Blog

  • წელს 4 ათასამდე არალეგალის გაძევებას ვგეგმავთ – გელა გელაძე

    წელს 4 ათასამდე არალეგალის გაძევებას ვგეგმავთ – გელა გელაძე

    “წელს ჩვენ ვგეგმავთ 4 ათასამდე არალეგალის ქვეყნიდან გაძევებას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელს ქვეყნიდან 1300-ზე მეტი არალეგალი გააძევეს.

    „მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. წინა კვირას საზოგადოებას მოვახსენე, რომ 2025 წელს 1300-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ჩვენ ვგეგმავთ 4 ათასამდე არალეგალის ქვეყნიდან გაძევებას.[…]ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, სტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით“, – განაცხადა გელაძემ.

  • 2-წლიანი პატიმრობა – სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

    2-წლიანი პატიმრობა – სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომას ზვიად რატიანი არ დასწრებია – თავისივე სურვილით.

    9 ოქტომბრის განაჩენით, მოსამართლემ ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად შეაფასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მოსამართლე გიორგი გელაშვილის განმარტებით, სასჯელი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, ამიტომ ჯარიმა “არაპროპორციული იქნებოდა”.

    ზვიად რატიანს, მზია ამაღლობელის მუხლის მსგავსად შეუცვალეს – პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად დამნაშავედ ცნეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობაში და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

    რატიანი აცხადებს, რომ ეს იყო „სიმბოლური ჟესტი, ერთგვარი პერფორმანსი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება“. ზვიად რატიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სინდისი ქენჯნიდა, რადგან პროევროპული პროტესტის არაერთი მონაწილე ციხეში იჯდა, თავად კი თავისუფალი იყო.

  • ეს ხელისუფლება არის დასამხობი, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება – ბაჩო ახალაია

    ეს ხელისუფლება არის დასამხობი, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება – ბაჩო ახალაია

    გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ! – ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს.  თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.

    „ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია…დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, – განაცხადა ახალაიამ.

     

  • საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს – კობახიძე

    საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს – კობახიძე

    “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ არიან “ექსტრემისტული ძალები”, რომლებიც არ აღიარებენ “საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე”, მიღებული ცვლილებები კი მათ დაუპირისპირდება.

    “ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს განსაკუთრებით დაცული, ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ, თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.
    თქვენ იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რომელიც საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ასეთია 5 ქვეყანა, რუსეთი და პლიუს 4 ქვეყანა.

    ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორეა – ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.

    ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს.” – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებულების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ – საია

    წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებულების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამის კომუნიკაციით მიმართავენ.

    ორგანიზაციის თანახმად, მათ მიერ გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მოთხოვნილია:

    • ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
    • დაზარალებული პირების გამოკითხვა;
    • წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით;
    • პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
    • იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად

    საია აცხადებს, რომ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

  • საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

    საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

    სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტსა და მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

    სუს-ის ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს.

    მანამდე, 2027 წლის სექტემბერს, სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ვლადიმერ კონსტანტინიდი სუს-ის დაზვერის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა. ასევე, 2020 – 2026 წლებში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.

  • ბატონი პეტერი, მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – პაპუაშვილი ფიშერზე

    ბატონი პეტერი, მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – პაპუაშვილი ფიშერზე

    “ბატონი პეტერი არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ”-“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ელჩი პაპუაშვილის ასაკსა და “გერმანულ ანაზღაურებაზე” საუბრობს.

    „სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ. ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30 – წლიანი სანიმუშო პარტნიორობა 3 წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • უნივერსიტეტებს დაუნდობლად ჩეხავენ, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით – ილიაუნი

    უნივერსიტეტებს დაუნდობლად ჩეხავენ, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით – ილიაუნი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

    “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია “განათლების რეფორმის” სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.

    როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.

    განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.

    განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.

    მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.” – წერია განცხადებაში.

  • რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის – საქართველოს რკინიგზა

    რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის – საქართველოს რკინიგზა

    “რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    „საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.

  • ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს

    ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს

    ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადაიყვანოს და საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტოს.

    ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს სადაც ნათავამია, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია – “საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაციებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით”.

    ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 11 თებერვალს აცნობეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

    მარგე მარდისალუ-კაჰარი საქმიანობას სომხეთის დედაქალაქში ერევანში გააგრძელებს ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი მარტში საკუთარი საელჩოს გახსნას გეგმავს. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

    ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები 2006 და 2007 წლებში გახსნეს, თუმცა ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს.