თეიმურაზ კუპატაძე – თბილისის პოლიციის დირექტორის მოადგილე

    გიორგი ალადაშვილი დაცვის პოლიციის უფროსი იქნება, თეიმურაზ კუპატაძე – თბილისის პოლიციის დირექტორის მოადგილე

    ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც უწყების ცნობით, საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

    “დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.” – ნათქვამია განცხადებაში.

    თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის
    თანამდებობაზე 10 ივნისს დანიშნეს.

  • ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, სხდომის ოქმის დახევისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს

    ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, სხდომის ოქმის დახევისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს

    საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, ბაია მარგიშვილის თქმით, მის მიმართ სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    აქტივისტს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს.

    2025 წლის 7 ნოემბერს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის გზის გადაკეტვის საქმეს განიხილავდა. სხდომის მიმდინარეობისას ბაია მარგიშვილმა საქმის მასალები დახია და მოსამართლის წინ მაგიდაზე დაყარა. ცეკვავამ ის 200 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა, მოგვიანებით კი 14 დღე შეუფარდა. ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დააკავეს.

    სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლი, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.

  • EU-ს ქვეყნებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს – იოზვიაკი

    EU-ს ქვეყნებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს – იოზვიაკი

    რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის, განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ იოზვიაკმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე დაწერა.

    „ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყო. გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა“, – დაწერა X-ზე რიკარდ იოზვიაკმა.

  • შიდა ქართლში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოვავლინეთ – სეს

    შიდა ქართლში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოვავლინეთ – სეს

    შიდა ქართლის რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    “ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

    გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შემდეგ ობიექტებს:

    • ფრინველთა სასაკლაო – ინდმეწარმე ნ. ზ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ქათმის ტანხორცი;
    • ფრინველთა სასაკლაო – მ. თ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო – ბ. კ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო – გ. ბ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • კვერცხის წარმოება – ბ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო- გ. მ.(მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო – მ. გ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
    • ფრინველთა სასაკლაო-ა. ჩ. (მის: გორის რაიონი, სოფ დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო- “შპს ქათმის ხორცპროდუქტები” ( მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

    არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

    სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

  • ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში – პაპუაშვილი

    ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში – პაპუაშვილი

    ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში  – ამის შესახებ, ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ TV ფორმულასთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

    “მაიდანი ნიშნავს 100 დაღუპულ ადამიანს და სისხლიან გადატრიალებას – ამას ნიშნავს მაიდანი. როდესაც გვესმის ჩვენ ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გააკეთონ, განმარტონ მანამდე მათი საქციელი და უპრიანი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ, წუხილი მაინც გამოთქვან.

    სწორედ ამის, ასეთი დამოკიდებულების შედეგი არის, რომ დღეს ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში. სადაც მოდის ევროკავშირის დროშა ოპოზიციონერების ხელში, იქ მოდის ძალადობა. ასე გააიგივა, სამწუხაროდ, ბრიუსელმა დღეს ევროკავშირის დროშა საქართველოსთან.[…] ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ “მაიდნისკენ მოწოდებაზე” გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო”. – განაცხადა პაპუაშვილმა

  • ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს – დონალდ ტრამპი ირანზე

    ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს – დონალდ ტრამპი ირანზე

    ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს – დონალდ ტრამპი ირანზე –  აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას განიხილავს.

    „ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ.[…] ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს.[…] ბოლო ჯერზე მათ არ სჯეროდათ, რომ ამას გავაკეთებდი“, – განაცხადა ტრამპმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისში განხორციელებული დარტყმის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე მინიშნებით.

  • 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუს

    9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუს

    2025 წლის 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    ”2025 წლის 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
    უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
    ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.”-ნათქვამია განცხადებაში.