Blog

  • “მტკიცებულებაა, რომ ისინი ცოცხლები არიან”–მძევლების ფოტომ დედას იმედი გაუჩინა

    ისრაელელი ქალი, მაიან ზინი ამბობს, რომ მისი მძევლად აყვანილი ქალიშვილების  ვიდეომ, რომელიც ჰამასის ჯგუფმა გამოაქვეყნა, მას იმედი გაუჩინა, რომ ისინი ცოცხლები არიან.

    რვა წლის ელა და მისი 15 წლის და, დაფნე, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს გაიტაცეს.

    ამის შემდეგ ჰამასმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ელას მახლობლად დგას. ჯგუფმა ასევე გაუგზავნა დაფნის ფოტო დედას, მაიან ზინის, რომელშიც გოგოს პიჟამო აცვია, ის ღაზას სექტორშია გადაღებული.

    ზინმა AFP-ს განუცხადა, რომ ის ფოტოებს ყოველდღე უყურებს, რადგან ეს არის “დადასტურება იმისა, რომ ისინი ცოცხლები არიან”.

    ”ზოგჯერ წარმომიდგენია, რომ ისინი აუპატიურებენ ან სცემენ მათ”, – განუცხადა მაიან ზინმა ჟურნალისტებს. ”მაგრამ შემდეგ ცოტა ოპტიმიზმი მიჩნდება და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ იქ ბევრი ბავშვია, ისინი ალბათ კარგად ექცევიან მათ.”

    ის ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობს მათ დაბრუნებაზე და თუ მათ კვლავ ნახავს, ​​სურს “დიდი საწოლი იყიდოს, რათა სამივემ ერთად დაიძინოს”.

    მაიან ზინს არ უნახავს შვილები მას შემდეგ, რაც მათ თელ-ავივი დატოვეს და მამასთან შესახვედრად წავიდნენ. მამა ჰამასის თავდასხმის დროს მოკლეს.

    იმავდროულად, ისრაელის გაზეთ Times of Israel-ისა და Kan News-ის თანახმად, გატაცებული ისრაელელების ზოგიერთმა ოჯახმა დაიწყო ჰამასისგან ტექსტური შეტყობინებების მიღება, რომლითაც მათ სთხოვდნენ დააჭირონ ბმულს, რათა მიიღონ ინფორმაცია საყვარელი ადამიანების შესახებ.

    “ეს არის მესიჯი ალ-კასამისგან [ჰამასის სამხედრო ფრთა]”, – ჩვენ შევთავაზეთ თქვენს მთავრობას პატიმრებში მძევლების გაცვლა, მაგრამ უარი გვითხრეს“ –ნათქვამია მესიჯში.

  • ისრაელის არმიამ განაცხადა რომ ქალაქი ღაზა ალყაშია

    ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევა.

    მან დასძინა, რომ ისრაელის სამხედროები “უტევენ ჰამასის პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებს, რაკეტების გამშვებ პოზიციებს და ინფრასტრუქტურას და კლავენ ტერორისტებს ახლო მანძილიდან ბრძოლაში”.

    ადრე ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ სამხედროები ჩართულნი არიან მჭიდრო ბრძოლებში ჰამასის წევრებთან, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს მიწისქვეშა გვირაბებიდან.

    IDF-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჰამასის 130 წარმომადგენელი დაიღუპა. ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 20-მდე ისრაელელი ჯარისკაციც დაიღუპა.

  • ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ! – ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი

    “ჩვენ გადავედით ომის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე. თავდაცვის ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ქალაქ ღაზას ალყაში მოსაქცევად და აღრმევებენ [სახმელეთო შეტევას] და მიღწევებს.[…]ჩვენი ძალები იბრძვიან ვიწრო და რთულ ურბანულ ზონაში, რაც მოითხოვს პროფესიონალურ ბრძოლას და გამბედაობას,”

     

  • “ჩემი განცხადების შემდეგ, სუს-მა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მთხოვა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ” – სააკაშვილი

    ”ჩემს ბოლო “სასამართლო სხდომაზე” გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით.

    დღევანდელი ოლიგარქის უშიშროების სისტემას, 11 წლის განმავლობაში, არ დაუკავებია არც ერთი რუსი აგენტი, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ გადმოცემული სიებით მთელი ეს დრო დევნის საქართველოს პატრიოტებს, რომლებიც რუსეთისგან იცავდნენ საქართველოსა და უკრაინას. ნოდარ მელაძის გამოძიებით დადასტურებულია, რომ დღევანდელი უშიშროების სამსახურის მესვეურები საქართველოში მასპინძლობდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ “ეფ-ეს-ბეს” მე-5 სამმართველოს უფროსს, გენერალ ბესედას, ეს ის გენერალია, რომელსაც პირადად პუტინისგან ჰქონდა დავალებული უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი დაპყრობის მომზადება ძირგამომთხრელი “აქტიური” ღონისძიებებით და რა თქმა უნდა, ოლიგარქის უსაფრთხოების წარმომადგენლები, ყოველივე ამის ფონზე, პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ კოლაბორაციონისტად და ოკუპანტის აგენტებად.

    მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება.

    დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა.

    დღევანდელი “ეფ-ეს-ბეს” ფილიალთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე კი, უარს ვამბობ.

    რაც შეეხება ზოგადად რუსების შემოსვლას საქართველოში, გარდა დივერსიული ჯგუფისა, დანარჩენების უმეტესი ნაწილიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები შემთხვევით არიან ამ მიწაზე და პირველი დღიდან როგორც “ხაზაინები” ისე იქცევიან.

    ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ 1 წელი უძრავი ქონების გაყიდვისა და საქართველოს დატოვებისთვის, ასი ათასზე მეტი იმპერიალისტური განწყობის უცხოელის აქ ყოფნა, საქართველოსთვის აუწეველი ტვირთია”.

    წერს ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • “სიკვდილის ზონად იქცევა” – ისრაელმა ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურება დაიწყო

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა ”ჰამასის” გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს. 

    ამასთანავე ცნობილია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, ჰამასის გვირაბებში შესვლას არ აპირებენ და სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდება გვირაბების შესასვლელების პოვნა და განადგურება.

    როგორც IDF-ის ინჟინრები აცხადებენ, სპეცოპერაცია ღაზას სექტორის იმ ნაწილებზე მიმდინარეობს, რომლებზეც ბოლო დღეებში ისრაელმა კონტროლი დაამყარა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ამ ეტაპზე  ისრაელმა 100-მდე გვირაბი გაანადგურა.

    “ჩვენ გვირაბებში შესასვლელებს დავანგრევთ. ეს სიკვდილის ზონად იქცევა. მათ შეცდომა დაუშვეს – ისეთ ადგილზე გადაწყვიტეს ყოფნა, საიდანაც გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი გვირაბებში დაიხოცებიან”, – თქვა IDF-ის ერთ-ერთმა ოფიცერმა.

  • ენმ-ი რომ ყოფილიყო, ახლა 3 პატიმრის ნაცლად, 3 გვამი გვეყოლებოდა – ბრეგაძე

    რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს [ჩაბარებისკენ მოწოდება] არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს…

    პირდაპირ გეტყვით – დღეს რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა, სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი.

    აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების დაკავებაზე.

  • კობახიძე ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს ”ჭარბ აჟიოტაჟს” უწოდებს

    კობახიძე ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს ”ჭარბ აჟიოტაჟს” უწოდებს

    ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად გამართულ აქციებს, ხელოვნურ და ჭარბ აჟიოტაჟს” უწოდებს.

    “ყველაზე პრობლემური ქეისი არის ბებუას შემთხვევა, სადაც ვერ ხერხდება უკვე რამდენიმე წელია წარმატების მიღწევა, თუმცა ყველაფერი კეთდება ბუნებრივია ამისთვის. და ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი რასაც ეხლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა.  მაგრამ მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც ვიღაცებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა.” -განაცხადა კობახიძემ. 

  • გაფართოების პროცესი EU-ს რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს – კულება

    “არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია, დაუშვას გაჭიანურებული რეფორმა. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმას და ამ პროცესს გავაგრძელებთ. ჩვენ შეგვიძლია კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ჩვენი რეფორმების ჩატარება უფრო სწრაფად, ვიდრე ევროკავშირი მოახდენს საკუთარი რეფორმების გატარებას. მთავარია, გაფართოება დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს თითოეული ქვეყნის ტემპსა და დინამიკას. გაწევრიანება არ უნდა გადაიდოს ან შეყოვნდეს რეფორმის გამო. უფრო ფართო ევროკავშირი უკეთესია ყველა ჩვენგანისთვის. ჩემი აზრით, რომ ევროკავშირს სჭირდება, იყოს უფრო დიდი, რათა გახდეს უფრო ძლიერი. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უნდა შეფასდეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. ვფიქრობ, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ მტკიცე ვალდებულება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების წინაშე და ეს იყოს ურთიერთობებში შემდგომი წინსვლის წინაპირობა”.

     

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

  • დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ, ერმაკისა და სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის შეხვედრას – ზახაროვა

    „სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ,“

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • IDF-ი აცხადებს, რომ ჰამასის სამიზნეების ამოსაცნობად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ

    ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვევრის დირექტორატის ცნობით, ”ჰამასის” სამიზნეების ამოსაცნობად და მათზე იერიშის მისატანად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

    ასევე IDF-ის განცხადებით, მათ დანერგეს ავტომატიზირებული საშუალებები,  რომ სწრაფად და ზუსტად შეძლონ სამხედრო სამიზნეების ადგილმდებარეობის დადგენა.

    IDF-ის თქმით, ისრაელმა ჰამასის 1200 ახალი სამიზნე აღმოაჩინა.