Blog

  • ეს იყო ჩემი ცოლის ძმის ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ – პასუხისმგებლობას გავიზიარებ – ბურჭულაძე

    ეს იყო ჩემი ცოლის ძმის ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ – პასუხისმგებლობას გავიზიარებ – ბურჭულაძე

    „მე სხვა მუხლი მაქვს წაყენებული, ჩემს ოჯახის წევრს და ჩემს ყოფილ მოადგილეს, სხვა მუხლი, მაგრამ არ მინდა ისე წარმოჩინდეს, რომ მხოლოდ ჩემი თავი წარმოვაჩინო. მინდა დაგანახოთ, სიმართლე როგორ იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირველი ამოცანა. რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ – ეს იყო ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ. არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას, მინდა იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, ჩემი ცოლის ძმის თუ თანამშრომლების, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებ, სამართლებრივად შეიძლება მე შემეხოს, მაგრამ მორალურად პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გავიზიარებ”,

    ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • საქართველოზე ევროპარლამენტის ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ –  Euroscope

    საქართველოზე ევროპარლამენტის ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ – Euroscope

    საქართველოზე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტი, ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე Facebook-ზე წერს.

    ანგარიშის ავტორი და საქართველოზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

    “ეს იქნება დოკუმენტის პირველი მოსმენა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება შესწორებების ინიცირებისაც. დოკუმენტზე ასევე მუშაობენ თანამომხსენებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან”, – წერს თამარ ნუცუბიძე.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 23 თებერვალს იწვიმებს, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

    “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 21-22 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 23 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

     

  • პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ხატია წერეთელი თავისუფალია

    პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ხატია წერეთელი თავისუფალია

    პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია.

    TV პირველის ინფორმაციით, ხატია წერეთელმა სრულად აღიარა ბრალი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

    ხატია წერეთელს და მასთან ერთად დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის აგვისტოში შეეფარდათ. ამ ბრალდებით 12 ადამიანი პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა.

  • დააკავეს შპს ბატონოს ხელმძღვანელი, რომელიც  ფალსიფიცირებულ კონსერვს  სამინისტროებს აწვდიდა

    დააკავეს შპს ბატონოს ხელმძღვანელი, რომელიც ფალსიფიცირებულ კონსერვს სამინისტროებს აწვდიდა

    დააკავეს შპს ბატონოს ხელმძღვანელი, რომელიც ფალსიფიცირებულ კონსერვს სამინისტროებს აწვდიდა – ინფორმაციას ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177,3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი.ასევე, დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის.რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასული წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

  • დავაკავეთ კაცი, რომელმაც სკოლაში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

    დავაკავეთ კაცი, რომელმაც სკოლაში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

    იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით – 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

    ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

    ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

    ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა

    „დღეისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს 710 ათასს. ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღება განსაზღვრავს, ქულა რომ არ გაზრდილიყო, შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა 120 ათასი 185 ათასი ოჯახის ნაცვლად.

    ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“,- აღნიშნა მინისტრმა.

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მანქანაში თავი მოიკლა

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მანქანაში თავი მოიკლა

    შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში.

  • ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – 2 უცხოელს ბრალდება წარედგინა

    ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – 2 უცხოელს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე 3 მილიონ აშშ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულები შემდგომ ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე ბრალდებული ხსენებული ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.

  • “ენჯეო“ არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა. მნიშვნელოვანია სათანადოდ დარეგულირება – კობახიძე

    “ენჯეო“ არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა. მნიშვნელოვანია სათანადოდ დარეგულირება – კობახიძე

    “NGO ზოგადად არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა NGO, როგორც ფენომენი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადოდ დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. ” – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

    „ძალიან საინტერესო პროცესებია დაწყებული. NGO ზოგადად არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა NGO, როგორც ფენომენი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადოდ დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. კიდევ ერთხელ, „ენჯეო“ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თავის დროზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „ენჯეოების“ დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნებში. ბუნებრივია, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი კანონის არსებობა – არავინ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში“,- განაცხადა კობახიძემ.

    კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები კანონზე, რომელიც გრანტებს ეხება, რა რისკი უნდა დააზღვიოს და რატომ გახდა საჭირო მისი გამკაცრება, პრემიერი პასუხობს, რომ ქვეყნის შიგნით არიან გარედან წაქეზებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.

    პრემიერის თქმით, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირდაპირდეს კანონმდებლობა.

    „კონკრეტული ევროპული ბიუროკრატები პირდაპირ აანონსებენ, რომ ისინი გეგმავენ მოიძიონ არსებული კანონის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში. ამას უპირისპირდება ის კანონპროექტი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა.

    რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არ აღიარებას, ესეც არის დაკავშირებული ეროვნულ ინტერესებთან. იცით, რომ არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას. ქვეყნის შიგნით არიან გარედან წაქეზებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირდაპირდეს კანონმდებლობა“,- განაცხადა კობახიძემ.