Blog

  • საქართველოში ჩემმა ვიზიტმა ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას – ბორელი

    საქართველოში ჩემი ვიზიტი კარგი იყო, ამან ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ათ კანდიდატს უნდა შევხვდეთ და ვესაუბროთ. არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან კანდიდატები, ისინიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის რეცეპტი ევროპული საზოგადოების.

    განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

  • მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება! – პრეზიდენტი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

    ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

    მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით.

  • პუტინთან შეხვედრაზე სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე ვისაუბრეთ – ბჟანია

    „რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩვეულებრივ ხდება აფხაზეთთან დაკავშირებით, ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულება გამოიჩინა ყველა საკითხის მიმართ. მან მხარდაჭერის პირობა დადო თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა.[…] ამ კუთხით, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომელთა ინიცირებასაც რუსეთის ფედერაცია ახდენს, ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ“,

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა „მეგობრულ, სანდო ატმოსფეროში“ გაიმართა.

  • საპატრიარქოს დაფინანსება მარტო 25 მილიონია, დღეს მართლა ძალიან ცოტაა – სოზარ სუბარი

    “მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებას. ოც წელზე მეტია მარტო 25 მილიონია [დაფინანსება] და ამას დაემატა ჩვენს პერიოდში ასევე დაფინანსება, რომელსაც იღებენ სხვა ტრადიციული რელიგიები. თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს მართლა ძალიან ცოტაა, მით უმეტეს, მე უკეთ ვიცი საპატრიარქოში რაში იხარჯება თანხა, მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში. 100% ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებას.

    კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა, ნუ აღარ ვამბობ რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სჭირდება სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას, კომუნალურებს და ხელფასებიც, ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და ამ დროს მინიმალური ანაზღაურება აქვთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება ამ მიმართულებით გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. მართლა, გაორმაგებაც კი არაფერი არ არის, იმდენად ცოტა თანხაა”

    ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

  • თუ ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს – პაპუაშვილი “კარვების კანონზე”

    რა თქმა უნდა, თუ ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, რადგან ჩვენ მიგვაჩინია, რომ ეს არის სწორი კანონი. ის პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც საქართველოს აქვს. თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალურ ჯგუფებში. ეს პროცესი ლუსტრაციაც იყო რადიკალური ჯგუფებისთვის.

    თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • გვაცადეთ! სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება – კობახიძე რუსულ ბაზაზე

    “გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი პოლიტიკით“ მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამდე და ათას უბედურამდე. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ. პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. კეთილი ინებონ და გვაცადო.[…] საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია – რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა”.

    განაცხადა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

  • “გვაქვს მოლოდინები, რომ EU ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, მათ შორის, ოკუპაციას – ოკუპაციას” – პაპუაშვილი

    “ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და, მათ შორის, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, დღემდე ოფიციალურ დოკუმენტებში ევროკავშირის ტერმინი ოკუპაცია არ არის… ტექტონიკური ძვრები, ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომლებიც მიდის რეგიონში და ამ ტექტონიკური ძვრების მონაწილე რამდენიმე არის და ძირითადი მონაწილე არის რუსეთი. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

    ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მეტი ყურადღება საქართველოზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა – სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ,”

    ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ  ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არაა ნახსენები.

  • იმედია პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს – ბოკუჩავა კარვების კანონზე

    იმედია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, არა იმისთვის, რომ ეს კანონი შეჩერდეს, იმიტომ, რომ ვეტოს, ბუნებრივია, დაძლევს მაინც ქართული ოცნება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად, საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების და მათ შორის პრეზიდენტის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის, ერთიანია და ყველა თანხმდება, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში.

    განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

  • გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, მიეცით ბიძგი! იყავით მკაფიო რეფორმების პროცესსა და პოლიტიკაში! – ლაიენი EU-ს სტატუსზე

    ჩვენ შევაჯამეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ასე, რომ ჩემი მთავარი გზავნილია – გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, მიეცით ბიძგი. იყავით ძალიან მკაფიო რეფორმების პროცესსა და პოლიტიკაში, რომელზეც შევთანხმდით. ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირს უერთდებიან უნდა იყვნენ მზად ამისთვის.

    განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ გრანადაში, ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

  • კარვების გაშლა არ იკრძალება – პოლიცია შეაფასებს როდის უნდა გაიშალოს და როდის არა – კობახიძე

    “მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ.

    ყველა თვალსაზრისით ეს კანონი არის სრულად თავსებადი როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი”,

    აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.