Blog

  • ავალიანის დედის ცნობით, საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    ავალიანის დედის ცნობით, საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის ცნობით,  საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე Facebook-ზე ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია – ლუკა კლადკინი.

    მისივე თქმით, ის სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლის ბრალდებით დააკავეს.

    ფორმულა დაუკავშირდა შესაბამის უწყებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მასალა მიღებისთანავე განახლდება.

  • ბაღების მშენებლობის ტენდერებისგან  ₾5 მლნ მიითვისეს – POG-მა 9 პირს ბრალი წარუდგინა

    ბაღების მშენებლობის ტენდერებისგან ₾5 მლნ მიითვისეს – POG-მა 9 პირს ბრალი წარუდგინა

    პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1 550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, მათ შორის დააკავეს 4 პირი.

    მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს მშენჯგუფს შორის 2023-2025 წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის 9 ტენდერი გაფრომდა. კომპანიას სამუშაოებისთვის 18.6 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა, საიდანაც თითქმის 5 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა.

    პროკურატურის თანახმად, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.

    “საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სამშენებლო კომპანია შპს მშენჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1 550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.

    აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს მშენჯგუფს საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. იმავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა, სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში, აღნიშნული ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შპს „მშენჯგუფის“ მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • აირჩია, ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ თავის ეპატაჟზე – პაპუაშვილი ხოშტარიაზე

    აირჩია, ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ თავის ეპატაჟზე – პაპუაშვილი ხოშტარიაზე

    რაც შეეხება ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ოთხი შვილის დედას – პირველი, მას ჰქონდა არჩევანი, დანაშაული არ ჩაედინა, მან აირჩია დანაშაულის გზა. 4 შვილის დედას ჰქონდა ეს არჩევანი, მაგრამ აირჩია, რომ ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ ეფიქრა თავის ეპატაჟზე და ჩაიდინა დანაშაული. შემდეგ, მას, 4 შვილის დედას ჰქონდა არჩევანი, გადაეხადა 5 000-ლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის 4 შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია არა ის, რომ ყოფილიყო თავის შვილებთან, არამედ აირჩია ის, რომ ყოფილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. აქ გადაბრალება სხვაზე, ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. მისი არჩევანი იყო თითოეული ნაბიჯი.

    თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული, სამთავრობო TV იმედის ეთერში.

  • ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან გადაიტვირთება – ქვრივიშვილი  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ

    ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან გადაიტვირთება – ქვრივიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ

    „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს.[…] ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება”

    ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • დაუბრუნდეს საქართველო პროევროპულ გზას!  უზრუნველყოს კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა – რუტე

    დაუბრუნდეს საქართველო პროევროპულ გზას! უზრუნველყოს კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა – რუტე

    პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.

    სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, წინსვლაზე ორიენტირებულ გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა.

    აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილველად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა საერთოდ შევწყვიტოთ.

    ასე უპასუხა NATO-ს  გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

  • უწყვეტი რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს – ანიტა ჰიპერი ხოშტარიაზე

    უწყვეტი რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს – ანიტა ჰიპერი ხოშტარიაზე

    ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

    ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესიებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

    განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.

  • გზის “გადაკეტვის” და ტროტუარზე დგომის გამო 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გზის “გადაკეტვის” და ტროტუარზე დგომის გამო 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საბაბით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა.

    • ლაშა კაციას 7 თებერვალს აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;

     

    • ამირან ურუშაძეს 31 იანვარს ასევე ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და მასაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;

     

    • სესილი ბუთხუზს კი 18 დეკემბერს აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;

     

    • ლევან ხმიადაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

    ლევან ხმიადაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

    ნანა ბედინეიშვილის პროცესი, რომელიც ასევე დღეს უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

  • სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი  – ზურაბ ჯაფარიძე

    სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი – ზურაბ ჯაფარიძე

    ” სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი ” – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „თუნდაც დღეს,რაც იყო პროკურორების სიტყვა, არ ვიცი, ამას იურიდიული განათლება არ სჭირდება, ნებისმიერი ოდნავ აზროვნების მქონე ადამიანმა რომ მოისმინოს, მიხვდება, რა სრული საგიჟეთია. ხომ მოგისმენიათ ღადაობა, რაღაცას დაგაბრალებენ, რაღაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, სისულელეებს, აი, მართლა ეს მოყვა დღეს პროკურორმა, ზუსტად ეს მოყვა, რაზეც ხალხი ღადაობს ხოლმე, რომ ვითომ სასაცილო ამბავია, მაგრამ ეს იყო. სხდომა იმიტომ, დახურეს, რომ ეს არ მოისმინოს ხალხმა, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი.

    უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან, ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე, ზურა-გირჩი ჯაფარიძეს. რომ ვიცოდე – 45-ე, 87-ე, 330-ე, სიტყვაზე, ამ ტომების ეს გვერდები არის ჩემი ამბავი და უნდა მივხვდე, აქ რაც წერია, ამას მედავებიან. არ აკეთებენ ამას და გვეუბნებიან, რომ არა, ამის გაკეთება არ შეიძლება. არანაირი მტკიცებულება არ არის, 80% შიგნით რაც არის, არის რაღაც მასალები, სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პირების დაკითხვის, ჩხრეკის ოქმები, მათი პირადი ანგარიშები. სატელეფონო რაღაც ამონაწერები, საერთოდ, რა შუაშია ვერ გაიგებ. დანარჩენი 20% არის ჩვენი რაღაც სატელევიზიო გამოსვლები,დედაენის ბაღში ჩემი გამოსვლები,რომელიც ჩუმად აქვთ გადაღებული და ფარულ ჩანაწერებად გაკეთებული, რომელიც არის 2021-2022 წლების და ვაპროტესტებ 2020 წელს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ არაფერ შუაშია 2024 წლის მოვლენებთან.[…] ახლა გავარკვიე, რომ თვითონ პროკურორი [ანი] ხუბეჯაშვილი თვითონ ყოფილა დასანქცირებული. ანუ მე, გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას გვედავება, რომ ჩვენ ვმუშაობდით დასავლეთის ქვეყნებთან, რომ დაგვესანქცირებინა ვიღაცები და ამით დაგვესუსტებინა ქართული სახელმწიფო. თვითონ არის დასანქცირებული და თვითონ გვედავება, რომ მე, რა “პონტში” დამასანქცირეთო. პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მე მეუბნება, რომ რა “პონტში” დამასანქცირე, უნდა ჩაგვსვა ციხეშიო“ –  განაცხადა ზურა-გირჩი ჯაფარიძემ.

     

  • უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს –  ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

    უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს – ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

    „საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, თუ როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა. ამ ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა, თქვა, რომ არჩევნები „გაყალბდა“. ამის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გარედან ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. შეტევა გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი, სრული მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა.

    ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, თუ სახელმწიფო უუნარობას გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17%-იანი პარტია 90%-იანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, თუ სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს დაიცავს, მაშინ ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. შემდეგ, სპეკულაცია იწყება, რომ ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანური ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყო, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“,

    ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია – წილოსანი ხოშტარიაზე

    ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია – წილოსანი ხოშტარიაზე

    „ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ის ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდის. მან თავისი თავი დააპოზიციონირა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. ის პირდაპირ აცხადებს, აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა, ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც მან თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს როგორც კანონდამრღვევი. ამიტომ საკუთარი ოჯახი და 4 შვილი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ და ყველაზე მეტად განსაცდელის ქვეშ მან მაშინ დააყენა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკა არის, რომ რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ ეს დამნაშავეები. ჩვენ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების შემთხვევაში მათ საკუთარი თავიც დაიპატიმრეს გირაოს არგადახდით. შეეძლოთ გირაოს გადახდა და მაშინ ის აღკვეთის ღონისძიება არ მიესჯებოდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, რომ თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი, რომ საპატიმრო ჩაანაცვლოს გირაოთი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია არის დამნაშავე და არა გმირი და არც პოლიტიკური პატიმარი”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.