Blog

  • “ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის” – ოპოზიციური პარტიების განცხადება

    “ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის”  – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

    “უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

    “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.
    შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.
    მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
    საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.
    კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!”

    ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

    • “ახალი”
    • “გირჩი მეტი-თავისუფლება”
    • “დროა”
    • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
    • “ლელო საქართველოსთვის”
    • “სტრატეგია აღმაშენებელი”
  • ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – გოცირიძე

    “ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! ” – განაცხადა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

    “2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! […] შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

    კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა – უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე – თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ – განაცხადა გოცირიძემ.

  • 20-მდე პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო – ელისაშვილი

    პერსონალურად, ვაჟა სირაძე ძალიან აგრესიული იყო. ასევე, მის გარშემო, უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც. ყველაზე აგრესიულები კანცელარიასთან იყვნენ, მანქანაშიც როგორ ჩამტენეს, კადრებში კი ნახეთ. თუმცა, რომ მოვდიოდი, როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო. ოღონდ, ძალიან ჩუმად მეუბნებოდნენ, ისე, რომ ვერავის გაეგო.

    განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

  • რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას – ზურაბიშვილი

    რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას – ზურაბიშვილი

    მოსახლეობის დემონსტრაციების დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენ ევროკავშირთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ, რადგან წლის ბოლოს, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთი იწყებს ჰიბრიდულ სტრატეგიას და რასაკვირველია, ხელისუფლების დახმარებით ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ეს გზა.

    ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში.

  • შსს მოქმედებდა ზეპროფესიონალურად, შეიძლება, ევროპელებსაც ბევრი ვასწავლოთ – რიჟვაძე აქციაზე

    ჩვენ გაპრავების საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ, გააპრავოთ ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ.

    რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ, მათგან წამოსულ აგრესიაზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ ამ მიმართულებით, პასუხი გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის, ზღვარგადასულ ბულინგზე.

    აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ჩვენ ყველას ვასწავლით, რომ პროპორციული ძალის ფარგლებში ხდება უწყებების მოქმედება. დაზიანდნენ ასევე სამართალდამცველები, ასე რომ, მაქსიმალური მხარდაჭერა მათ… თქვენ ნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ მოქმედებს პოლიცია. ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

    ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინდელ აქციაზე.

  • ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ – პაპუაშვილი

    ამ აქციებმა, ამ დღეებმა დაგვანახეს საჭიროება ამ კანონის და მეორე – დაგვანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე.

    ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე.

  • პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ელისაშვილი

    პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, მას შემდეგ რაც მან საავადმყოფო დატოვა.

    “უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი”, – ამბობს ელისაშვილი.

  • ადვოკატის თქმით ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურს დღეს დატოვებს

    ადვოკატის თქმით რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, დღეს დატოვებს დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იგზავნება პენიტენციურ უწყებაში.

    სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს თქვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება.

    “როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას. დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია და გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.

  • ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა საქართველოს საკითხი წამოაყენონ – იოზვიაკი

    “ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა საქართველოს სიტუაცია ამაღამ ევროკავშირის სამიტზე წამოაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ დღის წესრიგში არაა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს საკითხი ორშაბათს განიხილონ. ასევე, ევროპარლამენტი მომავალ კვირაში ჩაატარებს კენჭისყრას უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებულ რეზოლუციას (არადამავალდებულებელს)”.

    ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.

  • მოგიწოდებთ წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – KHIDI

    ”მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’!  – ამის შესახებ,  ღამის კლუბი Khidi-ი სოციალურ ქსელში წერს. 

    ”ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი წარმოადგენს თავისუფალი, კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმს. ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან, ცდილობს, რომ საკუთარი საქმიანობა გაუმჭირვალე გახადოს. აღნიშნულ ვითარებაში, მმართველი ძალა უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დახმარებით ხელს უწყობენ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლება უცხოურ ძალად მიიჩნიოს თითქოს ყველანაირი ორგანიზაცია ან გაერთიანება, განსაკუთრებით კი დაუპირისპირდეს მედია საშუალებებს, რომელთა მთავარ მიზანსაც საზოგადოების ინფორმირება და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

    ხელისუფლების წარმომადგენელები და მათი სატელიტური საშუალებები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციული ნარატივების ქვეშ მოქცევასა და მტკიცებას, რომ მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ამერიკაში არსებული კანონის – FARA მსგავსია, რაც აბსოლუტურად დაცლილია სიმართლისაგან. FARA კონცენტრირდება სუბიექტის მიერ შესრულებული საქმის შინაარსზე, მისთვის მნიშვნელოვანია ატარებს თუ არა აშშ-ში მოქმედი სუბიექტი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, და არ კონცენტრირდება უშუალოდ სუბიექტის ვინაობაზე. აღნიშნული კანონმდებლობაში აისახა შემდეგნაირად:

    ,,პირი/ორგანიზაცია უნდა მოქმედებდეს პირდაპირ უცხო სუბიექტის შეკვეთით, პოლიტიკურ პროცესში მათი ინტერესების სასარგებლოდ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი.’’

    შესაბამისად, FARA-ში რეგისტრაციის ვალდებულება რომ დაეკისროს სუბიექტს, კონკრეტულად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება და ეს პირდაპირ კონტრაქტით უნდა იყოს განსაზღვრული. ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი კი “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნევს ნებისმიერ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი მიზნებისა და საქმიანობის სფეროსი.

    ,,კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ’’ ერთდროულად დაინიცირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველში, ყირგიზეთსა და სლოვაკეთში და მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ. კანონი, რომლის მისაღებადაც ხელისუფლება ძალოვნური მექანიზმებით ადამიანების დარბევასა და უკანონო დაჭერებს არ უშინდება, ანალოგია 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონისა, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ ორგანიზაციების უფლებათა ჩამორთმევისა და მათში შემავალი პირებისათვის, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკის კრიტიკოსებად იქნენ მიჩნეულნი, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაზღუდად გამოიყენა.

    რუსული კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს და საქართველოს მთავარ პოლიტიკურ კურსს რუსეთისაკენ მიმართავს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც უშუალოდ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს და გააღვივებს ანტიდასავლურ ნარატივებს ქვეყანაში.

    მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.