Blog

  • ძაღლზე ძალადობისთვის ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური – ბადრი გრიგალაშვილი

    ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე.

    თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.

    პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა.

    ასე ეხმაურება, პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი  მარნეულში მარნეულში მომხდარ ფაქტს, სადაც მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა და ცემით მოკლა.

    ძაღლზე მოძალადე გალიფ გოიუშოვს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

  • 11 თვის მონაცემებით, მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

    გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „2023 წლის 1- ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.- ნათქვამია განცხადებაში.

  • იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება – გახარიამ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია

    “ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ვერავინ ვერსად პასუხისმგებლობას ვერ დაემალებოდა. ეს არის, ახლა რაც ხდება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯია. მაგრამ, კარგია რომ ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ბევრი რამ აღიარა: აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა! აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებს… ორს, სამს, ოთხს… ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს; აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება. იმედი მაქვს, ხვდება, ქვეყანასაც ვერ დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია და აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია. სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის მიზეზის ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუსმენდი, ადამიანურად შემეცოდა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არც ერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა…

    რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩერებდა. ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად, დეტალურად იცოდა ამ გადადგომის მიზეზები. შესაბამისად, ბოლო სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან [იწყევლებოდა], შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების პირით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას განაგრძობს. შესაძლოა ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს? არ ვიცი. სინამდვილეში მაგიური კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხიც და გუნდიც, რომ მის სიტყვას არანაირი ფასი აღარ აქვს! სწორედ ამიტომ, ის წყევლას გააგრძელებს.

    მე მარტივი მიდგომა მაქვს. მსგავსი ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ვალდებულია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და მე ველოდები ამ ნაბიჯებს. მეტიც, ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად – მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად – ნებისმიერი დამსწრის პირობებში. რადგან სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების ქართული ტრადიციული წესი და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.

    ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება. და ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ!”

    ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა,  2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე ისაუბრა. მის სრულ განცხადებას პარტია ავრცელებს

  • აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ

    აქტივისტ ნატა ფერაძესთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

    “აქციის დაშლის შემდეგ ალტ-ინფოელები დაესხნენ. ლორენას ორჯერ დაარტყეს. ერთ ბიჭს ოთხი ალტინფოელი დაესხა, ჩხუბის დროს მიწაზეც წააქციეს.[…] ალტინფოელების თავდასხმის შემდეგ ლორენა სასწრაფო ეკიპაჟმა შეამოწმა”. – წერს მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილი სოციალურ ქსელში.

    აქტივისტები ნატა ფერაძის სახლთან მის მხარდასაჭერად მივიდნენ, ისინი ამბობენ, რომ მათ მოძალადეებს ძალიან ახლოს ჩაუარეს, რა დროსაც მათ აგრესიის გამოხატვა დაიწყეს. “იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ მიერ, მივბრუნდი, ვკითხე ვის შეაგინე-თქო და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება”, – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

  • პუტინი ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ მას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    „ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.

    რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით თუ ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ…

    მათ [რუსებმა] ფინეთზე დაიწყეს ლაპარაკი, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

    ხვალ, 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია  თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მეორე ხეივნის, კრწანისის, გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • ”ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა” – დავითულიანი კუბილიუსზე

    ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი დაემსგავსა ლევან ხაბეიშვილს და რატომ უნდა ჩაიგდოს ამ ასაკის კაცმა, რომელსაც ევროპარლამენტარი ჰქვია, თავი ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები. თუმცა ეს მისი პრობლემაა. მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ – იოცნებონ და იყვნენ.

    ოლიგარქიის განსაზღვრებას აქვს თავისი კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით, [ივანიშვილი ოლიგარქი] რა თქმა უნდა, არ არის.

    განაცხადა ამის შესახებ,  ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსზე

  • ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ, ჩემი სახელი აღარ ახსენო – ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს

    იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გამოეხმაურა და მას ამაზრზენი და სამარცხვინო უწოდა.

    “ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო”. – წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში.

    მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოსიმენი მომავალ ზაფხულს კარიერას საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს, კვარაცხელიასთვის კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მიუღებელია.

    “გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა”. – თქვა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში.

  • შსს ფერაძის სახლთან შეკრებილ ალტ-ინფოს წევრებს მოუწოდებს, “არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს”

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრორუსული დაჯგუფების წევრებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

    მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

    სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.” –აცხადებს შსს.

  • ”ალტ-ინფო მოდის საცემად” – ნატა ფერაძის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა [ვიდეო] 

    ”ალტ-ინფო მოდის საცემად” –  ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომელსაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

    ამ წუთებში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა ნატა ფერაძის სახლთან სადაც, როგორც თვითონ აცხადებს “ალტ ინფოს” მხარდამჭერები მიემართებიან.

    ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო სამების ტაძრიდან, რომელშიც ჩანს, იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს, აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

    პოლიციამ აღნიშნულზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.