Blog

  • ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – ოპოზიციური პარტიები

    ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – ოპოზიციური პარტიები

    “ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ” – ნათქვამია, ოპოზიციური პარტიების, ახალის, ნაციონალური მოძრაობის, დროას, გირჩი მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელო ძლიერი საქართველოს, თავისუფლების მოედნის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილეე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწმავლის შესახებ.მადლობა ნდობისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • პროცესის დახურვის ერთადერთი მიზანია, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები – ბადრი ჯაფარიძე

    პროცესის დახურვის ერთადერთი მიზანია, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები – ბადრი ჯაფარიძე

    “ასეთი პროცესის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ახლა ვხვდებით სასამართლო პროცესზე. ჩემი აზრით, რეალურად, ასეთი პროცესი არის ქვეყნის და სახელმწიფოს საბოტაჟი. თუკი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი, არის ეს პროცესი და ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება. სხდომის დახურვა კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანო პროცესი, რომლის შეფასება ძალიან ძნელია – ზიანის, რომელსაც შეიძლება პროცესი აყენებს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. დღევანდელი სხდომაც ვფიქრობ, სწორედ იმის კარგი დემონსტრირებაა, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ამ პროცესის მონაწილეებს, თუ რაოდენ დიდი ზიანი ადგება ჩვენ ქვეყანას ამ პროცესით. დახურვა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის”,

    ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ ემსახურება იმას, რომ „აბსურდული ბრალდებები“ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.
  • ნიკა გვარამიას  30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.

    გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტიც.

    ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.  გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

    ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

    მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

    აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

  • დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი

    დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი

    პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  ბრალდებით, ლენტეხის ყოფილი მერი, გია ონიანი და ამავე მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები – ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთი შეიძინა და მშენებლობის პროექტი დაუკვეთა. პროექტი, რომელიც სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა, კერძოდ, განაშენიანების ფართი მოქმედ კოეფიციენტს არ შეესაბამებოდა, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა. ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, “ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ’’ მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.

    სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან – ჯაფარიძე

    ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან – ჯაფარიძე

    ” ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „არანაირი მტკიცებულებები, ცხადია, ამ 45 ტომში არ არის. მეტიც, უამრავი რაღაც არის ჩაყრილი, რომელიც საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, სრულიად გაუგებარია. არის ჩაყრილი კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემებიც – საბანკო ამონაწერები, ვიღაცების ოფისის ჩხრეკის რაღაც ოქმი. ეს ყველაფერი, რა კავშირშია მარტო ჩემთან კი არა, არამედ ვინმესთან, საერთოდ გაუგებარია. ჩემი სახელი ნახსენები არის 12-ჯერ, დათვლილი მაქვს და თორმეტივე არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რუსთაველზე ხედავდნენ, რომ იქ ვიყავი. ვიღაცები ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, როგორიც არის მაგალითად: ხედავდნენ, რომ ნიღბიანი ახალგაზრდები, როდესაც მიახლოვდებოდნენ მე და მერე რომ დამშორდებოდნენ ხდებოდნენ უფრო აგრესიულები – ბოდვა, სრული ბოდვა, ოღონდ ამის არანაირი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს, მართლა ასე ხდებოდა, არაფერი არ არსებობს საერთოდ. პლიუს, სადაც ჩემი და სხვების სახელი არის ნახსენები, არის კომენტარები, თქვენ [ჟურნალისტებს] რომ გაძლევთ კომენტარს იმაზე, რომ ივანიშვილი და მისი საყრდენები არიან დასასანქცირებელი.

    [ეს საქმე „ქართულ ოცნებას”] სჭირდება, ერთი, იმისათვის, რომ უნდათ სურათი დახატონ, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთად არის, თავის მიშას ჩათვლით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რაღაც ერთად დასვას განსასჯელის სკამზე. მეორე – დრო მაკარგვინონ, დროს ვკარგავ, რატომ უნდა მოვიდე აქ. ისედაც რამდენი სასამართლოს პროცესია, რომელზეც დავდივარ ხოლმე და ახლა, საკუთარ სასამართლოზე უნდა ვიარო და კიდევ, ამ რაღაც ბოდვაში, 45 ტომში ხომ უნდა გაერკვე და რაღაცაზე რომ იქნება ლაპარაკი, პასუხი ხომ უნდა გასცე. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზანი არის ის, რომ ბოლომდე ჩაჭრან ის ძაფები, თუ რამე დარჩა დამაკავშირებელი ამ ქვეყანას დასავლეთთან და ცივილიზებულ სამყაროსთან.

    გავიმეორებ, ყველასთვის გასაგებია, რომ სანამ ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და ა.შ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი – შსს

    აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტო აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე მეთადონი და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    “აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და 28 კგ-მდე მეთადონი. ეს ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონია, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

    თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – თქვა ბრიფინგზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბუხრაშვილმა.

  • ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილის მოკვლა სცადა, დაწყებულია გამოძიება

    ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილის მოკვლა სცადა, დაწყებულია გამოძიება

    ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მისი მოკვლა სცადა. შემთხვევა გამთენიას მოხდა.

    კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • ფარცხალაძე– “საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს“

    ფარცხალაძე– “საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს“

    საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ფარცხალაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ის რუსულ მედიას ესაუბრა, რომელიც წერს, რომ  “საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე 2025 წლის დეკემბერში ფიგურანტი გახდა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც თბილისში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ეხება. საქართველოს დედაქალაქში სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, მედიასაშუალებები მოკლულს მოიხსენიებდნენ როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს და რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილის დანაშაულებრივი სამყაროს „რუხ კარდინალს“. მსროლელმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყო, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. გამოძიების ვერსიით კი, მკვლელობის ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. ამის შესახებ 2025 წლის დეკემბერში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.“

    ფარცხალაძე ამბობს, რომ საქმე „უცხოელი პატრონების“ მითითებითაა შეთითხნილი:

    “ მდევნიან შეთითხნილი დანაშაულების გამო, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, და ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემი არჩეული გზა მართალია. მზად ვარ სიცოცხლე შევწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

    დროა წარსულში დავტოვოთ ძველი წყენები, რომლებიც ჩვენი ხალხის მტრებმა შექმნეს, და წინ წავიდეთ. საქართველოს ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესებისთვის და ვინ ხლართავს ინტრიგებს უცხოელი პატრონების სამსახურში, ანგრევს ჩვენს თვითმყოფადობას, წეს-ჩვეულებებს და ერთობას. ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ტრადიციები და რწმენა.“

    ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება სუვერენიტეტის, ტრადიციების და რწმენის შენარჩუნება, ფარცხალაძე პასუხობს:

    “ სამშობლოს –საქართველოს  სამსახურის სახელით გრძელი და სახიფათო გზა გავიარე. და დღეს იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ძმურ ერებს შორის ურთიერთობის ახალი გვერდი დაიწყება. რთულ დროს ვცხოვრობთ, დროში, როდესაც ძველი ჭრილობები ჯერ ბოლომდე არ მოშუშებულა, ხოლო ცხოვრება უკვე ახალ გამოწვევებს გვიგზავნის.

    და როგორც საკუთარ შეცდომებზე, ისე ჩვენი უახლოესი მეზობლების შეცდომებზე დაკვირვებით დავრწმუნდით,  პასუხის ვარიანტი მხოლოდ ორი გვაქვს.

    პირველი ვარიანტი – ეს არის ჩვენი ისტორიის, რწმენის, მეგობრებისა და ძმების ღალატი; იმის მცირე ნაწილის დათმობა, რაც გვაქვს, თავისუფლების ილუზიის სანაცვლოდ. თავისუფლებისა მორალისგან და ჩვენი ტრადიციებისგან. თავისუფლებისა იმისგან, რომ მამაკაცები იყვნენ დამცველები, ხოლო ქალები  დედები.

    მეორე – კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რომელიც ჩვენს ხალხს კეთილდღეობამდე მიიყვანს.მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს.

    ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებითა და გმირული ქმედებებით. გვახსოვს, როგორ დაიღუპა 400 000-ზე მეტი ქართველი დიდ სამამულო ომში, წითელი არმიის მხარეს იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გმირული თავგანწირვა ამტკიცებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა იმ ხალხთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს მძიმე ფურცლები.

    მე მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, ერთობაზე და გარე საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ წინააღმდეგობაზე.“– ამბობს ფარცხალაძე რუსულ მედიასთან.

  • ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია ის, რომ აგრესორთან კომპრომისზე ვსაუბრობთ – ზელენსკი

    ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია ის, რომ აგრესორთან კომპრომისზე ვსაუბრობთ – ზელენსკი

    ჩვენ მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის. მაგრამ არა ისეთი კომპრომისებისთვის, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დააზიანებს. მზად ვართ კომპრომისებზე საუბრისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგრამ აღარ ვაპირებთ რუსებისგან ისევ და ისევ ულტიმატუმების მიღებას. ისინი აგრესორები არიან. ეს ყველამ აღიარა. ეს არ შეცვლილა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ამ ომის დასაწყისშივე შუამავალი იყო ან ცდილობდა შუამავლობას – განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა ქვეყნებიც – ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.

    ამიტომაც ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. “დავრჩეთ იქ, სადაც ახლა ვართ” – ეს უკვე დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% დაიკავეს. და ჩვენ მზად ვართ მშვიდობაზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე სწორედ პრინციპით – “დავრჩეთ იქ, სადაც ვართ”. ეს ძალიან დიდი კომპრომისია.

    რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რაზე არიან ისინი მზად? ისინი ამბობენ: “მზად ვართ აღარ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები”. მაგრამ ეს ტერორიზმია. თვით ეს ენა არის ტერორიზმი. “მზად ვარ არ მოგკლა – მოგვცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია.

    ამიტომაც ვთქვი: ჩვენ მზად ვართ ისეთი კომპრომისებისთვის, რომლებიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს შვილებს. მაგრამ ულტიმატუმებისთვის მზად არ ვართ.

    წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

  • “გზის გადაკეტვისთვის” 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

    “გზის გადაკეტვისთვის” 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

    სასამართლომ პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით სოფო მარკოზიასა და ლალი კეკუას 3-3-დღიანი, მარიამ ჩხაიძეს კი – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

    სამივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. შსს სამივე მათგანს 7 თებერვალს აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.